ბერლინის ოპერაცია
ბერლინის ოპერაცია — ბელორუსიის II, ბელორუსიის I და უკრაინის I ფრონტების შეტევითი ოპერაცია საბჭოთა კავშირის სამამულო ომში.
ოპერაციის პირველი ეტაპი
რედაქტირება1945 წლის იანვარ-მარტში საბჭოთა არმიამ დაამარცხა გერმანელთა დიდი დაჯგუფებები აღმოსავლეთ პრუსიაში, პოლონეთსა და აღმოსავლეთ პომერანიაში და ფართო ფრონტით მდინარეებს ოდრასა და ნაისეს მიადგა. საბჭოთა ჯარები ღრმად შეიჭრნენ გერმანელთა ტერიტორიაზე და მდინარე ოდრას დასავლეთ ნაპირზე კიუსტრინის რაიონში დაიკავეს მნიშვნელოვანი პლაცდარმი. ამავე დროს დასავლეთიდან გერმანელებს უტევდნენ ინგლის-ამერიკის ჯარები, რომლებსაც ისინი ორგანიზებულ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. გერმანელებს მოკავშირეებს შორის უთანხმოების ჩამოვარდნის იმედი ჰქონდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა შეეჩერებინა საბჭოთა ჯარების ბერლინისაკენ წინსვლა და ინგლისსა და აშშ-სთან სეპარატული ზავის დადება მოესწრო. გერმანელთა სარდლობამ ბერლინის მიმართულებით თავი მოუყარა ჯარების დიდ დაჯგუფებას, რომელშიც შედიოდა არმიათა ჯგუფები „ვისლა“ და „ცენტრი“, სულ 1 მილიონი კაცი, 10 400 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 1530 ტანკი და მოიერიშე ქვემეხი, 3300-ზე მეტი თვითმფრინავი; ოდრასა და ნაიესის დასავლეთ ნაპირებზე შეიქმნა 20-40 კილომეტრი სიღრმის სამი თავდაცვითი ზოლი. ბერლინის გამაგრებული რაიონი სამი თავდაცვითი სარტყლისაგან შედგებოდა. ქალაქის ყველა დიდი შენობა ციხესიმაგრედ გადააქციეს.
საბჭოთა სარდლობამ ბერლინის მიმართულებით თავი მოუყარა 19 საერთო საჯარისო, 4 სატანკო და 4 საჰაერო არმიას. მთავარსარდლობის გეგმით საბჭოთა ჯარებს უნდა განეხორციელებინა რამდენიმე ძლიერი დარტყმა ფართო ფრონტით, დაენაწევრებინა მტრის ბერლინის დაჯგუფება, ალყა შემოერტყა და ნაწილ-ნაწილ გაენადგურებინა. 16 აპრილს მძლავრი საარტილერიო და საავიაციო მომზადების შემდეგ ბელორუსიის I ფრონტის ჯარებმა კიუსტრინის პლაცდარმიდან მოწინააღმდეგეს შეუტიეს მდინარე ოდრაზე, ერთდროულად უკრაინის I ფრონტის ჯარებმა დაიწყეს მდინარე ნაისეს გადალახვა. მიუხედავად გერმანელთა გააფთრებული წინააღმდეგობისა, საბჭოთა ჯარებმა შეძლეს მათი თავდაცვის დარღვევა. 20 აპრილს შტეტინის მიმართულებით შეტევაზე გადავიდა ბელორუსიის II ფრონტის ჯარები, გადალახეს მდინარე ოდრაი და 25 აპრილს შტენინის სამხრეთით გაარღვიეს მოწინააღმდეგის თავდაცვის მთავარი ზოლი.
