წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა

წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა — ქართული წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ორგანიზაცია XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დამდეგს. XIX საუკუნის საქართველოში საგამომცემლო საქმემ აღმავლობა განიცადა. ქართული სტამბები დაარსდა როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში. ამ საუკუნეში პირველი — ქუთაისის სტამბა — 1803 წელს შეიქმნა სოლომონ II-ის თაოსნობით. ეს სტამბა შემდეგ გადაიტანეს სოფელ წესში, მერე – საჩხერეში. 1811 წელს სტამბამ არსებობა შეწყვიტა და 1821 წელს კვლავ განახლდა. 30-იანი წლებიდან სტამბები (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო) თბილისშიც იქმნება: მთავარმართებლის სტამბა, დუბლერის (1846), არზამანოვების, გულოიანცის, გ. ერისთავის (1850), მუნთოევის (1855), ი. კერესელიძის (1856), ნ. ავალიშვილის (1861), ს. მელიქიშვილისა და ამხანაგობის (1864), კრამჩენკოს ანუ ავლაბრის (1870), ექ. ხელაძის (1874), მარტიროსიანცის, მ. ვართანიანცის (1877), ჩარკვიანის (1881), ვ. გუნიას (1896) სტამბები. წიგნის გამოცემა დაიწყო აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში — ქუთაისში (გამრეკელისა და წულუკიძის სტამბა, 1880; ი. ხელაძის, 1890), ბათუმში (ა. მახარაძის, 1880), ფოთსა და ზუგდიდში (ლ. ტუღუშის, 1892-93), სენაკსა და ოზურგეთში (კ. თავართქილაძის, 1891), თელავში (1890), სიღნაღში (1892), ხონში (1890). XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართული სტამბები არსებობდა მოსკოვსა და პეტერბურგში. ამავე საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული წიგნები გამოიცა აგრეთვე ვენეციაში, კონსტანტინოპოლში, პარიზსა და ტრიესტში.

ქართული წიგნების გამოცემა-გავრცელების საქმეს ემსახურებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებული „წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა“, რომელიც ამ საზოგადოების შექმნის პირველივე წლებიდან მოქმედებდა. ამხანაგობა ყოველწლიურად გამოსცემდა ათეული სახელწოდების წიგნს (მხატვრულ თუ სამეცნიეროს), შექმნილი ჰქონდა ფართო და მობილური ქსელი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ავრცელებდა, როგორც საკუთრივ ამხანაგობის, ისე სხვა გამომცემლობათა პროდუქციას. 1892 წელს მსგავსი ორგანიზაცია ქუთაისშიც შეიქმნა საკუთარი სტამბითურთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, თბ.: „განათლება“, 1984. — გვ. 423-424.