გაიოტი
გაიოტი, გაიოტები (წარმოითქმის /ɡiːˈjoʊ/) — იზოლირებული, ბრტყელთხემიანი ვულკანური წყალქვეშა მთები, რომელთა თხემების მოსწორებას წარსულის აბრაზიას ან სუბაერულ დენუდაციას მიაწერენ. გაიოტები ძირითადად წყნარ ოკეანეში გვხვდება 200-დან 2000-მ სიღრმემდე.[1] სახელწოდება „გაიოტი“ მომდინარეობს შვეიცარიელ-ამერიკელი გეოგრაფისა და გეოლოგის არნოლდ ჰენრი გაიოტის სახელიდან.
ზოგადი ცნობები
რედაქტირებაგაიოტის წვერები, როგორც ფიქრობენ, ზღვიური აბრაზიით არის გადარეცხილი. ზოგიერთი გაიოტის სიგანე 65 კმ-მდეა, სიგრძე 280 კმ-მდე. გაიოტები მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის დედამიწის ქერქის მოძრაობის შესახებ — დღეს მათი თხემები 1000 მ-იდან 2000 მ-მდე სიღრმეებზე მდებარეობს. ზოგიერთი მათგანის ზედაპირზე ნაპოვნია ტალღებით დამუშავებული რიყნარი და, რაც უფრო საყურადღებოა, თხელი (მარჩხი) ზღვის მოყვარული მარჯნებისა და მოლუსკების ნამარხი წარმომადგენლები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გაიოტების წარმოშობის შემდეგ ოკეანის ფსკერი მნიშვნელოვნად დაძირულა. უფრო მეტიც, მოპოვებული ნამარხი ორგანიზმების დიდი ნაწილი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ორგანიზმები ცხოვრობდნენ ეკვატორთან ახლო მდებარე ზღვებში. დღეს კი გაიოტები ამ ზონიდან საკმაოდ მოშორებითაა. აქ უკვე თითქოს აშკარაა ოკეანის ფსკერის ჰორიზონტული გადაადგილებაც, რაც ძალიან კარგად აიხსნება ლითოსფერული ფილების ტექტონიკური მოძრაობით. ოკეანის ფსკერის დაძირვის (ვერტიკალური გადაადგილების) კარგი მაჩვენებელია აგრეთვე ატოლების არსებობაც.[2]
ამერიკელი გეოლოგი ჰენრი უილიამ მენარდი მიუთითებდა, რომ გაიოტების რელიეფის ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა მათი ზედაპირის დახრილობის მკვეთრი ცვლილება, რომელიც შეინიშნება თითქმის ბრტყელი მწვერვალის ციცაბო (15-40°) კალთებში გადასვლისას. კიდევ უფრო ციცაბო კალთები შეინიშნება მარჯნის ატოლებთან, ამასთან, მარჯნული ფარისგან განთავისუფლებულები ისინი ტოპოგრაფიის თვალსაზრისით არ განსხვავდებიან გაიოტებისაგან. გაიოტებს ტოპოგრაფიულად ჰგვანან წყალქვეშა ფარისებრი ბაზალტური ვულკანები, განსაკუთრებით თუკი ამ წყალქვეშა წარმონაქმნებს განვიხილავთ არა ექოგრამებზე, არამედ სიღრმეების გრაფიკებზე, რომლებიც აგებულია ერთიან ჰორიზონტულ და ვერტიკალურ მასშტაბებზე.[3]
გაიოტების დიდი ნაწილის დახრილობის გრადიენტი დაახლოებით 20 გრადუსს შეადგენს. ტექნიკური თვალსაზრისით, გაიოტად ითვლება ისეთი წარმონაქმნი, რომელიც არა ნაკლებ 900 მ-ს აღწევს სიმაღლეში.[4] მაგ., ისეთი გაიოტი როგორიცაა გრეიტ-მეტეორის წყალქვეშა მთა, რომელიც ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია წარმოდგენილი 4000 მ სიმაღლის და 110 კმ დიამეტრისაა.[5] თუმცა არსებობს ბევრი წყლქვეშა მთა, რომელთა სიმაღლე იცვლება დაახლოებით 90 მ-იდან 900 მ-მდე.[4] ათასობით კმ-ზე გადაჭიმულ ძალიან დიდ ოკეანურ ვულკანურ ნაგებობებს ოკეანურ პლატოს უწოდებენ. ფართობით გაიოტები (საშუალოდ 3313 კმ²) ბევრად ჭარბობენ ტიპურ წყალქვეშა მთებს (790 კმ²).[6] მსოფლიო ოკეანეში ცნობილია 283 გაიოტი, რომელთაგან წყნარი ოკეანის ჩრდილო ნაწილშია 119, ხოლო სამხრეთ ნაწილში 77 გაიოტი, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილშია 43 გაიოტი, მის ჩრდილო ნაწილში 8, ინდოეთის ოკეანეში სულ 28 გაიოტია, სამხრეთის ოკეანეში 6, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში 2. ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში გაიოტების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა მისი ხილვა შესაძლებელია ფრამის სრუტის გაყოლებაზე გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. გაიოტები აგრეთვე დაკავშირებულია სპეციფიკურ სასიცოცხლო ფორმებთან და ორგანული ნივთიერების ცვლად ოდენობასთან. ქლოროფილ a-ის ლოკალური ზრდა და ფიტოპლანქტონის სახეობრივი შედგენილობის ცვლილება სწორედ გიაოტებთან და სხვა წყალქვეშა მთებთანაა დაკავშირებული.
