ბრიუს ლი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ბრიუს ლი}} |
ბრიუს ლი (ინგლ. Bruce Lee; ნამდვილი სახელი — ლი ჯუნ ფენი, ჩინ.: 李振藩; დ. 27 ნოემბერი, 1940, სან-ფრანცისკო — გ. 20 ივლისი, 1973, ჰონგ-კონგი) — ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი. XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. გადაღებულია 36 ფილმში.
ბრიუს ლი | |
---|---|
დაბადების სახელი | ლი ჯუნ ფენი |
დაბადების თარიღი |
27 ნოემბერი, 1940 სან-ფრანცისკო, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
20 ივლისი, 1973 ჰონგ-კონგი |
ეროვნება | ჩინელი |
საქმიანობა |
მსახიობი სპორტსმენი (აღმოსვლური ჭიდაობა, კუნფუ) |
სიმაღლე | 171 |
წონა | 57,6 |
წოდება | (1966-1973) |
რელიგია | ბუდისტი |
მეუღლე(ები) | ლინდა ემერი |
შვილ(ებ)ი |
ბრენდონ ლი შენონ ლი |
საიტი | ბრიუს ლი |
ჰონგ-კონგში ხოლო შემდგომ უკვე ჰოლივუდში მისი მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა 70-იან წლების ამერიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩინური საბრძოლო ხელოვნება პოპულარული გახადა. ბრიუს ლის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა ლო ვეის „დიდი ბოსი“ (1971) და „მრისხანების მუშტი“ (1972), „დრაკონის გზა“ (1972) რეჟისორი და სცენარის ავტორი ბრიუს ლი, უორნერ ბრაზერსის „დრაკონის გამოსვლა“ (1973), „სასიკვდილო თამაში“ (1978) რეჟისორი რობერტ კლოუზი.
ცხოვრება
რედაქტირებაბრიუს ლი დაიბადა 1940 წლის 27 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში, სავაადმყოფოში ჯექსონ სთრითზე, ჩაინათაუნში „დრაკონის წელს“ (დილის 6:00 საათსა და 8:00 საათს შორის). დედამ „ლი ჯუნ ფენი“ დაარქვა, რაც ნიშნავს „დაბრუნდი უკან“, ვინაიდან მას იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე მისი შვილი დაბრუნდებოდა შეერთებულ შტატებში. საავადმყოფოს მედდა მას ბრიუსს ეძახდა, ხოლო მშობლებმა მეტსახელად „საი ფონი“ ანუ („პატარა ფენიქსი“) შეარქვეს, ეს ქალის სახელია, ჩინური ტრადიციის მიხედვით მშობლები ახალშობილ ვაჟს ეძახიან ქალის სახელს, რათა შეცდომაში შეიყვანონ ბოროტი სულები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვის სულის გატაცება. მისი მშობლები, მამა ლი ხოი ჩენი და დედა გრეისი (ნახევრად ევროპელი წარმოშობის) კანტონის დრამატული ოპერის დასის წევრები იყვნენ. მათ ამერიკის ჩინურ დასახლებაში გასტროლებზე ყოფნის დროს შეეძინათ მეოთხე ბავშვი - ბრიუსი. მამამისი კანტონის ოპერის ცნობილი კომედიანტი იყო და კარგ გასამრჯელოსაც იღებდა.
იზრდებოდა ჰონგ-კონგში 17 წლამდე, 18 წლისა ის გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში რათა გამხდარიყო ამერიკის მოქალაქე და მიეღო უმაღლესი განათლება. ამავე პერიოდში მან დაიწყო საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, რამაც გაუკვალა მას შემდგომში გზა ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში.
ბრიუს ლის მშობლები და ოჯახის მეგობრები ადრეული ასაკიდან ზრუნავდნენ მის სამსახიობო კარიერაზე. 1941 წლის თებერვალში სან-ფრანცისკოში გადაიღეს ერთ-ერთი კინოფილმის ნაწყვეტში, სადაც ბრიუსი მხოლოდ სამი თვის იყო. 1946 წელს ჰონგ-კონგში მან ითამაშა პირველი ნამდვილი როლი ფილმში — „ბიჭუნას ჩამოყალიბება“. რვა წლის ასაკში გადაიღეს მეორე ფილმში, რის შედეგადაც მას „ლი სიუ ლუნგი“ („პატარა დრაკონი“) შეარქვეს. მოგვიანებით ამ სახელით გახდა ცნობილი ჰონგ-კონგსა და მთელ ჩრდილო — აღმოსავლეთ აზიაში. ჩვიდმეტ წლამდე მან მონაწილეობა მიიღო ოცზე მეტ ფილმში. „ობოლი“ ასე ეწოდა ბოლო ფილმს, სადაც მან მოზარდის როლი ითამაშა. მასში ასახულია ჰონგ-კონგის მცირეწლოვან დამნაშავეთა ცხოვრება.
