სპორტული უნივერსალი (ავტომობილი)

(გადამისამართდა გვერდიდან SUV)

სპორტული უნივერსალი, SUV (ეს-იუ-ვი; შემოკლება ინგლ. sport-utility (vehicle)სპორტული და მრავალმხრივი გამოყენების) — ავტომობილების სახეობა უნივერსალისა და ყველგანმავლის თვისებებით, მაღალი საგზაო ღრეჩოთი და აღჭურვილი ოთხი წამყვანი თვლით. SUV-ების უმეტესობა აგებულია მსუბუქი სატვირთოს შასიზე და მიუხედავად იმისა, რომ განკუთვნილია მძიმე პირობებში სამუშაოდ, დიდი მოცულობის ტვირთის საზიდად, უსწორმასწორო ზედაპირზე გადასაადგილებლად, სპორტული ნადირობისთვის, თევზაობისა და ლაშქრობისთვის, აგრეთვე მეტად პოპულარულია საოჯახო მანქანად და მისით არანაკლებ ხშირად სარგებლობენ ქალაქის ქუჩებსა და გზატკეცილებზე სამოძრაოდ.[1][2] ბოლო წლებში, ზოგიერთ ქვეყანაში, ტერმინმა SUV ჩაანაცვლა ყოფით მეტყველებაში ფართოდ გავრცელებული ტერმინები „ჯიპი“ და „ლენდ-როვერი“, როგორც ოთხი წამყვანი თვლის მქონე მსუბუქი მანქანების საერთო დასახელებამ.[3]

მაღალი კლასის, ცნობილი სპორტული უნივერსალები
ტოიოტა ლენდ-კრუიზერ-პრადო
BMW X5

SUV-ების უმეტესობას გააჩნია ვერტიკალურად აგებული ძარა და მაღალჭერიანი სალონი. ასევე შედარებით მაღლა აქვს დასაჯდომი ადგილები და შესაბამისად სიმძიმის ცენტრიც. ჩვეულებრივ, SUV არის სრული ამძრავის მქონე და აქვს ყველგანმავლის თვისებები. ზოგიერთ მათგანს გააჩნია მისაბმელის გადაადგილების შესაძლებლობები პიკაპის მსგავსად და მგზავრების გადასაყვანი დამატებითი სივრცე, როგორც მინივენს ან დიდ სედანს. ტრადიციულ, სატვირთოს ტიპის SUV-ებს, თანდათან უფრო და უფრო მეტად აძევებს ბაზრიდან[4] გაერთიანებული ძარასა და კროსოვერის ტიპის, მეტად მსუბუქი წონისა და საწვავის მცირეხარჯიანი სისტემის მქონე ვარიანტები. ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში, SUV-ები არ არის კლასიფიცირებული როგორც მანქანები, არამედ როგორც მსუბუქი სატვირთოები.[5]

2015 წლიდან მსოფლიოში SUV ავტოწარმოების ყველაზე მსხვილ სეგმენტს წარმოადგენს, რომელიც უკვე მგზავრთა გადაყვანის გლობალური ბაზრის 36.8%-ს მოიცავდა 2017 წლის I-III კვარტალის მონაცემებით.[6][7] მსოფლიო მასშტაბით, SUV-ის გაყიდვები გაიზარდა 5 მილიონი ერთეულიდან 20 მილიონამდე, 2000-2015 წლებში და წინასწარი პროგნოზით 2031 წლისთვის მიაღწევს 42 მილიონამდე.[6] 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში SUV უკვე საკმაო პოპულარობას იხვეჭდა, თუმცა მისი გაყიდვები დროებით შემცირდა ნავთობის მაღალი ფასისა და ეკონომიკური კრიზისების გამო, მაგრამ 2010 წლისთვის, SUV-ის გაყიდვების ზრდა კვლავ გაგრძელდა, საწვავის მერყევი ფასების მიუხედავად. თანამედროვე ბაზარზე მეტად გავრცელებულია 4/5-კარიანი მოდელები, ისტორიულად პოპულარული 2-კარიან ყველგანმავლებთან შედარებით.[8][9]

სახელწოდების განმარტებები

რედაქტირება

საყოველთაოდ მიღებული ერთიანი განმარტება SUV-ისთვის არ არსებობს.[10] ლექსიკონები, საავტომობილო ექსპერტები და ჟურნალისტები სხვადასხვა სიტყვებსა თუ განსაზღვრებებს იყენებენ მის აღსანიშნავად. ასევე არის განსხვავებები, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით, მასმედიის თუ მოსახლეობის მიერ ამ ტერმინის აღქმაში. თავად ავტოწარმოებაშიც არ შეთანხმებულან SUV-ს საერთო მახასიათებლებზე.[10]

ლექსიკონებში ძირითადად იკვეთება SUV-ის სამი სხვადასხვა სახის განმარტება: „ავტოსატრანსპორტო საშუალება ფურგონიანი უნივერსალის მსგავსი, მაგრამ აგებული მსუბუქი სატვირთოს შასიზე“;[11] „დიდი მანქანა, რომელიც განკუთვნილია უსწორმასწორო ზედაპირზე მოძრაობისთვის, მაგრამ ხშირად გამოიყენება ქალაქის გზებზე ან გზატკეცილებზე“;[12] სრული ამძრავის (4x4) მქონე, მძლავრი ავტომობილი განკუთვნილი უგზოობისთვის“.[2]

ბოლო წლებში, უმთავრესად აშშ-ში, ტერმინმა SUV-მ ნელ-ნელა ჩაანაცვლა ფართოდ გავრცელებული ტერმინი „ჯიპი“, როგორც ამ ტიპის ავტომობილების ზოგადი დასახელება,[13] მეორე მსოფლიო ომის დროიდან მომდინარე ჟარგონი, რომელსაც თავდაპირველად უწოდებდნენ მსუბუქი საერთო დანიშნულების მქონე სამხედრო სატვირთო მანქანებს.[3][14]

ევროპაში, ვინაიდან SUV შედარებით ახალი ტერმინია, იგი იქცა უფრო მეტად ქალაქისთვის განკუთვნილი, თანამედროვე, კომფორტული მოდელების აღმნიშვნელად, ხოლო „ჯიპი“, „ლენდ-როვერი“ ან „4x4“ დარჩა უგზოობისთვის განკუთვნილი ავტომობილების დასახელებად.[15] მიუხედავად იმისა, რომ SUV-ებს გააჩნია ყველგანმავლის შესაძლებლობებიც, ხშირად ისინი მაინც მეორეხარისოვანი მნიშვნელობისაა და მართალია, ავტომობილების მწარმოებლები, დაჟინებით აღნიშნავენ SUV-ების უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილების უნარებს თავიანთ რეკლამებსა თუ მოდელების სახელწოდებებში, ამ სახის მანქანები, მაინც უმეტესად საფარიან გზებზე გამოიყენება.

ტერმინის შესახებ

რედაქტირება

აღსანიშნავია, რომ სახელწოდებაში სიტყვა „სპორტული“ სულაც არ გულისხმობს, რომ თავად მანქანაა აუცილებლად სპორტული სახეობის, არამედ იგი აღნიშნავს, რომ მოცემული ავტომობილი გამოსადეგია სხვადასხვა სპორტული აქტივობისთვის, როგორიცაა თევზაობა, ნადირობა, ქალაქგარეთ ლაშქრობა და აქედან გამომდინარე განკუთვნილია უგზოობის პირობებში გადასაადგილებლად. ამასთან, მას გააჩნია დიდი ოდენობით ტვირთის გადაზიდვისა და ხალხის გადაყვანის შესაძლებლობები, რაც მეტად პრაქტიკულს ხდის მრავალი დანიშნულებით გამოყენებისთვის, მათ შორის საოჯახო მიზნებისთვის, პიკნიკებისთვის, ბანაკებისთვის და ა. შ. თავდაპირველად გამოშვებული ამგვარი ფურგონიანი მანქანების რეკლამებში, სწორედ ეს ორმაგი შინაარსი იდო, რაც დასახელებაშიც იყო ასახული დახრილი ხაზის მეშვეობით — Sport/Utility (Vehicle). თუმცა, დროთა განმავლობაში ტერმინმა გამარტივების გზით სახე იცვალა, დახრილი ხაზი ჩამოცილდა და დარჩა როგორც Sport Utility (Vehicle), მაგრამ რეალური მნიშვნელობა კვლავაც შენარჩუნებულია.[16][17][18][19]

ომისწინა და ომის დროინდელი მოდელები

რედაქტირება
1940 წლის Humber Heavy Utility — ადრეული სახის SUV
1942 წლის დოჯი WC53 — სრულამძრავიანი, მსუბუქი სატვირთოს ტიპის, დახურული ძარათი
1945 წლის სამოქალაქო „ვილისის“ ჯიპი CJ — ქარხნული ვარიანტი ღია ძარათი და კარების გარეშე
1948 წლის ლენდ-როვერის პირველი სერია — ლითონის გადახურვისა და კარების ზედა ნაწილის ქარხნული დამატებით
„პირველი ნამდვილი SUV“ — „ვილისის“ ფურგონიანი ჯიპი, 1949 წლიდან ოთხთვლიანი სრული ამძრავით
1953 წლის პირველი თაობის სკაუტი
ჯიპი Wagoneer ოთხი კარით
ჯიპი Cherokee — თანამედროვე სახის პირველი SUV, ერთიანი ძარათი და შასით

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, მთელ მსოფლიოში ნელ-ნელა დაიწყო გამოჩენა მოდელებისა და მცირე რაოდენობით წარმოებული მანქანების, რომლებიც წარმოადგენდა ყველგანმავლის შესაძლებლობის მქონე, სრულამძრავიან შასებზე დაფუძნებულ სედანის ან ფურგონის ტიპის ძარებს, როგორებიცაა 1936 წლის Kurogane Type 95 (იაპონია), 1938 წლის საბჭოთა წარმოების GAZ-61 და 1941 წლის გერმანული VW type 87 Kommandeurwagen (ე.წ. „ხოჭო“ ნაცისტი ოფიცრებისთვის). თუმცა, ყველაზე მიახლოებული ვარიანტი ადრეული სახის SUV-ის, ალბათ მაინც იყო 1940 წლის Humber Heavy Utility. მეტად შემაფერხებელი ფაქტორი SUV-ის მაგვარი მანქანების ბაზარზე ფართო გავრცელების, იყო მისი ღირებულება და ცალკეული ნაწილების ხელმისაწვდომობა. ომამდე ავტომანქანის აღჭურვა ოთხი წამყვანი თვლით, თითქმის ორჯერ ძვირი ჯდებოდა,[20] ვიდრე ჩვეულებრივი, უკანა წამყვანი თვლებით, ვინაიდან სრულამძრავიანი მანქანა საჭიროებდა დამატებით კომპონენტებს, მათ შორის გადაცემათა კოლოფს, კიდევ ერთ დიფერენციალს და თანაბარი კუთხური სიჩქარეების სახსრებს წინა ღერძისთვის — თითოეული მათგანი კი მეტად ძვირადღირებული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ნაწილები მოითხოვდა წარმოების მაღალ სიზუსტეს. ამერიკაში კი ომამდე, ამგვარ დეტალებზე მხოლოდ რამდენიმე მცირე მოცულობის საწარმო იყო სპეციალიზებული, მაგრამ ომის საჭიროებებიდან გამომდინარე, 1942 წლის გაზაფხულიდან ფირმებმა, როგორებიცაა „ფორდი“, „დოჯი“ და „შევროლე“, გააერთიანეს ძალები მსგავსი ნაწილების მასობრივი წარმოებისთვის, შედეგად კი მათი გამოშვება 100%-ზე მეტით გაიზარდა.[21]

ადრეული სახის SUV-ის მსგავსი ავტომობილები წარმოადგენდა მსუბუქი გადამზიდი მიკროავტობუსისა და მსუბუქი სამხედრო/უნივერსალების შთამომავლებს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჯიპის,[22] და აგრეთვე 4x4 „დოჯის“ WC-სერიის ½-ტონიანი და ¾-ტონიანი სატვირთოსი. ჯიპისგან განსხვავებით, უფრო დიდი ზომის ოთხი წამყვანი თვალის მქონე დოჯი არ ყოფილა გამოშვებული მხოლოდ ღია ძარათი სადაზვერვო საბრძოლო მანქანებად, 1942–1943 წლებში ამერიკული არმიისთვის ასევე იწარმოებოდა 8,400 დახურულძარიანი ¾-ტონიანი 4x4 ფურგონიც.[23] ომის შემდგომ „დოჯის“ ამ სახის მოდელების განვითარებას წარმოადგენდა სრულამძრავიანი Power Wagon, რომელიც ასევე ფურგონის ძარათი იყო.

ომის შემდგომი ადრეული სახის სამოქალაქო მანქანები: ღერძებს შორის მოკლე დაშორებით

რედაქტირება

ომის დასრულების შემდეგ, პირველი სამოქალაქო წარმოების ოთხთვლიანი სრულამძრავიანი ავტომანქანები, რომლებიც ბაზარზე გამოვიდა გასაყიდად იყო პირდაპირი გადამუშავებული ვარიანტი უსწორმასწორო გზებისთვის განკუთვნილი, მრავალდანიშნულებიანი ჯიპის — ოთხკუთხა ფორმებით და ღერძებს შორის მოკლე მანძილით, რომელთა უპირატესობად მიიჩნეოდა სწრაფი და მოხერხებული გადაადგილება უგზოობის პირობებში: 1945 წლის სამოქალაქო Willys Jeep CJ, სამხედრო Willys MB Jeep-ის გადაკეთებული ვერსია და 1948 წლის „ლენდ-როვერი“,[24] აგრეთვე ჯიპები, რომლებიც სხვა ქვეყნებში იწარმოებოდა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ტიპის Jeep CJ-ის თავდაპირველი მოდელები იყო ღია ძარათი და არც კარები არ მოყვებოდა ქარხნულად. არჩევითი სახითაც კი არ იყო ხელმისაწვდომი კარების ან მყარის გადახურვის ქარხნულად დამატება 1976 წლამდე, სანამ მოდელი CJ-7 არ გამოვიდა.

ლენდ-როვერი, თავდაპირველად შემოთავაზებული იყო საგანგებოდ აგებული მოკლე ფურგონის ძარათი 1949 წელს, მაგრამ მეტად ძვირი ფასის გამო გაიყიდა 700-ზე ნაკლები ერთეული. უფრო ხელმისაწვდომი დახურული ლითონის ძარათი არ გამოშვებულა 1956 წლამდე, სანამ ღერძებს შორის 2.72 მეტრი სიგრძის დაშორების 4-კარიანი ვერსიების წარმოება არ დაიწყო.

