მანჭკვალა

(გადამისამართდა გვერდიდან Armillaria mellea)

მანჭკვალა, შემოდგომის მანჭკვალა (ლათ. Armillaria mellea) — სოკოს სახეობა ფიზალაკრიასებრთა ოჯახისა. გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს გარდა ანტარქტიდისა და სამხრეთ ამერიკისა.

მანჭკვალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფიზალაკრიასებრნი
გვარი:  მანჭკვალა
სახეობა:  მანჭკვალა
ლათინური სახელი
Armillaria mellea (Vahl) P. Kumm., 1871

კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე მანჭკვალა საჭიროებს თერმულად დამუშავებას. იხმარება შემწვარი, მოხარშული, დამარინადებული, დამარილებული და გამხმარი სახით.

პარაზიტი სოკოა. იწვევს მერქნის ლპობას. იზრდება დიდ ჯგუფებად დამპალ და ცოცხალ წიწვიან და ფოთლოვან ხეებზე, აგრეთვე ცოცხალი ხეებისა და ბუჩქების ფესვებზე,[1] აგვისტოს ბოლოდან ზამთრის დასაწყისამდე.

სოკო პირველად აღწერა დანიელმა მიკოლოგმა მარტინ ვალმა 1790 წელს როგორც Agaricus melleus.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[3]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus melleus Vahl (1790)
  • Agaricus sulphureus Weinm.
  • Armillaria mellea var. glabra Gillet (1874)
  • Armillaria mellea var. maxima Barla (1887)
  • Armillaria mellea var. minor Barla (1887)
  • Armillaria mellea var. sulphurea (Weinm.) Fr. (1879)
  • Armillariella mellea (Vahl) P.Karst. (1881)
  • Clitocybe mellea (Vahl) Ricken (1915)
  • Lepiota mellea (Vahl) J.E.Lange (1915)

ქუდის დიამეტრი — 3-10 სმ (იშვიათად 15-17 სმ-მდე), თავიდან ამოზნექილი, შემდეგ კი ბრტყლად გაშლილი, ხშირად ტალღისებური კიდეებით. ახასიათებს ბორცვაკი. ზედაპირი დაფარულია წვრილი მურა ქერცლებით, რომლებიც ასაკთან ერთად შეიძლება გაქვრეს.[4] ნორჩობაში თაფლისფერ-ყვითელი, თაფლისფერ-ყავისფერი ან ზეთისხილისფერ-ყვითელია, შემდგომში ზეთისხილისფერ-ყავისფერი და მუქი ყვითელ-ყავისფერი. ცენტრში უფრო მუქია.

რბილობი — მოთეთრო, ნორჩობაში მკვრივი, ასაკთან ერთად თხელდება. ფეხში ბოჭკოვანი; სიმწიფეში უხეშია. ახასიათებს სასიამოვნო სუნი და გემო.

ფირფიტები — შედარებით მეჩხერი, შეზრდილი ფეხთან ან ოდნავ დაღმავალი. ნორჩობაში მოთეთრო, ასაკში მუქდება ვარდისფერ-ყავისფრამდე. შესაძლოა დაიფაროს მურა ქერცლებით

ფეხის სიგრძე — 8-10 სმ, სისქე — 1-2 სმ, მთლიანი, ღია ყვითელ-ყავისფერი ზედაპირით. ქვედა ნაწილი მუქია ყავისფერ-მურამდე. ძირისკენ შეიძლება იყოს ოდნავ გაფართოებული, თუმცა არა გამობერილი. ქუდის მსგავსად, ფეხის ზედაპირი დაფარულია მუქი ქერცლებით. ნახოფსხეულები ხშირად ფეხის ძირებით ერთმანეთზეა შეზრდილი.

საბურველის ნარჩენები: ფეხის ზედა ნაწილში ახასიათებს თეთრი ვიწრო საყელო მოყვითალო კიდეებით. როგორც წესი პირდაპირ ქუდის ქვეშ. ვოლვის გარეშე.

სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — 8,5×5,5 მკმ, ფართოელიფსისებური.

ცვალებადობა

რედაქტირება

მიჩნეულია, რომ მანჭკვალას ქუდის ფერი დამოკიდებულია სუბსტრატზე, რომელზეც იგი იზრდება. სოკო, რომელიც იზრდება ვერხვზე, თეთრ აკაციასა და თუთაზე, თაფლისფერ-ყვითლად არის შეფერილი, მუხაზე მოყავისფროა, ხოლო წიწვოვან ხეებზე — მოწითალო-ყავისფერი.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

პარაზიტი სოკოა, რომელიც აავადებს ხისა და ბუჩქის 200-მდე სახეობას. იშვიათად ვნებს ბალახოვან მცენარეებს, მაგალითად როგორიცაა კარტოფილი. იწვევს მერქნის ლპობას. იზრდება დიდ ჯგუფებად[5] (იშვიათად ერთეულებად) ცოცხალი ხის ტანზე და მის ფესვებზე. ხშირად შეიძლება მისი ნახვა დაზიანებული მცენარეების ქერქის ქვეშ.

