ბუდიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ბუდისტი)

ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი ან გაღვიძებულის კანონი) — რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახლოებით 488 მილიონი ბუდისტია, რაც წარმოადგენს მსოფლიოს მთლიანი მოსახლეობის 7%-ს 2010 წლის მონაცემებით და ბუდიზმი ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება.[1] მიმდევართა რაოდენობით მეოთხეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამისა და ინდუიზმის შემდეგ.[2] ბუდიზმს შემოქმედი ღმერთის ცნება არ გააჩნია, ის არც მონოთეისტურია, არც პოლითეისტური და არც პანთეისტური. ბუდიზმის თანახმად, არსებობს მრავალი ღვთაება, მაგრამ არცერთი არ არის სამყაროს შემოქმედი ან მარადიული.[3][4]

დჰარმაჩაკრა — ბუდიზმის სიმბოლო.

ბუდა შაკიამუნის ცხოვრება

რედაქტირება
 
ბუდას ქანდაკება ჰონგ-კონგში.

ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.

როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვისგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.

მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა.

ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.

ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება.

მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.

ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და, როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო.

მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი, შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა ხსნა. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.

მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა — ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს“ და „გასხივოსნებულს“.

ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას.

გავრცელება

რედაქტირება
 
ბუდისტური მისიების რუკა აშოკას მეფობის დროს.

ბუდას მისია მისმა მოწაფეებმა გააღრმავეს. ისინი, ძირითადად, აღმოსავლეთის ქვეყნებში მოღვაწეობდნენ, რის შედეგადაც ნეპალის, ტიბეტის, ვიეტნამის, ჩინეთის, კორეის, იაპონიის, შრი-ლანკის, მიანმარის, ტაილანდის, ლაოსისა და კამბოჯის დიდი ნაწილი ბუდას მოძღვრებას ეზიარა.

იმის გამო, რომ ბუდიზმში დოგმათა და წეს-განგებათა სისტემა არ არსებობს, ეს რელიგია მრავალ მიმდინარეობად და ტრადიციად დაიყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ადგილობრივ (დამხვდურ) რელიგიებთან და კულტურებთან ბუდიზმის შემგუებლობას. აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ბუდიზმის შემდეგი ფორმები: ძენი (ჩინეთი), ჩანი (იაპონია), ამიტაბჰა (სამხრეთაღმოსავლეთი აზია), ვარაიანა (ტიბეტი, ბუტანი, ნეპალი, მონღოლეთი). ბუდიზმის ელემენტებმა სხვა რელიგიურ სისტემებშიც შეაღწიეს და მათ წიაღში ახალ ტრადიციებს დაუდეს სათავე, ესენია: ბიონი, შინტო, შინბესტუ, შიუგო და სხვ.

მთავარი იდეალის, ნირვანას შესახებ კამათის შედეგად ა.წ. III საუკუნეში ბუდისტები ორ ნაწილად გაიყვნენ და ორი მიმართულება წარმოიშვა:

  • მაჰაიანა, ანუ „ხსნის ფართო გზა“ - „დიდი ეტლი“ და
  • თერავადა, ანუ „ხსნის ვიწრო გზა“ - „პატარა ეტლი“.

პირველი მიმართულება უფრო ნეპალსა და ჩრდილოეთის ქვეყნებშია გავრცელებული, მეორე - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მეტი მიმდევარი მაჰაიანას ჰყავს (60%). ისინი თვლიან, რომ ნირვანაში შესვლა, პოტენციურად, ყველასთვისაა შესაძლებელი. მათ შორის არიან გასხივოსნებული ადამიანები - ბოდჰისატვები, რომლებიც ნებაყოფლობით გადადებენ ნირვანაში შესვლას, რათა სხვებს ტანჯვის შემსუბუქებაში, კარმის გაუმჯობესებასა და სამსარისაგან თავის დაღწევაში დაეხმარონ. თერავადას მიმდევრები ამბობენ, რომ ნირვანას მხოლოდ რჩეულები მიაღწევენ და ისინი მეტწილად ბერები არიან, რომლებიც მკაცრი ასკეტიზმით გამოირჩევიან.

