აყიდა
'აყიდა (არაბ. عقيدة; მრწამსი) — შეხედულებებისა და რწმენების კრებული, რომელიც გააჩნიათ ისლამის მიმდევრებს. ყოველი მუსლიმი ვალდებულია შეურყევლად სწამდეს 'აყიდის ექვსი ძირითადი პრინციპისა – ღვთის, ანგელოზების, წერილების, მაცნეების, უკანასკნელი დღისა და კარგისა თუ ცუდის ბედისწერისა. თუმცა სხვადასხვა 'აყიდის სკოლებს შორის არსებობს განსხვავებული შეხედულებები ამ პრინციპთა თვისებებზე, ყველა მათგანი თანხმდება ამ პრინციპებზე, როგორც 'აყიდის საფუძველზე.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა 'აყიდა წარმოდგება არაბული სამთანხმოვნიანი ფუძისგან '–ყ–დ, (არაბ. عقد) რომელიც შეიძლება აღნიშნავდეს როგორც განასკვას, ასევე დარწმუნებით გადაწყვეტას.
ჰადისი ჯიბრაილზე
რედაქტირებაჰადისი, რომელიც ნახსენებია ჰადისების ორ ყველაზე ავთენტურ კოლექციაში, საჰიჰ ალ–ბუხარისა[1] და საჰიჰ მუსლიმში,[2] მოგვითხრობს ჯიბრაილის სტუმრობაზე მუჰამმადსა ﷺ და მის საჰაბებთან. ამავე გადმოცემით, მან დაუსვა კითხვა მუჰამმადს ﷺ – რა არის რწმენა?
პასუხი იყო შემდეგი: – რწმენა არის ღმერთის, ანგელოზების, ღმერთის წინაშე წარდგომის, მისი მაცნეებისა და აღდგომის დღის რწმენა.
შემდეგი კითხვა იყო – რა არის ისლამი?
– ისლამი არის მიმართო ღვთისმსახურება და თაყვანისცემა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ღმერთის მიმართ, შეასრულო ლოცვა, გაიღო მოწყალება და იმარხულო რამადანის თვეში.
ჰადისი კიდევ რამდენიმე კითხვა–პასუხს მოიცავს, ხოლო მის დასასრულს მუჰამმადი ﷺ ეუბნება საჰაბებს – იცით ვინ იყო ეს? ეს იყო ჯიბრაილი, რომელიც მოვიდა, რომ შეგასწავლოთ თქვენი რელიგია.
რწმენის ექვსი ბურჯი
რედაქტირებაყოველი მუსლიმი მორწმუნე ვალდებულია ირწმუნოს ისლამის რწმენის ექვსი ბურჯი (არაბ. أركان الإيمان الستة; არქან ალ–ისლამ ას–სითთა), ისინი შემდეგია
- ღმერთის რწმენა (არაბ. الإيمان بالله; ალ–იმან ბი ლ–ლაჰ) – დარწმუნება ღმერთის ერთობაში, მის უპირობო უზენაესობასა და უმაღლეს სუვერენობაში, ასევე იმაში რომ ყოველგვარი ღვთისმსახურებისა და თაყვანისცემის ობიექტი მხოლოდ იგია, ასევე ყოველგვარი მსაჯულობა და კანონმდებლობის უფლებაც მხოლოდ მას ეკუთვნის.
- ანგელოზების რწმენა (არაბ. الإيمان بالملائكة; ალ–იმან ბი ლ–მალა'იქა) – დარწმუნება ღმერთის მსახური ანგელოზების არსებობაში, რომელიც არიან მისი ნების უსიტყვო მორჩილნი და რომელთა სხეულებიც ადამიანის თვალისთვის უხილავია, თუ ისინი არ იღებენ განსაკუთრებულ ფორმას რაიმე მიზნით.
- წერილების რწმენა (არაბ. الإيمان بالكتب السماوية; ალ–იმან ბი ლ–ქუთუბ ას–სამავია) დარწმუნება ღმერთის მიერ ადამიანებისთვის გამოგზავნილი წიგნების არსებობაში. ისლამის მიხედვით, ეს წიგნებია
- იბრაჰიმისა და მუსას ფურცლები (არაბ. صحف إبراهيم وموسى; სუჰუფ იბრაჰიმ ვა მუსა), რომელიც პირველია ღმერთის მიერ გარდმოვლენილი წერილებიდან.[3]
- ათ–თავრათი (არაბ. التوراة) ისლამის მიხედვით, ეს წიგნი გარდმოევლინა მუსას (მისი ფურცლების გარდა) და მისი ნაწილი შემორჩენილია დღევანდელ თორაში.
- აზ–ზაბური (არაბ. الزبور) ისლამის მიხედვით, ეს წიგნი გარდმოევლინა დავუდს. მისი ნაწილი დღევანდელ ფსალმუნებშია შემორჩენილი.
