ძმერხლი,[1] კოლხური თაგვისარა[2] (ლათ. Ruscus colchicus) — ორსახლიანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. დაბალი, მხოხავფესურიანი, მარადმწვანე ნახევრად ბუჩქია;[3] უკანასკნელი წყების ტოტები გარდაქმნილია ფოთლის მსგავს, დიდი ზომის, ტყავისებრ, პრიალა, მწვანე, თავწაწვეტებულ, უეკლო ფილოკლადოდიუმებად, ქვედები მოპირდაპირეა, დანარჩენი — მორიგეობითი. ნაყოფი წითელი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-სექტემბერში. საკმოდ ფართოდ არის გავრცელებული. იზრდება დაბლობების, მთისა და სუბალპური სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში.[4]
გავრცელებულია კავკასიის ეკორეგიონის დასავლეთ და, იშვიათად, ცენტრალურ ნაწილში. არის რეგიონის ენდემი.[4] საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, აჭარასა და ქართლში. იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში.[3][2] ნაყოფი იჭმევა.[5] აღსანიშნავია, რომ მცენარეს იმერეთში ჯმერხლი ეწოდება, რაჭასა და ლეჩხუმში — ჯილმეხი, მეგრულად — ზორმეხი, ჭანურად — ზერმეხი, ზურმეხი, სვანურად — ზგმეხ.[1]