გრანტი
გრანტი (ინგლ. grant — სუბსიდია, დოტაცია, საჩუქარი) — მეორე მხარისადმი უსასყიდლოდ გადაცემული ნებისმიერი ფასეულობა ან ბიუჯეტის შემოსავლების შევსების ერთ-ერთი წყარო, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას.
გრანტი შეიძლება იყოს უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი ფულადი ან ნატურალური ფორმით გამოხატული სახსრები, რომლებიც გამოიყენება ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განსახორციელებლად. გრანტის მიღების წყარო (დონორი) შეიძლება იყოს მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საგარეო არასახელმწიფოებრივი წყაროები და სხვ. გრანტის მიმღები შეიძლება იყოს სახელმწიფო, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, არასამეწარმეო იურიდიული პირი, მოქალაქე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1991) საქართველო სხვადასხვა სახის გრანტს ღებულობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მთავრობების ან მათი წარმომადგენლობებისგან, რაც აისახება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მიყენებული ზარალისა და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შერბილების მიზნით ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს 2008–2011 წლებისათვის გამოეყო გრანტი 2,0 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მესხია ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.