- ალ–ინჯილი (არაბ. الإنجيل) ისლამის მიხედვით, ეს იყო 'ისას წიგნი.
- ალ–ყურანი (არაბ. القران) ეს წიგნი, როგორც გზავნილის დასრულება, გამოეგზავნა მუჰამმადს ﷺ. 'აყიდის ამ პრინციპის ნაწილია ასევე ყურანის ღვთაებრივი დაცულობის რწმენა თაჰრიფისგან, ანუ შეცვლის, ამოკლებისა და დამატებისგან.
- მაცნეების რწმენა (არაბ. الإيمان بالرسل; ალ–იმან ბი რ–რუსულ) დარწმუნება ღმერთის მიერ გამოგზავნილ მაცნეებსა და წინასწარმეტყველებში, რომლებსაც ღმერთი უგზავნიდა სხვადასხვა ერებსა და ხალხებს.[4] მათი რიცხვი დაზუსტებული არ არის.
- უკანასკნელი დღის რწმენა (არაბ. الإيمان باليوم الآخر; ალ–იმან ბი ლ–იაუმი ლ–ახირ) დარწმუნება უკანასკნელი, სამსჯავროს დღის დადგომაში, ისლამის მიხედვით, ამ დღეს დადგება სამყაროს აღსასრული და ღმერთი მკვდრეთით აღადგენს ადამიანებს მარადიული ცხოვრებისთვის ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში.
- კარგისა თუ ცუდის ბედისწერის რწმენა (არაბ. الإيمان بالقدر خيره وشره; ალ–იმან ბი ლ–ყადრი ხაირიჰი ვა შარრიჰი) დარწმუნება ბედისწერის არსებობაში. ისლამის მიხედვით, ღმერთმა განაჩინა ყოველი მოსახდენი სამყაროში, თავიდანვე უწყოდა ისინი და დაუქვემდებარა ისინი თავის სიბრძნეს. ღვთიური ბედისწერა ვლინდება ოთხგვარად – ცოდნა, წინასწარგანჩინება, დაშვება და ქმნა.
ისლამის ხუთი ბურჯი
რედაქტირება- რწმენის დამოწმება (არაბ. الشهادة; აშ–შაჰადა ან არაბ. الشهادتان; აშ–შაჰადათაინ, ორი დამოწმება) ზემოთ ჩამოთვლილი რწმენების დამოწმება ორი ფრაზის წარმოთქმით – ვამოწმებ რომ არ არის ღვთაება თაყვანისცემის ღირსი გარდა ერთი ღმერთისა (არაბ. أشهد أن لا إله إلا الله; აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ლ–ლაჰ) და ვამოწმებ რომ მუჰამმადი არის მისი მაცნე (არაბ. أشهد أن محمد رسول الله; აშჰადუ ანნა მუჰამმადუნ რასულუ ლ–ლაჰი). მეორე ფრაზის ვარიაციაა ასევე ვამოწმებ, რომ მუჰამმადია მისი (ღმერთის) მსახური და მაცნე (არაბ. أشهد أن محمدا عبده و رسوله; აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასულუჰუ). შიიტები ასევე ამატებენ ფრაზას ვამოწმებ, რომ 'ალი არის ღმერთის მოადგილე (არაბ. أشهد أن علي والي الله აშჰადუ ანნა 'ალიიუნ ვალიუ ლ–ლაჰი).
- ლოცვა (არაბ. الصلاة; ას–სალათ) ხუთჯერადი სავალდებულო ლოცვებისა და ნებაყოფლობითი ლოცვების შესრულება მათი სარიტუალო წესების დაცვით.
- მოწყალება (არაბ. الزكاة; აზ–ზაქათ) მოწყალების გაცემა სავალდებულოა გარკვეული ქონების მფლობელთათვის. ვისაც უფრო მწირი ნივთიერი შესაძლებლობები აქვს, მათთვის იგი ნებაყოფლობითია.
- მარხვა (არაბ. صوم; საუმ ან არაბ. الصيام; ას–სიიამ, მარხვები) სავალდებულოა მარხვა, ანუ საჭმელ–სასმელისა და ამქვეყნიური სიამეებისგან თავის შეკავება განთიადიდან მზის ჩასვლამდე რამადანის თვეში. ნებაყოფლობითი მარხვები არის ორშაბათსა და ხუთშაბათს, ასევე მთვარის კალენდრის თვეების 13, 14 და 15 რიცხვში.
- მომლოცველობა (არაბ. الحج; ალ–ჰაჯჯ) მექის საკრძალველი მეჩეთის მოლოცვა. ჰაჯჯი მთვარის წლის ბოლო თვის, ზუ ლ–ჰიჯჯას პირველი ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და სრულდება მსხვერპლშეწირვის დღესასწაულით ('იდ ალ–ადჰა, ყურბან ბაირამი). სხვა დროს შესრულებულ მოლოცვას 'უმრა (არაბ. عمرة), ანუ მცირე ჰაჯჯი ეწოდება.