ჯეთრო ტალი

(გადამისამართდა გვერდიდან Jethro Tull)

ჯეთრო ტალი — ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1967-1968 წლებში.მათი მუსიკა გამოირჩევა ორიგინალური ვოკალური ჰარმონიითა და ჯგუფის ლიდერის, იენ ანდერსონის მიერ ფლეიტაზე შესრულებული სოლოებით. თავდაპირველად ჯგუფი უკრავდა ბლუზ როკს ექსპერიმენტული ელემენტებით, შემდეგ კი, წლების განმავლობაში, მათ მუსიკას დაემატა ევროპული კლასიკური მუსიკის ფრაგმენტები, ხალხური და ეთნიკური მოტივები, ჯაზისა და არტ როკისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ჯეთრო ტალის ალბომების 60 მილიონი ასლი.

ჯეთრო ტალი

ჯგუფი 2007 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ბლეკპული და ლუტონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
ბლუზ როკი
ფოლკ როკი
მძიმე როკი
აქტიური 1967 - 2014[1]
ლეიბლ(ებ)ი Chrysalis Records
Eagle Records
Roadrunner Records
EMI
Capitol Records
Island Records
წევრები იენ ანდერსონი
მარტინ ბარი
დონ პერი
დევიდ გუდიე
ჯონ ო’ჰარა
ყოფილი წევრები იხილეთ წევრობის ისტორია
საიტი www.j-tull.com
ჯეთრო ტალი ვიკისაწყობში

ჯგუფის სახელით გამოცემული უკანასკნელი ჩანაწერები გამოვიდა 2003 წელს. 2014 წლის აპრილში ანდერსონმა განაცხადა, რომ ჯეთრო ტალი აღარ არსებობდა და მას სურდა ამ ჯგუფის სახელწოდების გავლენისგან გათავისუფლება.[2]

1963–1968: წარმოშობა

რედაქტირება

იენ ანდერსონის პირველი ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1963 წელს, ბლეკპულში, იყო The Blades. 1966 წლისათვის იგი იქცა შვიდკაციან თეთრი სოულის შემსრულებელ კოლექტივად John Evan Band (მოგვიანებით - John Evan Smash), რომელსაც ასე ეწოდა მუსიკოს ჯონ ევანის პატივსაცემად. ამ უკანასკნელმა საკუთარი გვარიდან სპეციალურად ამოიღო ასო „ს“, რათა გვარს უცნაური ჟღერადობა ჰქონოდა. ამ მომენტისათვის ბერიმორ ბარლოუ უკვე უკრავდა ჯგუფში დასარტყამ ინსტრუმენტებზე.

ჯგუფი გადავიდა ლონდონში, იმოგზაურა ლივერპულში. მაგრამ კონცერტებს მსმენელების მცირე რაოდენობა ესწრებოდა. ამის გამო მომავალი ჯეთრო ტალი ხშირად იცვლიდა სახელს - უშუალოდ, მენეჯერების შემოთავაზებით. „ჯეთრო ტალი“ მათ სახელად აიღეს უფრო მოგვიანებით, XVIII საუკუნის აგრიკულტურისტის პატივსაცემად.

კოლექტივის პირველ სინგლს ერქვა Sunshine Day - თუმცა მასზე ჯგუფის სახელი არასწორად ეწერა - Jethro Toe.

ჯგუფის პირველი სინგლი, Sunshine Day, რომლის პროდიუსერი დერეკ ლოურენსი იყო წარუმატებელი ღმოჩნდა და დიდ რარიტეტად იქცა.

ბლუზური სტილის სადებიუტო ალბომი This Was, რომელიც 1968 წელს გამოვიდა[3], შეიცავდა ხალხური მოტივებსაც. აქვე იგრძნობოდა ჯაზური განხრა. აშკარა იყო, რომ კოლექტივი საკუთარი თავის ძიებაშია. მიუხედავად ამისა, ფირფიტას საკმაოდ კარგი შეფასება მიეცა.