ბუდიზმის ქადაგება ჩინეთში ადრიდანვე დაიწყო, მაგრამ ამ მისიამ წარმატებას VI საუკუნეში მიაღწია, როდესაც იქ ინდოელი ბერი ბოდჰიდრამა ჩავიდა. ბუდისტებს სწამთ, რომ ის ბუდას ინკარნაცია იყო. ახალ წელს, როდესაც იგი კედლის წინ მედიტაციის წესს ასრულებდა, მისი ფეხები გახმა და სული ნირვანაში შევიდა. ამ ქვეყანაში ბუდიზმის ის სახეობა ჩამოყალიბდა, რომელიც ძენის სახელითაა ცნობილი („ძენი“ მედიტაციას, ლოცვას ნიშნავს). მისი დამაარსებელია ჰუინენგი (673-713), რომლის მოძღვრება XII-XIII საუკუნეებში გადაამუშავეს იაპონელმა ბერებმა აიზიამ და დოგენმა. ასე შეიქმნა ჩანი, ანუ ჩინური ძენის იაპონური ვარიანტი. ძენ-ჩანისათვის დამახასიათებელია ხაზგასმა „საკუთარი ბუნების ხილვასა და შეცნობაზე“ და ჩინურ-იაპონურ ხალხურ რელიგიებთან სინთეზი. მთავარი კითხვა, რომელსაც ძენჩანის მიმდევრები საკუთარი თავის წინაშე სვამენ, ასეთია: „რა იყო შენი ჭეშმარიტი სახე, ვიდრე შენ დედა და მამა გაგაჩენდნენ?“.

გვიან შუა საუკუნეებში ბუდიზმის ყველაზე მძლავრი კერა ტიბეტში ჩამოყალიბდა. მოძღვარმა ტონგჯაჰიმ იქ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, ე.წ. ყვითელქუდიანთა სკოლა დააარსა, რომელიც მკაცრი დისციპლინით და ჰუმანური პრინციპების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა. მათ, ყვითელქუდიანებმა, შექმნეს თეოკრატიული სახელმწიფო, რომლის უმაღლესი ხელისუფალი დალაი ლამა გახდა. ამის გამო ტიბეტურ ბუდიზმს ლამაიზმს უწოდებენ. სიტყვა მონღოლურია და ნიშნავს: ოკეანის დარი მოძღვარი („დალაი“ - ოკეანე, „ლამა“ - მოძღვარი). ეს ტიტული, რომელიც ბუდისტთა პირველ მოძღვარსა და მსოფლიო ავტორიტეტს ნიშნავს, მონღოლთა მთავარმა ალთან ქანმა 1578 წელს დააწესა და ამ პატივით პირველად ტიბეტელი ლამა სონამ გიტსო მოიხსენია. ლამაიზმი XVII-XVIII საუკუნეებში რუსეთშიც, ძირითადად, ყალმუხებს, ბურიატებსა და ტუველებს შორის გავრცელდა.

არსებობს დალაი ლამას გამორჩევის რწმენა და წესი. ეს ადამიანები ბოდჰისატვები არიან და, ამავე დროს, მეორე პირველის რეინკარნაციას წარმოადგენს. მათი არსება ერთია, რომელიც წუთისოფელში სხვადასხვა ადამიანის (ნირმანაკაიას) სახით შემოდის. მათი საერთო სახელი არის „თანაგრძნობის ბოდჰისატვა“. გარდაცვლილი დალაი ლამას ინკარნაციის (ხელახალი განსხეულების) მოძიების, აღმოჩენისა და მოხმობის პროცესს ტიბეტურად ტულკუ ეწოდება. მას ბერების საგანგებო კომისია წარმართავს. დადიან ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვია, ეძებენ ბავშვებს, რომლებსაც გამორჩეული ნიშნები აქვთ (მშობლების უჩვეულო სიზმარი, უჩვეულო უნარი, ცისარტყელა). ასეთ ბავშვებს ერთად შეკრებენ და რამდენიმე დავალებას მისცემენ, რათა გაარკვიონ, მათგან რომელია ხელახლა დაბადებული დალაი ლამა. მთავარი დავალება რამდენიმე რიტუალურ საგანს შორის გარდაცვლილი დალაი ლამას პირადი საგნის ამოცნობაა. ბავშვი, რომელიც ამ გამოცდას ჩააბარებს, ოფიციალურად და საზეიმოდ წინამავალი დალაი ლამას რეინკარნაციად გამოცხადდება. მას მონასტერში გადაიყვანენ და მის აღზრდა-განათლებას შეუდგებიან. სანამ ის სრულწლოვანი გახდება, სახელმწიფოს რეგენტი მართავს.

ამჟამინდელი დალაი ლამა, რომლის სახელია ტენზინ გიაცო, მე-14 ასეთი ლამაა. 1959 წელს, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯარები ტიბეტში შევიდნენ და იქ კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, იგი ემიგრაციაში წავიდა და სამშობლოში დაბრუნების უფლება დღემდე ვერ მოიპოვა.

ბუდიზმის ძირითადი პრინციპები

რედაქტირება
 
ტრადიციული ტიბეტური მხატვრობა (თანგკა), გამოსახულია ბჰავაჩაკრა და სამსარას სამეფოები.

ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:

  1. ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.
  2. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
  3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
  4. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.

ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:

  1. მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
  2. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
  3. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
  4. მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს — არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
  5. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
  6. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
  7. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
  8. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.

მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე — არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.

ბუდისტური კანონი და მისი კოდიფიკაცია

რედაქტირება
 
ბუდას ქანდაკება. ტოკიოს ეროვნული მუზეუმი, თარიღდება I-II საუკუნით.

ქრისტეს მსგავსად არც ბუდას დაუტოვებია ჩვენთვის რაიმე წერილობითი წყარო, თუმცა ძნელია იმის დაშვება, რომ იგი უწიგნური ყოფილიყო. იგი ასწავლიდა ზეპირი სიტყვით და ამგვარადვე გადაიცემოდა მისი სიტყვა ხალხშიც. მაგრამ ბუდას გარდაცვალების შემდეგ მისი მოწაფეების წინაშე მოძღვრების დადგენის საჭიროება გაჩნდა. სწორედ ამ მიზნით იქნა მოწვეული პირველი ბუდისტური კრება. ძვ.წ. დაახლოებით 480 წელს გამოქვაბულში ქალაქ რაჯაგრიჰას მახლობლად შეიკრიბნენ ბუდას უშუალო მოწაფეები. ითვლება, რომ ამ კრებაზე, რომელსაც კაშიაპა ხელმძღვანელობდა, ანანდას, ბუდას უსაყვარლესი მოწაფის, დახმარებით დადგინდა სუტა-პიტაკასა და აბჰიდჰამა-პიტაკას ტექსტები. მაგრამ მოძღვრება კვლავ ზეპირი გადმოცემით ვრცელდებოდა და საბოლოოდ ბუდისტური კანონი მხოლოდ IV ბუდისტურ კრებაზე ჩაიწერა, კუნძულ შრი-ლანკაზე. კრების ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. პირველი ბუდისტური ტრადიცია მას ძვ.წ. 29 წელს მიაკუთვნებს, ხოლო მეორე დიდი ბუდისტური მიმართულება, მაჰაიანა — ახ.წ. I ს.-ს. უცნობია იყო თუ არა იქამდე ბუდისტური კანონი სრულად ან ნაწილობრივ დაფიქსირებული წერილობითი სახით, ერთადერთი უძველესი წყარო, რომელიც გაგვაჩნია არის შრი-ლანკაზე ჩაწერილი ტექსტი. მას ტიპიტაკა ეწოდება. თჰერავადას ბერებმა ის პალმის ფოთლებზე ჩაწერეს. ტექსტი პალიზე (ძველ ინდურ სალაპარაკო ენაზე) დაიწერა, ამიტომ მას ხშირად პალის კანონის სახელითაც მოიხსენიებენ. სიტყვასიტყვით ტიპიტაკა ნიშნავს სამ კალათს და შეესაბამება ტექსტის დაყოფას სამ ძირითად ნაწილად:

  • ვინაია-პიტაკა, რომელშიც შესულია მითითებები ბერებისა და მონაზვნებისთვის, მონასტრული ცხოვრების მომაწესრიგებელი ნორმები და სხვა.
  • სუტა-პიტაკა გადმოგვცემს ბუდისტურ მოძღვრებას საერთოდ, ხოლო
  • აბჰიდჰამა-პიტაკა ამ მოძღვრების ფილოსოფიურ დამუშავებას წარმოადგენს.

