ანაერობიოზი
ანაერობიოზი (< ა..., ბერძ. ἀήρ — „ჰაერი“ და βίος — „სიცოცხლე“), ანოქსიბიოზი (ლათ. oxygenium — „ჟანგბადი“) — ცხოვრება თავისუფალი ჟანგბადის არარსებობის პირობებში. ანაერობული ორგანიზმებისათვის, რომლებიც სასიცოცხლო ენერგიას რთული არაორგანული (მაგ., ნიტრატები და სულფატები) და ორგანული (მაგ., ნახშირწყლები) ნივთიერებების გახლეჩით იღებენ, ანაერობიოზი არსებობის ჩვეულებრივი პირობაა. ცნება „ანაერობიოზი“ 1861 წელს შემოიღო ლუი პასტერმა, რომელმაც აჩვენა, რომ რძემჟავური დუღილის გამომწვევი მიკროორგანიზმები ჟანგბადის მოხვედრისას იღუპებიან. მრავალუჯრედიანი ცხოველებისათვის ანაერობიოზი ხშირად მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა, რომელიც ჟანგბადის არქონის პერიოდში უზრუნველყოფს გადარჩენას, მას თან ახლავს ნივთიერებათა ცვლის მკვეთრი დაცემა და არააქტიურ მდგომარეობაში გადასვლა (იხ. ანაბიოზი). აერობულ ორგანიზმებსაც აქვთ ანაერობული ეტაპი ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, რომლებსაც თან ახლავს ენერგიის გამოყოფა. მრავალუჯრედიანი ცხოველების ქსოვილებში ნახშირწყლების ანაერობული გარდაქმნა მიმდინარეობს ძირითადად გლიკოლიზის გზით. სწრაფად მზარდ ემბრიონულ და სიმსივნურ უჯრედებში ანაერობული პროცესები გამოხატულია უფრო ძლიერად, ვიდრე ჯანმრთელი ორგანიზმის ნორმალურ უჯრედებში. ბუნებაში ანაერობული გარდაქმნის (დუღილი, ლპობა) პროცესებს დიდი მნიშვნელობა აქვს ნივთიერებათა წრებრუნვაში.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Анаэробиоз // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 1 — М., 1969.