„პატარა დრაკონი“
რედაქტირებაათი წლის ასაკში ბრიუს ლი შეუერთდა მის თანატოლებს ქუჩაში, ქუჩური ცხოვრება დიდ ზეგავლენას ახდენდა მოზარდის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით ისეთ ქალაქში, როგორიცაა ჰონგ-კონგი.
ბრიუს ლის საყვარელ საქმიანობად სკოლის გარეთ იქცა მუშტი-კრივი ინგლისური ოჯახების ბიჭუნებთან.
„მე პანკი ვიყავი და ჩხუბისთავი“
|
- განაცხადა მან მოგვიანებით ერთ-ერთი ჟურნალის ინტერვიუში. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ბრიუსი მიხვდა, რომ იდგა იმ ბინძურ გზაზე, სადაც სინდისიერი და პატიოსანი მოქცევა დამღუპველია.
„ერთხელაც მე დავფიქრდი - რა მოხდება, რომ შევეშვა ქუჩაში უაზროდ წანწალს და გადავწყვიტე ვარჯიშის დაწყება“
|
, - იხსენებდა ბრიუსი მოგვიანებით.
აღსანიშნავია, რომ ქუჩაში ბრიუსმა დიდი გაკვეთილები გაიარა, იქ არ არსებობდა არავითარი წესები, ყველა იბრძოდა გამარჯვებისათვის ნებისმიერი ხერხით. ეს იყო გაკვეთილები, რომლებიც მან გამოიყენა მთელი ცხოვრების მანძილზე და მათზე დაყრდნობით ბრძოლის საკუთარი ფილოსოფიაც ჩამოაყალიბა. საბრძოლო ხელოვნება ეს არის ჰონგ-კონგის სოციალური სისტემის ნაწილი. ის გამოიყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანთ პრაქტიკაში, როგორც ჯანმრთელობისა და კარგი ფორმის შენარჩუნების საშუალება.
ჩინეთში ათასწლეულების მანძილზე იხვეწებოდა უიარაღო თავდაცვის სისტემები და, რაღა თქმა უნდა, იქ საბრძოლო ხელოვნების დაუფლება საპატიო საქმედ ითვლება. ბრიუს ლის მამაც, მილიონობით ჩინელის მსგავსად, ასრულებდა და ჩინური „ტაი ცის“ ფიზიკურ ვარჯიშებს, როგორც სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის, ასევე თავდაცვის თვალსაზრისით პატარა ბრიუსი მამის გვერდით იმეორებდა ყველა ვარჯიშს და მომავალშიც მთელი ცხოვრების მანძილზე მას თავის პირველ მასწავლებელს უწოდებდა.
ბრიუს ლიმ სერიოზული ვარჯიში დაიწყო 13 წლის ასაკში ვინ ჩუნის ცნობილ სკოლაში (თარგმანი ნიშნავს „ბრწყინვალე გაზაფხულს“). ეს სტილი დაახლოებით 400 წლის წინათ ჩამოაყალიბა შაოლინის მონასტრის მონაზონმა - იმ ვინ ჩუნმა. მასში გაერთიანებულია ხელის მსუბუქი თავდაცვითი მოძრაობები, სწრაფი გადაადგილებები და ასევე ელვისებურად სწრაფი და უმოკლესი შეტევები, რაც რეალურად ბრძოლაში საკმაოდ ეფექტურია.
მამამ ბრიუსი სავარჯიშოდ მიაბარა საბრძოლო ხელოვნების ხანშიშესულ ოსტატს „იპ მენს“, რომლის თითოეულ ვარჯიშში ოჯახი 12 ჰონგ-კონგურ დოლარს იხდიდა. ბრიუს ლი ძალიან სერიოზულად მოეკიდა საქმეს, ყოველდღიურად თითქმის ხუთ საათს ვარჯიშობდა და სულ მალე პროგრესიც შესამჩნევი გახდა. მისი ტალანტი მასწავლებელმა თავიდანვე შენიშნა, ამიტომ იგი სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა მასთან ინდივიდუალურ ვარჯიშებს და ფილოსოფიურ საუბრებს. სამ წელიწადში ბრიუსი უკვე ჩამოყალიბებული მებრძოლი იყო და მთელს ჰონგ-კონგში ცნობილი გახდა, როგორც ახალგაზრდა პერსპექტიული ოსტატი. იმ პერიოდში ის სწავლობდა კოლეჯ „ლა სალში“ (სადაც შემდგომში თავისი ვაჟი ბრენდონი მიაბარა). ერთხელ ბრიუსს მოუწია კოლეჯის სახელით გამოსვლა სკოლებს შორის შეჯიბრებაზე. ფინალურ ბრძოლაში მისი მეტოქე იყო ინგლისელი მოზარდი მეფე გიორგი მეხუთეს სახელობის სკოლიდან, რომელიც სამი წლის მანძილზე იცავდა გამარჯვებულის ტიტულს. ბრიუსმა იგი ძლიერი პირდაპირი დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო და გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც მას ხუმრობით „გორილების მეფე - მთელი სკოლის ბოსი“ შეარქვეს.
