ტფილისის ბანკის ძარცვა

1907 წელს კომუნისტების მიერ მოწყობილი დილიჟანსის ძარცვა
(გადამისამართდა გვერდიდან 1907 წლის ტიფლისის ბანკის ძარცვა)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ტფილისის ბანკის ძარცვა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ტფილისის ბანკის ძარცვა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ტფილისის ბანკის ძარცვა, ასევე ცნობილია როგორც ერევანსკის მოედნის ექსპროპრიაცია[1]ტფილისში (მაშინ — რუსეთის იმპერია, დღეს — საქართველოს დედაქალაქი თბილისი) ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული ბანკის ძარცვა 1907 წლის 26 ივნისს რევოლუციური მოღვაწეობის დაფინანსებისთვის. მძარცველები დილიჟანსს თავს დაეხსნენ მაშინ, როდესაც მას ერევანსკის მოედნის გავლით (დღეს — თავისუფლების მოედანი) ტფილისის ფოსტიდან რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ბანკში ფული გადაჰქონდა. იქ მყოფ სტრაჟნიკებსა და კაზაკებს მათ ცეცხლი თოფებით გაუხსნეს, ხოლო სახელმწიფო ბანკის კუთვნილ ეტლს ბომბები ესროლეს. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ძარცვას ემსხვერპლა ორმოცი ადამიანი, დაიჭრა — ორმოცდაათი, გარდა ამისა, მძარცველებმა წაიღეს 341,000 რუბლი, რაც, 2008 წლის მონაცემებით, შეესაბამება დაახლოებით 3,4 მილიონ ამერიკულ დოლარს.

ტფილისის ბანკის ძარცვა

ერევანსკის მოედანი, ძარცვის მოქმედების ადგილი, 1870-იანი წწ.
დრო 10:35, 26 ივნისი (ძვ.სტ. 13 ივნისი), 1907
ადგილი ერევანსკის მოედანი, ტფილისი, რუსეთის იმპერია
(დღეს — თავისუფლების მოედანი, თბილისი, საქართველო)
კოორდინატები 41°41′36″N 44°48′05″E / 41.6934° ჩ. გ. 44.8015° ა. გ. / 41.6934; 44.8015
მონაწილეები ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი, მაქსიმ ლიტვინოვი, ლეონიდ კრასინი, კამო
შედეგი მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის კიდევ უფრო დიდი განხეთქილების გაჩენა
გარდაცვალებები 40
ტრავმები 50
მატერიალური ზარალი 341,000 რუბლი (3,78 მილიონი აშშ დოლარი 2008 წლისთვის)

ძარცვის ორგანიზატორები იყვნენ ბოლშევიკური ელიტის წევრები, მათ შორის: ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი, მაქსიმ ლიტვინოვი, ლეონიდ კრასინი, ალექსანდრე ბოგდანოვი და სიმონ ტერ-პეტროსიანი (კამო). რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მე-5 კონგრესი სასტიკად კრძალავდა ამგვარ ქმედებებს, რის გამოც პარტიაში ბოლშევიკების მოწინააღმდეგები გამოჩნდნენ. ამის შედეგად ლენინმა და სტალინმა მომხდარისგან დისლოცირება სცადეს. ამ ძარცვამ და სხვა ასეთმა ღონისძიებებმა ბოლშევიკური ლიდერობა ორად გაყო: ერთ მხარეს იყო ლენინი, მეორე მხარეს — ბოგდანოვი და კრასინი. მიუხედავად წარმატებული ძარცვისა, ბოლშევიკებმა ბევრი მსხვილი ბანკნოტის გამოყენება ვერ შეძლეს, რადგანაც პოლიციამ მათი ნომრები იცოდა. ამის მოსაგვარებლად ლენინმა შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმადაც 1908 წლის იანვარში სხვადასხვა ფიზიკურ პირს მთელი ევროპის მასშტაბით ბანკნოტები უნდა გამოეყენებინათ. მისი გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა — ძარცვის ფაქტზე გაიგეს მთელ მსოფლიოში, დააპატიმრეს არაერთი ადამიანი, უკმაყოფილონი დარჩნენ ევროპელი სოციალ-დემოკრატები.

სიმონ ტერ-პეტროსიანი ძარცვის შემდეგ მალევე დააკავეს გერმანიაში. სასამართლოს თავიდან ასაცილებლად (ამაში მან წარმატებას მიაღწია) იგი სამი წლის განმავლობაში შეშლილობას იმიტირებდა. მან ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაქცევაც მოახერხა, თუმცა, უკვე სხვა ძარცვის დაგეგმვისას, ორი წლის შემდეგ იგი მაინც დააპატიმრეს. ჩადენილი დანაშაულებისთვის კამოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა, მოგვიანებით, სასიკვდილო სასჯელი მას სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს, მაგრამ, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იგი გაანთავისუფლეს. კამო ერთადერთი წარუმატებელი ბოლშევიკი აღმოჩნდა. 1907 წლის ღონისძიებების სხვა არც ერთი მონაწილე არ დაუკავებიათ. კამოს გარდაცვალების შემდეგ მისი მონუმენტი ერევანსკის მოედანთან ახლოს მდებარე პუშკინის ბაღში დადგეს, თუმცა, მოგვიანებით, მონუმენტი აიღეს, მისი გვამი კი სხვაგან გადაასვენეს.

წინაპირობები

 
ვლადიმერ ლენინი 1895 წელს. ფოტო პოლიციიდან.

რსდმპ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წინამორბედი, 1898 წელს შეიქმნა. პარტიის მთავარი მიზანი იყო მარქსისტული თეორიის შესაბამისი პროლეტარული რევოლუციის გზით რუსეთის იმპერიაში ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის შეცვლა. რევოლუციური საქმეების გარდა, რსდმპ (როგორც სხვა რევოლუციონერები, მაგალითად, ანარქისტები და სოციალისტები) დაკავებული იყო სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებით, მათ შორის ექსპროპრიაციით (სახელმწიფო და სხვა ფონდების ძარცვის ევფემიზმი). ამის მიზეზი იყო რევოლუციური საქმეების დაფინანსების საჭიროება.[2][3]