სუტა-პიტაკაში დამატების სახით ასევე შესულია ორი კრებული: დჰამაპადა — აფორიზმებისა და ბრძნული გამონათქვამების შემცველი ტექსტი და ჯატაკა - მონათხრობები ბუდას წარსული დაბადებების შესახებ.

ითვლება, რომ გასხივოსნებასთან ერთად ბუდამ მიიღო ჭეშმარიტი ცოდნა და შეიცნო სამყარო წარსულსა, აწმყოსა და მომავალში. შესაბამისად, მან შეიძინა ცოდნა თავისი წარსული და სხვათა წარსული თუ მომავალი დაბადებების შესახებ. მოწაფეებთან საუბრის დროს იგი ხშირად ყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს წარსული დაბადებებიდან და მათ მაგალითზე ხსნიდა ეთიკურ ნორმებს ან რაიმე სხვა საკითხებს. ორივე ეს კრებული, დჰამაპადა და ჯატაკა, ბუდისტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნებს წარმოადგენენ. ხოლო სუტა-პიტაკას ძირითად ნაწილში გადმოცემულია ბუდისტური მოძღვრების ბირთვი: ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება და რვასაფეხურიანი გზა.

ბუდიზმის მიმდინარეობები

რედაქტირება

თერავადა

რედაქტირება
 
ბუდისტი ბერი.

თერავადა ბუდიზმის ორთოდოქსულ მიმდინარეობას წარმოადგენს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ადრეული ბუდიზმის დოგმატიკასთან, თუმცა ამ მიმართულების სწავლებაც იცვლებოდა და ღრმავდებოდა დროთა განმავლობაში. მას ზოგჯერ სამხრეთულ ბუდიზმზსაც უწოდებენ (გავრცელებულია შრი-ლანკაში, მიანმარში, ტაილანდში და სხვ.). თერავადას სწავლების მიხედვით, ბუდამ ამ სამყაროში გასხივოსნებას სხვადასხვა დროს განხორციელებული ხუთასზე მეტი რეინკარნაციის შემდეგ მიაღწია. იგი მეოთხე ბუდად ითვლება მიმდინარე (ამჟამინდელ) სანსარაში. მის გარდა, კიდევ 20 ბუდა არსებობდა წინა სანსარებში. ბუდა მაშინ ევლინება სამყაროს, როდესაც კაცობრიობა სულიერ-ზნეობრივ უფსკრულს უახლოვდება. მათი ფუნქციაა კაცობრიობას სიბნელიდან და ცდომილებიდან ამოსასვლელი გზა მიუთითონ. ორნახევარი ათასწლეულის შემდგომ ქვეყნიერებას კვლავ ახალი ბუდა მოევლინება სახელად მაიტრეია. იგი უკანასკნელი ბუდა იქნება მიმდინარე სანსარაში. თერავადას სწავლებით, დანარჩენ ადამიანებს შეუძლიათ ნირვანის მიღწევა, მაგრამ ყველას არ ძალუძს გახდეს ბუდა. ნირვანაში გადასულ ადამიანებს არჰატებს უწოდებენ. არჰატობა მხოლოდ მათთვის არის შესაძლებელი, ვინც ყოვლითურთ და სავსებით შეაქცია ზურგი ამ წარმავალ სამყაროს.

