M270 (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა)

აშშ წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
(გადამისამართდა გვერდიდან M270)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „M270“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. M270 ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

M270 (ინგლ. M270 Multiple Launch Rocket System ან M270 MLRS) — შეჯავშნული, თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა.

M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
ინგლ. Multiple Launch Rocket System (MLRS)

M270 რაკეტის გაშვების მომენტში
ტიპი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
წარმომავლობის ქვეყანა აშშ
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 31 მარტი, 1983 — დღემდე
ომები და კონფლიქტები სპარსეთის ყურის ომი
ავღანეთის ომი
ერაყის ომი
სირიის სამოქალაქო ომი
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი Vought Corporation
შექმნის თარიღი 1977
მწარმოებელი Lockheed Martin, Diehl BGT Defence, Aérospatiale
ეგზემპლარის ღირებულება $2,3 მილიონი
წარმოების პერიოდი 1980–2003
ვარიანტები M270A1 და M270B1
მახასიათებლები
წონა 24 756 კგ
სიგრძე 6,86 მ
სიგანე 2,97 მ
გათვლა / ჯგუფეული 3

კალიბრი 227 მმ
610 მმ (ATACMS)
სროლის ტემპი ~12-18
მაქსიმალური მანძილი M26: 32 კმ
M26A1/A2: 45 კმ
M30/31: 70 კმ
ATACMS: 165 კმ ან 300 კმ

M270-ის პირველი სისტემები აშშ-ის არმიამ 1983 წელს მიიღო. მას შემდეგ ისინი ნატოს არაერთი ქვეყნის შეიარაღებაში გამოჩნდა. დღემდე ამერიკასა და ევროპაში წარმოებულია დაახლოებით 1 300 ერთეული სისტემა და მისთვის განკუთვნილი 700 000-ზე მეტი რაკეტა. სისტემების წარმოება 2003 წელს დასრულდა, როცა ბოლო პარტია ეგვიპტის არმიამ მიიღო.

დახასიათება

შექმნის ისტორია

1970-იან წლებში საბჭოთა კავშირს ამერიკის და ნატოს ძალებთან შედარებით, სარაკეტო არტილერიაში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. საბჭოთა ტაქტიკით მიღებული იყო მასიური დაბომბვა სატვირთო მანქანებზე დამაგრებული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, როგორიცაა БМ-21, რის შედეგადაც ხდებოდა სამიზნე რაიონის სატურაცია ათასობით რაკეტით. რაკეტების ნაწილი აუცილებლად ხვდებოდა კონკრეტულ სამიზნეებს, რასაც თან ახლდა ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი. ამისგან განსხვავებით, შედარებით მეტი სიზუსტისა და საბრძოლო მასალის დაზოგვის მიზნით ამერიკელი არტილერისტები უპირატესობას ლულიან არტილერიას ანიჭებდნენ, რის გამოც მათი სარაკეტო არტილერიის უდიდესი ნაწილი მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი, მოძველებული ტექნიკა იყო.[1]

ამ დამოკიდებულების შეცვლა 1973 წლიდან, იომ-ქიფურის ომის შემდეგ დაიწყო. ამ კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დანაკარგებს ზურგის შეიარაღებაში, როგორიც იყო მიწა-ჰაერი ტიპის დანადგარები, რაც შედეგი იყო ისრაელის ეფექტური ტაქტიკისა, დაემუშავებინა მათი განლაგების ადგილები ზალპური ცეცხლის სისტემებით. ამასთან ერთად, ამერიკის არმიის მესვეურები მიხვდნენ, რომ ევროპაში ომის შემთხვევაში მსგავსი რამ დიდი მასშტაბებით განმეორდებოდა, რის გამოც 1974 წლის მარტში გაახმაურეს მოთხოვნა ახალი სარაკეტო დანადგარის შესახებ, სახელწოდებით „საერთო მხარდაჭერის სარაკეტო სისტემა“ (General Support Rocket System, GSRS). მისი გამოყენება განსაზღვრული იყო მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ელემენტების გასანადგურებლად და ანტისაარტილერიო ცეცხლისათვის, რაც ლულიან საარტილერიო ქვედანაყოფებს გამოათავისუფლებდა სახმელეთო ძალებისთვის ახლო საცეცხლე მხარდაჭერის გასაწევად. აღნიშნულზე კონსულტაციები გაიმართა ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და დასავლეთ გერმანიასთან, რომლებიც უკვე დამოუკიდებლად მუშაობდნენ მსგავსი სისტემის შექმნაზე. შედეგად, ამერიკული დასახელება „საერთო მხარდაჭერის სარაკეტო სისტემა“ (GSRS) შეიცვალა და მიღებული იქნა ევროპული ვარიანტი Multiple Launch Rocket System (MLRS), რომლის ქართული შესატყვისია „ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა“.[1]

სისტემის შექმნაზე მუშაობა 1977 წლის სექტემბერში Boeing-მა და Vought Aerospace-მა დაიწყო, ხოლო პირველი მოდელები 1982 წლის აგვისტოში გამოუშვეს. 1983 წლის მარტში ჩამოყალიბდა M270-ების პირველი ბატარეა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში დანადგარები დასავლეთ გერმანიას გაეგზავნა. თავდაპირველად, ბატარეა სამი ოცეულისგან შედგებოდა, თითოეულ ოცეულში კი სამი გამშვები დანადგარი იყო; 1987 წლისთვის 25 ასეთი ბატარეა არსებობდა. 1990-იანი წლებიდან ბატარეაში დანადგარების რაოდენობა 6-მდე შემცირდა.[1]

მიმოხილვა

„საერთო მხარდაჭერის სარაკეტო სისტემის“ (GSRS) კონცეფციაზე დაყრდნობით MLRS ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, დასავლეთ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. M270-ის სისტემის სრული დასახელებაა „თვითმავალი დამტენი/გამშვები“ (M270 MLRS Self-Propelled Loader/Launcher, SPLL). SPLL შედგება რამდენიმე ძირითადი ქვესისტემისგან: M269 დამტენ-გამშვები მოდული (Loader Launcher Module, LLM), ასევე, მოიცავს ცეცხლის მართვის სისტემასაც. იგი დამონტაჟებულია M993 მარკის სატრანსპორტო სისტემაზე, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანის შასიზე.[2][3]

