ნიკოლოზ ავალიშვილი

ქართველი ჟურნალისტი, მთარგმნელი და მწერალი

ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი (დ. 4 ივლისი, 1844, საგარეჯო ― გ. 17 სექტემბერი, 1929) — ქართველი ჟურნალისტი, მთარგმნელი, მწერალი და თეატრალური მოღვაწე, ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

ნიკოლოზ ავალიშვილი
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1844
საგარეჯო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 17 სექტემბერი, 1929 (85 წლის)
საქართველოს სსრ, სსრკ
დაკრძალულია ვერის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელი
საქმიანობა ჟურნალისტი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისი მამა — იაკობ ავალიშვილი მღვდელი იყო, მოღვაწეობდა ქალაქ ერევანში, იქვე გარდაიცვალა მალარიით 1849 წელს. დაობლებული პატარა ნიკოს აღზრდა მისმა ახლადდაქვრივებულმა დამ ითავა. მანვე შეასწავლა რუსული წერა-კითხვა და ანგარიში. 1850 წელს მთელი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა მამის ძმასთან საცხოვრებლად.

მალე მამა მოუკვდა და მთელი ოჯახი უფროსი ძმის საზრუნავი შეიქმნა. 8 წლისა თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს მეორე კლასში. პატარა ნიკომ კარგად იცოდა რუსული ენა და ყველა კლასში თითო წელი სწავლობდა 2 წლის მაგივრად. სემინარიის უკანასკნელ კლასშიც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. 1862 წელს მოსკოვში გაგზავნეს უნივერსიტეტში შესასვლელად. გარემოება შეიცვალა და იძულებული გახდა იქიდან 1866 წელს დაბრუნებულიყო სწავლადაუსრულებელი.

ნიკო ავალიშვილი მოსკოვში რვა თვე ფრანგის ოჯახში ცხოვრობდა. კარგად შეისწავლა ფრანგული წერა-კითხვა. მთელ დროს წიგნების კითხვაში ატარებდა, წაკითხულ ნაწარმოებებს ქართულად თარგმნიდა. მოსკოვში ძალიან დაუახლოვდა აკაკი წერეთელს. გადაუწყვეტია, მისი მატერიალური დახმარებით დაეარსებინა სტამბა, სადაც ქართულ წიგნებს დაბეჭდავდა. აქვე ქართველი სტუდენტები იმუშავებდნენ და საცხოვრებელ სახსრებს მოიპოვებდნენ. სტამბის დაარსების პროექტი დაიწერა, აკაკიმ ფინანსურად დიდი დახმარება გაიღო, მაგრამ განზრახვა ვერ შეასრულეს. ნიკო ავალიშვილს თბილისში დაბრუნება მოუხდა. 1869-1872 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „მნათობს“, თანამშრომლობდა ჟურნალ „დროებაში“ მისი თხზულებები იბეჭდებოდა „ცისკარში“, „მნათობსა“ და „ივერიაში“. 1870 წელს განახლებული ქართული თეატრის ერთ-ერთი მესვეური იყო. 1893 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების წევრად.

ნიკო ავალიშვილი სოფლის ხალხის საკეთილდღეოდაც მოღვაწეობდა. საგარეჯოს ხალხს გულშემატკივრობდა. დიდი დახმარება გაუწია სიღნაღიდან თბილისამდე შოსეს შეკეთებას. საგარეჯოში მცხოვრებლებთან მოლაპარაკებით 1877 წელს გაიხსნა კოოპერატივი „ივრის დამზოგველი ამხანაგობა“. იგი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცაიშვილი სოლ., ნიკო ავალიშვილი, თბ., 1955;
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ.1, გვ. 85. თბ., 2018 წელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება