ჯამალ ხაშოგი
ჯამალ აჰმად ჰამზა ხაშოგი ( არაბ. جمال أحمد حمزة خاشقجي ტრანსკრიფციაში ასევე იკითხება ხაშოკჯი; დ. 13 ოქტომბერი, 1958, მედინა, საუდის არაბეთი — გ. 2 ოქტომბერი, 2018, სტამბოლი, თურქეთი ) —საუდელი ჟურნალისტი, დისიდენტი, მწერალი, გაზეთების Middle East Eye და The Washington Post- ის მიმომხილველი. მოკლეს 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში. მისი სხეული დანაწევრეს და გაანადგურეს. [12] მკვლელობას მოჰყვა დაძაბულობა საუდის არაბეთსა და თურქეთს, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს შორის.
ჯამალ ხაშოგი | |
---|---|
არაბ. جمال خاشقجي | |
დაბადების თარიღი | 13 ოქტომბერი, 1958 |
დაბადების ადგილი | მედინა |
გარდაცვალების თარიღი | 2 ოქტომბერი, 2018[1] (59 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Consulate General of Saudi Arabia in Istanbul[2] |
საქმიანობა | ჟურნალისტი[3] და პოლიტიკური მწერალი |
მოქალაქეობა | საუდის არაბეთი[4] [5] [6] [7] |
ალმა-მატერი | Indiana State University, ინდიანის უნივერსიტეტი და Victoria College |
ჯილდოები | წლის ადამიანი |
მეუღლე | Rawia Khashoggi |
შვილ(ებ)ი | Razan Khashoggi[8] , Salah Khashoggi[8] , Noha Khashoggi[8] და Abdullah Khashoggi[8] |
ნათესავ(ებ)ი | Adnan Khashoggi[9] [10] და Dodi Fayed |
საიტი | jamalkhashoggi.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯამალ ხაშოგი დაიბადა 1958 წლის 13 ოქტომბერს საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში. [13] მისი ბაბუა, წარმოშობით თურქი მუჰამედ ხაშოგი არაბ ქალთან ქორწინების შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად საუდის არაბეთში და მონარქიის დამაარსებლის, მეფე აბდულ-აზიზ იბნ საუდის პირადი ექიმი გახდა, ამიტომაც მისი ოჯახი დიდი გავლენით სარგებლობდა. ჯამალ ხაშოგის მამიდა იყო ეგვიპტელი მილიარდერის, პრინცესა დიანას ახლო მეგობრის დოდი ალ ფაიედის დედა სამირა ხაშოგი, ხოლო მისი ბიძა, 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონების მფლობელი ადნან ხაშოგი, 1980-იან წლებში მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა.[14]
მომავალმა ჟურნალისტმა სკოლა საუდის არაბეთში დაამთავრა და სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც 1982 წელს დაამთავრა ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდეგ საუდის არაბეთში დაბრუნდა, სადაც ძალიან მალე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჟურნალისტი გახდა. თანამშრომლობდა საუდის არაბეთის სხვადასხვა გამოცემასთან, კერძოდ, ორჯერ იყო გავლენიანი ყოველდღიური გაზეთ Al-Watan-ის მთავარი რედაქტორი. ის ათწლეულების განმავლობაში დაახლოებული იყო სამეფო ოჯახთან და მთავრობის მრჩევლადაც კი მუშაობდა.
1980-1990-იან წლებში დეტალურად აშუქებდა ალ-კაიდასა და მისი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის საქმიანობას. მან ბინ ლადენთან რამდენიმე ინტერვიუს ჩაწერაც კი მოახერხა. ასევე აშუქებდა რეგიონში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, მათ შორის ქუვეითის ომს.
1999 წელს ხაშოგი გახდა ინგლისურენოვანი არაბული გაზეთის ,,არაბ ნიუსის”, ხოლო 2003 წელს - გაზეთ ,,ალ ვათანის” რედაქტორი, თუმცა ამ თანამდებობიდან ორი თვის შემდეგ მთავრობის კრიტიკის გამო გაათავისუფლეს.
თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ის ლონდონში, შემდეგ კი ვაშინგტონში წავიდა, სადაც საუდის არაბეთის უშიშროების ყოფილი მეთაურის, პრინც თურკი ბინ-ფაისალის მრჩეველად მუშაობდა.