1903 წლიდან რსდმპ გაიყო ორ ჯგუფად — ბოლშევიკებად და მენშევიკებად.[4] რუსეთის 1905 რევოლუციის ჩახშობის შემდეგ პარტიამ თავისი მეხუთე კონგრესი 1907 წლის მაის-ივნისში, ლონდონში ჩაატარა. კონგრესზე პარტიის წევრებს ბოლშევიკებს და მენშევიკებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარება სურდათ,[5][6] რომლის ერთ-ერთი მიზეზი სამხედრო ოპერაციებსა და ექსპროპრიაციაზე მათი განსხვავებული შეხედულებები გახდა.[6] ყველაზე მილიტარისტი ბოლშევიკები, რომელთაც სათავეში ლენინი ედგა, ძარცვების გაგრძელებას ემხრობოდნენ; მენშევიკებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ უხეშ ძალას, თავის მხრივ, სურდათ რევოლუციის მიღწევა უფრო მშვიდობიანი და თანმიმდევრული გზით. მე-5 კონგრესზე პარტიაში მიიღეს სამხედრო აქტივობების, მათ შორის, ექსპროპრიაციის, როგორც დეზორგანიზაციული და დემორალიზირებული დაგმობის რეზოლუცია, ასევე დაითხოვეს ყველა, ვინც სამხედრო გზას ემხრობოდა.[5][6] რეზოლუციას მხარი დაუჭირა ხმის მიმცემთა 65 პროცენტმა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 6 პროცენტი იყო (სხვებმა თავი შეიკავეს ან ხმა არ მიუციათ). მხარდამჭერთა შორის იყო ყველა მენშევიკი და ზოგიერთი ბოლშევიკიც.[5]

მიუხედავად იმისა, რომ პარტია კრძალავდა განცალკევებულ კომიტეტებს, მეხუთე კონგრესის დროს ბოლშევიკებმა პარტიისგან საიდუმლოდ შექმნეს თავიანთი სახელისუფლებო ორგანო, რომელსაც „ბოლშევიკური ცენტრი“ ერქვა.[4][5] მის სათავეში იდგა ლენინის, კრასინისა და ბოგდანოვის ფინანსური ჯგუფი, რომელსაც ჯერ კიდევ კონგრესის დროს უკვე დაგეგმილი ჰქონდა სხვადასხვა ძარცვები რუსეთის იმპერიის საზღვრებში, მათ შორის, ძარცვა ტფილისში, რომელიც კონგრესის დასრულებიდან მხოლოდ სამ კვირაში დაიწყო.[5][7][8]

მზადება

მეხუთე კონგრესამდე ბოლშევიკთა ელიტამ 1907 წლის აპრილში ბერლინში ჩაატარა შეხვედრა, რათა მოეწყო დისკუსია ძარცვის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც მიღებული ფული იარაღის შესყიდვაზე დაიხარჯებოდა. შეხვედრაზე მყოფმა პირებმა, მათ შორის ლენინმა, კრასინმა, ბოგდანოვმა, სტალინმა და ლიტვინოვმა გადაწყვიტეს, რომ სტალინს, თავისი ძველი ფსევდონიმით, კობათი[ა] ტერ-პეტროსიანთან ერთად ტფილისში ბანკის ძარცვის ორგანიზება უნდა მოეხდინა.[9]

იმ დროისთვის 29 წლის სტალინი ტფილისში თავის ცოლთან, ეკატერინესთან და ახალდაბადებულ შვილთან, იაკობთან ერთად ცხოვრობდა.[10] მას უკვე ჰქონდა გამოცდილება ორგანიზებულ ძარცვებში, რისი წყალობითაც მან სახელი გაითქვა როგორც ცენტრის საუკეთესო ფინანსისტმა.[1][4] სტალინზე ოთხი წლით უმცროს ტერ-პეტროსიანს (რომელიც მარქსისტი კობას დახმარებით გახდა) ჰქონდა დაუნდობელი ადამიანის რეპუტაცია. მოგვიანებით, მან ადამიანს მკერდიდან გულიც კი ამოაჭრა.[11] ძარცვის დროს ტერ-პეტროსიანი სათავეში ჩაუდგა კრიმინალურ დაჯგუფებას — ფორმის ტანსაცმელი.[12] სტალინი მას აღწერდა როგორც შენიღბვის ოსტატს,[11] ლენინი კი მას კავკასიელ ბანდიტს ეძახდა.[11]

აპრილის შეხვედრის შემდეგ სტალინი და ლიტვინოვი გაემგზავრნენ ტფილისში, რათა ტერ-პეტროსიანისთვის გეგმები შეეტყობინებინათ და რეიდის ორგანიზება დაეწყოთ.[9][13] რომან ბრაქმანის წიგნის, იოსებ სტალინის საიდუმლო ფაილის მიხედვით, კობა ბოლშევიკებთან მუშაობის დროს, ასევე იყო რუსული საიდუმლო დამცველი განყოფილების — ოხრანკის საიდუმლო აგენტი. ბრაკმენი ამტკიცებს, რომ როდესაც ჯგუფი ტფილისში დაბრუნდა, სტალინმა თავის დამაკავშირებელს, ოფიცერ მუხთაროვს ბანკის გაძარცვის გეგმაზე შეატყობინა და მას მოგვიანებით დამატებითი ინფორმაციის მიცემას დაპირდა.[9]

ტფილისში სტალინმა ძარცვისთვის მომზადება დაიწყო.[9] მან დაამყარა კონტაქტი სახელმწიფო ბანკში მომუშავე პირებთან: ბანკის კლერკთან, გიგო კასრაძესა და სკოლის ძველ მეგობართან, ვოზნესენსკისთან, რომელიც ტფილისის ფოსტაში მუშაობდა.[14][15] ვოზნესენსკიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ძარცვაში მისი დახმარება გამოწვეული იყო მისი სიმპათიით სტალინის რომანტიკული პოეზიის მიმართ.[14][15] ვოზნესენსკის დახმარება საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: მან შეატყობინა სტალინს საიდუმლო გრაფიკზე, რომელიც აჩვენებდა დროს, თუ როდის გაივლიდა ფულით დატვირთული ეტლი ერევანსკის მოედანზე.[13] მისი დახმარებით სტალინმა ზუსტად იცოდა ფულით დატვირთული ეტლის გავლის დრო — 1907 წლის 26 ივნისი.[14][15]

კრასინი სტალინს დაეხმარა შეტევაში გამოყენებული ბომბების დამზადებაში.[1] კამოს ბანდამ ბომბები დივანში დამალა და ტფილისში კონტრაბანდისტული გზით შეიტანა.[16] ძარცვამდე რამდენიმე კვირით ადრე ტერ-პეტროსიანმა კრასინის ერთ-ერთ ბომბზე მცველის დაყენებისას შემთხვევით დეტონაცია მოახდინა.[17] ამან მის თვალს დიდი ზიანი მიაყენა და ნაიარევი დაუტოვა.[18][19] ძლიერმა ტკივილმა იგი ერთი თვის განმავლობაში საწოლს მიაჯაჭვა, ძარცვის დროს კი იგი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო.[11][19]

ძარცვის დღე

ძარცვის დღეს, 1907 წლის 26 ივნისს, 20 ორგანიზატორი გეგმების საბოლოო დამუშავებისთვის ერთმანეთს ერევანსკის მოედანთან შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი მათ თავდასხმისთვის მომზადებულ ადგილებზე გადაინაცვლეს.[20] იმპერიის ხელისუფლებაში ეშინოდათ, რომ რევოლუციონერები ტფილისში მასშტაბური ოპერაციის მოწყობას აპირებდნენ, რის გამოც მთავარ მოედანზე მათ სტრაჟნიკების რაოდენობა გაზარდეს. ძარცვამდე ცოტა ხნით ადრე სტრაჟნიკები მოედნის ყველა კუთხეს იცავდნენ.[12] მძარცველებმა სტრაჟნიკები ჯერ კიდევ ოპერაციამდე შეამჩნიეს, რის გამოც თავიანთი სათვალთვალო წერტილები მათ მოედნის ზემოთ გადაიტანეს.[11][12]

ბანდის წევრები ძირითადად გლეხების ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულნი და მოედნის კუთხეებში რევოლვერებით და ჭურვებით იცდიდნენ.[11] სხვებისგან განსხვავებით, კამო მოედანზე ღია ეტლით კავალერიის კაპიტნის ფორმაში ჩაცმული მივიდა.[11][21]

ოპერაციამდე მძარცველებმა ტავერნა აიღეს. მოწმემ, დავით საგირაშვილმა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ ერევანსკის მოედანზე იგი თავის მეგობართან, ბაჩუა კუპრიაშვილთან (რომელიც მძარცველი აღმოჩნდა) ერთად სეირნობდა, როდესაც უკანასკნელმა იგი ტავერნაში მიიწვია და იქ დარჩენა სთხოვა. უკვე ტავერნაში მან დაინახა, რომ შეიარაღებული ადამიანები სხვებს შენობიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო როდესაც მოედანზე დილიჟანსი გამოჩნდა, მათ შენობა სწრაფად დატოვეს.[11]

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ბანკის ტფილისის ოფისმა გასცა ტფილისის საფოსტო ოფისიდან ბანკში ფულის დილიჟანსით გადატანის ბრძანება.[22][23] ფულით დატვირთულ დილიჟანსში იყო ორი მცველი შაშხანით, ბანკის მოლარე და ბანკის ბუღალტერი.[1][16][21] შეიარაღებული ჯარისკაცებით დატვირთული ფაეტონი დილიჟანს უკნიდან მიყვებოდა, მათ წინ, გვერდით და უკან კი ცხენოსანი კაზაკები იყვნენ.[24][25][26]

შეტევა

 
ტიპური ფაეტონი.

დილიჟანსმა მოედანზე დილის 10:30-ისთვის გაიარა. კუპრიაშვილმა მძარცველებს სიგნალი მისცა, რის შემდეგადაც მათ ეტლს ჭურვებით შეუტიეს, რამაც გამოიწვია ბევრი ცხენისა და ადამიანის დაღუპვა. ამის შემდეგ ისინი სხვა მცველების განადგურებას შეუდგნენ.[1][16][27] ჭურვებს ყველა მიმართულებით ისროდნენ.[16][28] გაზეთი ისარი წერდა:

 
„არავის შეეძლო ეთქვა, თუ რამ გამოიწვია საშინელი ხმა — იარაღის სროლამ თუ ჭურვების აფეთქებამ... ხმებმა მთელ ქალაქში პანიკა გამოიწვია... თითქმის მთელი ქალაქის ფარგლებში ხალხმა სირბილი დაიწყო, დაქროდნენ ეტლები და საზიდრები“.[16] აფეთქებები ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე ყველა კვამლსადენი გადაყირავდა, ხოლო ერთი მილით დაშორებული ყველა სარკმელი გატყდა.[29][30]

კატო სვანიძე, სტალინის ცოლი პატარა იაკობთან ერთად მოედანთან ახლოს მდებარე სახლის აივანზე იდგა, აფეთქებების შემდეგ კი სახლში შევიდა.[29]

ერთ-ერთმა დაჭრილმა ცხენმა, რომელიც დილიჟანსს იყო მიბმული, გაიქცა და ფულიც თან გაიყოლა. მას კუპრიაშვილი, კამო და კიდევ ერთი მძარცველი, დათიკო ჩიბრიაშვილი დაედევნა.[14][21][29] კუპრიაშვილის მიერ ნასროლმა ჭურვმა ცხენის ფეხები ააფეთქა, თუმცა, აფეთქების დიაპაზონში იგი თვითონაც მოჰყვა, რის გამოც მიწაზე დაეცა.[14] გონზე მოსვლა და გაქცევა მან დამატებითი სამხედრო ძალების მოსვლამდე მოახერხა.[31] დილიჟანსიდან ფული ჩიბრიაშვილმა გაიტაცა,[14][21][32] ხოლო სხვა მძარცველმა ფული კამოს ფაეტონში გადატვირთა.[32] სიჩქარის გამო მათ გზაში 20 000 რუბლი დატოვეს,[31] რომელთა ნაწილიც დილიჟანსის მძღოლმა მიისაკუთრა, რის გამოც იგი მოგვიანებით დააკავეს.[31]

გაქცევა და შემდეგი პერიოდი

 
1913 წლის ტფილისის რუკის ფრაგმენტი, სადაც ასახულია ერევანსკის მოედანი.

ფულის ხელში ჩაგდების შემდეგ, კამომ სწრაფად დატოვა მოედანი, ხოლო პოლიციის ეტლთან შეხვედრისას მან თავისი თავი კავალერიის კაპიტნად გაასაღა და დაიყვირა: ფული უსაფრთხოდაა. გაიქეცით მოედნისკენ.[32] პოლიცმაისტერი ბალაბანსკი ასეც მოიქცა და მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ იგი გაქცეულმა მძარცველმა გააცურა.[32] ამის შემდეგ კამო წავიდა ბანდის შტაბ-ბინაში, სადაც ტანსაცმელი გამოიცვალა.[32] მალევე ყველა მძარცველი სხვადასხვა ადგილას გაიფანტა, მათი დაპატიმრება კი ვერ მოხერხდა.[21][31]

ერთ-ერთმა მძარცველმა, ელისო ლომინაძემ, მასწავლებლის ტანსაცმელი ჩაიცვა და მოგვიანებით მოედანზე დაბრუნდა, რათა ხოცვა-ჟლეტისთვის ეყურებინა.[31][33] მოედანზე მოკლულ მცველებთან და ცხენებთან ერთად კიდევ ორმოცდაათი დაჭრილი ადამიანი იყო.[28][21][33] ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მხოლოდ 3 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, ოხრანკის საიდუმლო არქივების მიხედვით, სინამდვილეში 40 ადამიანი დაიღუპა.[33]