„ინტერნეიშენალ ჰარვესტერის“ (ინგლ. International Harvester) 1960 წლიანი Scout 80 და „ფორდის“ 1966 წლის Bronco-ს პირველი თაობის გამოშვებებიც იყო 4 მეტრამდე სიგრძის, ორკარიანი და უგზოობისთვის განკუთვნილი მანქანები. მიუხედავად იმისა, რომ უფრო დახვეწილი დიზაინის ძარა გააჩნდა, უკანა სავარძელი სკაუტში არ იყო ხელმისაწვდომი 1965 წლამდე და თავდაპირველად ორივე ბრენდში დამატებითი აღჭურვილობის სახით იყო წარმოდგენილი.

მანქანები ღერძებს შორის გაზრდილი დაშორებით

რედაქტირება

ღერძებს შორის შედარებით გრძელი მანძილის მქონე, სამოქალაქო, ფურგონის სახის SUV-ების (ამ ტერმინის იმდროინდელი გაგებით) ადრეულ მაგალითებად მიიჩნევა სატვირთოს ჩარჩოს მქონე ვაგონისა და ეტლის ფორმის მანქანები, რომელთაც დაემატა ამძრავი ოთხი წამყვანი თვლით — პირველ რიგში კი ასეთი იყო 1946 წლის „ვილისის“ ჯიპი, ფურგონის ტიპის უნივერსალი — Willys Jeep Station Wagon, რომელიც გამოვიდა ერთი წლით ადრე, მისი ბიძაშვილის, 1947 წლის სატვირთო ჯიპის — Willys Jeep Truck-ის გამოშვებამდე. მიუხედავად იმისა, რომ „ვილისი“ ყიდდა როგორც „ჯიპს“, 1949 წლამდე არ იყო შემოთავაზებული ოთხი წამყვანი თვლით. GMC-ის (ჯენერალ მოტორსის შვილობილი) და Chevrolet Suburban Carryall-ის მოდელები 1935 წლიდან, 1953 წლის International Harvester Travelall და 1954 წლის Dodge (Power) Town Wagon, ყველა დიდი ფურგონის ტიპის ძარის მქონე, მსუბუქი სატვირთოების ვარიანტები, 4-თვლიანი სრული ამძრავით გახდა ხელმისაწვდომი 1956–1957 წლებში.[20] GMC და „შევი“ თავდაპირველად 4x4 ვარიანტს მხოლოდ ნაწილების მწარმოებელი NAPCO-ს მეშვეობით სთავაზობდნენ მომხმარებლებს, ქარხნულად კი 1960 წლიდან დაიწყეს გამოშვება.[25][20] ბრიტანეთში, ასევე 1956 წლიდან, „ლენდ-როვერის“ I სერიის მოდელების ღერძებს შორის მანძილი დაგრძელდა 2.72 მეტრამდე, მათ შორის 10-ადგილიანი ფურგონის ტიპის უნივერსალის, რომელიც მეტად მარტივი აგებულების იყო და გამოდგებოდა როგორც მგზავრების გადასაყვანად, აგრეთვე ტვირთის გადაზიდვისთვის.

არცერთი ზემოხსენებული ადრეული სახის გრძელი მანქანებისთვის, არ იყო დამახასიათებელი გვერდებზე ოთხი კარი. Willys Wagon ძალიან მცირე რაოდენობით გაიყიდა 4-კარიანი მოდელების სახით, ხოლო დიდ ფურგონიან ავტომობილებს მწარმოებლებისგან GMC, „შევი“, „IH“ და „დოჯი“, ერთი დიდი უკანა კარი ჰქონდა, გვერდებზე გაყოლებული ფანჯრებით. 1956 წლის ლენდ-როვერი იყო ერთადერთი ღერძებს შორის გრძელი დაშორების მქონე მანქანა, რომელსაც ჩვეულებრივ მოყვებოდა ოთხი კარი.

1940 წლიდან მოყოლებული, ასევე მცირე რაოდენობით იყო წარმოებული საბჭოთა GAZ-61, 4-კარიანი სედანი ფოლადის დახურული ძარათი, რომელიც იდგა ყველგანმავლის შასიზე, თუმცა არ გააჩნდა უკანა კარი და მხოლოდ არმიის ოფიცრებისთვის იყო განკუთვნილი. ხოლო Pobeda M-72 (GAZ-M20 / 1955) მოდელს, რუსული წყაროებით მიეწერება რომ შესაძლოა ყოფილიყო პირველი SUV, ერთიანი ძარათი, ნაცვლად ჩარჩოზე დამაგრებული ძარასი.

მათ მოჰყვა „თანამედროვე“ ტიპის Jeep Wagoneer (1963), Toyota Land Cruiser FJ-55 (1968), Chevrolet Blazer / GMC Jimmy (1969), International Harvester Scout II (1971) და Land Rover Range Rover (1970), რომლებიც უკვე ოთხი კარით იყო აღჭურვილი.

საავტომობილო სფეროში მოღვაწე მწერლები და ჟურნალისტები სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამენ იმაზე, თუ რომელი მოდელი შეიძლება ჩაითვალოს „პირველ ნამდვილ SUV-ად“. ასეთად, ხშირად განიხილება ბრუკსი სტივენსის მიერ შექმნილი 1946 წლის „ვილისის“ ფურგონიანი ჯიპი — Willys Jeep Station Wagon, რომელიც პირველად იყო შემოთავაზებული ოთხთვლიანი სრული ამძრავით 1949 წელს.[26][27] იგი იწარმოებოდა აშშ-ში 1965 წლამდე და 1970-იან წლებში არგენტინასა და ბრაზილიაში. 1956 წლებში International Harvester Traveller-ის სრულამძრავიან ქარხნულ ვერსიას ეწოდა პირველი სრულგაბარიტიანი SUV.[20] Hemmings Motor News-მა 1963 წლის Jeep Wagoneer მოიხსენია როგორც „წინაპარი სპორტული უნივერსალის“, რომელშიც გაერთიანებულია პრაქტიკულობა, იერსახის დახვეწილობა,[28] და ამასთან, ყველგანმავლის შესაძლებლობები. ჟურნალმა Four Wheeler-მა კი უბრალოდ უწოდა „პირველი თანამედროვე სახის სპორტული უნივერსალი“.[29] სატრანსპორტო კურატორი ჰენრი ფორდის მუზეუმიდან აღნიშნავს, რომ 1984 წლის Jeep Cherokee XJ იყო პირველი ნამდვილი სპორტული უნივერსალი, ამ ტერმინის თანამედროვე გაგებით,[30] თუმცაღა, „ჯიპს“ უკვე გამოყენებული ჰქონდა ზუსტად იგივე დასახელება საკუთარ ბროშურებში 1974 წელს, მოდელისთვის SJ Cherokee,[31][32] შემუშავებული „ამერიკან მოტორსის“ (ინგლ. American Motors) ზედამხედველობით და სარეკლამოდ შეფუთული, როგორც ქალაქის მცხოვრებთათვის განკუთვნილი, ჩვეულებრივი მანქანის შემცვლელი (განსაკუთრებით კი ფურგონიანი მანქანების, რომლებიც ჯერ კიდევ მეტად პოპულარული იყო იმ დროს). Cherokee-ს გააჩნდა ოთხთვლიანი ამძრავი და უფრო მოსახერხებელი, კომპაქტური ზომები (შედარებით სრული ზომის Wagoneer-თან), ასევე მეტად მდიდრული სალონი, მსგავსად უნივერსალის ტიპის მანქანებისა.[30] უფრო ძვირადღირებული მოდელებისა და ბევრად უფრო მძლავრი 4-ლიტრიანი ძრავების ბაზარზე შემოტანით, Cherokee-ს გაყიდვები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, საწვავის ფასების შემცირების კვალდაკვალ. თანდათან დაიწყო ტერმინ „სპორტული უნივერსალის“ გავრცელება მასმედიით[30][33]

