ბალტიის ფლოტი
ბალტიის ფლოტი — უმაღლესი ოპერატიული გაერთიანება, საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენილი ნაწილი. შექმნა პეტრე I-მა ჩრდილოეთის ომის დროს. პირველი საბრძოლო ხომალდები ააგეს 1702-1703 წლებში ლადოგის ტბაზე და სვირზე. 1702 წელს ბალტიის ფლოტის ნიჩბიანი ფლოტილია მონაწილეობდა ნოტერბურგის აღებაში. 1704 წელს პეტერბურგში დაიწყო საადმირალოს გემსაშენის აგება. 1724 წელს ბალტიის ფლოტში იყო 141 საბრძოლო იალქნიანი ხომალდი და რამდენიმე ასეული ნიჩბიანი გემი. ჩრდილოეთის ომის დროს ბალტიის ფლოტმა განგუტთან (1714), ეზელთან (1719) და გრენგამთან (1720) დაამარცხა შვედეთის ფლოტი. ამ ომში გამარჯვების შედეგად რუსეთი ძლიერ საზღვაო სახელმწიფოდ გადაიქცა. შვიდწლიანი ომის (1756-1763) დროს ბალტიის ფლოტის ესკადრა მხარს უჭერდა არმიის ოპერაციებს [[პომერიანის ოპერაცია|პომერიანში, აგრეთვე მემელისა (1757) და კოლბერგის (1761) აღებაში, მოახდინა ზუნდის სრუტის ბლოკადა, რათა არ შეეშვა ბალტიის ზღვაში ინგლისის ფლოტი. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს ბალტიის ფლოტის ესკადრებმა ბევრჯერ ილაშქრეს ხმელთაშუა ზღვაზე, გაანადგურეს ოსმალეთის ფლოტი ჩესმის (1770), დარდანელის (1807), ათონისა (1807) და ნავარინოს (1827) წლის ბრძოლებში. ყირიმის ომის (1853-1856) დროისათვის ეკონომიკურმა სისუსტემ და ხშირმა ომებმა რუსეთს ხელი შეუშალა შეექმნა ორთქმავალი ფლოტი. ომის დაწყებისათვის ბალტიის ფლოტში მხოლოდ 11 ორთქლმავალი ფრეგატი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი გმირულად იცავდა ბალტიის ზღვის სანაპიროს. 1861 წლიდან ბალტიის ფლოტში ორთქლის ჯავშნოსანი ხომალდების აგება დაიწყო. 60-იან წლებში მოხდა ბალტიის ფლოტის რეორგანიზაცია. ბალტიის ფლოტის აქტიურად მონაწილეობდნენ 1905-1907 წლების რევოლუციაში, რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დროს ბალტიის ფლოტის ბაზაზე შეიქმნა წყნარი ოკეანის II და III ესკადრები, რომლებმაც მოახდინეს ისტორიაში უმაგალითო გადასვლა ბალტიის ზღვიდან იაპონიის ზღვაში, მაგრამ განადგურებულ იქნენ ცუსიმის ბრძოლაში. 1909 წლიდან დაიწყო ბალტიის ფლოტის აღდგენა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისათვის იგი ითვლიდა 4 სახაზო ხომალდს, 10 კრეისერს, 13 საესკადრო ნაღმოსანს, 50 ნაღმოსანს, 13 წყალქვეშა ნავს და სხვა. ომის მსვლელობაში ბალტიის ფლოტი კიდევ უფრო გაიზარდა.
1915 წელს კრონშტადტში შეიქმნა ბალტიის ფლოტის ბოლშევიკური ორგანიზაციის ცენტრი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს ბალტიელები აჯანყებულებს მიემხრნენ. 1917 წლის ივლისში 1ფლოტში 12 ათასზე მეტი ბოლშევიკი იყო. 30 აპრილს შეიქმნა ბალტიის ფლოტის ცკ — ცენტრობალტი. სექტემბერ-ოქტომბერში ბალტიის ფლოტმა გმირულად დაიცვა პეტროგრადი გერმანელთა შემოტევებისაგან (მოონზუნდის ოპერაცია). ბალტიის ფლოტის მეზღვაურები აქტიურად მონაწილეობდნენ ოქტომბრის რევოლუციასა და სამოქალაქო ომში. 1918 წლის თებერვალ-მაისში ბალტიის ფლოტის მთავარმა ძალებმა მოახდინეს გმირული გადასვლა რეველიდან ჯერ ჰელსინგფორსში, შემდეგ კრონშტადტში, რათა გერმანელთა მიტაცებისაგან გადაერჩინათ ფლოტის ხომალდები. 1919 წელს ბალტიის ფლოტი ინგლისის ინტერვენტებს ებრძოდა.
1920 წელს შრომისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო დადგენილება ბალტიის ფლოტის გაძლიერების შესახებ და 700-ზე მეტი კომუნისტი მეზღვაური დაუბრუნდა მას. 1928 წელს ფლოტი წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა. 30-იან წლებში მის ბაზაზე შეიქმნა წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთის ფლოტები. 1939-1940 წლებში სსრკ-ფინეთის ომის დროს ბალტიის ფლოტი აქტიურად ეხმარებოდა საბჭოთა ჯარებს.
დიდი სამამულო ომის (1941-1945) დასაწყისისათვის ბალტიის ფლოტში ირიცხებოდა 2 სახაზო ხომალდი, 2 კრეისერი, საესკადრო ნაღმოსნების 2 ლიდერი, 19 საესკადრო ნაღმოსანი, 65 წყალქვეშა ნავი, 656 თვითმფრინავი და სხვა. 1941 წელს ბალტიის ფლოტის სახმელეთო ჯარებთან ურთიერთმოქმედებაში იცავდა ტალინს, ხანკოს, მოონზუნდი კუნძულებს. 1941-1943 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ლენინგრადის გმირულ დაცვაში, 1944-1945 წლებში კი ანადგურებდა ჰიტლერერებს ლენინგრადთან, ბალტიისპირეთში, აღმოსავლეთ პრუსიაში, აღმოსავლეთ პომერანიაში. ომის მსვლელობაში მან გაანადგურა მტრის 581 საბრძოლო და დამხმარე ხომალდი, 624 სატრანსპორტო გემი. 37 ბალტიელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1954 წლის 17 მაისს კრონშტადტის სამხედრო-საზღვაო ციხე-სიმაგრე დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით; 1965 წლის 7 მაისს ბალტიის ფლოტმა წითელი დროში მეორე ორდენი მიიღო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 179-180.