M270-ებისთვის ცივი ომის დროინდელი ტაქტიკა ითვალისწინებდა მათ გაფანტვას ინდივიდუალურ ლოდინის პოზიციებზე და შენიღბვას ცეცხლის მოთხოვნამდე, რა დროსაც ისინი გადაადგილდებოდნენ საცეცხლე პოზიციაზე, გაუშვებდნენ რაკეტებს, დაუყოვნებლივ გადავიდოდნენ დამტენ პუნქტზე, შევსების შემდეგ კი გადავიდოდნენ სრულიად ახალ შენიღბულ პოზიციაზე სხვა საცეცხლე პოზიციის სიახლოვეს. ამ „გაისროლე-გაიქეცი“ („shoot-and-scoot“) ტაქტიკის მიზანი საბჭოთა ანტისაარტილერიო ცეცხლის თავიდან აცილება იყო. ერთი M270 12 ერთეული M26 კლასტერული საარტილერიო რაკეტის გასროლით სამიზნე რაიონში 7 728 მცირე ზომის ბომბს ყრიდა, ხოლო ერთ ბატარეას, რომელსაც 108 რაკეტის გაშვება შეეძლო, იმდენივე საცეცხლე ძალა გააჩნდა, რამდენიც ლულიანი არტილერიის 33 ბატალიონს.[1]

სისტემას შეუძლია MGM-140 არმიის ტაქტიკური რაკეტის (Army Tactical Missile System, ATACMS) გაშვებაც, რომლებიც იმავე გამშვებ პაკეტში თავსდება. ერთ გამშვებ პაკეტში შესაძლებელია 6 სტანდარტული (227 მმ) რაკეტის ან ერთი მართვადი საარმიო ტაქტიკური რაკეტის (610 მმ) განთავსება; მათი შერევა შეუძლებელია. ATACMS-ის გამშვებ კონტეინერს სტანდარტული პაკეტის მსგავსი ხუფი აქვს, რომელზეც 6 წრიული ფიგურაა გამოსახული. დამტენ-გამშვები მოდული ორი პაკეტისგან შედგება, რომლებიც ხელით, ინტეგრირებული ჯალამბრის საშუალებით იტენება. 12 რაკეტის ან 2 ATACMS-ის გაშვება სისტემას ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. ერთი ზალპი, როგორც წესი, სამი დანადგარიდან იწარმოებოდა, რომელთაგან თითოეული 12 სტანდარტულ რაკეტას უშვებდა. თითოეული რაკეტა 644 ერთეულ ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებულ კონვენციურ საბრძოლო მასალას, კონკრეტულად, M77 ტიპის ბომბებს შეიცავდა, რაც, საერთო ჯამში, სამიზნე რაიონში 23 184 მსგავსი ბომბის ჩამოგდებას იწვევდა. 12 ერთეული 227 მმ-იანი კლასტერული რაკეტის გაშვებით ერთი სისტემა სრულად ფარავს 1 კვადრატულ კილომეტრს. აუფეთქებელი ბომბების სტანდარტული წილი დაახლოებით 2% იყო, რის გამოც აღნიშნულ რაიონში 400-მდე აუფეთქებელი ბომბი რჩებოდა, რაც სამოქალაქო პირებისა და საკუთარი ძალებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.[4]

2006 წელს M270-ს ჩაუტარდა განახლება, რამაც მართვადი რაკეტების გაშვების საშუალება მისცა. 2006 წლის მარტში დაჩქარებულად დასრულდა XM31 მართვადი უნიტარული რაკეტის გამოცდის I ფაზა. სასწრაფო საჭიროების გამო იგი მალევე მიიღეს შეიარაღებაში და ერაყის ომშიც გამოიყენეს.[5] ასევე, Lockheed Martin-ს დაუკვეთეს M30 კლასტერული რაკეტების გადაკეთება XM31 უნიტარულ ვარიანტებად.[6]

M31 მართვადი რაკეტების გამოყენებამ M270 წერტილოვანი დარტყმის სისტემად აქცია. GPS-ზე დაფუძნებული მართვის სისტემის და ერთი 91 კილოგრამიანი მსხვრევად-ფუგასური ქობინის მქონე M31 მიზანს მაღალი სიზუსტით ხვდება და სასურველ ეფექტს ნაკლები რაოდენობის რაკეტები სჭირდება, რაც ამცირებს როგორც თანმდევ ზიანს, ისე ლოგისტიკურ საჭიროებებსაც. უნიტარულმა ქობინებმა ზალპური სისტემის ურბანულ გარემოში გამოყენების შესაძლებლობაც წარმოშვა. M31-ს ორ რეჟიმზე მომუშავე ამფეთქი ჰქონდა: წერტილოვანი დეტონაციისა შეუჯავშნავი მიზნების, ხოლო შეყოვნებული დეტონაციისა მსუბუქად შეჯავშნული ბუნკერების გასანადგურებლად. მის გაუმჯობესებულ, M31A1 ვერსიას უკვე მრვალრეჟიმიანი ამფეთქი აქვს დამატებით საჰაერო დეტონაციისთვის, რაც ღიად განლაგებულ ცოცხალ ძალაზე განსაკუთრებით ეფექტურია. საჰაერო აფეთქების სიმაღლე 3-დან 10 მეტრამდე მერყეობს. მართვადი რაკეტების სროლის მინიმალური მანძილი 15 კილომეტრია, მაქსიმალური კი 70 კილომეტრს აღემატება; რაკეტა დაცემისას 2.5 მახ სიჩქარეს ავითარებს.[7][8]

გერმანული საარტილერიო სისტემა, სახელწოდებით „საარტილერიო ქვემეხის მოდული“ (გერმ. Artillerie-Geschütz-Modul), შექმნის პროცესში M270-ის შასის იყენებდა.[9]

2012 წელს გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც უნდა გაუმჯობესებულიყო M270-ის ჯავშანი და ცეცხლის მართვის სტანდარტი უნდა მიახლოვებოდა მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის (High Mobility Artillery Rocket System, HIMARS) სტანდარტებს.[10] 2015 წლის ივნისში საცდელი სროლები ჩაატარა M270A1 ტიპის დანადგარმა, რომლის ფანჯრები და კაბინა „გაუმჯობესებული შეჯავშნული კაბინის“ (Improved Armored Cab) პროექტით დამატებითი დაცვით იყო აღჭურვილი.[11]

