კატარინა ბრაგანსა

კატარინა დე ბრაგანსა (პორტ. Catarina de Bragança; ინგლ. Caterina of Braganza; დ. 25 ნოემბერი, 1638 — გ. 31 დეკემბერი, 1705) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის ინფანტა, როგორც მეფე ჟუან IV-ისა და დედოფალ ლუიზა დე გუსმანის ასული. ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის დედოფალი 1662-1685 წლებში, როგორც მეფე ჩარლზ II-ის მეუღლე.[1] იგი იყო უნაყოფო, ამიტომაც ჩარლზის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი უმცროსი ძმა, ჯეიმზ II ავიდა, ხოლო უშვილო კატარინა, 1692 პორტუგალიაში დაბრუნდა. პორტუგალიაში, 1701 და 1704-1705 წლებში თავისი ძმის, პედრუ II-ის რეგენტი იყო.

კატარინა ბრაგანსა
Catarina Bragança
ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 23 აპრილი, 1662
მმართ. დასასრული: 6 თებერვალი, 1685
წინამორბედი: ანრიეტა მარია ფრანგი
მემკვიდრე: მარია მოდენელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 ნოემბერი, 1638
დაბ. ადგილი: ვილა ვიკოსა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 31 დეკემბერი, 1705 (67 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: ჩარლზ II სტიუარტი
დინასტია: ბრაგანსა
მამა: ჟუან IV ბრაგანსა
დედა: ლუიზა დე გუსმანი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
ინფანტა კატარინა 1660-61 წლებში

კატარინა დაიბადა ვილა ვიკოსას სამეფო სასახლეში, ჯერ კიდევ მაშინ როცა პორტუგალია ესპანეთის შემადგენლობაში იყო. მამამისი, ჟუანი, იყო ბრაგანსას ჰერცოგი და ამავე სახელობის დინასტიის დამფუძნებელი. ხოლო დედამისი, ლუიზა დე გუსმანი, პორტუგალიაში ერთ-ერთი უდიდესი და ძლევამოსილი დიდგვაროვნის ასული იყო. [2]1640 წელს პორტუგალია ესპანეთს გამოეყო. ამავე წლის 1 დეკემბერს, პორტუგალიელმა დიდგვაროვნებმა და კათოლიკურმა ეკლესიამ, ერთხმად, პორტუგალიის მეფედ აირჩია კატარინას მამა, ჟუან IV ბრაგანსა. მას შემდეგ რაც მამამისი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი კოლონიური იმპერიის მმართველი გახდა, კატარინა ევროპის ყველაზე სასურველ სარძლოდ იქცა. მას ხელს სთხოვდნენ ავსტრიის ერცჰერცოგი, ვანდომის ჰერცოგი, ბეფორტის ჰერცოგი, ასევე საფრანგეთის მეფე ლუი XIV და ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე ჩარლზ II. პორტუგალიელებმა თავდაპირველად მისი საფრანგეთში გათხოვება განიზრახეს, თუმცა მას შემდეგ რაც ფრანკო-პორტუგალიური ალიანსი გაუქმდა, გადაიფიქრეს. ამის შემდეგ მისი ანგლო-პორტუგალიური ალიანსის გასამყარებლად მისი ინგლისში გათხოვება განიზრახეს. მიუხედავად მეზობელი ესპანეთის აგრესიული დამოკიდებულებისა და მასთან არსებული გამუდმებული ომებისა, პორტუგალია მაინც ახერხებდა ძლიერებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას. კატარინამ თავის ოჯახთან ერთად ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა გაატარა მის საყვარელ ლისაბონში. [3]

საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ პორტუგალიის მეფის ასეთი დიდებისა და ძლიერების უკან საოცრად გონიერი დედოფალი ლუიზა დე გუსმანი იდგა. გარდა კარგი ცოლობისა, იგი ყურადღებიანი დედაც იყო. იგი შვილების სწორი კუთხით აღზრდას დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა. კატარინა და დედამისი სასახლეზე მეტ დროს კათოლიკურ ტაძარში ატარებდნენ. დედოფალი ლუიზა ღრმად მორწმუნე და ღვთისმოშიში ქალი იყო და შვილების ასე აღზრდას ცდილობდა, რაც კატარინას შემთხვევაში გამოუვიდა კიდეც. 1653 წელს გარდაიცვალა კატარინას უფროსი და, ხუანა ბრაგანსა. 1656 წელს კი გარდაიცვალა კატარინას მამა, პორტუგალიის მეფე ჟუან IV. ტახტზე ავიდა კატარინას უმცროსი ძმა აფონსუ V, რომელიც ძალიან პატარა იყო. მეფის მცირეწლოვანებიდან გამომდინარე რეგენტი გახდა საჭირო, რომელიც კატარინას დედა ლუიზა დე გუსმანი გახდა. [1]

ქორწინება

რედაქტირება
 
კატარინა ბრაგანსა

კატარინასა და ჩარლზ II-ის ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები განახლდა და მიუხედავად ესპანეთის გააფთრებული წინააღმდეგობისა 1661 წლის 23 ივნისს საქორწინო ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ინგლისი პორტუგალიის უფლებებს უზრუნველყოფდა ქალაქ ტანჟერზე (ქალაქი მაროკოში, ჩრ. აფრიკა), შვიდ კუნძულზე ბომბეისთან (ინდოეთი), აგრეთვე სავაჭრო პრივილეგიებს ანიჭებდა მას ბრაზილიასა და აღმოსავლეთ ინდოეთში. გარდა ამისა პორტუგალიელებს ენიჭებოდათ რელიგიური და კომერციული თავისუფლება, ამასთან ინგლისელები იხდიდნენ 300 000 კრონას. ამ ქორწინებით პორტუგალიამ უამრავი პრივილეგია მოიპოვა მსოფლიო ასპარეზზე და ამასთან ერთად ესპანეთიც დააშოშმინა.[4] ამავე ხელშეკრულების საფუძველზე კატარინას ქორწინების პერიოდში ენიჭებოდა რელიგიური თავისუფლება. 1662 წლის 14 მაისს კატარინა ინგლისში ჩავიდა[4], თუმცა ჩარლზმა ის 20 მაისამდე არც კი ინახულა, 21 მაისს მათ ჯვარი დაიწერეს ანგლიკანურ ეკლესიაში, ანგლიკანური წესით (ვინაიდან ჩარლზი ანგლიკანი იყო).[4]

 
ინგლისში ახლად ჩასული კატარინა ბრაგანსა

1662 წლის 30 სექტემბერს ახლად დაქოწინებული წყვილი ლონდონში შევიდა. შესვლისა და დახვედრის ცერემონიალი საოცრად პომპეზური იყო. მათ უკან მიჰყვებოდათ პორტუგალიური დელეგაცია დროშებითა და კატარინას უძვირფასესი მზითვებით. ქუჩები ხალხით იყო გადაჭედილი, მთელს ქალაქში დაქირავებული მუსიკოსები უკრავდნენ, გამართული იყო უამრავი წარმოდგენა და თამაშობები, ცენტრალურ ქუჩებში კი პორტუგალიის და ინგლისის გადაჯვარედინებული დროშები იყო გამოფენილი. წყვილმა სპეციალურად აგებული ხიდით გადაკვეთა მდინარე ტემზა და სამეფო სასახლეს მიადგა. სასახლის შესასვლელთან დედა დედოფალი ანრიეტა მარია ფრანგი დახვდათ, რომელმაც კატარინა თბილად მიიღო და დალოცა. საღამოს კი მოეწყო გრანდიოზული სადღესასწაულო ფოიერვერკი.