1958 წლის 29 მარტს მან დატოვა ეს სასწავლებელი და სწავლა განაგრძო წმინდა ფრენსის ქსავერას კოლეჯში. ჰონგ-კონგში ბრიუსი გახდა „ბრიტანეთის სამეფოს კოლონიების ჩემპიონი ჩა-ჩა-ჩა-ში“. ამ ცეკვის 108 სხვადასხვა მოძრაობა მას აღნიშნული ჰქონდა თავის ბლოკნოტში, რომელსაც ხშირად თან ატარებდა.
1959 წლის 2 მაისს ბრიუსმა და მისმა მეგობრებმა გამოწვევა მიიღეს სხვა სკოლის წევრებისაგან. შეხვედრა ერთ-ერთი სახლის სახურავზე გაიმართა. თავიდან ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მიდიოდა, მაგრამ ნამდვილ მუშტი-კრივში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ ბრიუსს თვალში ძლიერად მოარტყა, ბრიუსი არ ელოდა სიუხეშეს და გამწარებულმა სახეში სწრაფი დარტყმების სერიით უპასუხა, რასაც შედეგად მოჰყვა ჩალურჯებული თვალები და რამდენიმე ჩამსხვრეული კბილი. დაზარალებულის მშობლებმა პოლიციაში იჩივლეს. საქმეში იძულებული გახდა ჩარეულიყო ბრიუსის მამა ლი ხოი ჩენი.
იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთი დაჯგუფების წევრმა, რომელიც ბრიუსზე უფროსი იყო და მასითაც ბევრად აღემატებოდა, გამოიწვია იგი საჩხუბრად და სახურავიდან ჩამოგდებითაც დაემუქრა. ბრძოლა ექვსსართულიანი სახლის სახურავზე გაიმართა. ის მართლაც სახიფათო მეტოქე იყო, მაგრამ ბრიუსმა მაინც მოახერხა მისი დამარცხება. იქ შეკრებილი ახალგაზრდები კი გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც ბრიუსმა იგი ზურგზე მოკიდებული ხელ-ფეხ მოტეხილი ჩამოიყვანა ეზოში.
მას კარგად ჰქონდა გათვიცნობიერებული ის, რომ საბრძოლო ხელოვნების მიზანია განავითაროს ადამიანი იმ დონეზე, როდესაც, მას აღარ უჩნდება თავისი შესაძლებლობების ქუჩაში დემონსტრირების სურვილი. ბრიუსზე უდიდესი გავლენა იქონია მისი მასწავლებლის იპ მანის გაკვეთილებმა, საიდანაც ისწავლა კარგისა და ცუდის, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, ბრიუსი სწავლის გასაგრძელებლად შტატებში გაეგზავნათ. მან უარი განუცხადა მაფიას შემოთავაზებულ წინადადებაზე, ყური უგდო მშობლების რჩევებს და ამერიკაში გამგზავრების წინ დასძინა:
„მე დავბრუნდები მაშინ, როდესაც ბევრ ფულს ვიშოვი“
|
ახალი ცხოვრების დასაწყისი
რედაქტირება1959 წლის 17 მაისს ბრიუს ლი გემით გაემგზავრა სან-ფრანცისკოში. მოგზაურობა 18 დღეს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე მას საშუალება მიეცა დაფიქრებულიყო, გაეანალიზებინა და შეეფასებინა საკუთარი თავი. სან-ფრანცისკოში ბრიუსი რამდენიმე თვე ცხოვროდა მშობლების მეგობრებთან ჩინურ დასახლებაში. ცოტაოდენი ფულის საშოვნელად იგი ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა. ამავე წლის 3 სექტემბერს კი გაემგზავრა სიეტლში. თავდაპირველად მოეწყო ჭურჭლის მრეცხავად რესტორანში, რომლის მეპატრონე იყო მათი ოჯახის ძველი მეგობარი „რუბი ჩაუ“. მალე ბრიუსი მოეწყო ედისონის სახელობის ტექნიკურ სასწავლებელში, პარალელურად კი აგრძელებდა ყოველდღიურ ინტენსიურ ვარჯიშებს, იმაგრაბდა მუშტებს დაფაზე, რომელიც მას სამზარეულოში ჩამოჰკიდა. ამ პერიოდში იგი საჩხუბრად გამოიწვია ერთმა იაპონელმა, რომელიც მას დიდხანს დასდევდა. ბოლოს გადაწყვიტეს მოეწყოთ ორთაბრძოლა „წესების გარეშე“. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა მხოლოდ 11 წამს გაგრძელდა და დასრულდა ბრიუს ლის პირდაპირი დარტყმით, რომელმაც შორს მოისროლა „მამაცი“ მეტოქე. ამ უკანასკნელმა შემდგომში თხოვნით მიმართა ლის, მოწაფედ აეყვანა იგი.