სახელმწიფო ბანკში ზუსტად არ იცოდნენ, თუ რამდენი ფული დაიკარგა ძარცვის შედეგად. საუკეთესო პროგნოზი იყო 341,000 რუბლი (2008 წლისთვის 3,4 მილიონი ამერიკული დოლარი).[21][33] დაახლოებით 91,000 რუბლი პატარა კუპიურებით იყო შეკრებილი, დარჩენილები კი იყო 500 რუბლიანი ბანკნოტები, რომელთა გადაცვლაც რთული იყო, რადგანაც პოლიციამ მათი სერიული ნომრები იცოდა.[21][33]

სტალინის როლი

 
იოსებ სტალინის საინფორმაციო ბარათი სანქტ-პეტერბურგის საიდუმლო პოლიციიდან, 1911

დღესდღეობით უცნობი და საკამათოა სტალინის მოქმედებები ძარცვის დღეს.[14] პ. პავლენკო ამტკიცებს, რომ სტალინმა პირადად შეუტია დილიჟანსს, ხოლო შემდეგ ჭურვის ფრაგმენტით დაიჭრა,[14] კამომ კი მოგვიანებით აღნიშნა, რომ სტალინს ძარცვაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია და ყველაფერს დისტანციიდან აკვირდებოდა,[21][32] ხოლო სხვა წყარო ამტკიცებს, რომ პოლიციის ანგარიშის მიხედვით, სტალინი დაუნდებელ ხოცვა-ჟლეტას კერძო სახლის აივნიდან სიგარეტით ხელში აკვირდებოდა.[32] კიდევ ერთი წყაროს მიხედვით, ძარცვის დღეს სტალინი მოედანზე კი არა, რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა,[32] ხოლო მოგვიანებით მისმა ცოლისდამ განაცხადა, რომ ძარცვის დღეს სტალინი სახლში გვიან მივიდა და ოჯახს წარმატების შესახებ უთხრა.[33]

მოგვიანებით სტალინის როლი კითხვისნიშნის ქვეშ დააყენეს მისმა კოლეგებმა — ბორის ნიკოლაევსკიმ და ლევ ტროცკიმ (რომელიც მოგვიანებით სტალინის მტერი გახდა, შემდეგ კი უკანასკნელის ბრძანებით მოკლეს). თავის წიგნში, სტალინი — ადამიანის და მისი გავლენის შეფასება, ტროცკიმ გააანალიზა ტფილისის ექსპროპრიაციის დროინდელი პუბლიკაციები და იმდროინდელი ბოლშევიკების აქტივობები და დასკვნაში დაწერა, რომ სხვები იბრძოდნენ, სტალინი კი მათ შორიდან ხელმძღვანელობდა.[2] ნიკოლაევსკის აზრით, კამოს ჯგუფის მოღვაწეობაში სტალინის როლი გადაჭარბებულია.[5] მოგვიანებით ოფიციალური დოკუმენტების არქივებმა აჩვენეს, რომ 1904 წლის ბოლოდან, ან 1905 წლის პირველი თვეებიდან სტალინმა მონაწილეობა მიიღო ექსპროპრიაციების გეგმების შედგენაში და რომ ტფილისში ჩატარებული ძარცვისას ჯგუფის პირველად გეგმებს იგი „კულისებიდან აკონტროლებდა.[34]

სპეციალური სამსახურების პასუხი და გამოძიება

 
„აუცილებელი აღჭურვილობა ფულის გადატანისთვის“. ოსკარ შმერლინგის კარიკატურა. 1906.

ძარცვას გამოეხმაურნენ მსოფლიოს გაზეთები: ბომბების წვიმა: რევოლუციონერები ავრცელებენ განადგურებას უამრავი ადამიანის თვალწინDaily Mirror, ტფილისის უკანონობაTimes of London, კატასტროფა!Le Temps in Paris, ჭურვი ბევრს კლავს; 170,000 მიტაცებულიაThe New York Times.[21][31][28]

ხელისუფლებამ არმიის მობილიზაცია მოახდინა, მძარცველების შესაპყრობად და დარჩენილი ფულის დასაცავად მოედანი ალყაში მოაქციეს.[31] გამოძიებისთვის ტფილისში ჩავიდა დეტექტივთა სპეციალური ნაწილი.[21][28][31] გამომძიებლებს არ გაუმართლათ — მოწმეთა ჩვენებები განსხვავდებოდა,[31] რის გამოც ხელისუფლებამ ვერ გაარკვია, თუ კონკრეტულად რომელი ჯგუფი იყო პასუხისმგებელი ძარცვაზე. დაადანაშაულეს პოლონელი სოციალისტები, სომხები, ანარქისტები, სოციალისტ-რევოლუციონერი, მათ შორის იყო რუსული სახელმწიფოც კი.[31]

ბრაქმანის მიხედვით, ძარცვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ოხრანკის აგენტმა მუხთაროვმა სტალინი საიდუმლო ბინაში დაკითხა. აგენტებს გააჩნდათ ინფორმაცია, რომ ვიღაცებმა დაინახეს, თუ როგორ უთვალთვალებდა სტალინი ძარცვის პროცესს. მუხთაროვის კითხვაზე, თუ რატომ არ შეატყობინა მას ძარცვის შესახებ, სტალინმა უპასუხა, რომ ძარცვის თავიდან აცილებისთვის მან ხელისუფლებას ადეკვატური ინფორმაცია მიაწოდა. დაკითხვა გადაიზარდა ცხარე კამათში; მუხთაროვმა სტალინს სახეში დაარტყა, რის შემდეგაც იგი ოხრანკის სხვა ოფიცრებმა შეაკავეს. ინცინდენტის შემდეგ მუხთაროვი ოხრანკადან გააგდეს, ხოლო სტალინს ტფილისის დატოვება და ბაქოში დარჩენა უბრძანეს, სადაც იგი საქმის შედეგს უნდა დალოდებოდა. სტალინმა ბაქო მოპარული 20,000 რუბლით 1907 წლის ივლისში დატოვა.[21] მიუხედავად იმისა, რომ რომან ბრაქმანი ამტკიცებს სტალინის ოხრანკასთან თანამშრომლობის მტკიცებულების პოვნას, ისტორიკოსები მაინც დაობენ ამ საკითხზე და კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.[35]

ფულის ტრანსპორტირება და კამოს დაპატიმრება

ნაძარცვ ფულს ტფილისში სტალინის მეგობრების, მიხა და მარო ბოჭორიძეების სახლში ინახავდნენ.[32] ფული მატრასში ჩააკერეს და მისი გადაადგილება და შენახვა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იყო შესაძლებელი.[36] შემდეგ მატრასი სხვა, უსაფრთხო სახლში გადაიტანეს, მოგვიანებით კი ტფილისის მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის დივანზე დადეს, [21][33] სავარაუდოდ იმიტომ, რომ თვითონ სტალინიც იქ მუშაობდა.[21][33] ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ სტალინმა პირადად მიიღო მონაწილეობა ფულის ობსერვატორიაში გადატანაში.[33] ობსერვატორიის დირექტორმა განაცხადა, რომ არასდროს იცოდა მოპარული ფულის მის დივანზე შენახვის შესახებ.[33]

ფულის დიდი ნაწილი კამოს განკარგულებაში იყო, რომელმაც იგი ლენინს ფინეთში (იმ დროისთვის — რუსეთის იმპერიის ნაწილი) წაუღო და დანარჩენი ზაფხული მან ლენინთან ერთად მის აგარაკზე გაატარა. იმავე შემოდგომაზე კამომ იმოგზაურა პარიზში, ბელგიაში (სადაც მან საბრძოლო მასალა შეიძინა) და ბულგარეთში (იქ მან 200 დეტონატორი შეიძინა).[18] მოგზაურობის შემდეგ კამო ბერლინში შეხვდა ცნობილ ბოლშევიკ ექიმს იაკობ ჟიტომირსკის და ლენინის წერილი გადასცა, სადაც იგი მას კამოს ჯერ კიდევ ტრავმირებული თვალის მკურნალობას სთხოვდა.[18] ლენინმა არ იცოდა, რომ ჟიტომირსკი რუსეთის ხელისუფლების საიდუმლო აგენტი იყო და რომ მან კამოს შესახებ ოხრანკას შეატყობინა,[18] რომელმაც გერმანელ კოლეგებს კამოს დაპატიმრება სთხოვა.[18] დაკავების დროს კამოს თან ჰქონდა ყალბი ავსტრიული პასპორტი და ჩემოდანი დეტონატორებით, რომელთა გამოყენებასაც იგი სავარაუდოდ სხვა ძარცვაში აპირებდა.[37]

ბანკნოტების გადაცვლა

 
მაქსიმ ლიტვინოვი.

კამოს დაპატიმრების შემდეგ ლენინს გაუჩნდა შიში, რომ მას და მის ცოლსაც დააპატიმრებდნენ და ფინეთიდან გაიქცა.[38] მას ასევე ეშინოდა, რომ მას დაედევნებოდნენ, რის გამოც უახლოეს კუნძულზე გასამგზავრებლად გემის ძებნაში ღამით მან გაყინულ ტბაზე 4,8 კილომეტრი გაიარა.[39] გზაში მას და მის ორ თანამგზავრს ყინული ჩაუტყდათ და კინაღამ დაიხრჩვნენ; მოგვიანებით ლენინმა აღნიშნა, რომ ეს სიკვდილისთვის სულელური გზა იყო.[39] ფინეთიდან ის და მისი ცოლი შვეიცარიაში გადავიდნენ.[38][39]

უნომრო ბანკნოტების გადაცვლა ადვილი იყო, თუმცა 500-რუბლიანი კუპიურების სერიული ნომრები ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რის გამოც მათი რუსულ ბანკებში გადაცვლა შეუძლებელი გახდა.[21] 1907 წლისთვის ლენინმა მათი გადაცვლა საზღვარგარეთ გადაწყვიტა.[38] კრასინმა და მისმა ფალსიფიკატორმა ზოგიერთი სერიული ნომრის შეცვლა სცადეს,[40] ხოლო ორასი 500-რუბლიანი ბანკნოტის ტრანსპორტირება მარტინ ლიადოვმა მოახდინა (ისინი მის ჟილეტში ლენინმა და მისმა ცოლმა ჩააკერეს).[5] ლენინის გეგმის მიხედვით, რამდენიმე ადამიანს მთელი ევროპის ფარგლებში 500-რუბლიანი ბანკნოტები უნდა გადაეცვალა.[38] ჟიტომირსკიმ ამის შესახებ იცოდა და ოხრანკას შეატყობინა,[38] ოხრანკამ კი ევროპის პოლიციას ბანკნოტების გადაცვლის მოსურნე ყველა ადამიანის დაპატიმრება სთხოვა.[38]

1908 წლის იანვარში დააპატიმრეს ადამიანები, რომლებსაც ბანკნოტების გადაცვლა სურდათ.[41][42][43] The New York Times იტყობინებოდა, რომ ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც ბანკნოტის გადაცვლას ცდილობდა, პოლიციის გამოძახების შემდეგ ბანკნოტის შეჭმა გადაწყვიტა. პოლიციამ იგი შეაჩერა: სამართალდამცავებმა მას ყელში ხელი წაავლეს, უკან ამოიღეს ფული, შემდეგ კი ის და მისი თანამზრახველები დააპატიმრეს.[43] სხვებისგან განსხვავებით, გაუმართლა მაქსიმ ლიტვინოვს, რომელიც პარიზში საყვარელთან ერთად დააპატიმრეს. იგი მატარებელში 12 ცალი 500 რუბლიანი-ბანკნოტით ჩაჯდომას და ლონდონში გამგზავრებას ცდილობდა.[44][45] ფრანგებმა, მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების ექსტრადირების მოთხოვნისა, ლიტვინოვი საფრანგეთიდან უბრალოდ გააგდეს.[44] ოფიციალურად საფრანგეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ რუსეთმა ექსტრადირება ზედმეტად გვიან მოითხოვა, თუმცა, სხვა ვერსიით, მათ უარი თქვეს ექსტრადიციაზე, რადგან ფრანგმა სოციალისტებმა პოლიტიკური ზეწოლის გზით ლიტვინოვის განთავისუფლება მოახერხეს.[44]

მოგვიანებით ლენინის ცოლმა, ნადეჟდა კრუპსკაიამ, თავის მემუარებში ამ ამბებზე ისაუბრა:

ტფილისში მოპოვებული ფული ბოლშევიკებმა რევოლუციური მოღვაწეობისთვის მიიღეს, თუმცა, ფულის გამოყენება შეუძლებელი იყო. იგი შედგებოდა 500 რუბლიანი ბანკნოტებისგან, რომელთა გადაცვლაც არ შეიძლებოდა. ამის გაკეთება შეუძლებელი იყო რუსეთში, რადგანაც ბანკებს ყოველთვის გააჩნდათ ბანკნოტის ნომრები... ფული კი ძალიან გვჭირდებოდა. შესამაბამისად, ამხანაგთა ჯგუფმა მათი გადაცვლა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად სცადა... ჟიტომირსკიმ ამის შესახებ პოლიცია გააფრთხილა, რის გამოც გადაცვლაში ჩათრეული ადამიანები დააპატიმრეს. ციურიხის ჯგუფის წევრი, ლეტი, სტოკჰოლმში დააკავეს, ოლგა რავიჩი, ჟენევის ჯგუფის წევრი კი მიუნხენში ბოგდასარიანთან და ხოჯამარინთან ერთად დააკავეს. ჟენევას ასევე ემსხვერპლა ნ. ა. სემაშკო, რომლის სახელზეც დაპატიმრებული ადამიანის მიერ გაგზავნილი წერილი მივიდა.[46]