კატარინას უამრავი დადებითი თვისება ჰქონდა თუმცა რელიგიური განსხვავების გამო ქმარს ხშირად ვერ უგებდა. თუმცა მისით ძალიან კმაყოფილი იყო დედამთილი, დედა დედოფალი ანრიეტა მარია ფრანგი, რომელიც ასევე კათოლიციზმის ერთგული ქალი იყო და სიამოვნებდა, რომ მისი რძალიც არ თმობდა მშობლიურ და „ჭეშმარიტ“ სარწმუნოებას. ანრიეტა მარია კატარინაზე წერდა: „ის საუკეთესო ადამიანია მთელ მსოფლიოში, მე მიხარია და მაქვს იმედი, რომ ვიხილავ მასზე შეყვარებულ ჩემს ვაჟს, რადგან ის წმინდანია!“. რეალურად კატარინას პიროვნული მომხიბვლელობა არც თუ ისე ძლიერი იყო. ჩარლს ის საერთოდ არ მოსწონდა და მისი ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე კვირაში დედამისს გააცნო თავისი მტკივნეული და დამამცირებელი პოზიცია, რაც მისი ცოლით იყო გამოწვეული. [5]

ნაკლებადაა ცნობილი თავად კატარინას აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა იგი პრეტენზიებს არ გამოთქვამდა და მხარსაც უჭერდა ამ ქორწინებას ვინაიდან იცოდა, რომ ეს მის საყვარელ პორტუგალიას და პორტუგალიელებს ძალიან სჭირდებოდათ. კატარინა ძალიან დიდ დროს ატარებდა სასახლის კათოლიკურ ტაძარში და სასახლეში გამართულ ბანკეტებს უვარგისად მიიჩნევდა. სასახლის გარეთაც იგი იქცეოდა არა ინგლისური, არამედ პორტუგალიური ეტიკეტის მკაცრი დაცვით. კატარინა იყო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება. [6]

ქორწინების დროს კატარინა უკვე 23 წლის იყო, რაც მის დროში გათხოვებისთვის ძალიან მაღალი ასაკი იყო, ამის გამო მას ბევრი აკრიტიკებდა. კატარინა ყოველთვის მშვიდად პასუხობდა მსგავს კრიტიკოსებს. მას ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ლისაბონში თავის ოჯახთან. ინგლისში ატეხილი ნებისმიერი პატარა შფოთის დროს იგი მზად იყო საყვარელ პორტუგალიაში დაბრუნებულიყო. სწორედ ამ მიზეზით ჩარლზი და სხვა ინგლისელები მას ყოველთვის თავაზიანად ექცეოდნენ, რაც როგორც კატარინას დედა ლუიზა დე გუსმანი ამბობდა მისასალმებელი საქციელი იყო კატარინას მხრიდან.

1663 წელს კატარინა სამჯერ დაფეხმძიმდა თუმცა მძიმე ავადმყოფობების გამო სამჯერვე მოეშალა მუცელი. ამის გამო ჩარლზმა მისი ღალატი დაიწყო და უამრავი საყვარელი გაიჩინა. მალე კატარინას ამცნეს, რომ მის ქმარს უკვე ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა და მათ ტახტის მემკვიდრეებად ცნობას ითხოვდა. მისი სამი მოშვლილი ორსულობის შემდეგ ყველამ დაკარგა იმედი, რომ დედოფალს მემკვიდრის გაჩენა შეეძლო. სამეფო კარის მრჩევლები მეფეს ერთხმად მოუწოდებდნენ უცხოელ, კათოლიკე უნაყოფო ქალთან განქორწინებას და ვინმე ნაყოფიერ პროტესტანზე ქორწინებას, თუმცა ჩარლზი უარს აცხადებდა. ჩარლზი არასდროს გასცილებია კატარინას, მადლობის ნიშნად კატარინა სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.

