ირემასოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Sarcodon imbricatus)

ირემასოკო (ლათ. Sarcodon imbricatus) — სოკოს სახეობა ბანკერასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას,[1] აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

ირემასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი:  თელეფორისებრნი
ოჯახი:  ბანკერასებრნი
გვარი:  სარკოდონი
სახეობა:  ირემასოკო
ლათინური სახელი
Sarcodon imbricatus

საშუალო ხარისხის საჭმელ სოკოდ ითვლება. იხმარება ნორჩობაში, ახალი.[2] იზრდება წიწვოვან ტყეებში ერთეულებად ან ჯგუფებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Hydnum imbricatum.[3] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ფინელმა მიკოლოგმა პიტერ ადოლფ კარსტენმა 1881 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

ნაყოფსხეული — ხორციანი, დიდი ზომის. ქუდის დიამეტრი — 5-10 (20) სმ-მდე, მშრალი და უხეში, ბრტყლად-ამოზნექილი, მოგვიანებით ცენტრში ფართოდჩაზნექილი, ზოგჯერ ძაბრის ფორმის. კიდეები ტალღოვანი, ნორჩობაში აწეული, სიმწიფეში ოდნავ შემოკეცილი, დაფარულია მსხვილი ამობურცული აწეული ქერცლებით, რომლებიც განლაგებულია კონცენტრული წრეებით და კრამიტს მოგვაგონებს; აქედან მოდის სოკოს სახეობის ლათინური სახელწოდება — imbricatus, რაც ნიშნავს „კრამიტისმაგვარს“. ქუდის ფერი — მომურო ან მონაცრისფრო-მურა, ქერცლები მუქი ფერის. ნორჩობაში ზედაპირი ხავერდოვანია, მაგრამ დროთა განმავლობაში ქერცლები ზომაში იზრდება და უხეშდება და იღებს უფრო მუქ შეფერილობას. მოგვიანებით დამწიფებასთან ერთად ქერცლები ნაწილობრივ ცვივა და ქუდი უფრო გლუვი ხდება.

რბილობი — მოთეთრო, მოგვიანებით ჭუჭყისფერ-ნაცრისფერი; ნორჩობაში მკვრივი და წვნიანი, სიმწიფეში — მშრალი და მაგარი. ახასიათებს სპეციფიკური მძაფრი სუნი და მომწარო გემო. სიბერეში სუნი უფრო მძაფრი და არასასიამოვნოა. ხშირად ჭიანდება.

ჰიმენოფორი — ხშირი ნემსისმაგვარი მტვრევადი ეკლების სახით 1-10მმ სიგრძის, დაღმავალი და ადვილად მოშორებადი ფეხიდან. ნორჩობაში ეკლები მოთეთროა, ასაკთან ერთად მუქდება და მურა ფერს იღებს.

ფეხი — მშრალი, სქელი და მკვრივი, არათანაბრად ცილინდრული, როგორც წესი ძირში გაგანიერებული[4] (თითქმის გორგლისმაგვარ ფორმას იღებს); ნორჩობაში მთლიანი, სიმწიფეში ფუყე; სიგრძე — 2-5 (8) სმ, სიგანე — 1-1,5 (3) სმ, ფეხი ექსცენტრულ მდგომარეობაშია ქუდთან. ფეხის ზედაპირი გლუვი და ოდნავ ბოჭკოვანია. ზედა მხარე მონაცრისფროა, ქუდის ფერი, ძირისკენ — მომურო. არსებობს იისფერ ფეხიანი ეგზემპლარები.

სპორების ფხვნილი — მომურო. სპორები — 7-8×5-5,5 მკმ, ელიფსისებური ან თითქმის მომრგვალო, ხორკლიანი, მომურო.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

მიკორიზას ქმნის წიწვოვან ხეებთან. იზრდება მშრალ ნიადაგზე წიწვოვან, იშვიათად შერეულ ტყეებში. უპირატესობას ანიჭებს ქვიშიან ნიადაგს. გვხვდება ერთეულებად ან ჯგუფებად (3-5 ეგზემპლარად). ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.[5]

გავრცელების არეალი მოიცავს აზიას (ჩინეთი, იაპონია,[6] დასავლეთი პაკისტანი და ციმბირი), ჩრდილოეთ ამერიკასა (აშშ და მექსიკა) და ევროპის თითქმის მთელ ტერიტორიას. ირემასოკო შეტანილია პოლონეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[7]

სეზონი — აგვისტოდან ოქტომბრამდე. მასიურად მოდის აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

გამოყენება

რედაქტირება

საშუალო ხარისხის პორობითად საჭმელი სოკოა. ნორჩობაში გამოიყენება ყველანაირი სახით, მათ შორის დამარილებული, დამარინადებული და გახმარი. ახასიათებს მომწარო გემო, რომელიც რამდენიმეწუთიანი ხარშვის შემდეგ ქრება.

მძაფრი სპეციფიკური არომატის წყალობით, მცირე რაოდენობით, სუნელადაც იყენებენ.

გადაბერებული ეგზემპლარები საკვებად არ გამოიყენება, რადგან მაგრდება და მწარდება. გავრცელებული ინფორმაციით ნედლი ირემასოკო შესაძლოა შხამიანი იყოს.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Arora, David (1986). Mushrooms demystified: a comprehensive guide to the fleshy fungi, 2nd, Berkeley: Ten Speed Press, გვ. 620. ISBN 0-89815-169-4. 
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 49, ISBN 99940-856-1-1.
  3. Nilson, Sven; Persson, Olle (1977). Fungi of Northern Europe 1: Larger Fungi (Excluding Gill-Fungi). Penguin. p. 76. ISBN 0-14-063005-8.
  4. Henryk Orłoś: Atlas grzybów leśnych. Warszawa: PWRiL, 1974.
  5. Haas, Hans (1969). The Young Specialist looks at Fungi. Burke. p. 170. ISBN 0-222-79409-7.
  6. Sarcodon imbricatus. Discover Life. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2022.
  7. Zbigniew Mirek: Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006. ISBN 83-89648-38-5.
  8. საიტზე «Грибы Ленинградской области"