ბრაკმენი ამტკიცებს, რომ მიუხედავად დაპატიმრებებისა, ლენინი მაინც არ ტოვებდა 500-რუბლიანი ბანკნოტების გადაცვლის იმედს. ლენინმა მოსკოვში ბანკნოტების გარკვეული ნაწილი უცნობ ქალს 10,000 რუბლში გაუცვალა.[42] ნიკოლაევსკის მიხედვით, ლენინმა ბანკნოტების გაცვლას დაპატიმრებების შემდეგ თავი დაანება, თუმცა, ბოგდანოვმა ბანკნოტების გაცვლა ჩრდილოეთ ამერიკაში სცადა და კრახი განიცადა, კრასინმა კი კიდევ გააყალბა სერიული ნომრები და ფული გადაცვალა.[5] მალევე, ლენინის თანამოაზრეებმა დარჩენილი ბანკნოტები თავიანთ ტერიტორიაზე დამარხეს.[5][47]

კამოს გასამართლება

სიკვდილს შეჩვეული აბსოლუტურად წყნარად ვარ. ჩემს საფლავზე უკვე უნდა იზრდებოდეს ექვსი ფუტის სიმაღლის ბალახი. ადამიანი სიკვდილს ყოველთვის ვერ გადაურჩება. ერთ დღეს იგი უნდა მოკვდეს. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვცდი ჩემს იღბალს. ვცდი გაქცევის ნებისმიერ საშუალებას. იქნებ, კიდევ ერთხელ დავცინოთ ჩვენს მტრებს... მე ბორკილებში ვარ. რაც გინდათ, ის ქენით. ყველაფრისთვის მზად ვარ.
— სასიკვდილო სასჯელის მოლოდინში მყოფი კამოს წერილი სხვა პატიმარს, 1912[48]

დაპატიმრების შემდეგ ბერლინში მყოფმა კამომ თავისი ადვოკატის, ოსკარის კონის შუამავლობით კრასინისგან წერილი მიიღო, რომელშიც იგი კამოს შეშლილის განსახიერებას ურჩევდა, რაც მას სასამართლოს თავიდან აცილებაში დაეხმარებოდა.[49] თავისი შეშლილობის დემონსტრაციისთვის კამო უარს ამბობდა საჭმელზე, იხევდა თავის ტანსაცმელს და თმებს, სცადა თავის ჩამოხრჩობა, გადაიჭრა ვენები და თავისი ექსკრემენტებიც კი შეჭამა.[50][51][52] კამოს შეშლილობაში დასარწმუნებლად გერმანელმა ექიმებმა მის ფრჩხილებქვეშ ქინძისთავებით უჩხვლიტეს, ზურგში გრძელი ნემსი შეარჭეს და ცხელი რკინით დადაღეს, თუმცა კამოს არ შეუწყვეტია შეშლილის თამაში.[51][53] ამ შემოწმების შემდეგ ბერლინის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა დაწერა, რომ არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ეჭვი შევიტანოთ კამოს შეშლილობაში. ცხადია, რომ იგი ფსიქიკურად დაავადებულია, რის გამოც იგი არ არის სასამართლოს წინაშე წარდგომის ან სასჯელის მოხდის მდგომარეობაში. საეჭვოა, რომ იგი სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებს.[54]

1909 წელს კამოს ექსტრადიცია რუსულ ციხეში მოხდა, სადაც მან შეშლილის განასახიერება გააგრძელა.[41][55] 1910 წლის აპრილში დაიწყო მისი სასამართლო პროცესი ტფილისის ძარცვაში შეტანილი წვლილისათვის.[56] პროცესებზე იგი ყველაფერს იგნორს უკეთებდა და აჭმევდა მაისურში დამალულ ჩიტს.[56] პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კამოს შეურაცხადობა დაადგინა.[56][57] საბოლოოდ, სასამართლომ აღმოაჩინა, რომ კამოს ტფილისის ძარცვის დროს ყველაფერი ესმოდა, თუმცა ამ მომენტისთვის ფსიქიკურად დაავადებული იყო და გამოჯანმრთელებამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფილიყო.[58] 1911 წლის აგვისტოში, შეშლილობიდან სამი წლის შემდეგ, კამო ტფილისის ფსიქიატრიული პალატიდან გაიქცა. გასაქცევად მან ფანჯრის გისოსები გადახერხა და ქვევით თავის მიერვე დამზადებული თოკით ჩავიდა.[41][55][59]

კამო მოგვიანებით თავის გამოცდილებაზე ყვებოდა:

რა შემიძლია გითხრათ? ისინი იყვნენ აგრესიულები, მირტყამდნენ ფეხებში და ასე შემდეგ. ერთ-ერთმა მათგანმა სარკეში ჩახედვა დამაძალა. იქ მე ვნახე ვიღაც სხვა, კბილებდაჭერილი, მაიმუნისნაირი, გამხდარი და საშინელი ადამიანი და არა ჩემი თავი. მაშინ ჩემთვის გავიფიქრე: იქნებ მართლა გავგიჟდი! საშინელი მომენტი იყო, თუმცა, ჩემი კურსი აღვადგინე და სარკეს შევაფურთხე. იცით, ვფიქრობ, რომ მაგათ მოეწონათ... დიდხანს ვფიქრობდი: გადავრჩები, თუ მართლაც გავგიჟდები? ეს მართლაც არ იყო კარგი. მე ჩემი თავის არ მჯეროდა, გესმით?.. ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, იცოდა თავისი საქმე. თუმცა ის არ იცნობს კავკასიელებს. შეიძლება ყველა კავკასიელი გიჟია იმ დონეზე, რა დონეზედაც იგი შეწუხებელია. მაგრამ ვინ გადაიყვანა ჭკუიდან ოპონენტი? არაფერი ჩანდა. მათ თავიანთი იარაღი ეჭირათ ხელში, მე ჩემი. ტფილისში კი მე არავის ვუწამებივარ. როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ გერმანელებს შეცდომის დაშვება არ შეეძლოთ.[60]

გაქცევის შემდეგ კამო და ლენინი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ, სადაც ლენინმა კამოს შეატყობინა,[47] რომ მას, ბოგდანოვსა და კრასინს შორის განხეთქილება მოხდა.[47] კამომ, თავის მხრივ, ლენინს დაპატიმრების და შეშლილობის სიმულაციის შესახებ მოახსენა.[47] პარიზის დატოვების შემდეგ კამო შეხვდა კრასინს და კიდევ ერთი შეარაღებული ძარცვა დაგეგმა.[41] იგი ძარცვამდე დაიჭირეს — 1913 წელს, ტფილისში, მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას ტფილისის ძარცვისთვის და სხვა დანაშაულებისთვის ასამართლებდნენ.[48][41][61] ამჯერად, დაპატიმრებულ კამოს შეშლილობა არ განუსახიერებია, თუმცა, იგი ისე იქცეოდა, თითქოს დავიწყებული ჰქონდა, თუ რა მოხდა ბოლო შეშლილობის დროს.[61] სასამართლო პროცესი მოკლე აღმოჩნდა — კამოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.[62]