მაჰაიანა

რედაქტირება

მაჰაიანას სხვაგვარად ბუდიზმის ჩრდილოეთ სკოლასაც უწოდებენ (გავრცელებულია ტიბეტში, მონღოლეთში, ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში). ჰინაიანასგან განსხვავებით მაჰაიანა სულის ხსნის/განთავისუფლების უნივერსალურ ხასიათზე მიუთითებს. ბუდას მდგომარეობის მიღწევა ყველა ადამიანს შეუძლია, რამდენადაც თითოეულ ადამიანში დაბადებიდანვე ჩადებულია ბუდას პოტენცია. მაჰაიანასთვის სულიერი ხსნა მიიღწევა არა მხოლოდ განდეგილობაში, არამედ ერში ცხოვრების პირობებშიც. მაჰიანაში აგრეთვე აქცენტი კეთდება სამქადაგებლო საქმიანობაზე, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაზე. მაჰაიანას სწავლება უფრო მეტად ადამიანის ა ინტუიციისკენ არის მიმართული, ვიდრე გონებისკენ. ეს მიმდინარეობა ბუდისტური სწავლების იმგვარი განმარტებისკენ მიისწრაფვის, რომ შესაძლებელი იყოს განსხვავებული ინტელექტუალური ყაიდისა და სულიერი განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი ადამიანის მოზიდვა. მაჰაიანას მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ბუდები ერთგვარი კოსმიური ცნობიერების მატერიალიზაციის (განსხეულების) შედეგად იბადებიან. ისინი მისტიური ბუდები არიან, რომლებიც მარადიულად არსებობენ დროისა და სივრცის მიუხედავად. ეს მსოფლიო ბუდა ყოველივეს განჭოლავს და ყოველ ადამიანში არსებობს, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ამ კოსმიური ცნობიერების საკუთარ თავში გამოვლენა და გასხივოსნების მიღწევა. მაჰაიანაში ბუდების რიცხვი ძალიან ბევრია. ბუდიზმის ამ მიმდინარეობის ზოგიერთ მონასტერში 1000-მდე ბუდის გამოსახულებაა.

ვაჯრაიანა

რედაქტირება

ვაჯრაიანას მიმდინარეობის სწავლების თანახმად, ბუდას მდგომარეობის მიღწევა რეინკარნაციათა ხანგრძლივი ჯაჭვის გარეშეც შესაძლებელია. ვაჯრაიანას სწავლებით, ეს მიღწევადია მაგიისა და იოგის ვარჯიშების საშუალებით გურუს ხელმძღვანელობით. გარდა მედიტაციისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე იდამის ჭვრეტას, მანტრების კითხვას და სხვა მაგიური წესების აღსრულებას (მათ შორის ეროტიული ხასიათისაც). ვაჯრაიანასთვის დამახასიათებელია მისტიკური სწავლება, რომელიც ადამიანსა და სამყაროს ერთმანეთთან აიგივებს. ყველა გარეგნული პროცესი და მოვლენა დაკავშირებულია ადამიანის სხეულთან და მის ფსიქიკასთან. ამიტომ როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ცვლის, ის ამით სამყაროსაც ცვლის.

ბუდისტური ტექსტები

რედაქტირება

ტრიპიტაკა

რედაქტირება
 
XI საუკუნის კორეული ტრიპიტაკა.

ტრიპიტაკა ბუდისტური სწავლების ძირითადი დებულებები გადმოცემულია ე. წ. კანონიკურ ლიტერატურაში. მათში დაფიქსირებულია თავად ბუდას ქადაგებები და გამოცხადებები, რომელიც შემდგომში მისი მოწაფეების მიერ ჩაიწერა. მასშივეა განთავსებული ბუდისტური დოგმების, წესჩვეულებებისა და მორალური პრინციპების ახსნა-განმარტებები. ეს ლიტერატურა ცნობილია სახელწოდებით „ტრიპიტაკა“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სამმაგ კალათას“, უფრო ხშირად კი ითარგმნება როგორც „კანონთა სამი კალათა. გადმოცემის მიხედვით, ბუდას გარდაცვალების შემდეგ, მისი მიმდევარი ბერები ერთად შეიკრიბნენ და ბუდას უახლოესი მოწაფეების მოწმობები მოისმინეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იყო ბუდას სწავლების ძირითადი პრინციპები. ერთმა ბუდას მიერ გამოთქმული ის პრინციპები გადმოსცა, რომლებიც ბერთა ცხოვრების წესგანგებას ეხება. მეორემ საკუთრივ რელიგიური მოძღვრება, რომელიც ბუდას მიერ საუბრებისა და იგავების ფორმით იყო გადმოცემული. მესამემ კი მასწავლებლის ფილოსოფიური ხასიათის მსჯელობები გაიხსენა. სწორედ ამ მიზეზით დაიყო მისი სწავლება სამ ნაწილად:

  1. „კალათა წესდებისა“, რომელშიც ჩაწერილია დისციპლინარული წესები ბერებისთვის.
  2. „კალათა სწავლა-მოძღვრებისა“, რომელშიც ჩაწერილია ბუდას ქადაგებები და გამონათქვამები.
  3. „კალათა კომენტარებისა“, რომელიც შეიცავს ახსნა-განმარტებებს ბუდისტური ფილოსოფიური დებულებებისა და ზოგადად დოქტრინისა.