ოპერაციის მეორე ეტაპი
რედაქტირებაუკრაინის I და ბელორუსიის I ფრონტების ჯარები გერმანელთა თავდაცვის გარღვევის შემდეგ შეუდგნენ ბერლინის დაჯგუფების დანაწევრებას და გარემოცვის მანევრის განხორციელებას — ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან დაიწყეს ბერლინის გარშემორტყმა და 24 აპრილს ერთმანეთს შეხვდნენ ბერლინის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში, რითაც მტრის დაჯგუფება ორად გათიშეს. 25 აპრილს კეცინის რაიონშიც შეხვდნენ ერთმანეთს ამ ფრონტების ჯარები და დაამთავრეს ბერლინში მოქმედ გერმანელთა დაჯგუფების გარემოცვა. ამის შედეგად გარემოცული აღმოჩნდა ბერლინის სამხრეთ-აღმოსავლეთით 200 ათასამდე გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი. ბერლინის სამხრეთ-აღმოსავლეთით გარემოცვაში მყოფი ჯარების განადგურება დასრულდა 1 მაისს. ამავე დროს უკრაინის I ფრონტის ჯარებმა მოიგერიეს დასავლეთის ფრონტიდან გადმოსროლილი გენერალ ვენკის მე-12 არმიისა და მტრის დაჯგუფების კონტრდარტყმები ბელიცისა და გერლიცის რაიონებში. 21 აპრილიდან 2 მაისამდე ბერლინის ქუჩებში გააფთრებული ბრძოლები იყო გაჩარებული. 30 აპრილს მე-3 დამრტყმელი არმიის ნაწილებმა დაიწყეს ბრძოლები რაიხსტაგისათვის . რაიხსტაგის შტურმი დაევალა 171-ე მსროლელ დევიზიას და 150-ე მსროლელ დევიზიას. იმავე დღის საღამოს სერჟანტებმა მ. ეგოროვმა და მელიტონ ქანთარიამ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს.
ჰიტლერმა 30 აპრილს თავი მოიკლა. ადმირალ დენიცის ახალმა მთავრობამ 1 მაისს საბჭოთა სარდლობას პარლამენტიორები გაუგზავნა და გადასცა გებელსისა და ბორმანის ხელმოწერილი წინადადება საბრძოლო მოქმედების დროებით შეწყვეტის თაობაზე. საბჭოთა სარდლობამ კაპიტულაცია მოითხოვა. გერმანელთა სარდლობამ უარყო ეს მოთხოვნა. 1 მაისს საღამოს საბჭოთა ჯარებმა შეტევა განაახლეს. 2 მაისს ბერლინის გარნიზონის ნარჩენებმა ბერლინის დაცვის უფროსის გენერალ ვაიდლინგის მეთაურობით იარაღი დაყარეს. ერთდროულად საბჭოთა ჯარები უტევდნენ აგრეთვე დასავლეთის მიმართულებით. 25 აპრილს რიზის და ტორგაუს რაიონებში უკრაინის პირველი ფრონტის ჯარები შეხვდნენ ამერიკის პირველი არმიის ნაწილებს, 7 მაისს ბელორუსიის პირველი ფრონტის ჯარები ფართო ფრონტით გავიდნენ მდინარე ელბაზე, ხოლო ბელორუსიის მეორე ფრონტის ჯარები 4-5 მაისს ინგლისის ჯარებს შეხვდნენ.
გერმანელთა კაპიტულაცია
რედაქტირებაბერლინის ოპერაციაში საბჭოთა ჯარებმა დაამარცხეს მოწინააღმდეგის 70 ქვეითი, 12 სატანკო, 11 მოტორიზებული დივიზია, დაატყვევეს დაახლოებით 480 000 კაცი. ოპერაციაში საბჭოთა ჯარებმა მოკლულთა, დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახით დაკარგეს 304 000-ზე მეტი ადამიანი, აგრეთვე 2156 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი, 1220 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 527 თვითმფრინავი. ოპერაციის დამთავრებით საბჭოთა არმიამ მოკავშირეებთან ერთად საბოლოოდ დაამარცხა ფაშისტური გერმანიის სამხედრო მანქანა. 8 მაისს გერმანელთა სარდლობის წარმომადგენლებმა, ფედლმარშალმა კაიტელმა ხელი მოაწერა გერმანელთა უსიტყვო კაპიტულაციის აქტს.
ოპერაციაში მონაწილე ქართველები
რედაქტირებაბერლინის ოპერაციაში ბევრი ქართველი მებრძოლი მონაწილეობდა. 117-ე მსროლელთა დივიზიას მეთაურობდა ერმილე კობერიძე, 165-ე მსროლელთა დივიზიას ნიკოლოზ კალაძე, 354-ე მსროლელთა დივიზიას ვლადიმერ ჯანჯღავა, 234-ე ავიაგამანადგურებელ დივიზიას ესტატე ტატანაშვილი, 286-ე ავიაგამანადგურებელ დივიზიას ვასილი სტალინი, 91-ე მსროლელი კორპუსის სარდლის მოადგილე იყო ილია რაზმაძე და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 327.