კამო სიკვდილს კიდევ ერთხელ გადაურჩა — რომანოვების დინასტიის 300 წლის თავზე მისი და სხვა პატიმრების სასჯელი შეამსუბუქეს.[41][63] კიდევ უფრო მას 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ გაუმართლა, როდესაც იგი საერთოდ გაათავისუფლეს.[41][64]

ძარცვის შემდეგ

გავლენა ბოლშევიკებზე

ძარცვის ორგანიზატორებიდან მხოლოდ კამო გაასამართლეს.[65] თუ თავიდან გაუგებარი იყო, თუ ვინ მოაწყო ძარცვა, მისი დაპატიმრების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მოვლენებში ბოლშევიკები იყვნენ ჩარეულნი.[5] მენშევიკებმა ჩათვალეს, რომ ბოლშევიკებმა მათ უღალატეს; ძარცვა ამტკიცებდა, რომ ბოლშევიკური ცენტრი გაერთიანებული ცენტრალური კომიტეტისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა და პარტიის კონგრესის მიერ აკრძალულ ზომებს ატარებდა.[5] მენშევიკებს მათმა ლიდერმა, გიორგი პლეხანოვმა, ბოლშევიკებისგან გამოყოფისკენ მოუწოდა. მისმა კოლეგამ, იულიუს მარტოვმა განაცხადა, რომ ბოლშევიკური ცენტრი იყო რაღაც საიდუმლო კომიტეტსა და კრიმინალურ ბანდას შორის.[5] პარტიის ტფილისის კომიტეტმა სტალინი და ძარცვაში ჩარეული პარტიის სხვა წევრები გარიცხა,[65][66] თუმცა, ბოლშევიკებმა ხელი შეუშალეს პარტიას ლენინის ქმედებების გამოძიებაში.[5]

ძარცვის გამო ბოლშევიკებმა კიდევ უფრო დაკარგეს პოპულარობა საქართველოში, ტფილისში კი ისინი ეფექტიანი ლიდერობის გარეშე დარჩნენ. 1907 წლის ნოემბრიდან, ცოლის, კატო სვანიძეს გარდაცვალების შემდეგ, სტალინი იშვიათად ბრუნდებოდა ტფილისში. საქართველოში სხვა გავლენიანი ბოლშევიკები, როგორებიც იყვნენ მიხეილ ცხაკაია და ფილიპ მახარაძე, ქვეყანაში 1907 წლიდან არ ჩანდნენ. კიდევ ერთი ცნობილი ბოლშევიკი, სტეფანე შაუმიანი ბაქოში გადავიდა. ბოლშევიკების პოპულარობა ტფილისში სულ უფრო და უფრო ეცემოდა, 1911 წლისთვის კი მათი რაოდენობა ქალაქში დაახლოებით 100 იყო.[67]

ძარცვის გამო ბოლშევიკური ცენტრი არაპოპულარული გახდა ფართო ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფებში.[5] ლენინის სურვილი, უარი ეთქვა ძარცვის მემკვიდრეობაზე, შეიძლება ახსნას კონფლიქტმა მასსა და ბოგდანოვ-კრასინს შორის.[5] კამოს ბანდისგან დისტანციას იცავდა სტალინიც, რომელსაც ძარცვაში თავისი მონაწილეობა ფართო მასებში არასდროს გაუტანია.[65][68]

მძარცველები საბჭოთა კავშირში

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ძარცვაში ჩარეულმა ბოლშევიკებმა ახლად შექმნილ საბჭოთა კავშირში ძალაუფლება მოიპოვეს. ლენინი გახდა საბჭოთა კავშირის პირველი ლიდერი (სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე) თავის გარდაცვალებამდე (1924), მისი მემკვიდრე კი სტალინი გახდა, რომელიც საბჭოთა კავშირს გარდაცვალებამდე, 1953 წლამდე მართავდა. მაქსიმ ლიტვინოვი გახდა საბჭოთა დიპლომატი, 1930-1939 წლებში კი იგი საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი იყო. ლეონიდ კრასინი, რომელმაც ბოლშევიკები 1909 წლის შემდეგ დატოვა, თუმცა, 1917 წელს მათ კვლავ შეუერთდა. იგი საბჭოთა კავშირის უცხოური ვაჭრობის სახალხო კომისარი და ლონდონში საბჭოთა ვაჭრობის წარმომადგენელი იყო თავის გარდაცვალებამდე (1926).[5]

კამოს ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი საბჭოთა საბაჟოში მუშაობდა, რადგანაც, სხვადასხვა მონაცემებით, საიდუმლო პოლიციაში მუშაობისთვის იგი არასტაბილური იყო.[41] იგი გარდაიცვალა 1922 წელს — ველოსიპედით სიარულის დროს მას სატვირთო მანქანა შეეჯახა.[41] მართალია, მისი განზრახ მკვლელობის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი თეორიით, სტალინმა კამოს მკვლელობა უკანასკნელის გასაჩუმებლად მოაწყო.[69][70]

ბოგდანოვი პარტიიდან 1909 წელს განსხვავებული ფილოსოფიური ხედვების გამო გარიცხეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იგი პროლეკულტის (ორგანიზაცია, რომელსაც ახალი პროლეტარული კულტურის დამკვიდრებისთვის უნდა შეეწყო ხელი) მთავარი იდეოლოგი გახდა.

კამოს მონუმენტი

ერევანსკის მოედანს 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ლენინის მოედნის სახელი მიანიჭა, ხოლო 1956 წელს იქ ლენინის ქანდაკება აღმართეს.[71][72] მიუხედავად იმისა, რომ კამოს სისხლიან ძარცვაში მონაწილეობას აბრალებდნენ, იგი მაინც იქ დაასაფლავეს, ხოლო მოედანთან ახლოს მდებარე პუშკინის ბაღში მისი იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი მონუმენტიც კი დადგეს;[65][73] სტალინის ხელისუფლების დროს კამოს მონუმენტი სხვა ადგილას გადაიტანეს.[70] მოედანზე მდებარე ლენინის ძეგლი 1991 წლის აგვისტოში, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო თვეებში დაემხო, 2006 წელს კი მის ადგილას თავისუფლების მონუმენტი აღმართეს. 1991 წელს მას ასევე სახელიც შეუცვალეს — ლენინის მოედანი თავისუფლების მოედნად გადაიქცა.[71][74]