2021 წლის მარტის დასაწყისში Lockheed-მა განაცხადა მართვადი რაკეტის გაუმჯობესებული ვარიანტის გამოცდის შესახებ, რომელმაც 80 კილომეტრს მიაღწია. პროექტი, საბოლოო ჯამში, 227 მმ-იანი რაკეტის მაქსიმალური მანძილის 150 კილომეტრამდე გაზრდას ითვალისწინებს.[12] იმავე თვეში გაზრდილი მანძილის მართვადმა რაკეტამ (Extended Range GMLRS) 135 კილომეტრს მიაღწია.[13]

გამოყენების ისტორია

 
M270 მრავალეროვნული წვრთნების დროს, სამხრეთ კორეა, 2015

აშშ არმიაში მიღებისას M270 შერეული ბატალიონის შემადგენლობაში გამოიყენებოდა. აღნიშნული ტიპის ბატალიონები შედგებოდა ტრადიციული არტილერიის (ჰაუბიცების) ორი ბატარეის და ზალპური ცეცხლის სისტემების ერთი ბატარეისგან. პირველი ზალპური ცეცხლის ბატარეა იყო მე-8 ქვეითი დივიზიონის მე-16 საველე საარტილერიო პოლკის მე-3 ბატალიონის C ბატარეა (ბაუმჰოლდერი, გერმანია, 1982). პირველი ორგანული, მთლიანად M270-ებით დაკომპლექტებული ბატალიონი 27-ე საველე საარტილერიო პოლკის მე-6 ბატალიონი იყო.[14]

აღნიშნული მე-6 ბატალიონი 1984 წლის 1 ოქტომბერს არმიის პირველ ზალპური ცეცხლის ბატალიონად გადაკეთდა, მეტსახელად „Proud Rockets“ („ამაყი რაკეტები“). 1990 წლის მარტში ქვედანაყოფი ნიუ-მექსიკოში, უაით სენდზის სარაკეტო პოლიგონზე გადაისროლეს, სადაც არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის საწყისი ოპერატიული გამოცდა და შეფასება უნდა ჩატარებულიყო. გამოცდის წარმატებით დასრულების შედეგად არმიამ მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი საცეცხლე მხარდაჭერის საშუალება მიიღო.

სპარსეთის ყურის ომი

1990 წლის 2 სექტემბერს 27-ე პოლკის მე-6 ბატალიონი საუდის არაბეთში, ოპერაცია „უდაბნოს ფარის“ მხარდასაჭერად გადაისროლეს. ქვედანაყოფი XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსის არტილერიას მიაკუთვნეს და მან კრიტიკული როლი ითამაშა საუდის არაბეთის თავდაპირველ დაცვაში. როდესაც „უდაბნოს ფარი“ „უდაბნოს ქარიშხლად“ გადაიქცა, მე-6 ბატალიონი პირველი ამერიკული საველე საარტილერო ქვედანაყოფი აღმოჩნდა ერაყში. ომის განმავლობაში ბატალიონი დროული და ზუსტი სარაკეტო საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოფდა საომარ თეატრში მყოფ ორივე ამერიკულ კორპუსს, 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიონს, ფრანგულ მე-6 მსუბუქად შეჯავშნულ დივიზიონს, 1-ლი ქვეითი დივიზიონის 1-ლ ჯავშანსატანკო პოლკს, 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონს და 24-ე მექანიზებულ ქვეით დივიზიონს.

1990 წელს ტეხასის ფორტ ჰუდიდან სპარსეთის ყურეში გადაისროლეს 92-ე საველე საარტილერიო პოლკის A ბატარეა. იმავე წლის აგვისტოში ფორტ ბრეგიდან მას შეუერთდა 27-ე პოლკის მე-3 ბატალიონი, ხოლო სექტემბერში ოპერაცია „უდაბნოს ფარის“ მხარდასაჭერად 1-ლი საკავალერიო დივიზიონის 21-ე საველე საარტილერიო პოლკის A ბატარეა ჩავიდა. 1990 წლის დეკემბერში გერმანიიდან გადაისროლეს მე-3 ჯავშანსატანკო დივიზიის მე-40 საველე საარტილერიო პოლკის A ბატარეა (ჰანაუ), 41-ე საველე საარტილერიო ბრიგადას მიკუთვნებული 27-ე პოლკის 1-ლი ბატალიონი (ბაბენჰაუზენი) და 27-ე პოლკის მე-4 ბატალიონი (ვერტჰაიმი), ხოლო ოკლაჰომას ეროვნული გვარდიის 158-ე საველე საარტილერიო პოლკის 1-ლი ბატალიონი მათ 1991 წლის იანვარში შეუერთდა.

 
M270 გამშვები დანადგარი (მარჯვნივ), დამტენი (მარცხნივ) და მართვის პუნქტი, რომელიც M577 საკომანდო მანქანაშია განთავსებული (უკან).

ოპერაციაში „უდაბნოს ქარიშხალი“ სულ 89 ერთეული ზალპური ცეცხლის სისტემა იყო ჩართული. მათი პირველი გამოყენება 1991 წლის 18 იანვარს მოხდა, როცა მე-6 ბატალიონის A ბატარეამ ერაყელთა მიწა-ჰაერის სისტემების მიმართულებით 8 ერთეული 610 მმ ტაქტიკური რაკეტა (ATACMS) გაუშვა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს სამმა ბატარეამ 24 სხვადასხვა მიზანზე 287 ერთეული რაკეტა 5 წუთზე ნაკლებ დროში ისროლა. მსგავსი საცეცხლე ზემოქმედებისთვის ლულიანი არტილერიის ბატალიონს საათზე მეტი დრო დასჭირდებოდა.[1] 1991 წლის თებერვლის დასაწყისში, ღამით, 27-ე პოლკის მე-4 ბატალიონმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ზალპური ცეცხლის ოპერაცია აწარმოა.[15] ერთი ამოცანის განმავლობაში ქვედანაყოფმა 312 რაკეტა ისროლა.[16] 1991 წლის 24 თებერვალს სახმელეთო ოპერაციები დაიწყო, რის შემდეგაც, აშშ VII კორპუსის მხარდასაჭერად 414 რაკეტა გაუშვეს. ომის ბოლომდე, მთლიანობაში, დაახლოებით 57,000 საარტილერიო გასროლა განხორციელდა, საიდანაც 6,000 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტა, ხოლო 32 ერთეული 610 მმ-იანი ტაქტიკური რაკეტა (ATACMS) იყო.[1]

სხვა ოპერაციები

საპარსეთის ყურის ომის შემდეგ M270 არაერთ სამხედრო ოპერაციაში გამოიყენეს, მათ შორის იყო ერაყში შეჭრა 2003 წელს. 2007 წლის მარტში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში, კერძოდ, ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად ერთი ოცეული გაგზავნა. ისინი ახლადშექმნილ მართვად რაკეტებს იყენებდნენ.