ალბომის გამოცემის შემდეგ, ანდერსონთან კამათის გამო აბრაჰამსმა დატოვა ჯეთრო ტალი და ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი, Blodwyn Pig. მისი ჯგუფიდან წასვლის ბევრი მიზეზი იყო - იგი თავად ბლუზურ სტილს მიჰყვებოდა, ხოლო ანდერსონს უფრო ფართო მასშტაბის მქონე ექსპერიმენტები სურდა. ამასთან, აბრაჰამსი ვერ შეეწყო კორნიკს. კიდევ ერთი მიზეზი ის, რომ აბრაჰამსს არ სურდა და არ შეეძლო კვირაში სამი საღამოს განმავლობაში დაკვრა. დანარჩენები თვლიდნენ, რომ აქტიურობა იმ ეტაპზე უფრო სწორი იქნებოდა.

მცირე პერიოდის განმავლობაში გიტარისტი ტონი აიომი (Black Sabbath) შეუერთდა ჯეთრო ტალს. მისი ხილვა, მაგალითად, შესაძლებელია ფილმში როლინგ სტოუნზის როკ ენ როლის ცირკი (რომელშიც სინამდვილეში ჟღერს სიმღერის A Song For Jeffrey სტუდიური ვარიანტი).[4]

1969–1971: საკუთარ სტილზე მუშაობა

რედაქტირება

1968 წლის დეკემბერში, გიტარისტის კასტინგის შემდეგ, არჩეული იქნა მარტინ ბარი, ჯგუფების Motivation, Penny Peeps და Gethsemane ყოფილი წევრი. იმ პერიოდში იგი ნოელ რედინგის ჯგუფში Fat Mattress უკრავდა. ბარი ანდერსონს მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ისე ნერვიულობდა, რომ კასტინგის დროს თითქმის ვერაფერი დაუკრა. ბარმა სამუდამოდ შეცვალა აბრაჰამსი.

ახალმა გაერთიანებამ ჩაწერა Stand Up, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. დღემდე იგი რჩება ჯგუფის ერთად-ერთ #1 ალბომად (ჩარტების მიხედვით). ალბომის ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა Bourée, რომელიც ბახის ნაწარმოებს ეფუძნება. ამ პერიოდში ჯეთრო ტალი პროგრესული როკის სახელებს შორის გამოჩნდა - კინგ კრიმსონთან, ჯენესისთან, Yes და სხვებთან ერთად. „Living in the Past“ იმავე პერიოდში იქნა ჩაწერილი და გამოცემული ცალკე სინგლის სახით. ასევე გამოიცა სხვა სინგლები და მინი-ალბომი Life Is a Long Song (1971). 1970 წელს ჯგუფს დაემატა ჯონ ივენი. მასთან ერთად ჩაწერეს Benefit.

ამ დისკის გამოცემის მერე უცნობი მიზეზით კორნიკმა დატოვა ჯეთრო ტალი[5][6], მისი ადგილი კი ანდერსონის ბავშვობის მეგობარმა, ჯეფრი ჰემონდმა დაიკავა (მას მიეძღვნა სიმღერები A Song For Jeffrey, Jeffrey Goes to Leicester Square და For Michael Collins, Jeffrey, and Me). მან მოგვიანებით შეასრულა მთხრობელის როლი ალბომზე A Passion Play, სიმღერაში „The Story of the Hare Who Lost His Spectacles“. ალბომების ყდებზე ჯეფრი მითითებულია როგორც „ჰემონდი-ჰემონდი“ - ერთგვარი ხუმრობის სახით, მათთვის, ვისაც ეს ესმოდა - ვინაიდან ქორწილამდე მისი დედის გვარი ასევე იყო ჰემონდი, თუმცა მამაც ჰემონდი ჰყავდა (მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთმანეთს სულ არ ენათესავებოდა).