მანჭკვალა ზოგჯერ საპროტროფია: იზრდება კუნძებზე და მკვდარ ხეებზე, ხოლო უხვ მოსავლიან წლებში — ძირნაყარ ტოტებსა და ფოთლების ყუნწებზე. ასეთ დროს ღამით კუნძებზე შეინიშნება თეთრი ნათება.

გავრცელებულია დედამიწის ყველა კონტინეტზე, გარდა ანტარქტიდისა და სამხრეთ ამერიკისა.[6] უპირატესობას ანიჭებს ნესტიან ტყეებს.

სეზონი: აგვისტოს ბოლოდან ზამთრის დასაწყისამდე. მასიურად მოდის სექტემბრის პირველ ნახევარში ან მაშინ, როდესაც საშუალო დღიური ტემპერატურა +15...+100 ცელსიუსს ქვემოთ არის. იზრდება ბევრ რეგიონში ორ-სამ ფენად, თითოეულის ხანგრძლივობა 15-20 დღე გრძელდება.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

შხამიან მანჭკვალას მატყუარას მანჭკვალასაგან განსხვავებით ფეხზე საყელო (რგოლი) არ ახასიათებს.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე საჭიროებს თერმულად დამუშავებას (მოხარშვა),[7] წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლა.[8] იხმარება შემწვარი, მოხარშული, დამარინადებული, დამარილებული და გამხმარი სახით. ფეხი უხეშია და როგორც წესი საჭმელად არ ხმარობენ.[9]

მანჭკვალა შეიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სისხლის უჯრედოვანი ელემენტების წარმოქმნაში, მაგალითისთვის, 100 გ. მანჭკვალას მიღება აკმაყოფილებს ორგანიზმისთვის საჭირო თუთიის და სპილენძის დღე-ღამის ნორმას.

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ადამიანში მანჭკვალას დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლა.[10]

გამოყენება მედიცინაში

რედაქტირება

ევროპელ და ჩინელ მეცნიერთა ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ მანჭკვალას შემცველი პრეპარატები ეხმარება ორგანიზმს ისეთი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ როგორებიცაა ოქროსფერი სტაფილოკოკი, თივის ჩხირი და Bacillus Cereus.[11]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вавриш П.О., Горовой Л.Ф., Грибы в лесу и на столе, К.: „Урожай“, 1993. — გვ. 83, 159, ISBN 5-337-00728-9.
  • Грибы: Справочник / Пер. с იტალ. Ф. Двин, М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — გვ. 88—89, ISBN 5-17-009961-4.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: «Астрель», „АСТ“, 2003. — С. 80. — ISBN 5-17-020333-0.
  • Семёнов А.И., О грибах и грибниках: Справочник по сбору грибов в Крыму, Симферополь: „Таврия“, 1990. — გვ. 80—82, ISBN 5-7780-0177-0.
  • Работнов Т. А., Говорухин В. С. Кормовые растения сенокосов и пастбищ СССР : в 3 т. / под ред. И. В. Ларина. — М. ; Л. : Сельхозгиз, 1950. — Т. 1 : Споровые, голосеменные и однодольные. — С. 44, 47. — 689 с. — 10 000 экз.
  • Хардинг П., Грибы / Перевод с англ. Д. С. Щигеля, М., 2002. — გვ. 55, ISBN 5-17-011765-5.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 106, ISBN 99940-856-1-1.
  2. Paul Kirk. (2011) Armillaria mellea English. Species Fungorum. ციტირების თარიღი: 2013-05-26.
  3. P. Kumm. (1871) , In: Führ. Pilzk. (Zwickau):134
  4. avol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  5. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda: Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL, 1985. ISBN 83-09-00714-0.
  6. Armillaria mellea. Dicover Life. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2022.
  7. Ettore Bielli: Pilze. Ein umfassender Ratgeber zum Bestimmen und Sammeln von Pilzen. Zeichnungen von Laura Maggiora. Kaiser, Klagenfurt 1998, ISBN 3-7043-2179-6, S. 77 (italienisch: Funghi. Übersetzt von Linda Pölzler, Norbert Jakober).
  8. Marcel Bon: Pareys Buch der Pilze. Kosmos, Stuttgart 2005, ISBN 3-440-09970-9, S. 142 (englisch: The mushrooms and toadstools of Britain and Northwestern Europe. Übersetzt von Till R. Lohmeyer).
  9. Davis, R. Michael; Sommer, Robert; Menge, John A. (2012). Field Guide to Mushrooms of Western North America. Berkeley: University of California Press, გვ. 134–135. ISBN 978-0-520-95360-4. OCLC 797915861. 
  10. Nordiska ministerrådet 2012: Handelssvamp დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine. , sida 41
  11. Ивойлов А. Растущие около пня // „Наука и жизнь“. — 2020. — № 8. — С. 74 — 75.