საწვავის ეკონომიის რეგულაციების შედეგად, 1970-იან წლებში, მწარმოებლები თავს არიდებდნენ შეზღუდვებს, SUV-ის სამუშაო მანქანებად გაყიდვის გზით.[34] ქალაქში მცხოვრებლებში SUV-ის პოპულარულობამ იმატა ბოლო 25 წელიწადში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში. შედეგად, თანამედროვე SUV-ებში მდიდრული მანქანების შესაძლებლობები გამოჩნდა და ზოგიერთ კროსოვერის ტიპის მოდელებს, დაბალი საგზაო ღრეჩოც მოარგეს, ქალაქის გზებთან, უკეთესი თავსებადობისთვის.

პოპულარობა

რედაქტირება

SUV-ები პოპულარული გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ინდოეთსა და ავსტრალიაში 1990-იან და 2000-იან წლებში. აშშ-ს ავტომწარმოებლებმა მეტად იხეირეს მოგების მარჟის 10,000 აშშ დოლარამდე გაზრდით, თითოეულ SUV-ზე, მაშინ როცა მცირე ზომის მანქანებს, ასეულობით დოლარის ზარალი მოჰქონდა.[35][36][37]

ამასთან, სამუშაო ძალის მაღალი ღირებულება აშშ-სა და კანადაში, არაამერიკულ კომპანიებს, როგორებიცაა „ტოიოტა“, უპირატესობას აძლევდა, მცირე ზომის ავტომობილები უფრო მეტად ხელმისაწვდომად ფასად გაეყიდა, ამერიკულ ავტომწარმოებლებთან შედარებით.[38] ამიტომ მსგავსი სახის ავტომობილების ბევრი მოდელი, კონკურენციას ვეღარ უძლებდა და ფირმებიც გადაეწყვნენ SUV-ების წარმოებაზე.[39][40][41]

SUV მყიდველებს სთავაზობდა გაცილებით მეტ შესაძლებლობებს, მათ შორის დიდი მოცულობის სალონს, გაზრდილ სიმაღლეს, შესამჩნევად გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას. სრულგაბარიტიანი ავტომობილების უმეტესობას ჰქონდა სამრიგიანი სავარძელი და სრულყოფილად ცვლიდა დიდი ზომის ფურგონიან მანქანებს, რომლებიც ბევრს უკვე მეტად მოძველებულად მიაჩნდა. გარდა ამისა, ამგვარ SUV-ებს უფრო დიდი ტვირთგამწეობა გააჩნია, ვიდრე ჩვეულებრივ ავტომობილებს და მძიმე ტვირთის ჩაბმაც შეუძლია, მათ შორის საცხოვრებელი მისაბმელებისაც. გაზრდილი სიმაღლე კი ავტომობილის ძირსა და გზის ზედაპირს შორის, მეტად გამოსადეგს ხდის, უამინდობასა და დიდთოვლობაში. 1990-იანი წლებში ნავთობის ფასების კლებამ, ასევე ხელი შეუწყო SUV-ების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მალე იქცა მეტად სასურველ ტრანსპორტად, ქალ მძღოლებშიც კი.[42][43]

2000-იანი წლების შუა ხანებში, SUV-ებისა და მსუბუქი სატვირთო ავტომობილების გაყიდვები დაეცა ნავთობზე ფასების მატებისა და ეკონომიკური კრიზისების შედეგად. 2008 წელს უმსხვილესმა საავტომობილო კორპორაციამ, „ჯენერალ მოტორსმა“ განაცხადა, რომ გეგმავდა SUV-ებისა და სატვირთო მანქანების ოთხი საწარმოს დახურვას, მათ შორის კანადაში მდებარე ოშავას ქარხნის.[38] საწვავის ფასების მატების კვალდაკვალ, შემცირდა სატვირთოს ტიპის მანქანების გამოშვება,[44] საშუალოს ზომის, საწვავის ეკონომიურად მომხმარებელი ავტომობილების ხარჯზე. თუმცა, 2010 წლიდან, SUV-ისა და მსუბუქი სატვირთო ავტომობილების გაყიდვები კვლავ გაიზარდა ბენზინის ფასების შემცირების შედეგად.[45] 2013 წლიდან, „ჯენერალ მოტორსის“ SUV-ების გაყიდვები გაიზარდა 74%-ით.[46] აღსანიშნავია, რომ მცირე, კომპაქტურმა SUV-ებმა, მსუბუქ სატვირთო მანქანების სეგმენტში, საავტომობილო ბაზარზე მესამე ადგილი დაიკავა 2013 წელს.[47] შესაბამისად, თანდათან, მსხვილი მწარმოებლების უმეტესობამ, მათ შორის „ჯენერალ მოტორსმა“, „ფორდმა“, „აუდიმ“, „ჯიპმა“, დაიწყეს კომპაქტური SUV-ების გამოშვება, საწვავის ეფექტიანი მოხმარებით და ახალი შესაძლებლობებით.[48]

ბაზარზე გაბატონება

რედაქტირება

2015 წლიდან, SUV-ებმა გაყიდვებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა ავტოწარმოებაში. 2016 წელს, გლობალური ბაზრის მკვლევარმა ორგანიზაცია Euromonitor International-მა გამოაქვეყნა სიახლეები, რომლის მიხედვითაც, 2015 წლიდან მსოფლიო მასშტაბით SUV-ის გაყიდვები 22%-ით გაიზარდა და გადაასწრო საშუალო ზომის მანქანებს. მსოფლიოში SUV-ების ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი 2014-2015 წლებში იყო: ჩინეთი: +47.9%; იტალია (+48.6%), ესპანეთი (+42%), პორტუგალია (+54.8%) და ტაილანდი (+56.4%).[6] საავტომობილო ბაზრის მკვლევარი კომპანია Focus2Move-ის თანახმად კი SUV-ის სეგმენტი 2016 წელს 27 მილიონი ერთეულით გაიზარდა, ანუ გლობალური სამგზავრო ავტომობილების გაყიდვების 26%-ით, ხოლო 2017 წლის პირველ-მესამე კვარტლებში მიაღწია 21.6 მილიონს, საერთო ბაზრის 36.8%-ს. უფრო მეტიც, SUV-ების სექტორი 12%-იანი ზრდით, გლობალურ დონეზე ერთადერთი მზარდი სეგმენტი იყო და შესაბამისად, მხოლოდ მან უზრუნველყო მსოფლიოში სამგზავრო ავტომობილების ბაზრის 2.4%-იანი ზრდა.[49][7]