1971 წელს ჯგუფმა გამოსცა თავისი ყველაზე ცნობილი სტუდიური ალბომი Aqualung. ეს პოეტურად მდიდარი დისკი ახდენს კონცენტრირებას ანდერსონის საკუთარ პოზიციებზე რელიგიის და საზოგადო ფასეულობების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის სიმღერები სხვადასხვა თემას ეხება, იგი ერთგვარ კონცეფტუალურ დისკად ითვლება. მთავარი გმირი ყველგან არის მაწანწალა, რომელიც ქუჩებში დახეტიალობს და გოგონებისადმი სიმპატიებს ავლენს. სიმღერის „Cross-Eyed Mary“ გმირია სკოლის მოსწავლე-მეძავი.[7] My God დაწერილი იქნა ალბომამდე და უკვე სრულდებოდა კონცერტებზე. მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა წილად ხვდა კომპოზიციას Locomotive Breath, რომელიც ჯგუფის კონცერტებზე დღემდე სრულდება.

1972—1976: პროგრესული როკი

რედაქტირება

1971 წლის დასაწყისში ჯგუფი დატოვა ბანკერმა (ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილით). მას ჩაენაცვლა ბერიმორ ბარლოუ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ეპიკური დისკის Thick as a Brick ჩაწერაში. ამჯერად დისკი ნამდვილად კონცეპტუალური იყო, ხოლო მისი ერთი კომპოზიცია ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომელთა საერთო ჟღერადობა 43 წუთს და 28 წამს შეადგენდა - რას როკ-მუსიკისათვის ნამდვილი სიახლე იყო.[8] მიუხედავად ამისა, რადიოსადგურებმა გაბედეს მათი ნაწილებად ეთერში გაშვება. ეს იყო ჯგუფის ნამდვილი წვლილი პროგრესული როკის განვითარებაში და მისი პირველი დისკი, რომელიც მოხვდა ამერიკულ ჰიტ-აღლუმში.

 
ჯეთრო ტალი, ჩიკაგო 1973

1972 წელს გამოჩნდა კრებული Living in the Past, რომლის ერთი ნაწილი შეიცავს ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში 1970 წელს ჩატარებული კონცერტის ჩანაწერს, ხოლო სასათაურო კომპოზიცია იქცა ჯგუფის ერთ-ერთ წარმატებულ სინგლად.

სამშობლოში მაღალი გადასახადების გამო ჯგუფმა დროებით გადაინაცვლა პარიზში, სტუდიაში, რომელსაც მანამდე ელტონ ჯონი, როლინგ სტოუნზი და სხვები იყენებდნენ. მაგრამ ანდერსონი უკმაყოფილო იყო იქ შემოთავაზებული ტექნიკით და რეპეტიციები შეწყდა. 1993 წელს ამ სესიების ნაწილი გამოიცა დისკის Nightcap: The Unreleased Masters 1973–1991 სახით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჯგუფმა იმუშავა ახალ მასალაზე - ალბომისთვის A Passion Play. ამჯერად დისკის ცენტრალურ თემას წარმოადგენდა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. მუსიკალური მხარე გამდიდრებული იქნა ჟღერადობასთან შესამჩნევი ექსპერიმენტებით, კერძოდ - საქსოფონის დამატებით. მიუხედავად იმისა, რომ დისკი არც თუ ცუდად იყიდებოდა, ანდერსონის განწყობაზე იმოქმედეს მუსიკალურმა კრიტიკოსებმა. მათ შორის იყო კრის უელჩი, რომელმაც ჯგუფს დაბალი შეფასება მისცა, მიუხედავად მისი შთამბეჭდავი საკონცერტო გამოსვლებისას.[9]

მაგრამ პრესასთან ურთიერთობების გაფუჭების პარალელურად, იზრდებოდა სიყვარული მსმენელების მხრიდან. 1974 წელს იგი განამტკიცა ალბომის War Child გამოცემამ. დისკმა დიდი წარმატება იქონია ჰიტ-აღლუმებში, ხოლო სიმღერები „Bungle In The Jungle“ და „Skating Away on the Thin Ice of the New Day“ სინგლებად იქცნენ. მნიშვნელოვანი იყო სიმღერა „Only Solitaire“, რომელიც მიეძღვნა ანდერსონის ერთ-ერთ ცნობილ კრიტიკოს რობერტ ჰილბერნს.