1960 წლის დეკემბერში ბრიუს ლიმ დაამთავრა ედისონის სასწავლებელი, ხოლო 1961 წლის 27 მარტს ჩააბარა სიეტლში ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში ბრიუსმა გაიცნო „ლინდა ემეირი“— წყნარი, ინტელიგენტური, შვედური წარმოშობის ამერიკელი გოგონა, რომელიც შეუყვარდა და შემდგომში ცოლად შეირთო. 1964 წლის საზაფხულო მეოთხედის დახურვის შემდეგ მან მიატოვა ვაშინგტონის უნივერსიტეტი. ამავე წელს ლონგ-ბიჩში (კალიფორნია) მოაწყო საჩვენებელი გამოსვლა კარატეს საერთაშორისო ტურნირზე. სულ მალე კი გახსნა თავისი პირველი სკოლა სიეტლის ჩინურ კვარტალში.
ბრიუსი და ლინდა
რედაქტირებათავდაპირველად მათ ერთმანეთი იხილეს სიეტლში 1963 წლის გაზაფხულზე. მაშინ ლინდა სწავლობდა გარფილდის უმაღლეს სკოლაში. ბრიუსი ესწრებოდა ხოლმე ამ სკოლაში აღმოსავლური ფილოსოფიის ლექციებს. ისინი ერთმანეთს გააცნო ლინდას ჩინელმა მეგობარმა გოგონამ, რომელიც ბრიუსის ჯგუფში ვარჯიშობდა. მან ერთ საღამოს წაიყვანა ლინდა დარბაზში, რომელიც ჩინურ კვარტალში მდებარეობდა. იმ დროისთვის ბრიუსი ატარებდა ვარჯიშებს, სადაც კი მოუხერხდებოდა: გარაჟებში, მიტოვებულ სახლებში, სკოლის სპორტულ დარბაზებში. მას სურდა თავისი სკოლის ფართო ქსელის ჩამოყალიბება, ვინაიდან საბრძოლო ხელოვნებანი სწორედ მაშინ იკიდებდა ფეხს შეერთებულ შტატებში. ლინდა სწავლობდა აგრეთვე უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსებზე და ამგვარად, ხშირად უწევდა ბრიუსთან შეხვედრა.
1964 წლის ივლისში ბრიუსმა გადაწყვიტა ოკლენდში გამგზავრება. ლინდას კი დაუბარა, რომ მის დაბრუნებამდე სერიოზულად ეფიქრა მათ მომავალ ცხოვრებაზე. აგვისტოს დასაწყისში მან წარმატებით გახსნა ახალი სკოლა ოკლენდში და ორი კვირის შემდეგ საქორწილო ბეჭდით ხელში დაბრუნდა სიეტლში ლინდას წასაყვანად. ამრიგად 1964 წლის 17 აგვისტოს ბრიუს ლი დაქორწინდა 20 წლის ლინდა ემეირზე, რომელიც მაშინვე გრძნობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ბრიუსი, ვინც უზომოდ უყვარდა.
1965 წლის 1 თებერვალს ოკლენდში ლინდას და ბრიუსს შეეძინათ ვაჟიშვილი ბრენდონი, რომელსაც ბრიუსი მას ხუმრობით ეძახდა: „ერთადერთ ქერათმიან ჩინელს მთელ მსოფლიოში“.
შემოქმედებითი მწვერვალისაკენ
რედაქტირება1965 წელს რეჟისორმა და პროდიუსერმა ედ პარკერმა შესთავაზა ბრიუსს, გადაეღო თავისი ვარჯიშები და შეექმნა კომერციული ტელეფილმების სერია. ამავე წელს ბრიუსმა მიიღო მოწვევა კინოსტუდია 20th Century Fox -ის რეჟისორ უილიამ დოპლერტისაგან, სადაც ითამაშა ჩარლი ჩანგის როლი ახალ სერიალში, სახელწოდებით „პირველი შვილი“. 1966 წლის მარტში ეს სერიალი დასრულდა. ივლისის თვიდან კი მსახიობი გადაიღეს საბრძოლო ხასიათის ფილმ „მწვანე ონავარში“, რომელიც იქცა ჰიტად შეერთებული შტატების მოზარდებს შორის. პარალელურად ბრიუს ლიმ დენ ინოსანტოსთან ერთად წარმატებით გახსნა მესამე სკოლა (დოდჟო) ლოს-ანჯელესის ჩინურ კვარტალში.
1967 წლის განმავლობაში ბრიუსი ესწრებოდა კარატისტთა საერთაშორისო ტურნირებს ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ლონგ-ბიჩში, თუმცა ამასთან, სიამოვნებით იღებდა მოწვევებს ტელევიზიიდან, სადაც ახდენდა ზოგიერთი ილეთის დემონსტრირებას სერიალ „მწვანე ონავრიდან“. 1968 წელს ლოს-ანჯელესში ბრიუსი დაინიშნა კინოფილმ „მაშველი რაზმის“ ტექნიკურ დირექტორად.
1969 წლის 19 აპრილს სანტა-მონიკაში ბრიუსს და ლინდას შეეძინათ ქალიშვილი შენონი. 1970 წელს ჰოლივუდში ბრიუს ლიმ დაწერა სცენარი ფილმისათვის - „მდუმარე ფლეიტა“, რომელიც ეფუძნებოდა საბრძოლო ხელოვნებათა ფილოსოფიას. კინოსტუდია Warner Brothers-ის ხემძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფილმს დააფინანსებდა იმ შემთხვევაში, თუ გადაღებები შედგებოდა ინდოეთში, სადაც მათ გააჩნდათ გარკვეული ფინანსური დაბანდებები. თუმცა, მოქმედების ადგილი არ შეეფარდა სცენარისტთა იდეებს და პროექტი არ განხორციელდა.
1971 წლის ივლისში ჰონგ-კონგში რეიმონდ ჩოუმ შესთავაზა ბრიუსს მთავარი როლი ფილმში - „დიდი ბოსი“. ფილმის გადაღება სულ 100 ათასი დოლარი დაჯდა. ჰონგ-კონგის კინოეკრანებზე გამოსვლისთანავე ფილმმა მაყურებლის და პრესის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. პირველივე გაქირავებაზე მან მოხსნა ყველა რეკორდი 3.2 მილიონი დოლარის მოგებით.
1972 წელს ჰონგ-კონგში გამოვიდა მეორე ფილმი „მძვინვარების მუშტი“. ის 200 ათასი დოლარი დაჯდა და მოხსნა პირველი ფილმის რეკორდი. სინგაპურში გადამყიდველები თითო ბილეთში 45 დოლარს იღებდნენ. საერთო ჯამში, ორივე ფილმმა 20 მილიონი დოლარი მოიგო. იმავე წელს ბრიუს ლიმ უარი თქვა რამდენიმე სცენარზე და თავად დაიწყო მუშაობა ფილმ - „დრაკონის გზა“. მან თვითონ დაწერა სცენარი, იყო რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი. ეს ფილმიც, სხვების მსგავსად, წარმატებით გავიდა ეკრანებზე და 4.5 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. 1973 წლის გაზაფხულზე ჰოლივუდიში ბრიუსმა გააფორმა ხელშეკრულება კინოკომპანია „Warner Brothers“ - თან ფილმის გადაღების თაობაზე. ახალი ფილმი „დრაკონის გამოჩენა“ იყო შეერთებული შტატებისა და ჰონგ-კონგის კინოინდუსტრიის პირველი ერთობლივი ნაწარმი. ფილმის გადაღების პროცესი დასრულდა აპრილის ბოლოს ჰონგ-კონგში.
1973 წლის 10 მაისს ჰონგ-კონგში ფილმის დუბლირების პროცესში ბრიუს ლიმ გრძნობა დაკარგა. ის გადაიყვანეს სავაადმყოფოში, სადაც ექიმებმა აღმოუჩინეს ტვინის შეშუპების ნიშნები და სამკურნალოდ დაუნიშნეს წამლები. ამის შემდეგ ბრიუსი გადაფრინდა კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში გამოკვლევის ჩასატარებლად. შეიკრიბა კონსილიუმი, სადაც ექიმებმა განაცხადეს, რომ იგი სრულიად ჯანმრთელი იყო და უფრო მეტიც, მისი სხეული 18 წლის ახალგაზრდის სხეულს შეადარეს. ჰონგ-კონგში დაბრუნების შემდეგ მან თავი უკეთ იგრძნო და მეტი შემართებითა და ენერგიით დაიწყო მუშაობა ფილმზე „სიკვდილთან თამაში“.
ვინ ჩუნის სკოლაში ბრიუსმა გაათვიცნობიერა ის, რომ უბრალოება და პირდაპირობა ყველაზე სასარგებლოა, და რეალურ ბრძოლაში იგი მოქმედებდა ყოველგვარი წინასწარ განზრახული სქემის გარეშე. მან ისწავლა მოწინააღმდეგის ძალის გამოყენება თავის სასარგებლოდ.
„სჯობს გადაიხარო ქარის მიმართულებით, ვიდრე შეეჭიდო მას“
|
- სწორედ აქედან წარმოიშვა პრინციპი „შეეწყვე და მიენდე“.