დიზაინის სახეები

რედაქტირება
შევროლე Suburban — ფურგონის ტიპის დიდი უნივერსალი
სუზუკი Jimny — ღერძებს შორის მოკლე დაშორების, ორკარიანი SUV
კომპაქტური რენჯ-როვერი Evoque, ერთიანი ძარათი და შასით

მიუხედავად დიზაინის მრავალი სახესხვაობისა, SUV-ები ისტორიულად იყო სამგზავრო მანქანები განცალკევებული შასით და ძარათი, მსგავსად მსუბუქი სატვირთოსი, გადამზიდი მიკროავტობუსის, პიკაპის ან ყველგანმავლის. SUV, ჩვეულებრივ აგებულია ორგანყოფილებიანი დიზაინით, წინ ძრავას სათავსოთი, ხოლო უკან გაერთიანებული სამგზავრო და საბარგო სივრცეებით (ურთიერთგანლაგების შეცვლის შესაძლებლობით), ნაცვლად ცალკე გამოყოფილი საბარგულისა.[50][51] ადრეული SUV-ები, უმეტესად წარმოდგენილი იყო ორკარიანი ღია, მოსახსნელი გადახურვის მქონე მოდელების სახით, მათ შორის კლასიკური ჯიპებით ან ფურგონის ტიპის დიდი უნივერსალების სახით, როგორებიცაა Chevrolet Suburban და International Harvester Travelall.

SUV-ებს, როგორც წესი, გააჩნია დიდი დაშორება მიწის ზედაპირიდან, დიდი ბორბლები, მაღალი (ისტორიულად ოთხკუთხა) ძარა და შედარებით ზემოთ განლაგებული დასაჯდომები. გამომდინარე იქიდან, რომ სიმძიმის ცენტრიც მაღლა აქვს, გადაბრუნების ალბათობაც იმატებს. SUV-ების ძარები, ბოლო დროს კიდევ უფრო აეროდინამიკური გახდა, მაგრამ დიდი ზომა და მძიმე წონა მაინც ხელს უშლის საწვავის ეკონომიურ მოხმარებას. საშუალო და სრული ზომის SUV-ების უმეტესობას, სამ რიგად აქვს სავარძლები, რომელთაც უკან საბარგული მოყვება. საბარგული უმეტესად ზღუდითაა გამოცალკევებული მგზავრთა სივრცისგან, ცუდად დამაგრებული ტვირთით დაზიანების ასარიდებლად, უეცარი შენელების ან შეჯახების შემთხვევაში.

დროთა განმავლობაში, სამომხმარებლო მოთხოვნამ SUV-ების ბაზარს უბიძგა საოჯახო დანიშნულების, ოთხ/ხუთკარიანი მოდელების გამოშვებისკენ.[8][9] მაგალითად, 1991 წლის 4 მეტრიანი Chevrolet Tracker Mini-ც კი იყო აღჭურვილი ოთხი კარით, ხოლო 2013 წლის ბოლოს „ტოიოტამ“ შეწყვიტა თავისი 2-კარიანი ლენდ-კრუიზერების გამოშვება, დაბალი გაყიდვების გამო.[52]

დღესდღეობით, მხოლოდ რამდენიმე მოკლე ძარის მქონე ორკარიანი SUV რჩება ბაზარზე, როგორიცაა მცირე ზომის, მაგრამ მძლავრი Suzuki Jimny. ასევე, Jeep Wrangler გამოდიოდა მჭიდრო კორპუსის მქონე ორკარიანი მოდელის სახით , მაგრამ 2007 წლიდან გარდაიქმნა ნახევარი მეტრით გრძელ ვარიანტად — Wrangler Unlimited.[9][53] ბოლო წლებში იყო რამდენიმე მცდელობა ორკარიანი მოდელების გამოშვების, თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობით.[54][55] იშვიათი გამონაკლისი, შედარებით წარმატებული კომპაქტური ვერსიების ტრენდის იყო 2011 წლის საშუალო ზომის Range Rover Evoque. ეს უკანასკნელი კიდევ ერთი ტენდენციის მაგალითია, როგორიცაა ერთიანი ძარას ტიპის აგებულება.

მზიდი ძარას ტიპის აგებულება და კროსოვერები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი სახის SUV-ებს გააჩნდა განცალკევებული ძარა და შასი, თითქმის გამონაკლისის გარეშე, ვინაიდან ისინი მომდინარეობდა მოკლე, მაღალი გამავლობის სამხედრო მანქანებისგან, როგორებიც იყო ჯიპები / ლენდ-როვერები და დიდი, სატვირთოს ტიპის ავტომობილები (ფურგონიანი უნივერსალები, suburbans, travelalls და ა. შ.), დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ავტომწარმოებელი გადადიოდა გაერთიანებული, მზიდი ძარას მქონე ყველგანმავლებისა და SUV-ების წარმოებაზე.

ვინაიდან, SUV-ის ისტორიის დიდი ნაწილი უკავშირდება თავდაპირველი სახის ამერიკულ ჯიპებს, აღსანიშნავია „ვილისის“ ჯიპების შემცვლელი, აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც გამოიყენებოდა 1959 წლიდან მოყოლებული — Ford M151 ¼ ტონა 4 × 4 სატვირთოები. Ford M151 ჯიპს ჰქონდა გაერთიანებული აგებულების ძარა და ჩარჩო, წარმოებული 1959 წლიდან, რომელიც გამოიყენებოდა 1990-იან წლებამდე. 1977 წელს დაიწყო საბჭოთა ნივას გამოშვება, რომელიც პირველი მასობრივი წარმოების საქალაქო სატრანსპორტო საშუალება იყო მზიდი ძარათი. მას გააჩნდა საბარგულთან გაერთიანებული სამგზავრო სივრცე, იყო სრული ამძრავის მქონე ყველგანმავლის შესაძლებლობებით, მაღალი საგზაო ღრეჩოთი და დიფერენციალის ჩაკეტვის ფუნქციით. შედარებით გრძელი, ხუთკარიანი მოდელები დაემეტა 1990-იანი წლების დასაწყისში და დღემდე იწარმოება.

კომპაქტური 1983 Cherokee იყო „ჯიპის“ პირველი მზიდი ძარას მქონე SUV. მიუხედავად ამისა, მძლავრი ყველგანმავლის თვისებებით გამოირჩეოდა, როგორებიცაა მყარი წინა და უკანა ხიდები, დაბალი და მაღალი დიაპაზონის მქონე სარიგებელი კოლოფები და ჩასართავი სრული ამძრავი. ამის შემდგომ, „ჯიპმა“ შეცვალა მოკრძალებული SJ Wagonner თავისი Grand Cherokee-ს ხაზით 1992 წელს, რომელსაც თავიდანვე მზიდი ძარა გააჩნდა.[56] ამ სერიამ, XJ Cherokee-სგან მემკვიდრეობით ასევე მიიღო წინა და უკანა წამყვანი ხიდები, მაღალი და დაბალი დიაპაზონისა და ჩასართავი სრული ამძრავის მქონე სავალი სისტემა. „ლენდ-როვერი“ სრულად გადავიდა მზიდი ძარას აგებულების SUV-ებზე, ახალი, უფრო კომპაქტური მოდელების – 1997 წლის Freelander-ის, მისი 2014 წლის შთამომავალი Discovery Sport-ისა და 2011 წლის Range Rover Evoque-ის გამოშვებისას, რომლებიც თავიდანვე ერთიანი ძარათი იყო აღჭურვილი. აგრეთვე დიდი ზომის ვარიანტებშიც, დაწყებული მე-3 თაობის რენჯ-როვერიდან 2002 წელს, აგრეთვე 2013 წლის Range Rover Sport-სა და 2017 წლის Discovery-ში. ბოლო, განცალკევებული ძარას და ჩარჩოს მქონე შემორჩენილი მოდელი Land Rover Defender, 2016 წლის შემდეგ მოხსნეს წარმოებიდან.