მართვადი რაკეტები პირველად 2005 წლის სექტემბერში, ერაყში გამოიყენეს. ორი 227 მმ-იანი რაკეტა ტალ-აფარში, 50 კილომეტრის სიშორეზე განლაგებულ მეამბოხეთა პოზიციებზე გაუშვეს, რასაც 48 ერაყელი მებრძოლი შეეწირა.[1]

2011 წლის აპრილში იდარ-ობერშტაინში მდებარე გერმანიის არმიის საარტილერიო სკოლას მოდერნიზებული MLRS II და M31 მართვადი რაკეტები გადაეცა. ამ ტიპის რაკეტებს გერმანიის არმია 90 კილომეტრამდე რადიუსში იყენებს.[17]

ვარიანტები

 
ბრიტანული M270 კემპ ბასტიონში, ავღანეთი, 2008
 
ბრიტანული M270 გასროლის მომენტში, ოტერბერნის საწვრთნელი რაიონი, 2015
 
გერმანული არმიის კუთვნილი M270. მისი გერმანული დასახელებაა Mittleres Artillerieraketensystem (MARS) —საშუალო კალიბრის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა.
  • M270 — თავდაპირველი ვერსია, შეიარაღებული 12 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტით, რომლებიც ორ ექვსრაკეტიან პაკეტშია გადანაწილებული. ეს შეჯავშნული, მუხლუხიანი გამშვები სისტემა „ბრედლის“ შასის იყენებს და რთულ რელიეფზე მაღალი გამავლობით გამოირჩევა.
  • M270 IPDS — შუალედური განახლება, რომელიც რამდენიმე გამშვებს შეეხო, რათა მათ შორ მანძილზე მოქმედი, ATACMS Block IA ტიპის მართვადი ტაქტიკური რაკეტების, უნიტარული და Block II რაკეტების გასროლა შესძლებოდათ, ვიდრე საკმარისი რაოდენობის M270A1 ვარიანტები დამზადდებოდა.
  • M270A1 — 2005 წლიდან აშშ არმიაში, ხოლო მოგვიანებით, სხვა ქვეყნებში დაწყებული განახლებების შედეგი. გამშვები დანადგარი გარეგნულად M270-ის იდენტურია, თუმცა, გააჩნია გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემა (IFCS) და გაუმჯობესებული გამშვები მექანიკური სისტემა. ეს მნიშვნელოვნად ზრდის სწრაფსროლას და ახალი ტიპის, მათ შორის, მართვადი რაკეტების გასროლის საშუალებას იძლევა.
  • M270B1 — ბრიტანული განახლება, A1-ის მსგავსი, თუმცა, გააჩნია დამატებითი ჯავშანი, რომელიც გათვლას ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებებით თავდასხმისგან უკეთ იცავს.
  • M270C1 — Lockheed Martin-ის მიერ შემოთავაზებული განახლება, რომელშიც M270A1-ის გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემა (IFCS) უნდა ჩანაცვლებულიყო M142 HIMARS-ის უნივერსალური ცეცხლის მართვის სისტემით (UFCS).
  • MARS2 / LRU — M270-ის ევროპული განახლება, რომელიც გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის შეკვეთით დამზადდა. MARS2 აღჭურვილია ცეცხლის მართვის ახალი სისტემით (EFCS - European Fire Control System, ევროპული ცეცხლის მართვის სისტემა), რომელიც Airbus Defense and Space-მა შექმნა. სისტემა დანადგარს საშუალებას აძლევს, გაუშვას M31, M31A1, M32, AT2 და 110 მმ-იანი რაკეტები, მაგრამ არა M26, M26A1 და M30, რათა არ დაირღვეს შესაბამისობა კლასტერული შეიარაღების კონვენციასთან.
  • M270D1 — მოიცავს ცეცხლის მართვის ახალ სისტემას, რომელიც GPS-ით მართვადი რაკეტებისა და ტაქტიკური რაკეტების გაშვების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ვერსია აღჭურვილია ახალი კომპიუტერით, ადგილმდებარეობის განსაზღვის მოწყობილობით, GPS ანტენით, გაშვების მართვის სისტემით, დისპლეებით და დისტანციური მართვის მოდულით. ამჟამად მხოლოდ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ბაჰრეინის და ფინეთის შეიარაღებაშია.

HIMARS

 
HIMARS-ი უაით სენდზის სარაკეტო პოლიგონზე, 2005 წლის იანვარი

M142 მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System, HIMARS) მსუბუქი სარაკეტო გამშვები დანადგარია, რომელიც 1990-იან წლებში ამერიკის არმიისთვის შეიქმნა. იგი დამაგრებულია სტადარტული M1140 სატვირთოს შასიზე.

HIMARS-ის შეიარაღება შედგება 6 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტის ან 1 MGM-140 ATACMS ტაქტიკური რაკეტისგან. მისი შეიარაღება სრულად ემთხვევა M270-ის სტანდარტულ საბრძოლო მასალას, თუმცა, მისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი პაკეტი აქვს და აღჭურვილია გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემით. HIMARS-ი M270-ზე გაცილებით მსუბუქია და მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავითაც.[18]

საბრძოლო მასალა

 
„ფოლადის წვიმა“ („Steel Rain“) — M77 ტიპის მცირე ზომის ბომბები, რომლებიც ჩატვირთულია M26 ტიპის რაკეტაში, თითოეულში 644 ცალი. M77-ის წინამორბედია საარტილერიო ჭურვებისთვის განკუთვნილი M483A1.

