ჯეზირე
ჯეზირე[1], ასევე ელ-ჯაზირა[2] (არაბ. الجزيرة — კუნძული) — პლატო ერაყში, სირიასა და თურქეთში, შუამდინარეთის ჩრდილოეთი ნაწილი. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ტავრისა (ქედის ტოტი) და ზაგროსის ქედები, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადადის სირიის უდაბნოსა და არაბეთის ნახევარკუნძულის პლატოებში, სამხრეთ-აღმოსავლეთით შუამდინარეთის სამხრეთი დაბლობი ნაწილისაგან გამოყოფილია საფეხურით. სიმაღლე 200-დან (სამხრეთ-აღმოსავლეთი) 400 მეტრამდე (ჩრდილო-დასავლეთით). ცალკეულ მთათა სერების 1463 მ (მთა შელმირა სინჯარის მასივზე) აღწევს. ჯეზირე დასერილია ტიგროსისა და ევფრატის და მათი შენაკადების დატერასებული ხეობებით, აგრეთვე მშრალი ხევებით — უადებით. ჯეზირე აგებულია ცარცული და მიოცენური ქვიშაქვებით, კირქვებით, ალუვიონითა და ბაზალტის განფენებით. მდიდარია ნავთობით (ერაყი). ჰავა სუბტროპიკული, ხმელთაშუა ზღვისაა, ლანდშაფტები — უდაბნოსა და ნახევარუდაბნოსი. მდინარეების გასწვრივ ჭალის ტყეებია, მთის კალთებზე — ფსტის რაყებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 551–552.