დედოფალი

რედაქტირება
 
დედოფალი კატარინა ბრაგანსა

კატარინა ხალხში პოპულარული დედოფალი იყო, ვინაიდან ის კათოლიკე იყო.[1] მისი რელიგია ხელს უშლიდა იმაში, რომ გვირგვინი მყარად დგმოდა თავზე, ვინაიდან ანგლიკანიზმი კათოლიკეების ანგლიკანებთან ქორწინებას კრძალავდა. თავიდან მისი მმართველობა ძალიან ცუდად დაიწყო, მას ჰქონდა ენობრივი ბარიერი, ვინაიდან პორტუგალიურიდან ინგლისურზე გადართვა ძალიან გაუჭირდა, ამას ემატებოდა მეფის გამუდმებული ღალატი და სამეფო კარზე არსებული დაპირისპირება ანგლიკანებსა და კათოლიკეებს შორის. დროთა განმავლობაში ინგლისის სამეფო კარმა მისი მშვიდი ხასიათი, ლოიალურობა და სიმართლისადმი სიყვარული გაანადგურა და ის ჩვეულებრივ ინტრიგების მოყვარულ დედოფლებს დაემსგავსა.

 
დედოფალი კატარინა ბრაგანსა 1665 წელს

მისი ენობრივი ბარიერი არ სუსტდებოდა, მას თითქმის ძლივს ესმოდა ინგლისური და კიდევ უფრო რთულად საუბრობდა ამ ენაზე. მას სამეფო კარის გესლიანი ქალბატონები ამის გამო ხშირად დასცინოდნენ. თუმცა თანდათანობით პრობლემებთან გამკლავება, დიდგვაროვანი ქალების მართვა და ინგლისური ენა ისწავლა. მას ძალიან უყვარდა კარტის თამაში, რაც ანგლიკანურ რელიგიაში იკრძალებოდა, განსხვავებით კათოლიკურისგან. მალე დედოფალმა კარტი ყველას შეაყვარა და საღამოობით დიდი სიამოვნებით თამაშობდნენ ხოლმე. მას ასევე ძალიან უყვარდა ცეკვა და მასკარადები, ვინაიდან ნიღბის ტარებას აღმერთებდა. დედოფალ კატარინას ძალიან უყვარდა ქალაქ გარეთ პიკნიკებზე სიარული, თევზაობა და მშვილდოსნობა. ნელ ნელა კატარინა ეკლესიას ჩამოშორდა და სამეფო კარზე არსებულ გართობის უამრავ ხერხს გაუგო გემო. იცვამდა ძალიან ძვირადღირებულ, ულამაზეს, უძვირფასეს და ბოლო მოდის ტანსაცმელს. ასევე არც თუ ისე იშვიათად ეცვა შარვალი, ცხადია პიკნიკისა და თევზაობისას. 1664 წელს მან სამეფო კარის მხატვრად აიყვანა ფლანდრიელი კათოლიკე იაკობ ჰაინსმენსი, რომელმაც მდიდარი ქალბატონებისგან უამრავი პორტრეტის შეკვეთა მიიღო, რადგან რეკომენდაციას თვით დედოფალი უწევდა. [6]

 
კატარინას გერბი დედოფლობისას

დედოფალი კატარინა არასდროს არ ერეოდა ინგლისის პოლიტიკაში. მიუხედავად ამისა მას ყოველთვის სურდა ინგლისსა და რომის პაპს შორის კარგი ურთიერთობის აღდგენა და მისი კვლავ კათოლიციზმზე მოქცევა. 1669 წელს ოსმალებმა პორტუგალიის მფლობელობაში მყოფი კუნძული კრეტა დაიპყრეს. კატარინა ძალისხმევას არ იშურებდა დაერწმუნებინა ჩარლზი და რომის პაპი რომ გაერთიანებულიყვნენ, პორტუგალიას დახმარებოდნენ და ამგვარად მუსლიმებისთვის ჭკუა ესწავლებინათ, თუმცა ამაოდ. 1670 წელს პონთიპიკოსმა დედოფალმა საქველმოქმედო ფონდი გახსნა.[6]

