ანაბიოზი (ძვ. ბერძნ. ἀνα-βίωσις, ἀνα-βίωσεως) — ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, როდესაც სასიცოცხლო პროცესები, ნივთიერებათა ცვლა და სხვა, დროებით შენელებული ან დაქვეითებულია, მაგრამ ხელსაყრელი პირობებისას კვლავ აღდგება.

ანაბიოზი პირველად ცხოველებში აღმოაჩინა და აღწერა ჰოლანდიელმა მეცნიერმა ა. ლენეჰუკმა, 1701 წელს. ანაბიოზს იწვევს ზოგი საარსებო პირობის გაუარესება. მაგალითად: ორგანიზმის მიერ წყლის დაკარგვა ტემპერატურის შეცვლის გამო. ბევრ ცხოველს — ჰიდრებს, მრგვალ ჭიებს, ხმელეთის მოლუსკებს, ზოგიერთ მწერს, ცხელი ქვეყნების ზოგ ხერხემლიანსაც 50, ზოგჯერ კი 75% წყლის დაკარგვის შემდეგაც კი შეუძლია გამოცოცხლდეს, თუ ხელსაყრელი პირობები შეექმნა. მცირეზომის ცხოველებს, მცენარეულ თესლებსა და სპორებს მაშინაც აქვთ გამოცოცხლების უნარი, როცა ვაკუუმში ან დაბალ ტემპერატურაზე არიან გამომშრალი. ცნობილია, რომ მცენარის გამომშრალი თესლი ორმოცდაათი წლის მანძილზე ინაჩუნებს გაღვივების უნარს.

ანაბიოზად ითვლება ორგანიზმის გაყინვით გამოწვეული მდგომარეობაც. რუსმა მეცნიერმა პ. ბახმეტიევმა დაადგინა, რომ მწერების გამოცოცხლება გაყინვის შემდეგ შესაძლებელია მხოოლოდ არასრული გაყინვისას, როცა ქსოვილური სითხე თხევად მდგომარეობაში რჩება. ანაბიოზი ბუნებრივად ახასიათებს ზოგიერთ ცხოველს. ეს მისი შეგუებაა გარემოს არახელსაყრელ პირობებთან. ზოგადბიოლოგიური თვალსაზღისით ანაბიოზი არის ორგანიზმის ევოლუციის პროცესში გამომუშავებული ფიზიოლოგიური შეგუების ერთ-ერთი უძველესი ფორმა. სასიცოცხლო პროცესების დროებით შეწყვეტა. არსებობის არახელსაყრელ პირობებში მცირე ზომის ცხოველების გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო.

ოსმოსური ანაბიოზი შეიმჩნევა წყლის ცხოველებში. ამ დროს სასიცოცხლო პროცესთა დაქვეითების მიზეზია მარილების კონცენტრაციის გაზრდა. გაყინვით და გამოშრობით მიღებულ ანაბიოზის მოვლენას იიყენებენ მშრალი ცოცხალი ვაქცინების დასამზადებლად. ბაქტერიათა კულტურების, ვირუსებისა და სიმსივნის უჯრედების ხანგრძლივად შესანახად. გადასანერგი ქსოვილებისა და ორგანოების დასაკონსერვებლად. ანაბიოზის მოვლენას გასაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულზე, ფილტვებსა და ტვინზე ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება