მთავარი მენიუს გახსნა

მარია მოდენელი (იტალ. Maria di Modena, ინგლ. Mary of Modena; დ. 5 ოქტომბერი, 1658, მოდენა, იტალია — გ. 7 მაისი, 1718, პარიზი, საფრანგეთი) — ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის ჰერცოგ ალფონსო IV-ისა და ლაურა მარტინოცის ქალიშვილი. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი 1685-1688 წლებში როგორც ჯეიმზ II-ის მეორე მეუღლე. მას შემდეგ, რაც მისმა გერმა მერი II-მ ჯეიმზი ტახტიდან ჩამოაგდო, მერი ქმართან და შვილებთან ერთად საფრანგეთში გაიქცა, სადაც თავი მეფე ლუი XIV-ს შეაფარა. მან მთელი დარჩენილი სიცოცხლე ორ გადარჩენილ შვილზე ზრუნვაში გაატარა. გარდაიცვალა საფრანგეთში, ლუი XIV-ის მფარველობაში.

მარია მოდენელი
Mary of Modena Pietersz.jpg
ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი
კორონაცია: 23 აპრილი, 1685
მმართ. დასაწყისი: 6 თებერვალი, 1685
მმართ. დასასრული: 11 დეკემბერი, 1688
წინამორბედი: კატარინა ბრაგანსა
მემკვიდრე: ჯორჯ დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ოქტომბერი, 1658
დაბ. ადგილი: მოდენა, იტალია
გარდ. თარიღი: 7 მაისი, 1718, (59 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ჯეიმზ II, ინგლისის მეფე
(ქ. 1673 - გარდ. 1701)
შვილები: 12 შვილი
სრული სახელი: მარია ბეატრიჩე ელეონორა ანა მარგერიტა იზაბელა
დინასტია: დ'ესტეები
მამა: ალფონსო IV, მოდენის ჰერცოგი
დედა: ლაურა მარტინოცი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული წლები და ქორწინებარედაქტირება

მარია დაიბადა 1658 წლის 5 ოქტომბერს მოდენაში, პატარა ჩრდილო იტალიურ მოდენას საჰერცოგოში. იგი იყო მოდენასა და რეჯოს ჰერცოგ ალფონსო IV-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ლაურა მარტინოცის ასული. დედამისი მას უმკაცრესი კათოლიკური წესებით ზრდიდა, ვინაიდან ლაურას სურდა, რომ მისი ქალიშვილი ღვთისმსახური გამხდარიყო. მიუხედავად ლაურას სურვილებისა, ალფონსო ქალიშვილის სარფიანად გათხოვებას გეგმავდა. თავდაპირველად იგეგმებოდა მარიას დაქორწინება საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ზე, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან ლუიმ ცოლად ესპანეთის პრინცესა შეირთო. ყოველივე ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ II-ის ძმაზე, იორკის ახლად დაქვრივებულ ჰერცოგ ჯეიმზ სტიუარტზე დასაქორწინებლად. ჯეიმზისა და მარიას მარიონეტული ქორწინება 1673 წლის 30 სექტემბერს შედგა მოდენაში. ამავე წლის 21 ნოემბერს მარია ქალაქ დუვრში ჩავიდა, სადაქ კენტში შედგა მისი და ჯეიმზის ნამდვილი ქორწინება.

ამ ქორწინებამ პოლიტიკურად და დინასტიურად დააკავშირა ევროპის ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს. ჯეიმზს პირველი ცოლსგან, ჰერცოგინია ანა ჰაიდისგან უკვე ჰყავდა შვილები, მათ შორის ჰოლანდიაში გათხოვილი მერი და დანიაში გათხოვილი ანა, რომლებიც მომავალში ბრიტანეთის მონარქები გახდნენ. ვინაიდან მარია ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო, პროტესტანტი ბრიტანელები, განსაკუთრებით კი მეფე და თავად მისი ქმარიც მისდამი უარყოფითად განეწყვნენ. თუმცაღა მას თვით დედოფალი კატარინა ბრაგანსა მფარველობდა, რომელიც წარმოშობით პორტუგალიის პრინცესა იყო და ასევე ღრმადმორწმუნე კათოლიკე ქალი გახლდათ. გარდა დედოფლისა, მარიას მფარველობდნენ რომის პაპ კლემენტ X-ის აგენტებიც, რომლებიც მთელი ევროპის სამეფო კარებზე იყვნენ გაგზავნილნი.

დედოფლობარედაქტირება

ვინაიდან ეს დინასტიური ქორწინება იყო და ჯეიმზსაც ვაჟი არ ჰყავდა, ვაჟის გაჩენას ცხადია ყველა მარიასგან მოითხოვდა. მარიამ სულ თორმეტი შვილი გააჩინა, რომელთაგან ათი ჩვილობაშივე დაიღუპა. საბოლოოდ მარიამ ნანატრი ვაჟი გააჩინა, სახელად ჯეიმზი, რომელიც კათოლიკური წესით აღზარდა. ვინაიდან ინგლისის მომავალი მეფე სწორედ მისი ვაჟი იყო, ამ გზით მარია იმედოვნებდა, რომ ინგლისს კვლავ კათოლიკურ რწმენას დაუბრუნებდა. 1685 წელს კი მისი მაზლი, მეფე ჩარლზ II გარდაიცვალა. ვინაიდან მას მემკვიდრე არ დარჩენია მეფე მარიას ქმარი ჯეიმზ II გახდა.

მარიამ თავისი პირველი ცოცხალი ვაჟი ჯეიმზი სწორედ 1688 წელს გაჩნდა, რასაც მთელი რიგი სპეკულაციები მოჰყვა. ბევრი ამბობდა, რომ ბავშვი სხვების მსგავსად მკვდარი დაიბადა და შეცვალეს, რის გამოც მისი მემკვიდრეობის საკითხი ეჭვ ქვეშ დგებოდა. უამრავი ამაზრზენი ჭორის შემდეგ, პარლამენტმაც კი გამოსცა დებულება, რომ ჯეიმზი ნამდვილად მეფისა და დედოფლის ვაჟი იყო.

დედოფალი მარია თავის ვაჟს მკაცრი იეზუიტური წესით ზრდიდა და აბსოლუტური მონარქობისთვის ამზადებდა, რაც მან ფრანგებისგან გადმოიღო.

გაძევებარედაქტირება

ვაჟის გაჩენიდან რამდენიმე თვეში დაიწყო ინგლისის სახელოვანი რევოლუცია. ამ რევოლუციის სულის ჩამდგმელი კი მარიას გერი, ორანჟ-ნასაუს პრინცესა მერი სტიუარტი და მისი ქმარი უილიამ ორანელი იყვნენ. 1688 წელს მათ ტახტიდან ჩამოაგდეს ჯეიმზი და თავად გამეფდნენ. ჯეიმზ II თავის ცოლთან და ვაჟთან ერთად საფრანგეთში გაიქცა, სადაც თავი მეფე ლუი XIV-ის სამეფო კარს შეაფარა. სწორედ აქ დაიბადა მათი მეორე შვილი მარია ტერეზა, რომელიც საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის პატივსაცემად დაარქვეს. დევნილობაში ისინი მეფის მიერ გამოყოფილ სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში ცხოვრობდნენ და თავსად ლუის მიერ დანიშნული პენსიით ინახავდნენ.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალებარედაქტირება

1701 წლის 6 დეკემბერს მარიას მეუღლე, მეფე ჯეიმზი გარდაიცვალა. მარიამ მოახერხა და დაარწმუნა მეფე ლუი XIV, რომ მისი ვაჟი ჯეიმზი ინგლისისა და შოტლანდიის მეფედ ეცნო, სამაგიეროდ კი მისი გამეფების შემთხვევაში ბრიტანეთი საფრანგეთს დაუჭერდა მხარს ესპანური მემკვიდრეობის ომში. იგი ასევე მხარს უჭერდა ბრიტანეთში დევნილ იაკობინელებს, რომლებიც მარიას ვაჟის, პრინცი ჯეიმზის გამეფებას მოითხოვნენ.

მარია მოდენელი გარდაიცვალა 1718 წლის 7 მაისს, 59 წლის ასაკში, მკერდის კიბოთი. იგი დაკრძალეს შაილოტის სააბატოში, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის რევოლუციისას განადგურდა.

შვილებირედაქტირება

  1. მოშლილი ფეხმძიმობა (მარტი, 1674);
  2. ლაურა (დ. 10 იანვარი, 1675 — გ. 3 ოქტომბერი, 1675), გარდაიცვალა ჩვილობაში, კრუნჩხვების შეტევით;
  3. მკვდარშობილი ბავშვი (ოქტომბერი, 1675);
  4. იზაბელი (დ. 28 აგვისტო, 1676 — გ. 2 მარტი, 1681), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  5. ჩარლზი (დ. 7 ნოემბერი, 1677 — გ. 12 დეკემბერი, 1677), კემბრიჯის ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილობაში, წითურას ეპიდემიით;
  6. ელიზაბეთი (1678), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;
  7. მკვდარშობილი ბავშვი (თებერვალი, 1681);
  8. შარლოტა მარია (დ. 16 აგვისტო, 1682 — გ. 16 ოქტომბერი, 1682), გარდაიცვალა ჩვილობაში, გარდაიცვალა კრუნჩხვების შეტევით;
  9. მკვდარშობილი ბავშვი (ოქტომბერი, 1683);
  10. მოშლილი ფეხმძიმობა (მაისი, 1684);
  11. ჯეიმზი (დ. 10 ივნისი, 1688 — გ. 1 იანვარი, 1766), ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის ტახტის მემკვიდრე, ცოლად შეირთო მარია კლემენტინა სობიესკა, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  12. ლუიზა მარია ტერეზა (დ. 28 ივნისი, 1692 — გ. 20 აპრილი, 1712), გარდაიცვალა წითურას ეპიდემიისას.

ლიტერატურარედაქტირება

  • Harris, Tim. (2007). Revolution: The Great Crisis of the British Monarchy 1685–1720. Penguin. ISBN 978-0-14-101652-8
  • Maclagan, Michael; Louda, Jiří (1999). Line of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe. Little, Brown & Co. ISBN 1-85605-469-1
  • Marshall, Rosalind (2003) Scottish Queens, 1034–1714. Tuckwell Press.
  • Oman, Carola (1962). Mary of Modena. Hodder & Stoughton.
  • Starkey, David (2007). Monarchy: From the Middle Ages to Modernity. Harper Perennial. ISBN 978-0-00-724766-0.
  • Turner, FC (1948). James II. Eyre & Spottswoode.
  • Uglow, Jenny (2009). A Gambling Man: Charles II and the Restoration. Faber & Faber. ISBN 978-0-571-21733-5
  • Waller, Maureen (2002). Ungrateful Daughters: The Stuart Princesses Who Stole Their Father's Crown. Hodder & Stoughton. ISBN 0-340-79461-5