კატარინა საშინლად განრისხდა როცა გაიგო, რომ ჩარლზმა მისი ერთ-ერთი საყვარელი ბარბარა პალმერი საჯაროდ გამოაცხადა როგორც თავის ნამდვილ მეუღლედ.[7] ამ ინცინდენტის შემდეგ კატარინა მეფესთან მივიდა და განუცხადა, რომ თუ ბარბარა დაუყოვნებლივ არ დატოვებდა სამეფო კარს ის პორტუგალიაში დაბრუნდებოდა. თავიდან ჩარლზმა არ დაუჯერა, თუმცა როცა ნივთების გასამგზავრებლად გამზადება დაიწყო, მაშინ ყველა საყვარელი გააძევა სამეფო კარიდან. ვინაიდან მონარქისთვის იმაზე დიდი სირცხვილი არაფერი იყო, თუ ცოლი მიატოვებდა და თანაც კურტიზანების გამო. ამის შემდეგ კატარინა, მეფის თხოვნის მიუხედავად, ძალიან იშვიათად ღებულობდა მონაწილეობას სამეფო კარის საქმიანობებში.[8]

კათოლიციზმი

რედაქტირება
 
იაკობ ჰაისმანის მიერ შექმნილი ტილო, დედოფალი კატარინა ბრაგანსა, როგორც წმინდა კატერინა ალექსანდრიელი

მიუხედავად იმისა, რომ კატარინას რწმენა მხოლოდ მისი პირადი საქმე იყო, მისი კათოლიკობა და მეფის ანტიკათოლიკური განწყობა მათი ქორწინების ძირითადი ბზარი იყო. კატარინა თავისი რწმენით ცხოვრობდა და მის გარეშე არ შეეძლო. მის ღვაწლს ხედავდა და აფასებდა მისი მეუღლე. ინგლისში კატარინა გამუდმებით ცდილობდა ინგლისში კათოლიციზმის განმტკიცებას. 1665 წელს წამოიწყო 13 კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა მთელი სამეფოს მასშტაბით, რომელიც 1667 წელს დასრულდა. [6]

1675 წელს მეფესა და დედოფალს შორის განქორწინების სურვილმა მაქსიმუმს მიაღწია. ამას მოჰყვა ისიც, რომ დედოფლის ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ის მემკვიდრეს ვერასოდეს გააჩენდა. იმავე წელს კატარინას ბრძანებით ყველა ანგლიკანი ირლანდიელი და ინგლისელი მღვდელი გააძევეს ქვეყნიდან და მათ ნაცვლად კატარინამ პორტუგალიელი კათოლიკე მღვდლები ჩამოიყვანა. კატარინამ ესეც არ იკმარა და პორტუგალიელი მღვდელი ინგლისის ელჩად დანიშნა. კატარინა თითქოს სპეციალურად აკეთებდა ისეთ რაღაცებს, რომ მეფის განრისხება გამოეწვია. ამის საპასუხოდ მეფემ სამეფო კარზე ბარბარა პალმერი დააბრუნა. ამის გამო დედოფალმა დაიწყო ინტრიგების ხლართვა, რომელიც პაპის შეთქმულების სახელითაა ცნობილი.[6]

პაპის შეთქმულება

რედაქტირება

1673 წლიდან ბრიტანეთში კატარინას სახით კათოლიკეებს უძლიერესი მფარველი გამოუჩნდათ. ამიტომაც ყველა კათოლიკე ამოძრავდა და დაიწყეს ისე ცხოვრება როგორც კათოლიკურ ქვეყანაში, ამან კი დანარჩენებში ანტიკათოლიციზმი გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ კატარინა არასდროს ერეოდა პოლიტიკაში, 1675 წელს მან გააკრიტიკა ინგლისის არქიეპისკოპოსის კანდიდატურა.

მალე კატარინას წყალობით კათოლიკეები ქვეყანაში ანგლიკანებზე მეტად მომრავლდნენ. 1678 წელს მოეწყო ეგრეთ წოდებული „პაპის შეთქმულება“, რომელსაც მიზნად ჰქონდა ინგლისი, შოტლანდია და ირლანდია კვლავ კათოლიკურ სამეფოებად ექცია. ამ შეთქმულებას თვით პაპი მეთაურობდა და ინგლისის დედოფლის მხარდაჭერის იმედიც ჰქონდა, რომელმაც ქმრის ერთგულება და დაცვა არჩია.[6] ამრიგად პაპის შეთქმულება ჩაიშალა, რის შემდეგაც კატარინასა და ჩარლზს შორის ურთიერთობა დათბა. ჩარლზი ასეთი ერთგულებისთვის კატარინას ემადლიერებოდა და ღამით ცოლთან უფრო და უფრო ხშირად რჩებოდა.