სტილი რომელიც მან ჩამოაყალიბა - „ჯიტ კუნ დო“ (დამსწრები მუშტის გზა), ფაქტობრივად არ იყო სტილი. იგი აერთიანებდა კარატეს, დასავლურ კრივს, ჭიდაობას, ძიუდოს, ტაილანდურ კრივს და სხვა ილეთებს.
ფილმი „სიკვდილთან თამაში“ ბრიუს ლის დაუმთავრებელი დარჩა. მან მოასწრო თავისი მონაწილეობით თითქმის ერთსაათიანი ფირის გადაღება. ბრიუს ლის სიკვდილის შემდეგ გადაღებული ფირი თითქმის ექვს წელიწადს ხელუხლებლად ინახებოდა.
1978 წლის შემოდგომაზე გადაწერეს და დაასრულეს დუბლიორის მეშვეობით. სამწუხაროდ, მასში გამოიყენეს ბრიუსის გადაღებული ფირის მხოლოდ 15 წუთიანი მასალა. სუსტმა დუბლირებამ ფაქტობრივად ჩაშალა ფილმის სცენარი, თუმცა დიდი რეკლამის და ბრიუს ლის უკვდავი სახელის წყალობით ფილმის შემოსავალმა მთელ მსოფლიოში 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
პოპულარობა - სტრესის წინამძღვარი
რედაქტირებაწარმატების მიღწევა სხვადასხვა პიროვნებაზე განსხვავებულად ზემოქმედებს, ბრიუს ლი ამ შემთხვევაში გაორებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, საქვეყნო აღიარება მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა. იგი ცხოვრობდა „სუპერგმირის“ ცხოვრებით: ჰქონდა სახლი, რომელიც უმაღლეს თანამედროვე მოდელებს შეეფარდებოდა; ჰყავდა წითელი ფერის მერსედესი ასახდელი სახურავით, რომელიც 41 ათასი ჰონგ-კონგური დოლარი ღირდა. ჟურნალ-გაზეთებში ყოველთვის ჰონგ-კონგის ლამაზმანების გვერდით იყო აღბეჭდილი.
„ადამიანს ჰქონდეს ბევრი ფული - ეს არ ნიშნავს ყოველგვარი პრობლემის მოხსნას, მაგრამ მაინც ქონა სჯობს უქონლობას“
|
- განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ბრიუს ლიმ.
რაც უფრო მეტად იზრდებოდა მისი პოპულარობა, მით უფრო იკეტებოდა და ღრმავდებოდა საკუთარ თავში. ხშირად მარტოდმარტო ატარებდა რამდენიმე დღეს თავის კაბინეტში, ბრიუსს ჰყავდა მეგობრების დიდი წრე, მაგრამ თანდათანობით ისინი იკარგებოდნენ ერთიმეორის მიყოლებით - განაწყენებულები იმ ემოციური და ფიზიკური ბარიერების გამო, რომლებიც ლიმ წარმოქმნა თავის ირგვლივ.
ბრიუსლიმ არა მხოლოდ ხელი ჰკრა მეგობრებს, არამედ ხალხში გამოჩენასაც გაურბოდა. ერთხელ ის მიიწვიეს მის ყოფილ კოლეჯში სასკოლო შეჯიბრებაში გამარჯვებულთა დასაჯილდოვებლად. დაჯილდოების დროს სადღაც კულისებს მიღმა ძლიერად გაჯახუნდა კარი, ბრიუსი სწრაფად გაწვა იატაკზე. როდესაც წამოაყენეს, იგი ძალზე დაბნეული იყო. ქუჩაში ყოველთვის თან ჰქონდა ჩანთა. მოგვიანებით ერთ-ერთ მეგობარს გამოუტყდა, რომ მასში პისტოლეტი ედო. საკვირველია, რომ ყველაზე აღიარებული, ძლიერი ადამიანი მსოფლიოში, განუმეორებელი თავდაცვის ოსტატი თავს დაუცველად გრძნობდა და ამისათვის იარაღის ტარება გადაეწყვიტა.