1975 წელს გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი Minstrel in the Gallery, რომელიც Aqualung-ს ჰგავდა და შეიცავდა ნაზ აკუსტიკურ სიმღერებს, მკვეთრ კომპოზიციებთან ერთად, ბარის გამოკვეთილი პასაჟებით. აქ იყო სევდიანი ფიქრები, ღია ცინიზმის ელემენტებით (შესაძლოა, ანდერსონის პიროვნული კრიზისის ტალღაზე, რომელიც გამოწვეული იქნა მეუღლესთან გაყრით). კრიტიკოსებმა დისკ არაერთგვაროვანი შეფასებები მიანიჭეს, მაგრამ მოყვარულებმა ძირითადად, დადებითად შეაფასეს. მაგრამ გამოცემას მოჰყვა ჰემონდის წასვლა - მან უარი თქვა საერთოდ მუსიკაზე და ფერწერით დაინტერესდა. მას ჯონ გლესკოკი ჩაენაცვლა.

1976 წელს მასთან ერთად ჩაიწერა Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die! - ერთგვარი კონცეპტუალური ალბომი მოცუხებული როკ-ვარსკვლავის შესახებ. მაგრამ ანდერსონი უარყოფდა, რომ მისი პროტოტიპი თავად იყო. მიუხედავად ამისა, ალბომში თანდართული კომიქსიდან ნათელი ხდება, რომ მათ შორის საერთო ბევრი რამ არის.

1977—1979: ფოლკ-როკ ალბომების ტრილოგია

რედაქტირება
 
იენ ანდერსონი 1978 წელი

შემოქმედებითი ათწლეული დაგვირგვინდა სამი ალბომით, რომლებშიც ფოლკ-როკი დომინირებს. ესენია Songs from the Wood, Heavy Horses და Stormwatch. ამ ჟანრობრივ ცვლილებაში მოულოდნელი არაფერი იყო - ფოლკ-როკის მოყვარულთა წრეებში ჯგუფი ისედაც პოპულარული იყო. ამ დროისთვის ანდერსონი ცხოვრობდა ფერმაზე ქალაქგარეთ, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.

1978 წელს გამოიცა Bursting Out, საკონცერტო ალბომი. საკონცერტო გამოსვლების პერიოდში ჯონ გლესკოკს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ამიტომ საჭირო გახდა ბას-გიტარისტის მოძებნაც - ანდერსონმა ამის შესახებ ტონი უილიამსს, ჯგუფის Stealers მონაწილეს სთხოვა.

1977 წელს ჯგუფს უკვე დაემატა დევიდ პალმერი (კლავიშები), რომელიც მანამდე საკონცერტო არანჟირებზე ეხმარებოდა. 1979 წელს გლესკოკმა პროგრესირებადი ავადმყოფობის საფუძველზე საბოლოოდ დატოვა კოლექტივი და გარდაიცვალა იმავე წლის შემოდგომაზე, გულზე ქირურგიული ოპერაციის დროს. იგი შეცვალა დეივ პეგმა (ჯგუფი Fairport Convention). ტურნეს შემდეგ ბარლოუმ დატოვა ჯეთრო ტალი, დამძიმებულმა გლესკოკის დაკარგვით.

1970-იანი წლების საკონცერტო გამოსვლები

რედაქტირება

1970-იანი წლების დასაწყისში გამოირჩეოდა არა მხოლოდ ჯგუფის საკონცერტო ჟღერადობა, არამედ სასცენო იმიჯიც. გამოსვლები თეატრალურ წარმოდგენებს ჰგავდა. ანდერსონი ხშირად დახეული სამოსით გამოდიოდა, მაგრამ მოგვიანებით შოუში ჯგუფის წევრებიც აქტიურობდნენ.

