ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი

ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი (ინგლ. James Francis Edward Stuart; დ. 10 ივნისი, 1688, ლონდონი, ინგლისის სამეფო — გ. 1 იანვარი, 1766, რომი, პაპის ოლქი) — სტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ისა და დედოფალ მარია მოდენელის ვაჟი. 1688 წლის სახელოვანი რევოლუციის შემდეგ მან მემკვიდრეობა დაკარგა თავისი კათოლიკური აღმსარებლობის გამო, რის შემდეგაც დაიწყო იაკობინური ომები და დავა სამეფო ტახტებისათვის. იაკობინელებსა და მათ მხარდაჭერებში იგი ცნობილი იყო როგორც ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჯეიმზ III და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VIII.

ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი
წოდებები
უელსის პრინცი
იაკობინელთა პრეტენდენტი ინგლისის ტახტზე
დაიბადა 10 ივნისი, 1688
ლონდონი, ინგლისის სამეფო
გარდაიცვალა 1 იანვარი, 1766, (77 წლის)
რომი, პაპის ოლქი
საგვარეულო სტიუარტები
მეუღლე(ები) მარია კლემენტინა სობიესკა
შვილ(ებ)ი ჩარლზ ედუარდი
ჰენრი ბენედიქტი
მამა ჯეიმზ II, ინგლისის მეფე
დედა მარია მოდენელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ჯეიმზ ფრანცის ედუარდი 1703 წელს.

ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი დაიბადა 1688 წლის 10 ივნისს ლონდონში. იგი იყო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია მოდენელის უფროსი ვაჟი. იგი მალევე კათოლიკედ მონათლეს და უელსის პრინცად დანიშნეს, რასაც ბრიტანელების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. ამგვარ პირობებში მისმა უფროსმა ნახევარ-დამ, მერი სტიუარტმა და მისმა ქმარმა, ნიდერლანდების შტატჰალტერმა უილიამ III-მ სახელოვანი რევოლუციის გზით დაამხეს ჯეიმზ II და ტახტი თავად დაიკავეს. ამის გამო ჯეიმზ ფრანცისი და მისი ოჯახი ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა, სადაც ისინი ლუი XIV-მ შეიფარა.

ამის გამო ჯეიმზ ფრანცისი ვერსალის სამეფო კარზე იზრდებოდა კათოლიკური ადათ-წესებითა და ფრანგებთან სიახლოვით, რის გამოც ინგლისელებს მისი გამეფება არ სურდათ. 1694 წელს დედოფალი მერი II უშვილოდ გარდაიცვალა, თუმცა უილიამ III-მ მის გარეშეც მოახერხა ტახტის შენარჩუნება, რამეთუ დედამისი, პრინცესა მერი, მეფე ჩარლზ I-ის ასული იყო. ამრიგად, 1701 წელს ჯერ მეფე ჯეიმზ II, ხოლო უკვე 1702 წელს უილიამ III გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტი ჯეიმზ ფრანცისის კიდევ ერთმა ნახევარ-დამ, დედოფალმა ანამ დაიკავა, რომელიც 1714 წელს ასევე უშვილოდ გარდაიცვალა. მან ტახტი არა ძმას, არამედ ბიძაშვილს, ჰანოვერის მეფე ჯორჯ I-ს დაუტოვა, რასაც მოჰყვა კათოლიკე ინგლისელების უკმაყოფილება, რომლებიც ჯეიმზ ფრანცისის გამეფებას მოითხოვდნენ, რის გამოც მათ იაკობინელები ეწოდათ.

 
ჯეიმზ ფრანცის ედუარდი ახალგაზრდობაში

ასე დაიწყო ინგლისში იაკობინელთა გამოსვლები, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ გერმანელთა გაბატონებით. 1715 წელს ჯეიმზ ფრანცისი ფრანგული ჯარებით შეიჭრა შოტლანდიაში. იგი ცდილობდა, რომ ჯერ შოტლანდიის ტახტი დაებრუნებინა, რის შემდეგაც ალყაში მოქცეულ ინგლისსაც მარტივად დაიმორჩილებდა, თუმცა იგი შოტლანდიაში ორჯერ სასტიკად დაამარცხეს შერიფმიურისა და პრესტონის ბრძოლებში. მიუხედავად ამისა, იგი უკან არ გაბრუნებულა, რადგან შოტლანდიაში მკაცრი ზამთარი დაიწყო და გადაწყვიტა ეს დრო მოსამზადებლად გამოეყენებინა, რის გამოც სკონეს სასახლეში შეიკეტა და ის თავის სამეფო კარად გამოაცხადა. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც ლუი XIV 1715 წელს გარდაიცვალა და ტახტი მცირეწლოვანმა ლუი XV-მ დაიკავა. ამის შემდეგ, 1716 წელს ფრანგებმა ინგლისთან ალიანსი გააფორმეს და ჯეიმზ ფრანცისს დახმარება შეუწყვიტეს, რის გამოც იგი იძულებული გახდა შოტლანდია დაეტოვებინა.