შენიშვნები

  • იოსებ სტალინი თავისი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სახელებით იყო ცნობილი. მისი ნამდვილი სახელი იყო „იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი“, თუმცა, მისი მეგობრები და ოჯახი მას „სოსო“-ს ეძახდნენ.[75][76] რევოლუციური მოღვაწეობის ადრეულ წლებში, რომელშიც 1907 წელიც შეიძლება შედიოდეს, იგი ცნობილი იყო თავისი ფსევდონიმი „კობა“-თი, რომელიც მან ალექსანდრე ყაზბეგის ნოველის, „მამის მკვლელის“ ერთ-ერთი პერსონაჟისგან მიიღო.[75][77] სტალინი ასევე აქვეყნებდა თავის ლექსებს როგორც „სოსელო“.[75] 1912 წლიდან მან დაიწყო ახალი ფსევდონიმის, „სტალინი“-ს გამოყენება, რომელიც 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი გვარიც გახდა. რუსული ენიდან „სტალინი“ ითარგმნება როგორც „ფოლადის კაცი“.[75][78] ამ სტატიაში იგი მოხსენიებულია როგორც იოსებ სტალინი.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 კუნი 2003, p. 75.
  2. 2.0 2.1 ტროცკი 1970, Chapter IV: The period of reaction.
  3. გაიფმანი 1993, pp. 4, 21–22.
  4. 4.0 4.1 4.2 სებაგ-მონტეფიორე 2008, pp. 3–4.
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 5.15 ნიკოლაევსკი 1995.
  6. 6.0 6.1 6.2 სუვარინი 2005, p. 94.
  7. სუვარინი 2005, pp. 91–92, 94.
  8. ალამი 1998, pp. 262–263.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 ბრაქმანი 2000, p. 58.
  10. სებაგ-მონტეფიორე 2008, pp. 4–5.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 სებაგ-მონტეფიორე 2008, pp. 6–7.
  12. 12.0 12.1 12.2 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 4.
  13. 13.0 13.1 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 165.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 14.7 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 11.
  15. 15.0 15.1 15.2 კუნი 2003, pp. 77–78.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 8.
  17. სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 178.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 ბრაქმანი 2000, p. 60.
  19. 19.0 19.1 შაბი 1960, p. 231.
  20. სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 5.
  21. 21.00 21.01 21.02 21.03 21.04 21.05 21.06 21.07 21.08 21.09 21.10 21.11 21.12 21.13 21.14 ბრაქმანი 2000, p. 59.
  22. ბრაქმანი 2000, pp. 58–59.
  23. სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 127.
  24. Salisbury, Harrison E. (1981). Black Night White Snow. Da Capo Press, გვ. 221. 
  25. Sebag Montefiore 2008, p. 8.
  26. Brackman 2000, p. 59.
  27. კუნი 2003, p. 76.
  28. 28.0 28.1 28.2 28.3 "Bomb Kills Many; $170,000 Captured". The New York Times. The New York Times Company. 1907-06-27.
  29. 29.0 29.1 29.2 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 9.
  30. შაბი 1960, p. 227.
  31. 31.00 31.01 31.02 31.03 31.04 31.05 31.06 31.07 31.08 31.09 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 13.
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 32.5 32.6 32.7 32.8 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 12.
  33. 33.00 33.01 33.02 33.03 33.04 33.05 33.06 33.07 33.08 33.09 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 14.
  34. კუნი 2003, pp. 73–75.
  35. Yuri Felshtinsky, ed. (1999). Был ли Сталин агентом охранки? (Was Stalin an Okhrana agent?) (რუსულად). Teppa. ISBN978-5-300-02417-8.
  36. სებაგ-მონტეფიორე 2008, pp. 14, 87.
  37. ბრაქმანი 2000, p. 61.
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 38.4 38.5 ბრაქმანი 2000, p. 62.
  39. 39.0 39.1 39.2 Krupskaya 1970, Chapter:Again Abroad – End of 1907
  40. სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 181.
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 41.4 41.5 41.6 41.7 41.8 ალამი 1998, pp. 279–280.
  42. 42.0 42.1 ბრაქმანი 2000, p. 64.
  43. 43.0 43.1 "Held As Tiflis Robbers"The New York Times. The New York Times Company. 1908-01-19.
  44. 44.0 44.1 44.2 ბრაქმანი 2000, pp. 63–64.
  45. "Alleged Nihilists Arrested In Paris; Russian Students, Man and Woman, Suspected of Many Political Crimes. Lived in Latin Quarter, Their Rooms Rendezvous for Revolutionists – Believed That They Planned Assassinations"The New York Times. The New York Times Company. 1908-02-08
  46. კრუპსკაია 1970, Chapter:Years of Reaction – Geneva – 1908
  47. 47.0 47.1 47.2 47.3 კრუპსკაია 1970, Chapter:Paris – 1909–1910
  48. 48.0 48.1 სუვარინი 2005, p. 103.
  49. სუვარინი 2005, p. 101.
  50. ბრაქმანი 2000, p. 55.
  51. 51.0 51.1 სუვარინი 2005, pp. 101–102.
  52. შაბი 1960, p. 234.
  53. შაბი 1960, pp. 236–237.
  54. შაბი 1960, p. 237.
  55. 55.0 55.1 სუვარინი 2005, p. 102.
  56. 56.0 56.1 56.2 შაბი 1960, p. 238.
  57. ბრაქმანი 2000, pp. 57–58.
  58. შაბი 1960, p. 239.
  59. ბრაქმანი 2000, p. 67.
  60. შაბი 1960, pp. 246–247.
  61. 61.0 61.1 შაბი 1960, p. 244.
  62. შაბი 1960, pp. 244–245.
  63. შაბი 1960, p. 245.
  64. შაბი 1960, p. 246.
  65. 65.0 65.1 65.2 65.3 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 15.
  66. სუვარინი 2005, p. 99.
  67. ჯოუნსი 2005, pp. 220–221.
  68. კუნი 2003, p. 77.
  69. ბრაქმანი 2000, p. 33.
  70. 70.0 70.1 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 370.
  71. 71.0 71.1 ბარფორდი 2008, p. 113.
  72. "Communist Purge of Security Chiefs Continues".The Sydney Morning Herald. Fairfax Media. AAP. 1953-07-17. გვ. 1.
  73. Soviet Union. Posolʹstvo (U.S) (1946). "USSR Information Bulletin"USSR Information Bulletin6(52–67): 15.
  74. Remnick, David (1990-07-05). "The Day Lenin Fell On His Face; In Moscow, the Icons Of Communism Are Toppling" დაარქივებული 2012-11-04 საიტზე Wayback Machine. . The Washington Post. The Washington Post.
  75. 75.0 75.1 75.2 75.3 სებაგ-მონტეფიორე 2008, p. xxxi.
  76. სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 23.
  77. სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 63.
  78. სებაგ-მონტეფიორე 2008, p. 268.