ხაშოგი 2007 წელს ისევ საუდის არაბეთში დაბრუნდა. ის მხარს უჭერდა ისლამისტურ ჯგუფებებს, რომლებმაც 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში ძალაუფლება მოიპოვეს. 2012 წელს აირჩიეს სატელევიზიო არხის ,,ალ-არაბ ნიუსის” დირექტორად აირჩიეს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კატარის ტელეარხ ალ-ჯაზირასთვის კონკურენციის გაწევა, თუმცა, ბაჰრეინელი ოპოზიციონერის ეთერში მიწვევის გამო, არხი მაუწყებლობის დაწყებიდან 24 საათში დახურეს.
არხის დახურვის შემდეგ ხაშოგი საერთაშორისო მედია-სააგენტოებთან თანამშრომლობდა და ღიად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის რეჟიმს.2016 წლის დეკემბერში საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აუკრძალა ჯამალ ხაშოგის ჟურნალისტური მოღვაწეობა დონალდ ტრამპის ღია კრიტიკის გამო. [15]
ჟურნალისტის სამშობლოში ცხოვრება უკვე საშიში გახდა, ამიტომ 2017 წლის სექტემბერში ის გაემგზავრა შეერთებულ შტატებში. იქ გაზეთ ,, ვაშინგტონ პოსტში” დაიწყო მუშაობა, სადაც ყოველ თვეში აქვეყნებდა სტატიებს საუდის არაბეთსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებზე. საკუთარ ქვეყანას აკრიტიკებდა იემენში ომისთვის. ჯამალ ხაშოგი სულ უფრო ღიად გამოდიოდა პრინც მუჰამედ ბინ სალმანის წინააღმდეგ. ჟურნალისტმა ის ერთ-ერთ სტატიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც კი შეადარა.
თავის უკანასკნელ სტატიაშიც, რომელიც 11 სექტემბერს გამოქვეყნდა, ჟურნალისტი აკრიტიკებდა საუდის არაბეთის აგრესიას იემენის მიმართ.[16]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჯამალ ხაშოგი სამჯერ იყო დაქორწინებული. მას ოთხი შვილი ჰყავდა პირველი ქორწინებიდან. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდნენ. მათგან სამი ამერიკის მოქალაქეა. მამის მკვლელობის შემდეგ მათ საუდის არაბეთის ტერიტორიის დატოვება აეკრძალათ.
ჟურნალისტი 2018 წელს თურქ ჰატიჯე ჯენგიზზე დაინიშნა. საცოლის გამო მან სტამბულში სახლი შეიძინა.
ვინაიდან თურქეთში მრავალცოლიანობა აკრძალულია, ჯენგიზზე დაქორწინებისთვის განქორწინებების დასადასტურებლად ხაშოგს საბუთი სჭირდებოდა საუდის არაბეთისგან. ამ მიზეზით იგი წავიდა სტამბულში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში და ამის შემდეგ გაუჩინარდა.[17]
ჯამალ ხაშოგის სხეული არ არის აღმოჩენილი.[18]
მკვლელობა
რედაქტირება- წინაპირობები
არაბული გაზაფხულის დროს, რომელმაც შეაშფოთა საუდების დინასტია, ხაშოგი ესწრებოდა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის შესახებ რეგიონალურ კონფერენციებს, სადაც ღიად ეკონტაქტებოდა საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ მტრად მიჩნეულ პირებს. ერთ-ერთ ამ შეხვედრაზე, რომელიც სტამბულში გაიმართა, ხაშოგი შეხვდა თურქ პოლიტიკოსს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩეველს, იასინ აქტაის. როდესაც არაბული გაზაფხული დაიწყო, მეფე აბდულა თვლიდა, რომ ერდოღანი თანაუგრძნობდა ,,მუსლიმ ძმებს” და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნიდა სამეფოს. [19]
- მოვლენათა მსვლელობა
ხაშოგს საკონსულოში შეხვედრა 28 სექტემბერს ჰქონდა დანიშნული, თუმცა იმ დღეს შეხვედრა არ შედგა და ის საკონსულოში 2 ოქტომბერს დაიბარეს.
როგორც მისმა საცოლემ ხატიჯე ჯენგიზმა ( თურქ. Hatice Cengiz ) ,,ვაშინგტონ პოსტთან” განაცხადა, ჟურნალისტს არ სჯეროდა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე რაიმე ცუდი შეემთხვეოდა, მიუხედავად იმისა, რომ 28 სექტემბერს მას საკონსულოში დაემუქრნენ. ჯამალმა მაინც გადაწყვიტა, ჯენგიზი გაეფრთხილებინა და მას მობილური ტელეფონის ორი ნომერი დაუტოვა, რომ მისი გაუჩინარების შემთხვევაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩევლისთვის დაერეკა.