M270-ის სისტემას შეუძლია ზალპური ცეცხლის მართვადი და უმართავი რაკეტების გაშვება, რომლებსაც რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა მწარმოებელი აწარმოებს. მათ შორისაა:

  • M26 (აშშ): კლასტერული რაკეტა 644 ცალი M77 ტიპის მცირე ზომის ბომბით, სროლის მანძილი 32 კმ.
    • M26A1 (აშშ): გაუმჯობესებული მანძილის მქონე რაკეტა, რომელშიც ჩატვირთულია 518 ერთეული M85 ტიპის ბომბი (M77-ის გაუმჯობესებული ვარიანტი). სროლის მანძილია 45 კილომეტრამდე.
    • M26A2 (აშშ): იგივეა, რაც M26A1, მაგრამ იყენებს M77 ტიპის ბომბებს. გამოიყენებოდა შუალედურ პერიოდში, M85-ის შეიარაღებაში მიღებამდე.
    • ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი: Boeing-მა და Saab Group-მა[19] მოახდინეს 110 კგ-იანი საავიაციო ბომბის მოდიფიცირება და აღჭურვა სარაკეტო ძრავით, რაც იძლევა მათი სახმელეთო დანადგარებიდან, მათ შორის, M270-დან გაშვების საშუალებას. მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნების არმიებმა კლასტერული საბრძოლო მასალის შეიარაღებიდან ამოღება დაიწყეს, კომპანიებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელია M26 რაკეტების გადაკეთება ისე, რომ მათი გამოყენება აღნიშნული ბომბების გასაშვებად მოხდეს.
  • M27 (აშშ): სრულიად ინერტული (ცარიელი) სასწავლო გამშვები პაკეტი/კონტეინერი დატენვის პროცესში გათვლის მოსამზადებლად.
  • M28 (აშშ): სასწავლო რაკეტა; M26, რომელშიც საბრძოლო მასალის ნაცვლად ჩატვირთულია სამი ბალასტის კონტეინერი და სამი საკვამლე კონტეინერი დაცემის ადგილის მოსანიშნად.
    • M28A1 (აშშ): შემცირებული მანძილის სავარჯიშო რაკეტა ბრტყელი თავით. მანძილი შემცირებულია 9 კილომეტრამდე.
  • XM29 (აშშ): რაკეტა, რომელშიც ჩატვირთულია ტანკსაწინააღმდეგო, „ჭკვიანი“ ბომბები (Sense and Destroy Armor, SADARM). არ არის სტანდარტიზებული.
  • M30 (აშშ): მართვადი რაკეტა. სასროლი მანძილი 60 კილომეტრზე მეტია, მასში ჩატვირთულია 404 ერთეული M85.[20]
    • M30A1 (აშშ): მართვადი რაკეტა ალტერნატიული ქობინით. მასში მცირე ზომის ბომბების ნაცვლად ჩატვირთულია ვოლფრამის ბურთულები, რაც იწვევს სასურველ ეფექტს აუფეთქებელი ნარჩენი საბრძოლო მასალის გარეშე.[21]
  • M31 (აშშ): მართვადი უნიტარული რაკეტა. შექმნილია M30-ის ბაზაზე და აქვს 91 კილოგრამიანი მსხვრევად-ფუგასური ქობინი. განკუთვნილია ურბანულ სივრცეში და მთიან რელიეფზე გამოყენებისათვის.[22][23]
    • M31A1 (აშშ): M31-ის გაუმჯობესებული ვარიანტი.
  • GMLRS-ER (აშშ): მართვადი რაკეტა 150 კილომეტრამდე გაზრდილი მოქმედების რადიუსით.[24] რაკეტები იყენებს მცირედით გაზრდილ ძრავს და სამართავ კუდს, თუმცა, მათი საერთო ზომა გაზრდილი არაა და ერთ პაკეტში კვლავ 6 ეტევა. ექნება როგორც უნიტარული, ისე ვოლფრამის ქობინები. მათი გამოცდა 2021 წლის განმავლობაში, ხოლო წარმოება 2022 წლიდან იგეგმება.[25]
  • M32 SMArt (გერმანია): M30-ის ვარიანტი, რომელშიც Diehl Defence-მა 4 ერთეული SMArt-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ბომბი ჩატვირთა და აღჭურვა ფრენის ახალი პროგრამით. განხორციელდა მისი დემონსტრაცია, მაგრამ შეკვეთა არ გაფორმებულა. M32 არაოფიციალური სახელია.
  • AT2 (გერმანია): დამზადებულია M26-ის ბაზაზე და გამოიყენება სამიზნე რაიონის დისტანციური დანაღმვისათვის. მასში ჩატვირთულია 28 ერთეული AT2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, სროლის მანძილია 38 კილომეტრი.
  • 110 მმ-იანი რაკეტა (გერმანია): მოძველებული LARS2 სისტემის 110 მმ-იანი რაკეტა, რომელსაც საწვრთნელი მიზნებისთვის იყენებენ. საჭიროებს სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც მისთვის განკუთვნილ 6 რაკეტიან პაკეტს მოიცავს.
 
M270 ტაქტიკური რაკეტა MGM-140 ATACMS-ის გაშვების მომენტში
  • M39 (MGM-140) (აშშ): საარმიო ტაქტიკური სარაკეტო სისტემა (ATACMS). დიდი ზომის (610 მმ) მართვადი რაკეტა სხვადასხვა ტიპის ქობინებით. M270-ს შეუძლია 2 ერთეული ტაქტიკური რაკეტის გაშვება.
  • XM135 (აშშ): რაკეტა ორმაგი მოქმედების ქიმიური ქობინით (VX ნერვული აგენტი). არ არის სტანდარტიზებული.

უკუინჟინერია

ამერიკის მხრიდან ტექნოლოგიების გაზიარებაზე უარის გამო, თურქეთმა, რომელსაც M26 რაკეტების მარაგის მოპოვება აშშ-თან შეთანხმების გარეშე სურდა, დაიწყო M26 რაკეტების უკუინჟინერია SAGE 227 პროექტის სახით. ამ დროს შეიქმნა A/B/C/D ტიპების საშუალო სიშორის შერეული საწვავის მქონე რაკეტები და SAGE-227 F ექსპერიმენტული მართვადი რაკეტა.