ტრიპიტაკაში შემავალი სწავლება საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა ფორმირებას, სანამ იგი საბოლოო სახით ჩამოყალიბდებოდა. იგი თავდაპირველად ზეპირი გზით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ეს სწავლება პირველად ჩაწერილ იქნა პალის ენაზე ძვ. წ. I საუკუნეში ცეილონის კუნძულზე (შრი-ლანკა). მოგვიანებით კი სხვადასხვა ბუდისტურმა სკოლამ და მიმდინარეობამ ტრიპიტაკის ბევრი ადგილი შეცვალა და გადააკეთა. ამიტომ 1871 წელს მანდალაში (ბირმა) მოიწვიეს საერთო ბუდისტური კრება, სადაც 2,400-მა ბუდისტმა ბერმა სხვადასხვა ხელნაწერისა და თარგმანის შეჯერებით ერთიანი, უნიფიცირებული ტრიპიტაკის ტექსტი ჩამოაყალიბა. ეს ტექსტი ამოკვეთეს 729 მარმარილოს ფილაზე, რომელთაგან თითოეული მოათავსეს ცალკეულ მინიატურულ ტაძარში. ამრიგად შეიქმნა პატარა ქალაქ-ბიბლიოთეკა სახელწოდებით კუტოდო. მას შემდეგ ეს ქალაქი ბუდისტების სათაყვანებელი ადგილია.

სუტრების კალათა

რედაქტირება

გარდა ტრიპიტაკისა, არსებობს სხვა ბუდისტური ტექსტებიც. მათი კრებითი სახელია „სუტრების“ კალათა“, რომელიც ხუთ ნაწილად იყოფა. თითოეულ ამ ნაწილში სხვადასხვა ზომის ტექსტები შედის და ისინი აუცილებლად შემდეგი სიტყვებით იწყება: „ასე მოვისმინე მე...“. ამ ფრაზას მიაწერენ ანანდას, ბუდას საყვარელ მოწაფეს, რომელმაც ბუდას ნირვანაში გადასვლის შემდგომ მოძღვრის ქადაგებები პირველად ჩატარებულ ბუდისტურ კრებაზე გაიხსენა. ზოგიერთმა სუტრამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და შესაბამისად მათზე მრავალი განმარტება დაიწერა. ასეთია, მაგალითად, „ალმასის სუტრა“, რომელმაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბუდისტებზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს სუტრა მოწმობს, რომ ამ სამყაროში ყველაფერი არის მაია, ანუ ილუზორულია და არარეალური. ამის გაცნობიერებით კი შესაძლებელია „სიცარიელის, განდგომილებისა და სიმშვიდის“ შენარჩუნება. ჩინეთსა და იაპონიაში პოპულარულია „უზენაესი კანონის ლოტოსის სუტრა“. მასში საუბარია ბუდას ტრანსცენდენტურობის (მიღმურობის) შესახებ, რადგან იგი წარმოდგენილია არა როგორც ისტორიული პიროვნება, არამედ მთლიანად სამყაროს არსად. ამ სუტრას ბუდიზმის ამ ქვეყნებში გავრცელებული მიმდინარების მაჰაიანას სახელმძღვანელოსაც უწოდებენ. ამ სუტრაში ასევე წინა პლანზეა წამოწეული რწმენა საყოველთაო (ყველა ადამიანის) გადარჩენის შესაძლებლობის შესახებ. იაპონური ბუდიზმისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს „ოქროსფერი სინათლის სუტრას“. მასში აღნიშნულია, რომ ბუდა ყველაში და ყველაფერში (მათ შორის ნივთებშიც) იმყოფება და რომ იგი თანაუგრძნობს ყველა ცოცხალ არსებას.