ჯენგიზი საქმროს საკონსულოსთან 10 საათის განმავლობაში ელოდებოდა. ამის შემდეგ მან სამართალდამცავებს აცნობა, რომ ხაშოგი გაუჩინარდა.
თურქეთის პოლიციამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ხაშოგი საკონსულოში "სასტიკად აწამეს, მოკლეს და მისი ცხედარი დაანაწევრეს". მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩეველმა იასინ აქტაიმ ( თურქ. Yasin Aktay ), პოლიციის წარმომადგენლებმა და ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ომერ ჩელიქმა ( თურქ. Ömer Çelik ) განაცხადეს, რომ ხაშოგის ლიკვიდაციის ოპერაციაში საუდის არაბეთის 15 აგენტი იყო ჩართული.
ხაშოგის გაუჩინარებიდან თვრამეტი დღის შემდეგ, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით გამოაცხადა, რომ ჟურნალისტი გარდაიცვალა საკონსულოში ბოროტმოქმედთა ჯგუფთან ჩხუბისას დაიღუპა. პროკურატურამ ასევე გამოაცხადა საუდის არაბეთის 18 მოქალაქის დაკავების შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ „დაემალათ მომხდარი.“ .ამავდროულად, საუდის არაბეთის მეფემ ხელი მოაწერა განკარგულებებს გენერალური დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე სპეციალური კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელიც გაატარებდა რეფორმებს და მკაფიოდ განსაზღვრავდა მის უფლებამოსილებებს.
2018 წლის 25 ოქტომბერს საუდის არაბეთის პროკურორებმა აღიარეს, რომ ხაშოგის მკვლელობა იყო მიზანმიმართული და არა შემთხვევითი.[20]
თურქულ წყაროების მიხედვით, 15-კაციანი ჯგუფი კერძო თვითმფრინავით ერთი დღით ჩაფრინდა სტამბოლში. იმ დღეს საკონსულოში უსაფრთხოების კამერები მოხსნეს და ხაშოგის მოკვლის შემდეგ ქვეყანა დატოვეს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს ოპერაცია დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთს აქვს აუდიო მასალა, სადაც ხაშოგის მკვლელობაა ჩაწერილი, თუმცა ეს ჩანაწერი ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ერთ-ერთი თურქი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ხაშოგი მოკვლამდე აწამეს და მისი ცხედარი ძვლის ელექტროხერხით დაანაწევრეს.
ხაშოგის დაკარგვის შემდეგ თურქი გამომძიებლები საკონსულოს შესამოწმებლად მივიდნენ, მაგრამ მათ შენობის კედლები ახალი გადაღებილი და ოთახები საგულდაგულოდ დალაგებული დახვდათ. გამომძიებლები მივიდნენ საუდის არაბეთის ელჩის სახლშიც, თუმცა ელჩი გაქცეული დახვდათ.
პრინცი მუჰამედი ამ საქმესთან ყველანაირ კავშირს უარყოფდა, თუმცა პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობამ არ დაიჯერა მისი უდანაშაულობა.
ამ შემზარავმა მკვლელობამ დღის წესრიგში დააყენა აშშ-ს მიერ საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის საკითხი. ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობა ითხოვდა სანქციების დაწესებას საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით.
მიუხედავად ასეთი მწვავე გამოხმაურებისა, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა რომ ის ენდობოდა პრინც მუჰამედს და არ აპირებდა საუდის არაბეთთან მრავალმილიონიანი იარაღის გაყიდვის კონტრაქტის შეწყვეტას. ასეთი მიდგომის გამო ტრამპს აკრიტიკებენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები.
2019 წლის 23 დეკემბერს საუდის არაბეთის სასამართლომ ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ხუთ ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. კიდევ სამს მიესაჯა სულ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. "გამოძიებამ აჩვენა, რომ მკვლელობა იყო უნებლიე", - განაცხადეს სამეფოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა. [21] საერთაშორისო ორგანიზაციის რეპორტიორები საზღვრებს გარეშე გენერალურმა მდივანმა კრისტოფ დელუარმა განაცხადა, რომ ხაშოგის საქმეზე ხუთი ბრალდებულისთვის სასიკვდილო განაჩენი შეიძლება ამ საქმეზე სიმართლის დამალვის საშუალება ყოფილიყო. [21] ხოლო როგორც "რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე" განაცხადეს, რომ ეს იყო "გაუმჭვირვალე სამართლებრივი პროცესი" და "მტკიცებულებების დამალვა".
2019 წლის 24 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურმა დაგმო საუდის არაბეთში გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. [22] განცხადებაში ნათქვამი იყო: „ევროკავშირი ცალსახად გმობს სიკვდილით დასჯის გამოყენებას.
2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მომხდარი მკვლელობის კონკრეტულ შემთხვევაში, პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს გამჭვირვალობისა და ლეგალური პროცედურების პრინციპების საფუძველზე“.[23]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- ჯამალ ხაშოგი – წამებით მოკლული ჟურნალისტი, რომელმაც მსოფლიო პროცესები შეცვალა. ახალი თაობა. 7 დეკემბერი, 2018;
- ვინ იყო ჯამალ ხაშოგი - ხაშოგების გავლენიანი ოჯახი, პირველი არხი. 23.10.2018;
- აშშ-ს დაზვერვის ანგარიში: ხაშოგის მკვლელობა მუჰამედ ბინ სალმანის თანხმობით მოხდა; ტაბულა. 26 თებერვალი, 2021;
- საუდის არაბეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა; პირველი არხი. 07.09.2020;
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jamal Khashoggi: Turkey says journalist was murdered in Saudi consulate — BBC News, 2018.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Muck Rack — 2009.
- ↑ Saudi Arabia acknowledges Jamal Khashoggi died in consulate, says 18 detained // NBCNews.com — 2018.
- ↑ Arab Executives Predict Regime Change in Egypt // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2011. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Israel and Others in Mideast View Overtures of U.S. and Iran With Suspicion // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2013. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Saudi King Is Heading to U.S. for Medical Care // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2010. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Geni.com — 2006.
- ↑ https://www.bloomberg.com/news/articles/2018-10-10/jamal-khashoggi-s-shift-from-insider-to-exiled-critic-quicktake
- ↑ https://www.washingtonpost.com/gdpr-consent/?destination=%2Fworld%2Ffrom-travels-with-bin-laden-to-sparring-with-princes-jamal-khashoggis-provocative-journey%2F2018%2F10%2F07%2Fc1290f28-ca3d-11e8-ad0a-0e01efba3cc1_story.html%3F
- ↑ „Mohammed bin Salman's Saudi Arabia: A Deeper Look“. Flickr (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-17. ციტირების თარიღი: 2018-10-24.
- ↑ „Прокуратура Стамбула: Хашогги был задушен, расчленен и уничтожен в соответствии с планом“. Вести.Ру. 2018-10-31. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-02. ციტირების თარიღი: 2018-11-02.
- ↑ Black, Ian. (2018-10-19) Jamal Khashoggi obituary. ციტირების თარიღი: 2022-12-25
- ↑ Disparition du journaliste saoudien Jamal Khashoggi, le mystère demeure. ციტირების თარიღი: 2018-10-21
- ↑ Samuel Osborne. (2016-12-05) Saudi Arabia bans journalist for criticising Donald Trump. ციტირების თარიღი: 2018-10-08
- ↑ „Read Jamal Khashoggi’s columns for The Washington Post“. The Washington Post. 2018-10-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-21. ციტირების თარიღი: 2018-10-20.
- ↑ Robertson, Nic (9 December 2018). "'I can't breathe.' Jamal Khashoggi's last words disclosed in transcript, source says". CNN. Retrieved 3 August 202
- ↑ "Khashoggi murder: Body 'dissolved in acid'". BBC News. 2 November 2018. Archived from the original on 6 November 2018. Retrieved 6 November 2018.
- ↑ Хоуп, Шек 2024.
- ↑ Саудовский принц признал ответственность за убийство Хашкаджи. ТАСС. ციტირების თარიღი: 2019-12-24.
- ↑ 21.0 21.1 "Репортеры без границ": казни по делу Хашкаджи могут привести к сокрытию правды. ТАСС. ციტირების თარიღი: 2019-12-24.
- ↑ ЕС осудил смертный приговор убийцам журналиста Хашкаджи. ТАСС. ციტირების თარიღი: 2019-12-24.
- ↑ "Showtime Documentary 'Kingdom of Silence' To Premiere On Two-Year Anniversary Of Jamal Khashoggi Murder". Deadline. 3 September 2020. Retrieved 3 September 2020.