  •   თურქეთი PARS SAGE-227 F (თურქეთი): ექსპერიმენტული მართვადი რაკეტა, რომელიც თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭომ შექმნა M26 რაკეტების ჩანაცვლების მიზნით.

ისრაელი

ისრაელი M270-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს იყენებს, სახელწოდებით „მენატეც“, რომლისთვისაც საბრძოლო მასალას IMI Systems აწარმოებს.

  • TCS/RAMAM: შეუძლია ტრაექტორიის კორექტირება ფრენის დროს, რაც ზრდის სიზუსტეს.
  • Romach: GPS-ით მართვადი რაკეტა. სროლის მანძილია 35 კილომეტრი, გააჩნია 20 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი და მოხვედრების 10 მეტრზე ნაკლები ცდომილება.[26]
  • Ra'am Eithan („ძლიერი ქუხილი“): TCS/RAMAM-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელშიც აუფეთქებელი ნარჩენი საბრძოლო მასალის წილი ძალზე მცირეა.

ზოგიერთ რაკეტის მახასიათებლები

  • კალიბრი: 227 მმ
  • სიგრძე: 3.94 მ
  • ძრავი: მყარი საწვავი
დასახელება წონა მაქსიმალური მანძილი მართვა ქობინი
M26 306 კგ 32 კმ 644 ერთეული M77 ბომბი
M26A1/A2 296 კგ 45 კმ M26A1: 518 ერთეული M85 ბომბი
M26A2: 518 ერთეული M77 ბომბი
M30/M31 70 კმ GPS/INS M30: 404 ერთეული M85 ბომბი
M31: 90 კგ მსხვრევად-ფუგასური (უნიტარული)
AT2 SCATMIN 254 კგ 38 კმ AT2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები
PARS SAGE-227 F 300 კგ/160 კგ 70 კგ

ალტერნატიული ქობინის პროგრამა

2012 წლის აპრილში Lockheed Martin-მა მიიღო $79.4 მილიონის ღირებულების კონტრაქტი მართვადი რაკეტების შესაქმნელად, რომელშიც კლასტერული ქობინების ნაცვლად გამოყენებული იქნებოდა Alliant Techsystems-ის მიერ შექმნილი ალტერნატიული ქობინი. ეს ვერსია უკვე არსებული რაკეტების მხოლოდ მცირედით მოდიფიცირებას მოითხოვს. შექმნისა და წარმოების პროგრამა 36 თვე უნდა გაგრძელებულიყო, ხოლო პირველი რაკეტები შეიარაღებაში 2016 წელს უნდა მიეღოთ.[27] ალტერნატიული ქობინი წარმოადგენს დიდი ზომის საჰაერო ამფეთქის მქონე ქობინს, რომელიც მიზნიდან 9.1 მეტრის სიმაღლეზე ფეთქდება და ფანტავს ჯავშანგამტან ფრაგმენტებს. სამიზნე რაიონში იწვევს მნიშვნელოვან ზიანს ისე, რომ აფეთქების შემდეგ ადგილზე მხოლოდ მყარი მეტალის ფრაგმენტები და რაკეტის ინერტული ნაწილები რჩება.[28] 90 კილოგრამიანი ქობინი დაახლოებით 182,000 წინასწარ ფორმირებულ ვოლფრამის ფრაგმენტს შეიცავს.[29] საჰაერო აფეთქების ფუნქცია უნიტარულ მართვად რაკეტებსაც აქვს და იგი დიდ აფეთქებას და ნამსხვრევებს იწვევს, თუმცა, ალტერნატიული ქობინის მცირე ზომის ბურთულები უფრო დიდ არეალს ფარავს.[21]

2013 წლის 22 მაისს განხორციელდა ალტერნატიული ქობინით აღჭურვილი მართვადი რაკეტის გამოცდა. მისი გაშვება M142 HIMARS-იდან მოხდა 35 კილომეტრზე. მას უფრო დიდი ეფექტი ექნება მატერიალურ და ცოცხალ სამიზნეზე ისე, რომ აუფეთქებელ ნარჩენებს არ დატოვებს.[30]

2013 წლის 23 ოქტომბერს Lockheed-მა რაკეტების მესამე და ბოლო საინჟინრო საფრენი ტესტირება ჩაატარა. სამმა რაკეტამ 17 კილომეტრში განლაგებული სამიზნეები სრულად გაანადგურა. ამის შემდეგ ალტერნატიული ქობინის პროგრამა საწარმოო კვალიფიკაციის ტესტის ეტაპზე გადავიდა.[31] საწარმოო კვალიფიკაციის მეხუთე, ბოლო ტესტირება 2014 წლის აპრილში მოხდა, როცა HIMARS-მა 4 რაკეტა 65 კილომეტრის დაშორებით არსებულ სამიზნეებზე გაუშვა.[32]

2014 წლის 28 ივლისს Lockheed-მა წარმატებით დაასრულა რაკეტების ოპერატიული ტესტირება. მასში სამხედროები მონაწილეობდნენ, რომლებმაც აღნიშნული რაკეტები რეალური ცეცხლის მართვის სისტემის გამოყენებით, საშუალო და შორ მანძილზე HIMARS-იდან გაუშვეს. საწყისი ოპერატიული გამოცდისა და ტესტირების სავარჯიშო 2014 წლის სექტემბერში დაიგეგმა.[33]

2015 წლის 15 სექტემბერს Lockheed-მა უნიტარული მართვადი რაკეტების 10 პარტიის შეკვეთა მიიღო, რომელშიც ალტერნატიული ქობინების პირველი შეკვეთაც შედის.[34]

ოპერატორები

 
M270 ამჟამინდელი ოპერატორები აღნიშნულია ლურჯად, ხოლო ყოფილი ოპერატორები — წითლად.
 
იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალების M270
 
ისრაელის თავდაცვის ძალების M270 Menatetz გამოფენაზე

ამჟამინდელი ოპერატორები

  •   ეგვიპტე: ეგვიპტის არმია (42)
  •   ბაჰრეინი: ბაჰრეინის სამეფო არმია (9), შეუძლია ATACMS ტაქტიკური რაკეტების გაშვება.[35]
  •   ფინეთი: ფინეთის არმია (22),[36] უწოდებენ 298 RsRakH 06. გაუმჯობესებულია და შეუძლია მართვადი რაკეტებისა და ტაქტიკური რაკეტების გაშვება,[36] გარდა ამისა, 12 ერთეული ყოფილი დანიური M270A1 გამოიყენება მხოლოდ მძღოლების სწავლებისათვის.[37]
  •   საფრანგეთი: საფრანგეთის არმია (13),[38] ეწოდება LRU (Lance-Roquette Unitaire).[38] გაუმჯობესებულია მართვადი რაკეტების ევროპული სტანდარტების მიხედვით.[39]
  •   გერმანია: გერმანიის არმია (50+202), ადგილობრივი სახელია MARS[40] (Mittleres Artillerieraketensystem). გაუმჯობესებულია მართვადი რაკეტების ევროპული სტანდარტების მიხედვით.[39]
  •   საბერძნეთი: საბერძნეთის არმია (36), შეუძლია ტაქტიკური რაკეტების გაშვება.[35]
  •   ისრაელი: ისრაელის თავდაცვის ძალები (64), ადგილობრივი სახელია „მენატეც“ (מנתץ), „დამანგრეველი“.[41]
  •   იტალია: იტალიის არმია (22).[40] გაუმჯობესებულია მართვადი რაკეტების ევროპული სტანდარტების მიხედვით.[39]
  •   იაპონია: იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალები (99). შეუძლია მართვადი რაკეტებისა და ტაქტიკური რაკეტების გაშვება.[35][42]
  •   საუდის არაბეთი: საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების სამეფო საარტილერიო კორპუსი (180).
  •   სამხრეთ კორეა: კორეის რესპუბლიკის არმია (58, 48 M270 და 10 M270A1). შეუძლია ტაქტიკური რაკეტების გაშვება.[35][43][44]
  •   თურქეთი: თურქეთის არმია (12). შეუძლია ATACMS BLK 1A ტაქტიკური რაკეტების გაშვება.[35]
  •   გაერთიანებული სამეფო: სამეფო არტილერია (42), გაუმჯობესებული ვარიანტი M270B1, რომელიც წარმოადგენს A1 ვარიანტს დამატებითი დაცვით.[45] შეუძლია მართვადი რაკეტების გაშვება.[45]
  •   აშშ: აშშ არმია (840+151), 220+ გაუმჯობესებულია M270A1-მდე.[45] შეუძლია მართვადი რაკეტებისა და ტაქტიკური რაკეტების გაშვება.[45]

ყოფილი ოპერატორები

 
ნიდერლანდების სამეფო არმიის კუთვნილი M270 ეროვნულ სამხედრო მუზეუმში, 2015
  •   დანია: დანიის სამეფო არმია (შეიარაღებიდან ამოღებულია; მიჰყიდეს ფინეთს) (12)
  •   ნიდერლანდები: ნიდერლანდების სამეფო არმია (შეიარაღებიდან ამოიღეს 2004 წელს, მიჰყიდეს ფინეთს)
  •   ნორვეგია: ნორვეგიის არმია (12), შეიარაღებაში იყო მხოლოდ რამდენიმე წლით, 2005 წელს კი საწყობებში განთავსდა.[46]
  •   აშშ: აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსი (შეიარაღებაში აღარაა, ჩაანაცვლა HIMARS-მა)

პოტენციური ოპერატორები

  •   ლიეტუვა: ლიეტუვურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ქვეყანამ M270 სისტემები შეიძინოს.[47]
  •   უკრაინა: დაგეგმილია M270 სისტემის გადაცემა უკრაინისთვის აშშ-ის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან.[48][49][50]

მეტსახელები

12 ერთეული 227 მმ-იანი კლასტერული რაკეტის გაშვებით ერთი სისტემა სრულად ფარავს 1 კვადრატულ კილომეტრს. ამ მიზეზით, ბრიტანელი არტილერისტები M270-ს ზოგჯერ „კოორდინატთა კვადრატის განადგურების სისტემას“ (Grid Square Removal System) უწოდებენ, რადგანაც მეტრული სისტემის რუკები 1 კვადრატული კილომეტრის მასშტაბის კვადრატებადაა დაყოფილი; გარდა ამისა, ეს მეტსახელი ხუმრობაა სისტემის ძველი დასახელების, GSRS აბრევიატურაზე.[51] ასევე, არტილერისტები ხუმრობით ხშირად „ღმერთის თითს“ უწოდებენ, რადგან სტანდარტული მასშტაბის რუკებზე ერთი კვადრატი დაახლოებით ერთი თითის წვერით იფარება.