ბუდიზმი და საქართველო

რედაქტირება

ძველ საქართველოში ბუდისტთა თემის არსებობა არ დასტურდება და არც ქართული კულტურის ბუდისტურ სამყაროსთან ცოცხალი კონტაქტებია სავარაუდებელი. ამასთანავე, ფაქტია, რომ ქართული საზოგადოების ელიტარულ ნაწილს ადრეულ შუა საკუნეებში ამა თუ იმ გზით და ამა თუ იმ ფორმით ბუდას ცხოვრებასა და სამქადაგებლო პრაქტიკაზე წარმოდგენა ჰქონდა. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა, მათ შორის, იაკობ ხუცესისშუშანიკის წამება“ (476-483). არსებობს თვალსაზრისი, რომ იქ ნახსენები ეთნონიმი ჰონები („მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა“) ინდოეთის მკვიდრ ხალხს „თეთრ ჰუნებს“ გულისხმობს. V საუკუნის II ნახევარში ინდოეთამდე მეფე ვახტანგ გორგასალმაც ჩააღწია და, სავარაუდოა, რომ მან ბუდას და ბუდისტების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. ბუდიზმთან გარკვეულ კავშირს ხედავენ იმ ასკეტურ და მისტიკურ მიმართულებაში, რომელსაც გიმნოსოფისტობა, ანუ შიშველმართალობა ეწოდება და, რაც ქართულ სასულიერო მწერლობაშიც ცნობილია.

ქართული კულტურის ბუდიზმთან კონტაქტის მაგალითია შუა საუკუნეების ქრისტიანულ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის - „ვარლაამისა და იოასაფის“ ისტორია. ესაა ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვერსია, რომელშიც მოთხრობილია ინდოეთის გაქრისტიანების ამბავი. მეცნიერებაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა, თუ სად და რომელ ენაზე შეიქმნა ეს თხზულება. მკვლევარები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის ქართულ ვარიანტს, რომელსაც „სიბრძნე ბალავარისი“ ან „ბალავარიანი“ ეწოდება. ეს ძეგლი (რედაქცია) საქართველოში არაბობის დროს, VII-X საუკუნეებში, ჩამოყალიბდა და, როგორც გიორგი მთაწმინდელი გვაუწყებს, X-XI საუკუნეებში ექვთიმე ათონელმა ბერძნულ ენაზე თარგმნა, ბერძნულიდან კი ლათინურად ითარგმნა და მთელ კულტურულ მსოფლიოში გავრცელდა.

ქართველები ინდუიზმითა და ბუდიზმით დაინტერესებული იყვნენ აღორძინების ხანაშიც და მომდევნო საუკუნეებშიც. ამას ადასტურებს XVII-XVIII საუკუნეების ანონიმი საზღაპრო მოთხრობა „დაფნის ქალაქის ამბავი“ და ის ლიტერატურული წყაროები, რაც სულხან საბა-ორბელიანის იგავ-არაკთა კრებულსა და აღნიშნული ეპოქის სხვა სამოძღვრო-დიდაქტიკურ ნაწარმოებებს უდევს საფუძვლად. ბუდისტურ ლიტერატურაზე, ცხოვრების წესსა და ფილოსოფიაზე ბევრს წერდნენ და მის მიმართ სიმპათიებსაც გამოხატავდნენ XIX-XX საუკუნეების ცნობილი ქართველი მოაზროვნეები და პუბლიცისტები: არჩილ ჯორჯაძე, ივანე გომართელი და ივანე როსტომაშვილი. დღეს საქართველოში, თბილისში, ბუდისტების მცირე ჯგუფი არსებობს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ონიკაშვილი დ., ჯაში მ., მსოფლიო რელიგიები, თბილისი: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, 2011. — გვ. 247-285.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Buddhists“. Global Religious Landscape.
  2. Lopez, Donald S. Jr. (2001), The Story of Buddhism, HarperCollins, p. 239.
  3. Harvey, Peter (2019). "Buddhism and Monotheism", p. 1. Cambridge University Press.
  4. Kapstein, Matthew T. The Buddhist Refusal of Theism, Diogenes 2005; 52; 61.