მაგალითად, გლენ კორნიკი ხშირად გამოდიოდა თავზე გაკრული ყელსაბამით, ხოლო ჰემონდი ატარებდა შავ-თეთრ ზოლებიან კოსტუმს. სცენაზე მასთან ერთად ჩნდებოდა ორი ადამიანი პერსონალიდან - ორივე ზებრას განასახიერებდა, რომელიც მაყურებელს აფურთხებდა პინგ-პონგის ბურთებს. ჯონ ივენი სევდიანი კლოუნის როლს ასრულებდა, ხოლმე იღებდა ბოთლს, რომელშიც თითქოს სპირტიანი სასმელი ესხა. ბარლოუ იყენებდა საკმაოდ დიდ დასარტყამ ჯოხებს, შესრულებისას კი მოცული იყო ბოლით. მარტინ ბარი შედარებით მშვიდად გამოიყურებოდა, თუმცა ანდერსონი და ივენი ხოლმე ხუმრობით წიხლებს უთავაზებდნენ.

Thick as a Brick-ის პერიოდის გამოსვლებში ჯგუფის წევრები გამოდიოდნენ კურდღლების ფორმით, შესვენების დროს კი, სცენაზე დადგმულ გასახდელ ჯიხურში კოსტუმებს იცვლიდნენ ბარი და ბარლოუ. A Passion Play-სთან ერთად თავდაპირველად დაგეგმილი იყო თეატრალიზებული დადგმების ამსახველი ვიდეოჩანაწერის თანდართვაც, მაგრამ მოგვიანებით ეს ვიდეო მოხვდა ჯგუფის კრებულში. Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!-ს პერიოდში ჯგუფს სურდა მულტიმედიური შოუს შექმნა, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა.

სასცენო ექსპერიმენტები შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. 1982 წელს საკონცერტო ტურნეს Broadsword and the Beast მსვლელობისას სცენა წარმოადგენდა ვიკინგების გიგანტურ გემს. 1970-იანების ბოლოს ანდერსონი ჩნდებოდა ესკუაირის ფორმით. ალბომის A მხარდასაჭერი ტურნეს დროს ჯგუფი იგივე კოსტუმებს ატარებდა, რაც დისკის ბუკლეტზე. სხვადასხვა სასცენო ხერხებს იგი დღემდე იყენებს. მაგალითად, რომელიმე სიმღერის დროს დარბაზში ჟღერს სატელეფონო ზარი (დღეს მობილური ტელეფონის არსებობისას ეს ხუმრობა უფრო აქტუალურია და ხშირია). გამოსვლის ბოლოს სცენაზე ჩნდება გასაბერი ბუშტები, რომლებსაც ანდერსონი დარბაზში ისვრის.

1980—1984: ელექტრონული როკი

რედაქტირება

1980 წელს გამოცემული ალბომი A თავდაპირველად დაგეგმილი იყო, როგორც ანდერსონის სოლო-ალბომი, მაგრამ მოგვიანებით მას სხვა მუსიკოსებიც დაემატნენ, მარკ კრეინის და ედი ჯობსონის თანხლებით. სინთეზატორის აქტიური გამოყენება მოხდა რამდენიმე სიმღერაში, რაც გაგრძელდა შემდეგ სტუდიურ დისკზე - Broadsword and the Beast. მასზე, თავის მხრივ, ფოლკ-როკის მცირე რაოდენობაც იყო, მაგრამ სინთეზატორი უკვე ჯგუფის შემოქმედების ახალ ელემენტად მყარად იქცა.

თუმცა, 1983 წელს ანდერსონმა მაინც გამოსცა საკუთარი დისკი - Walk into Light. ელექტრონული მუსიკის ნიშნები აქაც შეიმჩნეოდა. ალბომის რამდენიმე კომპოზიცია ჯეთრო ტალის საკონცერტო გამოსვლებშიც მოხვდა - „Fly by Night“, „Made in England“ და „Different Germany“.

ელექტრონული მუსიკით გადატაცებამ პიკს მიაღწია ჯგუფის ახალ ალბომზე Under Wraps - დასარტყამების პარტიები აქ მთლიანად დრამ-მანქანით იქნა აწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი გამოხატავდა ახალი ჟღერადობით კმაყოფილებას, კრიტიკოსებმა და მოყვარულებმა ეს ნაბიჯი არ მოუწონეს. დამამშვიდებელი ფაქტორი იყო MTV-ის ეთერში კლიპის „Lap of Luxury“ გამოჩენა.

იმავე პერიოდში ანდერსონს გაუჩნდა პრობლემები ვოკალზე და ჯგუფის შემოქმედებაში სამწლიანი პაუზა ჩამოვარდა. ანდერსონმა თავი გაირთო საკუთარ ფერმაზე თევზის გამრავლებით.

1987—1991: მძიმე როკი

რედაქტირება

1987 წელს დაბრუნებული ჯგუფის ალბომი Crest of a Knave ჟღერდა, როგორც კლასიკური ჯეთრო ტალი, 1980-იანების მცირეოდენი სტილისტიკით. დისკმა დიდი წარმატება იქონია. ჯგუფის წვლილი მუსიკაში აღინიშნა გრემის მოულოდნელი ჯილდოს სახით - თანაც, საუკეთესო მძიმე მეტალის ჯგუფის კატეგორიაში (ამ პრიზზე პრეტენდენტი ჯგუფი მეტალიკაც იყო[10]. დღემდე ბევრი ამ ფაქტს გაუგებრობად თვლის, თუმცა ანდერსონმა იხუმრა პრესაში - ფლეიტა არის ძალიან მძიმე მეტალისგან დამზადებული ინსტრუმენტი.[11]

1988 წელს გამოვიდა ჯგუფის კრებული 20 Years of Jethro Tull, მანამდე უცნობი ჩანაწერებით და საკონცერტო კრებულით. ეს იქცა დიდ რარიტეტად კოლექციონერებს შორის. გაიმართა საგასტროლო ტურნეც, მარტინ ოლკოკის მონაწილეობით. კონცერტებზე იგი ძირითადად კლავიშებიან საკრავებზე უკრავდა.

1989 წელს გამოვიდა კიდევ ერთი სტუდიური დისკი Rock Island, რომელიც წინა ალბომთან შედარებით ოდნავ შეუმჩნეველი იყო, მაგრამ წარმატება იქონია მისმა სინგლმა „Kissing Willie“. დიდი ხმაური გამოიწვია სიმღერის მუსიკალურმა ვიდეომ, რომელშიც ეროტიკული სცენებიც იყო.

1991 წელს ჯგუფმა სცადა მსმენელების კიდევ ერთი დისკით დაინტერესება - Catfish Rising. ანდერსონი ამტკიცებდა, რომ ბლუზს უბრუნდება, მაგრამ დისკში მკვეთრად ჟღერდა მანდოლინა და აკუსტიკური გიტარა, ელექტრონული ჟღერადობა კი მინიმუმზე იქნა დაყვანილი. საუკეთესო კომპოზიციებს შორის აღმოჩნდნენ „Rocks On The Road“ და „Still Loving You Tonight“.

1992—1994: ტურნეები და კრებულები

რედაქტირება

1992 წელს გაიმართა საკონცერტო ტურნე A Little Light Music, სადაც ჯგუფის სიმღერები ძირითადად, აკუსტიკურად სრულდებოდა - მათ შორის ძველი და დავიწყებული სიმღერების დიდი რაოდენობაც. ამ გამოსვლების ნაწილი გამოიცა დისკის სახით. მოყვარულები მას დიდი ინტერესით იძენდნენ. სასიამოვნო იყო, რომ ანდერსონის ვოკალიც გაუმჯობესდა.

1993 წელს შემოქმედების 25 წლის აღსანიშნავად ჯგუფმა გამოსცა ძველი სიმღერების გადამუშავებული ვერსიების 4 დისკიანი კრებული, რომელიც ასევე შეიცავდა კლასიკური კომპოზიციების ინტერპრეტაციებსაც. სიმღერის „Living in the Past“ ახალი ვერსია მოხვდა ბრიტანული ჰიტ-აღლუმების #32 პოზიციაზე.