ხშირად უწოდებენ „ბოშათა ვაგონს“, რადგან გათვლის წევრები დამატებითი სივრცის არარსებობის გამო ხშირად ინახავენ დამატებით აღჭურვილობას, მაგალითად კამუფლირების ბადეებს, სალაშქრო საწოლებს და სხვა ნივთებს გამშვების თავზე. მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების შემოღების შემდეგ (M30 და სხვები) მას „70 კილომეტრიან სნაიპერულ შაშხანას“ უწოდებენ ხოლმე.[52]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 The Multiple Launch Rocket System დაარქივებული 2018-10-31 საიტზე Wayback Machine. . Warfare History Network. 30 October 2018.
  2. John Pike. M270 Multiple Launch Rocket System - MLRS. Globalsecurity.org. ციტირების თარიღი: 2013-10-23
  3. M270 Multiple Launch Rocket System - MLRS. Fas.org. ციტირების თარიღი: 2013-10-23
  4. After Cluster Bombs: Raining Nails დაარქივებული 2017-02-11 საიტზე Wayback Machine. , Wired, 30 May 2008
  5. "Guided MLRS Unitary Rocket Successfully Tested" დაარქივებული 2006-11-15 საიტზე Wayback Machine. , Microwave Journal, Vol. 49, No. 3 (March 2006), page 39.
  6. Lockheed Gets $16.6M to Convert MLRS Rockets, Asked to Speed Up GMLRS Production (updated). Defense Industry Daily (August 2, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 24, 2007. ციტირების თარიღი: ნოემბერი 10, 2021.
  7. M31 GMLRS Unitary დაარქივებული 2015-06-27 საიტზე Wayback Machine. - Globalsecurity.org
  8. Precision Fires Rocket & Missile Systems დაარქივებული 2015-06-27 საიტზე Wayback Machine. - MSL.Army.mil
  9. Defense & Security Intelligence & Analysis: IHS Jane's | IHS. Janes.com. ციტირების თარიღი: 2013-10-23
  10. USA Moves to Update Its M270 Rocket Launchers. Defenseindustrydaily.com (2012-07-01). ციტირების თარიღი: 2013-10-23
  11. Improved Multiple Launch Rocket System tested at White Sands Missile Range დაარქივებული 2016-04-16 საიტზე Wayback Machine. - Army.mil, 31 July 2015
  12. US Army’s extended-range guided rocket sees successful 80-kilometer test shot. Defense News. 5 March 2021.
  13. Lockheed scores $1.1B contract to build US Army’s guided rocket on heels of extended-range test. Defense News. 31 March 2021.
  14. History for 6th Battalion, 27th Field Artillery (1960s to Present). Military.com. ციტირების თარიღი: 2013-10-23
  15. C-1/27th FA MLRS. YouTube (2009-11-26). ციტირების თარიღი: 2013-10-23
  16. Pike, John. „4th Battalion, 27th Field Artillery Regiment“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-09. ციტირების თარიღი: 2017-10-08.
  17. Rollout MARS II und GMLRS Unitary de. Bwb.org (2012-07-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-17. ციტირების თარიღი: 2021-11-10.
  18. YouTube.
  19. Boeing and Saab Adapt Air Launched Small Bomb for Ground Launch დაარქივებული 2019-05-30 საიტზე Wayback Machine. . Boeing.com. Accessed 30 May 2019.
  20. Devon L. Suits, Army News Service (May 8, 2019) Army demonstrates extended ranges for precision munitions. ციტირების თარიღი: May 10, 2019
  21. 21.0 21.1 The new M30A1 GMLRS Alternate Warhead to replace cluster bombs for US Army Central. Army Recognition. 16 January 2017.
  22. Guided MLRS Unitary Rocket · Lockheed Martin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-11. ციტირების თარიღი: 2021-11-10.
  23. Finland - Guided Multiple Launch Rocket System (GMLRS) M31A1 Unitary and GMLRS M30A1 Alternative Warhead Rockets in Pods - The Official Home of the Defense Security Cooperation Agency. ციტირების თარიღი: 2015-11-12
  24. Army Building 1,000-Mile Supergun დაარქივებული 2018-10-15 საიტზე Wayback Machine. . Breaking Defense. 11 October 2018.
  25. Army, Lockheed prep for first extended-range guided rocket test firing. Defense News. 13 October 2020.
  26. Israel's new guided missiles system Romah will soon be operational დაარქივებული 2016-01-17 საიტზე Wayback Machine. - Armyrecognition.com, 15 January 2016
  27. GMLRS to Get a New Warhead დაარქივებული 2014-05-02 საიტზე Wayback Machine. - Defense-Update.com, 24 April 2012
  28. Army tests safer warhead დაარქივებული 2014-09-12 საიტზე Wayback Machine. - Armytechnology.Armylive.DoDlive.mil, 2 September 2014
  29. Guided Multiple Launch Rocket System (GMLRS) Alternative Warhead (GMLRS-AW) M30A1 დაარქივებული 2017-09-11 საიტზე Wayback Machine. - Office of the Director, Operational Test & Evaluation. 2015
  30. US Army searches for cluster munitions alternatives. Dmilt.com. ციტირების თარიღი: 2013-10-23
  31. Alternative GMLRS Warhead Completes Third Successful Fight Test დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine. - Deagel.com, 23 October 2013
  32. Lockheed Martin GMLRS Alternative Warhead Logs Successful Flight-Test Series, Shifts To Next Testing Phase დაარქივებული 2014-04-19 საიტზე Wayback Machine. - Lockheed news release, 16 April 2014
  33. Lockheed Martin Completes Successful Operational Flight Tests of GMLRS Alternative Warhead დაარქივებული 2014-07-29 საიტზე Wayback Machine. - Deagel.com, 28 July 2014
  34. Lockheed Martin GMLRS Alternative Warhead Gets First Order დაარქივებული 2015-11-19 საიტზე Wayback Machine. - Marketwatch.com, 15 September 2015
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 35.4 *   Qatar: ყატარის არმია (12) Atacms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
  36. 36.0 36.1 Lockheed Martin Receives $45.3 Million Contract to Upgrade Finland's Precision Fires Capability. Lockheed Martin (18 May 2011). ციტირების თარიღი: 2 June 2015
  37. M270 (MLRS) (2014). ციტირების თარიღი: 2 June 2015
  38. 38.0 38.1 La DGA commande 13 Lance-roquettes unitaires (LRU). Direction générale de l'armement (7 Oct 2011). ციტირების თარიღი: 2 June 2015
  39. 39.0 39.1 39.2 Sagem's Sigma 30 navigation and pointing system chosen to modernize M270 Multiple Launch Rocket Systems for three European armies. Sagem (18 Jan 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
  40. 40.0 40.1 MLRS Improved. Krauss-Maffei Wegmann. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 2 June 2015
  41. Institute, Stockholm. Trade Registers. Stockholm International Peace Research Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 13 August 2016
  42. GMLRS. Lockheed Martin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
  43. M270 MLRS Report between 1993 and 2014. ციტირების თარიღი: 29 August 2016
  44. MLRS (Multiple Launch Rocket System), United States of America. ციტირების თარიღი: 29 August 2016
  45. 45.0 45.1 45.2 45.3 MLRS® M270 Series Launchers. Lockheed Martin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
  46. NRK. „Hærens storslegge i hvilestilling“. NRK (ნორვეგიული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-21. ციტირების თარიღი: 2017-02-10.
  47. „Lūžio metai: kariuomenė keisis neatpažįstamai“. DELFI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-10. ციტირების თარიღი: 2016-12-11.
  48. „US preparing to approve advanced long-range rocket system for Ukraine“. CNN. 26 May 2022. ციტირების თარიღი: 27 May 2022.
  49. [image Deutschland will angeblich Mehrfachraketenwerfer in die Ukraine liefern]. Der Spiegel. თარგი:Better source needed
  50. Великобритания вслед за Штатами объявила о поставках реактивных систем в Украину.
  51. Ben Rooney, "Tank-busting helicopters ready for action" დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine. , Daily Telegraph, April 21, 1999.
  52. [1] დაარქივებული December 23, 2009, საიტზე Wayback Machine.