იაპონურმა მწარმოებელმა „მიცუბიშმა“ თავისი 2000 წლიან მოდელები Montero / Shogun / Pajero გადააწყო ერთიანი ძარას აგებულებაზე, მოაცილა ოთხკუთხა ფორმები და შეძლო მიეღო დაბალი სიმძიმის ცენტრი, 300%-ით გაზრდილი დრეკადობის სიხისტე და დაკიდების სისტემა უფრო გრძელი მუშასვლით. „სუზუკის“ მე-3 თაობის Vitara მსგავსად გადაეწყო ერთიან ძარაზე 2005 წელს, თუმცა კვლავ სთავაზობდა მომხმარებლებს ყველგანმავლის შესაძლებლობებს ჩასართავი სრული ამძრავით და ჩამკეტი ცენტრალური დიფერენციალით, გადაცემის დაბალ ფარდობასთან ერთად.[57]

სპორტული უნივერსალის სახეობები

რედაქტირება
რენო Captur Luxe — მინი-SUV
ჰონდა CR-V — მცირეგაბარიტიანი (კომპაქტური) SUV
ლენდ-როვერი Defener — საშუალოგაბარიტიანი SUV
„ტოიოტას“ ლენდ-კრუიზერ-პრადო — სრულგაბარიტიანი SUV
„ფორდის“ Expedition — გაფართოებული სიგრძის SUV, დამატებითი სივრცით უკან

მცირე ზომის სპორტული უნივერსალების სახეობა. ტერმინი, ჩვეულებრივ მცირე ძარაზე აგებულ კროსოვერის ტიპის ავტომობილების აღმნიშვნელად გამოიყენება.

მცირეგაბარიტიანი SUV

რედაქტირება

SUV-ების სახეობა, რომელიც გათვლილია შედარებით ნაკლები ტვირთის გადასატანად და აქვს ნაკლები სივრცე, სალონში, აგრეთვე უფრო დაბალი სიმძლავრის ძრავა გააჩნია, რაც მეტად ეკონომიურს ხდის საწვავის მოხმარებას. ტერმინი გამოიყენება ჩვეულებრივი კროსოვერების სინონიმად.

საშუალოგაბარიტიანი SUV

რედაქტირება

საშუალო ზომის SUV-ების სახეობა, რომლის ზომაც, ჩვეულებრივ მერყეობს, სრულ და მცირეგაბარიტიან სახეობებს შორის. ეს ტერმინი უფრო მეტად ჩრდილოეთ ამერიკაში გამოიყენება, მის გარეთ კი სრული და საშუალოგაბარიტიანი SUV-ები ერთ ჯგუფად მიიჩნევა. ამ ჯგუფში შეიძლება შევიდეს BMW-ის X-სერიის მოდელების უმეტესობა, „მერსედესის“ G-კლასის მოდელების ნაწილი, „ლენდ-როვერის“ Defender და ა. შ.

სრულგაბარიტიანი SUV

რედაქტირება

დიდი ზომის SUV-ები, უფრო მეტი ტვირთის გადატანის შესაძლებლობებით და გაზრდილი სამგზავრო სივრცით, ვიდრე საშუალო ზომის SUV-ებს აქვს. ისინი, ჩვეულებრივ მეტად უსაფრთხოდ მიიჩნევა, მათ პატარა კოლეგებთან შედარებით.

გაფართოებული სიგრძის SUV

რედაქტირება

უწოდებენ ღერძებს შორის დიდი დაშორების მქონე SUV-ებს, რომლებიც მსგავსია სრულგაბარიტიანი SUV-ებისა, ოღონდ დამატებითი სივრცე გააჩნია საბარგულისთვის, დაახლოებით 3.30 მეტრის სიგრძის და სალონში შეუძლია დაიტიოს 8 ან 9 კაცამდე (დამატებით მესამე რიგის სავარძლით, რომელიც შეიძლება დაიკეცოს ან მოცილდეს, ტვირთისთვის, მეტი ადგილის გამოსათავისუფლებლად). ასეთი სახის SUV-ების სიგრძე არის დაახლოებით 5.6 მეტრი და უკანა კარი არ კვეთს უკანა ბორბლის არეს. იგი ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ფართო ტრასებისა და შესაბამისი განაშენიანებიდან გამომდინარე, განსხვავებით ევროპისა და აზიისგან, სადაც უფრო მეტად მჭიდროდაა განლაგებული საცხოვრებელი და საქმიანი უბნები და დიდი ზომის ავტომობილების გამოყენება ნაკლებად ეფექტიანია. გამომდინარე აქედან, მწარმოებლები, რომლებიც აქტიურად ქმნიან ამგვარ მანქანებს, უმთავრესად სწორედ ამერიკული ბრდენდებია — „ჯენერალ მოტორსი“ და „ფორდი“.

შორეულ ადგილებში გამოყენება

რედაქტირება

SUV-ები არცთუ იშვიათად გამოიყენება უგზოობაში გადაადგილებისთვის სასოფლო ტერიტორიებსა და მიუდგომელ ადგილებში, სადაც იშვიათობაა საფარიანი გზები და საჭიროა ყველგანმავალი, დიდი ზომისა და მოცულობის ტვირთის გადამტანი ავტომობილები. ასეთ ადგილებში სათადარიგო ნაწილების მიუწვდომლობამ და სწრაფის შეკეთების საჭიროებამ, წარმოშვა ისეთი მოდელების პოპულარობა, რომლებსაც ძალიან მცირე ოდენობის ელექტრული და ჰიდრავლიკური სისტემები გააჩნდა, მათ შორისაა Land Rover, Jeep Wrangler, Nissan Patrol და Toyota Land Cruiser. საქალაქო ტიპის SUV-ების უმეტესობაც, შექმნილია მათი სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი უხეში კოლეგებისგან. მაგალითად, Hummer H1 და HMMWV.[58]

ვინაიდან SUV-ების მფლობელების დიდი ნაწილი არ იყენებს საკუთარი მანქანის ყველგანმავლის შესაძლებლობებს, ახალ SUV-ებს (მათ შორის კროსოვერებს) უკვე ნაკლები საგზაო ღრეჩო და საფარიანი გზებისთვის განკუთვნილი დაკიდების სისტემა მოყვება ხოლმე.[59]

