ოსკარ ივანეს ძე შმერლინგი (დ. 1 (13) ივლისი, 1863[1] [2] [3] , სტავროპოლი[3] — გ. 2 იანვარი, 1938[1] [2] [4] , თბილისი[4] ) — გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.

ოსკარ შმერლინგი

ოსკარ შმერლინგი
დაიბადა 1 (13) ივლისი, 1863[1] [2] [3]
დაბადების ადგილი სტავროპოლი[3]
გარდაიცვალა 2 იანვარი, 1938(1938-01-02)[1] [2] [4] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[4]
ეროვნება გერმანელი
ჟანრი კარიკატურა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1884 წლიდან), მიუნხენში (1891–1892). 1893 წელს თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი (1902–1918). 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. შმერლინგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში. თანამშრომლოდა ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი“, „ტარტაროზი“, „შურდული“, „ბზიკი“, „ეშმაკის მხარე“, „სოფლის ალიაქოთი“ და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში.[5][6]

1922 წელს სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა სამხატვრო აკადემია, სადაც ოსკარ შმერლინგი პროფესორად მუშაობდა. მისი მოწაფეები იყვნენ: ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე, მიხეილ ჭიაურელი.[6]

იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს.[5] დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის (იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, გრავირებულია გ. ტატიშვილის მიერ; „თავდადებულნი ქართველნი“, 1895; „იავნანამ რა ჰქმნა“, 1904; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905 და სხვა).[5]

1930-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი („მეზურნეები“, „ორი ქალაქელი“, კერძო კუთვნილება) და სხვა. შალვა დადიანმა, სანდრო შანშიაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა დიდი შეფასება მისცეს მის შემოქმედებას და ქართული კარიკატურის პიონერი უწოდეს. ის ქართულ ჟურნალისტიკას 40 წელი ემსახურა. 1933 წელს აღინიშნა ოსკარ შმერლინგის მოღვაწეობის 40 წლისთავი.[6]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება