ციხისუბნის ეკლესია და კოშკი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ციხისუბნის ეკლესია და კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისუბნის განაპირას, ერთმანეთის გვერდით, 1 მეტრზე. ეკლესია დარბაზულია (12,8 x 7,5 მეტრი), განეკუთვნება XVlll-XlX საუკუნეებს. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, პილასტრები, კარ-სარკმელთა ღიობები და გარეთა კუთხეები აგურითაა გამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთიდან (ამოშენებულია) და დასავლეთიდანაა. ორივე კარი გარედან ბრტყელი თაღითაა გადახურული, ხოლო შიგნით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, ფართო მხრებით გამოყოფილი აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ძირი ორიგინალურადაა დამუშავებული. მისი შუა ნაწილი, რომელიც სიგანით სარკმლის გარეთა ღიობის ტოლია, ჩაჭრილია და შიგნითკენ მკვეთრადაა დახრილი. გვერდითი ნაწილები თარაზულადაა. მსგავსი სარკმელია ჩრდილო კედლის შუაში. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია, ამ სარკმლებს დახრილი რაფები აქვს. აფსიდში სამი პატარა თაღოვანი ნიშია, ორი - ჩრდილოეთით, ერთი - სამხრეთით. ერთი საფეხურით შემაღლებული საკურთხევლის ბაქანი აფსიდის მხრების ხაზიდან რამდენადმე (დაახლოებით 2 მეტრით) წინ არის წამოწეული. აფსიდის მხრებში შემორჩენილია ხის იკონოსტასის ზედა ძელის ბუდეები. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა მარტივი პილასტრების ორი წყვილით და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით სამ თანაბარ ნაწილად არის დანაწევრებული. თითო პილასტრია დასავლეთის ორივე კუთხეში, რომელზეც კედლის მიმდებარე საბჯენი თაღია დაყრდნობილი. ეკლესიის სამივე კედელს და აფსიდს (კონქის ქუსლის დონეზე) ორსაფეხურიანი თარო გასდევს. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. გარედან რიყის ქვით ნაგები კედლები ერთ რიგად დალაგებული აგურის ჰორიზონტალური ზოლებით ტოლ მონაკვეთებადაა დაყოფილი და დასრულებულია აგურისავე საფეხუროვანი ლავგარდნით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია. ეკლესია გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი ფუძის დონეზე 9 მეტრი), ოთხსართულიანი და ზემოთ თანდათან ვიწროვდება. განეკუთვნება XVlll საუკუნეს. ნაშენია რიყის ქვით. ამჟამად გადაკეთებული და სახეშეცვლილია. სართულები ერთმანეთს კედლის სისქეში მოწყობილი კიბით უკავშირდება. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, მეორე სართულზე. კარის ღიობი მოგვიანებით აუმაღლებიათ და ბრტყელი თაღით გადაუხურავთ. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, გადახურულია ძაბრისებრი სხმული კამარით. სართულზე გეგმით ნახევარწრიული ხუთი თაღოვანი ნიში და კიბის უჯრედის თაღოვანი შესასვლელია. ნიშებიდან ოთხი ფართო, ღრმა და მაღალია, ერთი - პატარა. ჩრდილო დიდი ნიში მოგვიანებით კარად გადაუკეთებიათ. სართულს ორი თაღოვანი სარკმელი აშუქებს. მათი ღიობები გარეთკენ მკვეთრად მაღლდება. გარედან სარკმლები სწორკუთხაა. მეორე, გუმბათოვანი კამარით გადახურული სართულის კედელში ხუთი დიდი და ღრმა თაღოვანი ნიშია. სამ მათგანში თითო შეწყვილებული სათოფურია, მეოთხეში შესასვლელია გაჭრილი, მეხუთე განგრეულია და სარკმლადაა გადაკეთებული. ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს ისრულთაღიანი ბუხარი და პატარა ნიშია, აღმოსავლეთით და დასავლეთით კი - პირველ და მესამე სართულებთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედებში შესასვლელი. მესამე სართულის კედელშიც ხუთი ღრმა ისრულთაღიანი ნიშია. სამ მათგანში სათოფურია, ორში - თითო ფართო სარკმელი, რომლებიც გარედან კედლის შეღრმავებულ არეშია ჩასმული. სამხრეთ-დასავლეთით სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმული ჩასმული ისრულთაღიანი ბუხარია, რომელიც დაგვირგვინებულია აგურით ნაწყობი ვიწრო ფრიზით. ბუხრის ორივე მხარეს თითო პატარა თაღოვანი ნიშია. ჩრდილო-აღმოსავლეთით, ერთმანეთის გვერდით, კიბის უჯრედში შესასვლელი ორი თაღოვანი კარია. კარის პირდაპირ - თითო ვიწრო ისრულთაღიანი სარკმელი. სართულს სხმული გუმბათოვანი კამარა ხურავს. კიბის უჯრედები მთელ სიმაღლეზე ცალმაგი სათოფურებითაა აღჭურვილი. მეოთხე სართული საბრძოლო ქონგურებიანი ბანია (ქონგურებიდან მხოლოდ კვალიღაა დარჩენილი). მის კედელში განლაგებულია ხუთი ნისკარტა სალოდე და ექვსი ცალმაგი სათოფური. კოშკი გარედან ადგილ-ადგილ მობათქაშებულია. შესასვლელის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია მოზრდილი, შეღრმავებული ჯვარი. ჯვრის განივი მკლავების ბოლოებთან ვერტიკალურად განლაგებულია ორ-ორი რომბი, ხოლო ზედა მკლავის გვერდებზე და ზემოთ, ორრიგად, 13 რომბია. მოგვიანებით შესასვლელი აუმაღლებიათ და ჯვრის ქვედა მკლავის ნაწილი მოუშლიათ.

ლიტერატურა

რედაქტირება