მყიდველები, ხშირად სხვა მანქანებს, SUV-ს ამჯობინებენ, ვინაიდან ამ სახის ავტომობილს უფრო მეტი სივრცე გააჩნია, ვიდრე მსგავსი ზომის სედანს. ზაფხულში ხრეშზე, ხოლო ზამთარში თოვლიან და მოყინულ გზებზე, ოთხი წამყვანი თვლის მქონე, სრულამძრავიანი მანქანები მეტად უსაფრთხო და გამოსადეგია, მაღალი წევის ძალის და მართვის მოსახერხებელი შესაძლებლობების გამო. სპორტული უნივერსალები ასევე მეტად გამოსადეგია უდაბნოს ტიპის ადგილებში, ცენტრიდან მოშორებულ დასახლებებში, სადაც ხშირად დაზიანებულია გზები, აგრეთვე გაუვალ, ტალახიან, ნაწვიმარ ადგილებში, შემოვლით გზებზე და ა. შ.[60]

გამოყენება გასართობად და შეჯიბრებებში

რედაქტირება

ზოგიერთი, მეტად მოდიფიცირებული SUV, უსწორმასწორო გზებისთვის განკუთვნილ ყველგანმავალ მოდელებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება უკაცრიელი ადგილების მოსანახულებლად, გამოსაკვლევად, რის შედეგადაც უამრავი კლუბი და ასოციაციაა შექმნილი, რომლებიც ხშირად აწყობენ მსგავს ღონისძიებებს, ამგვარი მანქანების გამოყენებით.[61]

გადაკეთებული SUV-ებით ასევე ტარდება ხოლმე შეჯიბრებები და ავტორბოლები, რომლებიც იმართება გაუკვალავ, მიუდგომელ ან თოვლიან ადგილებში.[62]

მდიდრული SUV

რედაქტირება
 
კადილაკი Escalade IV — მაღალი კლასის მდიდრული SUV

არაერთი ძვირადღირებული SUV და პიკაპის ტიპის ავტომობილი იწარმოება დღესდღეობით. „მდიდრული“ SUV ძირითადად მარკეტინგული ტერმინია, ისეთი უმაღლესი კლასის მანქანების აღსანიშნავად, რომელთაც გააჩნია მეტი კომფორტი, მაღალი ტექნოლოგიები ან ბრენდის სახეს წარმოადგენს. ტერმინს არ ახასიათებს სიზუსტე და მკაფიოდ ვერ განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებს, იგი ერგება მრავალი განსხვავებული სახის ან ზომის SUV-ებს.[15][63][64]

მიუხედავად ამისა, მარკეტინგის ეს კატეგორია შეიქმნა 1966 წელს Kaiser Jeep-ის მდიდრული მოდელის, Super Wagoneer-ის გამოშვებით. იგი იყო პირველი SUV რვა ცილინდრიანი V-სებრი ძრავათი, ავტომატური გადაცემათა კოლოფით და ფუფუნების მანქანა, სრულად აღჭურვილი და გამზადებული უგზოობის პირობებში გამოსაყენებლად. მას გააჩნდა ინდივიდუალური სავარძლები, კონდიციონერი, გადასაწევი გადახურვა და აგრეთვე ვინილის სახურავი. Land Rover აყვა ამ მოდას 1970 წელს რენჯ-როვერით. ტენდენცია გაგრძელდა სხვა კონკურენტების მიერ, უფრო მეტად კომფორტული შესაძლებლობების დამატებით, სატვირთოს ტიპის საკუთარ მოდელებზე.[65]

ძვირადღირებული მოდელების წარმოება 1990-იან წლებში გაიზარდა ისეთი მანქანებით, როგორებიცაა Lincoln Navigator და Cadillac Escalade. ამგვარი სახის SUV-ები მოგების მარჟა, მეტად აღემატებოდა ჩვეულებრივი SUV-ებისას.[66][67] ზოგიერთი ავტომწარმოებლებისათვის, მაღალი კლასის SUV-ები, მათ მიერ შექმნილი პირველი SUV-ის ტიპის მოდელები იყო. მათი ნაწილი, არაა ტრადიციული SUV-ის მსგავსად სატვირთო შასიზე აგებული, ისინი ძირითადად კროსოვერებს განეკუთვნება.

მდიდრული SUV-ები მოიცავს როგორც მცირე, 5-ადგილიან მოდელებს, აგრეთვე უფრო დიდ, 7-ადგილიანებსაც, ფუფუნების მახასიათებლებით, როგორც შიგნით, ასევე გარედან. მყიდველებს, რომლებსაც ძვირადღირებული ავტომობილი სურთ მეტი ბარგის გადატანის შესაძლებლობით, ჩვეულებრივ, სედანს SUV-ს ამჯობინებენ ხოლმე.[68]

მდიდრული სპორტული უნივერსალი, როგორც წესი, სრულადაა აღჭურვილი უსაფრთხოების საშუალებებით, როგორებიცაა საჰაერო ბალიშები, ABS და წევის კონტროლის სისტემები. ამასთან, უმეტეს მათგანს ასევე გააჩნია მდგრადობის ელექტრონული კონტროლი, შეჯახებისადმი მედეგი კარის დგარები, დინამიკური თავმისადები და დამატებითი მგრძნობიარე ელემენტები, რომლებიც მოსალოდნელ საფრთხეს წინასწარ ამცნობს მძღოლს, დაზღვევის მიზნით.[68]

