ანაერობული ორგანიზმები

ანაერობული ორგანიზმები, ანაერობები (< ა..., ბერძ. ἀήρ — „ჰაერი“ და βίος — „სიცოცხლე“) — ორგანიზმები, რომლებსაც სიცოცხლე და განვითარება შეუძლიათ გარემოში თავისუფალი ჟანგბადის () არარსებობის პირობებში. ტერმინი „ანაერობები“ შემოიღო ლუი პასტერმა, რომელმაც 1861 წელს აღმოაჩინა რძემჟავური დუღილის ბაქტერიები. ანაერობული ორგანიზმები ზრდისა და განვითარებისათვის ენერგიას იღებენ ორგანული ნივთიერებების (ძირითადად ნახშირწყლების) გახლეჩის პროცესში, რითაც იწვევენ მათ დუღილს, რა დროსაც წარმოიქმნება აღდგენილი ნაერთები — სპირტები და ორგანული მჟავები; ან როგორც საბოლოო აქცეპტორები იყენებენ არაორგანული ნაერთების — ნიტრატების, გოგირდის ნაერთების, ნახშირორჟანგის — ელექტრონებს, რითაც აღადგენენ მათ შესაბამისად მოლეკულურ აზოტამდე, გოგირდწყალბადამდე და მეთანამდე.[1]

ჟანგბადის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით განარჩევენ ობლიგატურ (მკაცრ) და ფაკულტატურ (პირობით) ანაერობულ ორგანიზმებს. ობლიგატური ანაერობული ორგანიზმები ვითარდებიან მხოლოდ უჟანგბადო გარემოში (ზოგიერთი მათგანი იღუპება მის საცხოვრებელ გარემოში ჟანგბადის უმნიშვნელო ოდენობით მოხვედრისასაც კი). ცხოვრობენ ისეთ პირობებში, სადაც გამორიცხულია ჟანგბადის მოხვედრა (ნიადაგის ქვედა ფენები, წყალსატევთა ფსკერი, ჭრილობის ღრმა მონაკვეთები და ა.შ.). მათ რიცხვს მიეკუთვნებიან მხოლოდ პროკარიოტები: რიგი პათოგენური ბაქტერიები (მ.შ. კლოსტრიდიუმების წარმომადგენლები), ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში მცხოვრები ბიფიდობაქტერიები, ერბომჟავას ბაქტერიები, მეთანოგენები. ფაკულტატურ ანაერობულ ორგანიზმებს განვითარება შეუძლიათ როგორც ჟანგბადის სრულად არარსებობის, ისე მისი არსებობის პირობებში. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ზოგიერთი მათგანი (მაგ., რძემჟავას ბაქტერიები), რომელიც ენერგიას დუღილის შედეგად იღებს, არ არის მგრძნობიარე ჟანგბადის მიმართ; სხვებში (მაგ., საფუარები და ენტერობაქტერიები) კი წყალბადის თავისუფალ ჟანგბადზე გადატანის შემძლე ფერმენტების წყალობით მეტაბოლიზმი შესაძლებელია გადაერთოს დუღილიდან სუნთქვაზე. ფაკულტატურ ანაერობულ ორგანიზმებს მიეკუთვნებიან აგრეთვე დენიტრიფიცირებადი ბაქტერიები, ჩირქმბადი კოკები, მუცლის ტიფის ჩხირები, ციმბირის წყლულის გამომწვევები, წყალსატევთა ფსკერის ბინადრები (წამწამებიანი ინფუზორიები, მცირეჯაგრიანი ჭიები, მოლუსკები და სხვ.) და ადამიანისა და ცხოველთა ნაწლავის პარაზიტები (ზოგიერთი უმარტივესი, მრგვალი და ბრტყელი ჭიები).[1]

ტექნიკურ მიკრობიოლოგიაში ანაერობებს იყენებენ სპირტის, ორგანული მჟავების წარმოებაში, დამდგარი წყლების გასაწმენდად. ზოგიერთი ანაერობული ორგანიზმი იწვევს მწვავე ინფექციას (ტეტანუსი, აიროვანი განგრენა). თერმოფილურ ანაერობებს, რომლებიც ნაპოვნია ჰიდროთერმებში, მ.შ. ღრმაწყლოვანებში, თვლიან დედამიწის უძველეს მაცხოვრებლებად. ანაერობები ბიოსფეროში აღდგენილი ნაერთების ძირითადი მიმწოდებლები არიან, შეაქვთ რა მნიშვნელოვანი წვლილი ბუნებაში ნივთიერებების წრებრუნვაში. მრავალუჯრედიანი ევკარიოტების უმრავლესობის ქსოვილებში ადგილი აქვს ნახშირწყლების ანაერობულ გარდაქმნას, ძირითადად გლიკოლიზის გზით; ეს პროცესები ყველაზე მეტად გამოხატულია სწრაფად მზარდ ემბრიონულ და სიმსივნურ უჯრედებში.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Анаэробные организм // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 677.