ერთ დღეს ბრიუს ლი სხვადასხვა ორთაბრძოლების ოსტატებთან ერთად მონაწილეობდა სატელევიზიო პროგრამაში. შუახნის მამაკაცმა დამსწრეებს შესთავაზა, ეცადათ ხელის მიწოლით გამოეყვანათ იგი წონასწორობიდან. ბევრი ოსტატი შეეცადა მამაკაცის ადგილიდან დაძვრას, მაგრამ უშედეგოდ. დარჩა მხოლოდ ბრიუს ლი, რომელმაც არ დააყოვნა და სახეში ძლიერი დარტყმით ძირს დაანარცხა თამამი „გმირი“. მოგვიანებით ბრიუსს ჰკითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე აგრესიულად. მან უპასუხა:
„მე არ ვაწვები, მე ვურტყამ“
|
გამაფრთხილებელი ნიშანი
რედაქტირებაბრიუს ლის სიამაყე მისი გაწვრთნილი, ნავარჯიშევი სხეული იყო. 13 წლის ასაკიდან იგი ყოველდღიურად რამდენიმე საათს უთმობდა სერიოზულ, მკაცრ ვარჯიშს, რომელსაც წინ უძღოდა ხუთკილომეტრიანი კროსი. ხშირად ღამით იღვიძებდა და სავარჯიშოდ გადიოდა. ბრიუსს ჰქონდა სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ქამარზე მაგრდებოდა და ანელებდა სისხლის მიმოქცევას, რაც ვარჯიშის პროცესში აიძულებდა სხეულს მეტი წინაღობა გადაელახა. დარბაზში განლაგებული ჰქონდა უამრავი სარკე, რაც საშუალებას აძლევდა ყოველმხრივ გაეკონტროლებინა თავისი მოძრაობები. ბრიუს ლი ვარჯიშობდა ისეთი გულმოდგინებით, თითქოს ყოველი ვარჯიში თუ ბრძოლა მისთვის უკანასკნელი იყო და თავის ცხოვრება მის ფიზიკურ მზადყოფნაზე იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს ასეც იყო.
1973 წლის 10 მაისს ასეთი დატვირთვის ფონზე ორგანიზმმა თავისი გაიტანა და იგი შეუძლოდ გახდა. რეიმონდ ჩოუს მონათხრობიდან: ჩემს კაბინეტში ვმუშაობდი, როდესაც მოირბინა ერთ-ერთმა თანამშრომელმა და მითხრა, რომ ბრიუსმა გრძნობა დაკარგა და საჭიროა სასწრაფოდ ექიმის გამოძახება. მე მაშინვე გავიქეცი მასთან, ბრიუსი მძიმედ სუნთქავდა და საშინლად ცახცახებდა. დავურეკეთ ექიმ ლონგფორდს, რომელმაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ მაშინ ბრიუსი ძალზე ახლოს იყო სიკვდილთან. ექიმებს საათ-ნახევარი დასჭირდათ მის გონზე მოსაყვანად. ექიმებმა ურჩიეს ბრიუსს შეეცვალა დაძაბული რიტმი წყნარი ცხოვრებით. 10 მაისს სტუდიაში მომხდარი ამბავი თითქოს გამაფრთხილებელი ნიშანი იყო მისი სხეულის მხრიდან, სხეულის რომელიც ძალიან გადაიტვირთა და ეს თუ მართლაც ასეა, ბრიუს ლიმ ვერ შეისმინა ეს გაფრთხილება. ბოლო ორი თვის მანძილზე ის გადაიქცა საათის მექანიზმიან ფეთქებად მოწყობილობად, რომელსაც ერთი ნაპერწკალიღა აკლდა და შესაძლოა ამ ნაპერწკლად ეკვაჯეზიკის აბები იქცა.
გენიის გარდაცვალება
რედაქტირება1973 წლის 20ივლისს დაახლოებით 8 საათზე ძლიერი თავის ტკივილის გამო ბრიუს ლი წამოწვა საწოლზე. თუ სად და ვის საწოლზე - ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ მაშინ ამ ფაქტის გამო, ბრიუს ლის სიცოცხლის უკანასკნელი საათების შესახებ უამრავი ბინძური ჭორი და ინტრიგა დატრიალდა. ადგილობრივი ექიმის ჩუ ფოუვის მიერ წინასწარ გასინჯვის შედეგად, როდესაც გაირკვა, რომ ბრიუსი ძლივსღა სუნთქავდა და პულსიც აღარ ესინჯებოდა, იგი ნახევრად მკვდარ მდგომარეობაში გადაიყვანეს ჰონგ-კონგის სავაადმყოფოში - Queen Elizabeth’s hospital. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ლინდა და რეიმონდ ჩოუ გაოგნებულები იდგნენ პალატის კართან. სავაადმყოფოს შესასვლელთან თავი მოეყარა უამრავ რეპორტიორს. სწორედ მათ წინაშე დაახლოებით 23 სთ-სა და 30 წთ-ზე წარმოთქვა რეიმონდ ჩოუმ შემზარავი სიტყვები: „იგი დაიღუპა“. ყველაზე ნავარჯიშევი ადამიანი მსოფლიოში დაიღუპა 32 წლის ასაკში.
„ მაინცდამაინც კარგი ბიჭები რატომ მიდიან პირველად? “
|
- იკითხა ჯორჯ ლაზენბიმ. პასუხი არავის გაუცია.
მეორე დილით ჰონგ-კონგის ქუჩებში გამოფენილი თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე იკითხებოდა შემაძრწუნებელი სათაურები: „ბრიუს ლი მკვდარია“. იქ მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის ნეკროლოგები. ჩინურენოვანი გაზეთების ტირაჟი ორჯერ და სამჯერ გაიზარდა. ბრიუს ლის უამრავ თაყვანისმცემელს არ სჯეროდა და არც სურდა მომხდარი ამბის დაჯერება. ხალხი ამას უბრალოდ ფილმ „სიკვდილთან თამაშს“ რეკლამად მიიჩნევდა.