  1. Definition of SUV (2017-11-15). ციტატა: „an automobile similar to a station wagon but built on a light truck frame“ ციტირების თარიღი: 2017-11-19.
  2. 2.0 2.1 Sport utility vehicle definition and meaning. ციტირების თარიღი: 2018-01-12.
  3. 3.0 3.1 Understanding Figurative Language: From Metaphor to Idioms. ციტირების თარიღი: 2018-01-12. 
  4. DeMuro, Doug. (October 2013) SUV vs. Crossover: What’s the Difference?. ციტირების თარიღი: 2018-01-12
  5. Transportation Energy Data Book, 35th Edition (2016), pages 3–4 and 3–5
  6. 6.0 6.1 6.2 SUVs Become the Largest and Fastest-Growing Automotive Segment in 2015. Euromonitor International (2016-09-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-06. ციტირების თარიღი: 2018-01-05
  7. 7.0 7.1 World Best Selling SUV 2017. Focus2Move (2017-11-29). ციტირების თარიღი: 2018-01-06
  8. 8.0 8.1 Attention Automakers: Please Stop Selling Two-Door SUVs (2013-04-01). ციტირების თარიღი: 2017-09-23
  9. 9.0 9.1 9.2 Every Single Two-Door SUV Has Failed (June 2017). ციტირების თარიღი: 2017-09-23
  10. 10.0 10.1 Bradsher, Keith (2002). High and Mighty: SUVs—The World's Most Dangerous Vehicles and How They Got That Way. PublicAffairs, გვ. 4. ISBN 978-1-58648-203-9. ციტირების თარიღი: 2014-01-14. [მკვდარი ბმული]
  11. Definition of Sport-utility Vehicle. Merriam-Webster (2018-01-03). ციტირების თარიღი: 2018-01-12
  12. Definition of SUV. Merriam-Webster. ციტირების თარიღი: 2018-01-12
  13. Schlanger, Danielle; Bhasin, Kim. (2012-06-14) 24 Trademarked Brands That Everyone Uses As Generic Names. Business Insider. ციტირების თარიღი: 2018-01-12.
  14. Foster, Patrick. The Story of Jeep. Krause Publications. ციტირების თარიღი: 2018-01-12. [მკვდარი ბმული]
  15. 15.0 15.1 https://www.telegraph.co.uk/cars/advice/whats-the-best-sort-of-4x4-or-suv-for-me/
  16. HammerheadFistpunch. (2014-05-6) Etymology - SUV. Or no, its not supposed to be "sporty".. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-28. ციტირების თარიღი: 2019-02-10.
  17. Motavalli, Jim. (2019-01-17) How We Got Here: A History of SUV Mania. Car Talk. ციტირების თარიღი: 2019-02-10.
  18. Leonid S. Knyshov. (2016-09-20) Where does the "sport" in SUV come from?. ციტირების თარიღი: 2019-02-10.
  19. Definition of Sportsman. Merriam-Webster. ციტირების თარიღი: 2019-02-10
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 Allen, Jim. (2012-11-01) 1959 International Harvester B-120 Travelall – Four Wheeler Magazine. Four Wheeler Network. ციტირების თარიღი: 2018-01-07
  21. Thomson, Harry C.; Mayo, Lida (2003). The Ordnance Department: procurement and supply. Washington, D.C.: United States Army Center of Military History, გვ. 274. 
  22. sport utility vehicle automobile.
  23. Standard Catalog of U.S. Military Vehicles. [მკვდარი ბმული]
  24. Bradsher, Keith (2002). High and Mighty: SUVs—The World's Most Dangerous Vehicles and How They Got That Way. PublicAffairs. ISBN 978-1-58648-203-9. 
  25. How The Aftermarket Invented GM's 4WD Trucks – Jalopnik
  26. 1960 Willys Four-Wheel-Drive Station Wagon: Your (Great-) Grandfather’s SUV. ციტირების თარიღი: 2017-10-05.
  27. The Very First Sport Utility Vehicle: The Jeep Station Wagon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-05. ციტირების თარიღი: 2017-12-06.
  28. „Utility in Style - 1972 Jeep Wagoneer The 1972 Jeep Wagoneer blends an iconic design with modern driveability“. ციტირების თარიღი: 2018-01-10. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  29. „1963 Jeep Wagoneer - Landmark Vehicle“. ციტირების თარიღი: 2010-11-16. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  30. 30.0 30.1 30.2 Bradsher, p. 40.
  31. 1974 model year Jeep brochure picture – Cherokee page. Jeep (1973). ციტირების თარიღი: 2018-01-04
  32. 1974 model year Jeep Cherokee brochure – front. Jeep (1973). ციტირების თარიღი: 2018-01-04
  33. (1995) Toyota truck & Land Cruiser owner's bible. Robert Bentley. 
  34. From the Battlefield to the Soccer Field. Traffic Safety Center Online Newsletter (Summer 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2013-01-08.
  35. Schoenberger, Robert. (2008-06-06) As buyers shun SUVs, expect to pay more for that small car. ციტირების თარიღი: 2010-11-16.
  36. „Ford idle, for now“. 2008-10-16. ციტირების თარიღი: 2010-05-23.
  37. White, Jerry. (2000-05-27) GM, Ford idle 1,365 workers-auto industry layoffs signal coming downturn in US economy. ციტირების თარიღი: 2010-11-16.
  38. 38.0 38.1 Van Praet, Nicolas (2008-06-04). „Caw Girds For War“. Financial Post. US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-16. ციტირების თარიღი: 2019-02-11.
  39. „End of the Line for Ford Taurus“. ციტირების თარიღი: 15 March 2018.
  40. Final Ford Taurus interview. ABC News. https://www.youtube.com/watch?v=CwuCm8hNXgI.
  41. So long, friend. Ford producing last Taurus next week. Autoblog. ციტირების თარიღი: 2007-07-26.
  42. Bradsher, 2001
  43. „The 50 Worst Cars Of All Time“. Time. 2007-09-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-19. ციტირების თარიღი: 2010-05-23.
  44. Isidore, Chris (2008-06-03). „GM to close truck plants, shift to fuel-efficient cars“. CNN Money. US. ციტირების თარიღი: 2019-02-11.
  45. „Surprise: Sales of big SUVs surging faster than small cars“. USA Today. 2010-07-30. ციტირების თარიღი: 2012-04-23.
  46. Wayland, Michael (2013-09-14). „2015 GMC Yukon and Chevy Suburban, Tahoe: GM expects new SUVs to continue industry dominance“. MLive. US. ციტირების თარიღი: 2019-02-11.
  47. Production of Small and Compact SUVs Shifts to Top Gear in North America, Finds Frost & Sullivan. prnewswire.com (2014-01-14). ციტირების თარიღი: 2014-01-14.
  48. Best small SUV. CarsGuide. ციტირების თარიღი: 2019-02-11
  49. World Best Selling SUV 2016. Focus2Move (2017-01-25). ციტირების თარიღი: 2018-01-06
  50. Suzuki car reviews. RAC Drive. ციტირების თარიღი: 2019-02-11
  51. Leon, Brian (2015-07-10). „Bizarre Car of the Week: 1996 Suzuki X-90“. New York Daily News. ციტირების თარიღი: 2017-09-23.
  52. „Toyota Sharpens Best-Selling Prado Range“ (პრეს-რელიზი). Australia: Toyota. 2013-10-14. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2014-03-17.
  53. Lee, Christian (2007). High-Performance Jeep Wrangler TJ Builder's Guide. CarTech, გვ. 14. ISBN 9781932494266. ციტირების თარიღი: 2017-09-23. 
  54. Moore, Shane. (2013-03-25) What Happened To: Isuzu VehiCROSS. Opposite Lock. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-22. ციტირების თარიღი: 2017-09-23.
  55. Stoklosa, Alexander. (2014-06-13) Nissan Murano CrossCabriolet, 2011–2014: A Look Back at Doors Lost and Customers Perplexed. Car and Driver. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-24. ციტირების თარიღი: 2017-09-23.
  56. Jeep Grand Cherokee Review. ციტირების თარიღი: 2011-04-10.
  57. 2010 Suzuki Grand Vitara. Eric Peters Autos (2010-10-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-30. ციტირების თარიღი: 2012-02-04.
  58. Padgett, Marty (2004) Hummer: How a Little Truck Company Hit the Big Time, Thanks to Saddam, Schwarzenegger, and GM. Motorbooks International. ISBN 978-0-76031-863-8. 
  59. Naughton, Keith (2001-07-02). „The Unstoppable SUV“. Newsweek.
  60. 4WD For Dummies - 4WD Is Designed To Use All Available Traction In Certain Conditions (2018-07-30). ციტირების თარიღი: 2019-02-13.
  61. Dolan, James. The World’s Greatest SUV’s: Going off the beaten path. ციტირების თარიღი: 2019-02-13.
  62. The World’s Greatest SUV’s: Going off the beaten path (2004-03-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-05. ციტირების თარიღი: 2019-02-13.
  63. About Luxury SUV. ციტირების თარიღი: 2019-02-13.
  64. What Do You Get With Luxury SUV Models?. ციტირების თარიღი: 2019-02-13.
  65. Allen, Jim. Jeep. ციტირების თარიღი: 2019-02-13. 
  66. Frankel, Ernst G. (2006). Challenging American Leadership: Impact of National Quality on Risk of Losing Leadership. Springer-Verlag, გვ. 35. ISBN 978-1-4020-4892-0. 
  67. Fonda, Daren. „The Shrinking SUV“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  68. 68.0 68.1 Buying Guide to New Luxury SUVs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-27. ციტირების თარიღი: 2010-08-06.