ცნობილია, რომ გაიოტები გავრცელებულია წყნარ ოეკანეში არათანაბრად და არა საყოველთაოდ. გაიოტების განაწილებაში შეინიშნება განსაზღვრული კანონზომიერებანი, რომლებიც უკავშირდება წყნარი ოკეანის ფსკერის განვითარებას. გაიოტი საინტერესო ობიექტია არა მხოლოდ როგორც ოკეანის ფსკერის რელიეფის თავისებური ფორმა, არამედ როგორც ოკეანის ქერქის ევოლუციის შედეგად წარმოქმნილი სტრუქტურაც. გაიოტები ყურადღებას იპყრობენ მათზე სასარგებლო წიაღისეულების მოპოვებითაც.
გაიოტების წარმოშობა და განვითარება უსათუოდ ოკეანური ქერქის წარმოშობასა და ევოლუციას უკავშირდება. მათი ძირი წარმოდგენილია მეორე ფენის ტოლეიტური და ტუტე ბაზალტებით, ხოლო ზემდებარე, უფრო პატარა ნაწილი, პირველი ფენის დანალექი წარმონაქმნებით, რომელთა შორის განსაკუთრებითაა განვითარებული რიფოგენული კირქვები, რომელთაც გაიოტების ქუდს უწოდებენ. დიდწილად სწორედ ამ ქუდებთანაა დაკავაშირებული სასარგებლო წიაღისეულები.[7]
დღეს მიიჩნევა, რომ გაიოტები წყალქვეშა ვულკანებია ანუ წყალქვეშა კუნძულები, რომლებმაც ტალღური აბრაზია განიცადეს და შემდეგ დაიწიეს თავიანთ თანადროულ სიღრმეზე. ტერმინი „გაიოტი“ შემოგვთავაზა ჰარი ჰამონდ ჰესმა ბრტყელთხემიანი წყალქვეშა მთების აღსანიშნავად, რომლებიც მან აღმოაჩინა მრავალრიცხოვანი ექოლოტური გაზომვებისას წყნარ ოკეანეში. ჰესის მიხედვით, ისინი ოდესღაც ვულკანურ კუნძულებს წარმოადგენდნენ, რომლებმაც ტალღური მოქმედება განიცადეს და ამჟამად ზღვის ზედაპირიდან დაბლა მდებარეობენ. ამ იდეამ ფილების ტექტონიკის თეორიას შეუწყო ხელი.[8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გაიოტი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- გაიოტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- NOAA: What is a guyot? (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ გურამ ღონღაძე, მარიამ ახალკაციშვილი, გეოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 2018.
- ↑ Геоморфология. Январь — март, №01 — 1981. М.: Наука. — 112 с.
- ↑ 4.0 4.1 Seamount and guyot Access Science
- ↑ Great Meteor Seamount britannica.com
- ↑ Harris, P.T.; Macmillan-Lawler, M.; Rupp, J.; Baker, E.K. (2014). Geomorphology of the oceans.
- ↑ Гайоты западной Пацифики и их рудоносность, Наука, Москва, 1995 г., 368 стр.
- ↑ Bryson, Bill. "A Short History of Nearly Everything". New York: Broadway, 2003. p. 178