ფრანგებზე განაწყენებულმა ჯეიმზ ფრანცისმა უარი თქვა საფრანგეთში ჩასვლაზე, რის გამოც შოტლანდიიდან პირდაპირ იტალიაში გაემგზავრა. აქ მას პაპმა კლემენტ XI-მ პალაცო-დელ-რე დაუთმო, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. მიუხედავად ყველაფრისა, იგი კვლავ გეგმავდა ტახტის დაბრუნებასა და ინგლისში შეჭრას. 1719 წელს იგი კვლავ შეიჭრა ინგლისში, თუმცა გლენ-შილის ბრძოლაში დამარცხდა და ესპანეთში გაიქცა. ამის შემდეგ, 1722 წელს ესპანეთის მეფის მხარდაჭერით იგი ისევ აპირებდა ომის დაწყებას, მაგრამ აღარ გამოუვიდა.

ამის პარალელურად იგი საცოლეს ეძებდა, რათა ძლიერი მოკავშირე შეეძინა. 1717 წელს განიხილებოდა მისი დაქორწინება ლუიზ ადელაიდა ორლეანელზე, ორლეანის ჰერცოგ ფილიპე II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ასულზე, თუმცა არაფერი გამოვიდა. იმავე წელს მოლაპარაკებები დაიწყო თავის ბიძასთან, მოდენის ჰერცოგ რინალდო III-თან, რათა ცოლად მისი ასული ბენედიქტა შეერთო, თუმცა ამაოდ. უკვე 1719 წლის 3 სექტემბერს ჯეიმზ ფრანცის ედუარდმა ცოლად შეირთო მარია კლემენტინა სობიესკა (1702-1735), პოლონეთის მეფე იან III-ის შვილიშვილი.

ჯეიმზ ფრანცისი სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა პრეტენზიის გამოთქმასა და ტახტის დაბრუნების მცდელობებს, მაგრამ ამაოდ. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, 1745 წელს მისი ვაჟი ჩარლზ ედუარდიც შეიჭრა ინგლისში, თუმცა ამაოდ. 1759 წლიდან განიხილებოდა, რომ ჯეიმზ ფრანცისისთვის ირლანდია მიეცათ, რადგან იქ მდგომარეობა ერთობ დაიძაბა და კათოლიკე ირლანდიელები გამოყოფას ცდილობდნენ, მაგრამ ეს გეგმაც ჩავარდა.

საბოლოოდ ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი გარდაიცვალა 1766 წლის 1 იანვარს რომში, 77 წლის ასაკში.

ჯეიმზ ფრანცის ედუარდს თავის მეუღლესთან სულ ორი ვაჟი ჰყავდა:

  1. ჩარლზ ედუარდი (1720-1788), იაკობინელთა პრეტენდენტი ჩარლზ III-ის სახელით. ცოლად შეირთო ლუიზა ცუ სტოლბერგ-გედერნი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. ჰენრი ბენედიქტი (1725-1805), კარდინალი, ოსტიისა და ველეტრის კარდინალ-ეპისკოპოსი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Corp, Edward (2010). The Location of the Stuart Court in Rome: The Palazzo Del Re. Basingstoke: Palgrave Macmillan. pp. 180–205.
  • Per Edward T. Corp
  • Corp, Edward T. (2011). The Stuarts in Italy, 1719–1766. Cambridge University Press. ISBN 9780521513272.
  • James Francis Edward Stuart, styled James VIII and III", The University of Nottingham". Archived from the original on 4 March 2016. Retrieved 30 October 2015.
  • Massie, Allan (2010). The Royal Stuarts. Chapter 16: Random House. ISBN 9781845950903.
  • Margaret McIntyre, Mary II (1662–1694), in Anne Commire (ed.), Women in World History, vol. 10 (2001), ISBN 0-7876-4069-7, p. 516
  • James Edward Gregg, 'James Francis Edward (1688–1766) Archived 29 January 2017 at the Wayback Machine', Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004; online edn, May 2012, accessed 23 June 2013.