დარჩენილი ცხოვრება და გარდაცვალება

რედაქტირება
 
კატარინა ბრაგანსა პორტუგალიაში

1685 წელს მეფე ჩარლზი მძიმედ დაავადდა და ძალიან წუხდა თავისი დამოკიდებულების გამო კათოლიციზმისადმი. ჩარლზ II 1685 წელს გარდაიცვალა და ცოლს წერილი დაუტოვა სადაც მისგან შეწყალებას ითხოვდა, იმ დამცირების გამო რომელსაც მთელი ცხოვრება აყენებდა.[9] ვინაიდან ჩარლზსა და კატარინას შვილები არ ჰყავდათ, ტახტზე ავიდა ჩარლზის უმცროსი ძმა ჯეიმზ II. მალე ჯეიმზს ჩარლზის უკანონო ვაჟი აუჯანყდა და ტახტიდან ჩამოგდება მოუნდომა, თუმცა ჯეიმზმა გაიმარჯვა.

კატარინა გარკვეული პერიოდი ინგლისში დარჩა. იგი კვლავ განაგრძობდა ინგლისში კათოლიციზმის გავრცელებას და მხარი დაუჭირა თავის მულის შვილს, მერი II-ს და მის ქმარს უილიამ III-ს, რომლებმაც ანგლიკანი ჯეიმზი ტახტიდან ჩამოაგდეს, ვინაიდან თავად მერი და უილიამიც კათოლიკეები იყვნენ. თავიდან მას მერისთან და უილიამთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მათ რადიკალურად განსხვავებული ინტერესები აღმოაჩნდათ, რის გამოც განხეთქილება ჩამოვარდა.

საბოლოოდ 1692 წლის მარტში კატარინა ბრაგანსა პორტუგალიაში დაბრუნდა. იგი ზრუნდავდა თავისი ძმიშვილის, მომავალი მეფის ინფანტი ჟუანის აღზრდაზე. კატარინას რძალი, დედოფალი მარია სოფია ნოებურგელი ახალი გარდაცვლილი იყო, მისი ძმა ამის გამო ღრმა დეპრესიაში იყო, ჟუანს კი სხვა მზრუნველი არავინ ჰყავდა. კატარინა რელიგიურად ზრდიდა ჟუანს, აძლევდა დარიგებებს და მის ცხოვრებაში ძირითადი ფიგურა გახდა.

1703 წელს კატარინამ მხარი დაუჭირა მეთვენის ხელშეკრულების დადებას ინგლისსა და პორტუგალიას შორის. კატარინა იყო თავისი ძმის, პორტუგალიის მეფე პედრუ II-ის რეგენტი 1701 და 1704-1705 წლებში. კატარინა ბრაგანსა გარდაიცვალა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, 1705 წლის 31 დეკემბერს. იგი დაკრძალეს წმინდა ვინსენტ ფორელის სახელობის მონასტერში, ქალაქ ლისაბონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Kenneth J. Panton; Kenneth John Panton (24 February 2011). https://books.google.com/books?id=BiyyueBTpaMC&pg=PA90 Scarecrow Press. pp. 90–91
  2. https://books.google.com/books?id=x3BzmTdQLioC&pg=PA83
  3. Heidi Murphy. http://www.britannia.com/history/biographies/catherine_braganza.html დაარქივებული 2013-12-13 საიტზე Wayback Machine.
  4. 4.0 4.1 4.2 http://www.oxforddnb.com/view/article/4894?docPos=1
  5. Herman (2005), pp. 58–59
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-13. ციტირების თარიღი: 2018-04-03.
  7. Herman (2005), p. 60
  8. Herman (2005), pp. 61–62
  9. Laufer (1999), p. 83