1992 წლის შემდეგ ფლეიტაზე შესრულების მანერა ანდერსონმა ოდნავ შეცვალა, სიმღერებში ბევრი ეთნიკური მოტივი გამოჩნდა. ჯგუფი დროებით დატოვა დეივ პეგმა, მის მაგივრად კი ჯონათან ჯოისი მოვიდა. გამოვიდა ახალი ალბომები Roots to Branches (1995) და J-Tull Dot Com (1999) - არც თუ მძიმე ჟღერადობით და უკვე ნახსენები ეთნიკური მოტივების ელემენტებით. მთავარი გავლენა მათზე მოახდინა ჯგუფის მოგზაურობამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებულად დიდ ინტერესს იწვევდა J-Tull Dot Com, რომელშიც სიტყვების თამაშის ბევრი მაგალითია, გამოკვეთილი სატირით თანამედროვე ტექნოლოგიების თემაზე.

1995 წელს გამოვიდა ანდერსონის ახალი სოლო-დისკი Divinities: Twelve Dances with God, ფლეიტის თანხლებით ჩაწერილი 12 ინსტრუმენტული კომპოზიციით. მის ჩაწერაში მონაწილეობდა ჯეთრო ტალის ახალი მონაწილე ენდრიუ გიდინგზი (კლავიშები) და ორკესტრი. შემდგომში ანდერსონმა კიდევ რამდენიმე სოლო-დისკი ჩაწერა.

მოულოდნელად, ჯეთრო ტალის შემდეგი სტუდიური ალბომი იყო საშობაო თემაზე შექმნილი სიმღერების კომპილაციური ალბომი - როგორც უკვე არსებული ხალხური სიმღერების ინტერპრეტაციით, ასევე სრულიად ორიგინალური მასალით, რომელიც ჯგუფის წევრების მიერ იქნა დაწერილი.

2001 წელს ანდერსონი გაერთიანდა კორნიკთან, ბანკერთან და აბრაჰამსთან. ერთად მათ საკონცერტო ტურნე ჩაატარეს - მცირე ბარებში.

 

2005 წელს გამოვიდა ორი ცოცხალი ჩანაწერი Nothing Is Easy: Live at the Isle of Wight 1970 (1970 წლის) და Aqualung Live (2005).

2006 წელს გამოვიდა კრებული Collectors Edition, რომელიც შეიცავს ჯგუფის გამოსვლას უაიტის კუნძულზე (1970). კრებულში ასევე მოხვდა 2001 წლის ბრიტანული და ამერიკული ტურნეების ჩანაწერების ნაწყვეტები, ისევე როგორც ჯეთრო ტალის პირველი შემადგენლობის გამოსვლის კადრები.

2007 წელს გამოვიდა კრებული The Best of Acoustic Jethro Tull, ჯგუფის აკუსტიკური სიმღერების კომპილაციური ალბომი. აგრეთვე გამოვიდა Live at Montreux 2003, ჯგუფის გამოსვლით მონტრეს ჯაზ-ფესტივალზე.

2007 წლიდან ჯგუფი აქტიურად მოგზაურობდა საკონცერტო ტურნეებით, დრო და დრო კი მის დისკოგრაფიას დაემატა ახალი DVD-ები, სხვადასხვა წლების კონცერტებით. 1996 და 1999 წლებში ასევე გამოიცა ჯგუფის სტუდიური კატალოგის რემასტერები. ახალი სტუდიური მასალის შესახებ რამე ინფორმაცია არ არსებობდა, თუმცა ზოგიერთი ახალი სიმღერა სრულდებოდა ჯეთრო ტალის კონცერტებზე ამა თუ იმ წელს.

2010 წლის თებერვალში ორგანიზაციამ PRS for Music ჯგუფს მიანიჭა სპეციალური ჯილდო მუსიკაში შეტანილი წვლილისათვის. ცერემონია შედგა ბლეკპულის კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც გაიმართა ჯეთრო ტალის პირველი საკონცერტო გამოსვლა.[12]

იენის და მარტინის სოლო შემოქმედება. ჯეთრო ტალის დასასრული (2011–14)

რედაქტირება

2011 წელს გამოვიდა ალბომი Aqualung 40 წლიანი საიუბილეო გამოცემა, სტივენ უილსონის 5.1 მიქსის სახით.

2011 წლის ნოემბერში მარტინი ამბობდა, რომ ჯეთრო ტალის ალბომის ჩაწერა არ იგეგმებოდა. 2012 წელს მან შეკრიბა ჯგუფი Martin Barre's New Day, რომელიც ძირითადად ჯეთრო ტალის სიმღერებს ასრულებდა.[13][14][15]

2012 წლის 30 იანვარს ანდერსონისგან ცნობილი გახდა, რომ 2 აპრილს გამოვიდოდა Thick as a Brick-ის გაგრძელება Thick As a Brick 2: Whatever Happened to Gerald Bostock?. იგი გამოიცა, როგორც ანდერსონის და არა ჯეთრო ტალის ალბომი. 2012 და 2013 წლებში ტურნეს ფარგლებში იენი და მისი ბენდი ასრულებდნენ როგორც წინამორბედს, ასევე ახალ ალბომსაც.[16]

2013 წლის ნოემბერში ანდერსონმა გამოაცხადა, რომ 2014 წლის აპრილში გამოვიდოდა ახალი ალბომი Homo Erraticus, რასაც თან დაერთვებოდა ტურნეც. ალბომი, ანდერსონის განცხადებით, არის პროგრესული-როკის ჟანრის კონცეპტუალური ნამუშევარი, რომელშიც მიმოხილულია ინგლისის წარსული, აწმყო და შესაძლო მომავალი. როგორც წინა ალბომი, ისიც ანდერსონის სახლით გამოიცა.[17]

ალბომის გამოცემის შემდეგ, 2014 წლის აპრილში, ანდერსონმა განაცხადა, რომ ყველა მომავალი ალბომი მისი სახელით გამოვიდოდა და ჯეთრო ტალი აღარ არსებობდა.[2]

შემადგენლობა

რედაქტირება

ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი და ფლეიტისტი დაარსებიდან დღემდე არის იენ ანდერსონი.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. http://jethrotull.com/musicians/
  2. 2.0 2.1 Graff, Gary. (15 April 2014) Ian Anderson Releases New Solo Album, Talks 'End' of Jethro Tull. Billboard. ციტირების თარიღი: 17 April 2014.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-30. ციტირების თარიღი: 2011-03-26.
  4. http://www.themarqueeclub.net/jethro-tull
  5. Glen Cornick Q&A, 19 Nov 2009, reproduced on The Jethro Tull Board. ციტირების თარიღი: 2010-10-06.
  6. Attention to All Tull Fans: The Glenn Cornick interview, 21 Nov 2007,. ციტირების თარიღი: 2010-10-06.[მკვდარი ბმული]
  7. New Musical Express, 21 Mar 1971, reproduced on Tullpress.com. ციტირების თარიღი: 2007-02-10.
  8. Smith, Bradley (1997). Billboard Guide to Progressive Music, First printing, Billboard Books, გვ. 113. ISBN 0-8230-7665-2. 
  9. Crime of passion. Melody Maker. tullpress.com. ციტირების თარიღი: 2007-04-22.
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-14. ციტირების თარიღი: 2010-06-13.
  11. http://www.tullpress.com/images/ad89.jpg
  12. http://news.bbc.co.uk/2/hi/uk_news/england/lancashire/8536951.stm
  13. Wright, Jeb. Forty years of Aqualung: An interview with Jethro Tull's Martin Barre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 25 November 2011.
  14. „Interview with Martin Barre“. Classic Rock Revisited. 22 November 2011.
  15. Free Press Radio Show: Martin Barre of Jethro Tull. ციტირების თარიღი: 30 November 2011.
  16. NRT. (5 May 2012) Set lists of Jethro Tull live concerts in 2012, at the Ministry of Information. Ministry-of-information.co.uk. ციტირების თარიღი: 5 May 2012.
  17. Homo Eratticus – The New Studio Album From Jethro Tull's Ian Anderson. ციტირების თარიღი: 8 December 2013.