სიმბოლური დაკრძალვის ცერემონია
რედაქტირებაბრიუს ლის სიმბოლური დაკრძალვა გაიმართა 25 ივლისს, ოთხშაბათს ჰონგ-კონგში. გაცილებამ, რომელიც მოუწყო ქალაქმა თავის „მეფეს“, ცხადყო, თუ როგორ უყვარდათ და პატივს სცემდნენ ბრიუს ლის მისი თანამემამულეები და ურიცხვი თაყვანისმცემლები.
ნაგებობა, სადაც მიმდინარეობდა დამკრძალავი ცერემონია, დილის ცხრა საათიდან ხალხით იყო გაჭედილი. ბრიუს ლის ცხედარი ესვენა დაახლოებით 12x18 მ. ფართის სამლოცველოში.ყვავილების გარემოცვაში აღემართათ ბრიუს ლის დიდი პორტრეტი. ბრიუს ლის უძრავი, ცივი სხეული ბრინჯაოს კუბოში ესვენა. ყელამდე აბრეშუმის თეთრ სუდარაში გახვეულს მკრთალ, მონაცისფრო სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალი წაშლოდა. ჩინური იეროგლიფებით მოხატულ დროშაზე იკითხებოდა ფრაზა:
„ვარსკვლავი ეშვება ხელოვნების ზღვაში“
|
.
ქუჩაში სადაც უნდა წარმართულიყო დამკრძალავი მსვლელობა, ათასობით დამწუხრებული ადამიანი იცდიდა. ბევრმა იქ მთელი ღამე გაატარა. ერთ-ერთმა ცნობილმა გაზეთმა ამ სანახაობას „კარნავალი“ უწოდა. არ წყდებოდა ნაკადი ხალხისა, ვისაც სურდა აევლო იმ კიბის თორმეტი საფეხური, სათაყვანებელი გმირის ცხედარს რომ აშორებდა; 28 წლის ამერიკელი ახალგაზრდა ქალისათვის საყვარელი მეუღლის დაკრძალვა ნამდვილი კოშმარი იყო. სამლოცველოში მყოფი ხუთასამდე ადამიანი მდუმარედ შეეგება მას. ლინდას ტანზე, ჩინური სამგლოვიარო ტრადიციის მიხედვით, თეთრი კაბა ემოსა. მას თან ახლდნენ ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აღიქვამდნენ მომხდარ უბედურებას. ლინდა შოკირებული იჯდა იჯდა ქმრის ცხედართან, დაძაბულობა კულმინაციას აღწევდა.
ბრიუს ლი გამოასვენეს 40 ათას ჰონგ-კონგურ დოლარად ღირებული სასახლით, ასობით პოლიციელმა აღმართა ცოცხალი კედელი, რათა შეეჩერებინა დამწუხრებული ხალხის მასა.ხალხის ამგვარი ქცევა შეიძლება ზედმეტად ექსცენტრულად მოგვეჩვენოს მაგრამ ფაქტია, რომ ისინი უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ არა მხოლოდ კინოვარსკვლავს, არამედ ადამიანს, რომელმაც მათ ეროვნული ღირსება დაუბრუნა.
ბრიუს ლი დაკრძალეს 31 ივლისს სიეტლში ლეიქ ვიუს სასაფლაოზე. ცერემონიას უამრავი მეგობარი და თაყვანისმცემელი ესწრებოდა. ბრიუსს ეცვა მუქი ლურჯი ფერის ჩინური სამოსი, რომლითაც ის მონაწილეობდა ფილმ „მძვინვარების მუშტში“.
„მშვიდობით ძმაო, - როგორც მასწავლებელმა და მეგობარმა, შენ მიჩვენე სხეულის, სულის და აზრის ერთიანობა, რისთვისაც მადლობას გიხდი. იძინე მშვიდად“
|
- წარმოთქვა დამწუხრებულმა ჯეიმზ ქობურნმა.
როდესაც ცხედარი საფლავში ჩაუშვეს, ჯეიმზ ქობურნმა, სტივ მაქუინმა, ტაკი კიმურამ, დენი ინოსანტომ, პიტერ ჩანგმა და რობერტ ლიმ ზედ დააფრქვიეს თავიანთი თეთრი თათმანები. ბრიუს ლის საფლავი შეამკეს ყვავილებით, ინ და იან ნიშნების სიმბოლური გამოსახულებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნანა კობახიძე., გოჩა სარკიაშვილი., ლეგენდარული ბრიუს ლი: პატარა დრაკონის დიდი გზა, თბილისი, 2002.