ნიკოლაე ჩაუშესკუ

(გადამისამართდა გვერდიდან ჩაუშესკუ, ნიკოლაე)

ნიკოლაე ჩაუშესკუ (რუმ. Nicolae Ceauşescu; დ. 26 იანვარი, 1918, სოფ. სკორნიჩეშტი, ოლტის ჟუდეცი — გ. 25 დეკემბერი, 1989, ტირგოვიშტე) — რუმინელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რუმინეთის კომუნისტური მოძრაობის ლიდერი, ქვეყნის დიქტატორი 1965 წლიდან 1989 წლამდე. რუმინეთის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი 1965 წლიდან, რუმინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი 1969 წლიდან, პრეზიდენტი 1974 წლიდან.

ნიკოლაე ჩაუშესკუ
ნიკოლაე ჩაუშესკუ
რუმინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 მარტი 1965 – 22 დეკემბერი 1989
წინამორბედიგეორგე გეორგიუ-დეჟი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

რუმინეთის პირველი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მარტი 1974 – 22 დეკემბერი 1989
პრემიერ-მინისტრიმანია მენესკუ
ილიე ვერდეცი
კონსტანტინ დესკელესკუ
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეიონ ილიესკუ

სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 დეკემბერი 1967 – 22 დეკემბერი 1989
პრემიერ-მინისტრიიონ გეორგე მაურერი
მანია მენესკუ
ილიე ვერდეცი
კონსტანტინ დესკელესკუ
წინამორბედიკივუ სტოიკა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული26 იანვარი, 1918
სკორნიჩეშტი, ოლტის ჟუდეცი, რუმინეთი
გარდაცვლილი25 დეკემბერი, 1989 (71 წლის)
ტირგოვიშტე, დიმბოვიცის ჟუდეცი, რუმინეთი
ეროვნებარუმინელი
პოლიტიკური პარტიარუმინეთის კომუნისტური პარტია
მეუღლეელენა პეტრესკუ
შვილებივალენტინი
ზოია
ნიკუ
ხელმოწერა

დაიბადა გლეხის ოჯახში, დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 1932 წელს დაუახლოვდა იატაკქვეშა კომუნისტურ უჯრედს. 1933 წლიდან დაწყებული არაერთხელ დააპატიმრეს ძირგამომთხრელი ლიტერატურის გავრცელების, ანტისახელისუფლებო პეტიციებზე ხელმოწერების შეგროვების, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო. 1936 წელს მიუსაჯეს პატიმრობა, ვადის ნაწილი მოიხადა პოლიტპატიმართა ციხეში სახელად „დოფტანა“, სადაც გაიცნო რუმინეთის კომუნისტური იატაკქვეშეთის ცნობილი მოღვაწეები, 1943 წელს ინტერნირებული პირებისათვის განკუთვნილ ბანაკში, ქალაქ ტირგუ-ჟიუში დაუახლოვდა რუმინეთის იატაკქვეშა კომპარტიის ლიდერს გეორგე გეორგიუ-დეჟს, რაც ჩაუშესკუს დაეხმარა თანდათანობით შეეღწია კომპარტიის ხელმძღვანელ ელიტაში.

1944 წელს ნაცისტური გერმანიის ბლოკიდან რუმინეთის მოწყვეტის და იატაკქვეშეთიდან კომპარტიის გამოსვლის შემდეგ, 1944–1945 წლებში ჩაუშესკუ იყო კომუნისტური ახალგაზრდობის კავშირის მდივანი. 1947 წელს ქვეყანაში მონარქიული მმართველობის გაუქმების და რუმინეთის მუშათა პარტიის სამთავრობო პოზიციების განმტკიცების შემდეგ, 1948 წლის მაისში გახდა სახელმწიფო მდივანი (1949 წლის მარტიდან — მინისტრის პირველი მოადგილე) სოფლის მეურნეობის სამინისტროში. კოლექტივიზაციის გატარების დროს იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს. 1950 წლის მარტში გახდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე და არმიის უმაღლესი პოლიტიკური სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორის ჩინით, შემდეგ გენერალ-ლეიტენანტისათი. პასუხისმგებელია ვრანჩის ჟუდეცში გლეხთა აჯანყების სასტიკ ჩახშობაზე. აქტიურად უჭერდა მხარს გეორგიუ-დეჟს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც 1952 წელს დასრულდა მისი ოპონენტების (ანა პაუკერის და ვასილე ლუკას მეთაურობით) მარცხით და უმაღლესი პარტიულ-სახელმწიფო ორგანოებიდან მათი ჩამოშორებით. 1952 წელს ჩაუშესკუ აირჩიეს რუმინეთის მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, 1954 წელს გახდა პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, 1955 წელს პარტიის მე-2 ყრილობაზე აირჩიეს პოლიტბიუროს წევრად. 1956 წლის შემოდგომაზე უნგრეთის აჯანყების დროს კურირებდა ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობას სტუდენტურ და ახალგაზრდულ წრეებში ოპოზიციური გამოვლინებების ჩასახშობად. 1957 წელს კვლავ დაუჭირა მხარი გეორგიუ-დეჟს შიდაპარტიულ ოპოზიციასთან ბრძოლაში, რითაც პარტიულ აპარატში პოზიციები გაიმყარა.

1965 წლის მარტში გეორგიუ-ჯენის სიკვიდლის შემდეგ, 22 მარტს აირჩიეს რუმინეთის მუშათა პარტიის პირველ მდივნად. ამავე წლის ივლისში პარტიის მე-9 ყრილობამ, რომელზეც სახელი შეუცვალეს პარტიას და რუმინეთის კომუნისტური პარტია უწოდეს, ჩაუშესკუ აირჩია გენერალურ მდივნად. პოზიციების გამყარების შემდეგ, 1967 წლის დეკემბერში უმაღლესი პარტიული თანამდებობა შეუთავსა რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. 1974–1989 წლებში იყო რუმინეთის პრეზიდენტი.

პარტიისა და სახელმწიფოს სათავეში ჩადგომის შემდეგ, გააგრძელა გეორგიუ-დეჟის მმართველობის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული განსაკუთრებული საგარეოპოლიტიკური და საგარეოეკონომიკური კურსი ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ვხო, ვარშავის პაქტი) და ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს (ეუს) ჩარჩოებში (წინააღმდეგობას უწევდა ეუს-ის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის საბჭოთა გეგმებს, რომლებიც მიმართული იყო ეროვნული ეკონომიკების პროფილის დავიწროებისკენ; მოითხოვდა ვხო-ის ფარგლებში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და სამხედრო სტრატეგიის შემუშავების პროცესში სსრკ-ის მოკავშირე ქვეყნების როლის გაზრდას; 1967 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პირველმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან; ცდილობდა სსრკ-ჩინეთის კონფლიქტში შუამავლის სახით ჩართვას; არ ეთანხმებოდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების საბჭოთა პროექტს; უარი თქვა ექვსდღიანი ომის გამო ისრაელისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე). 1968 წელს რუმინეთმა ბოიკოტი გამოუცხადა ვარშავის პაქტის ქვეყნების სამხედრო აქციას ჩეხოსლოვაკიაში, ჩაუშესკუ მწვავედ აკრიტიკებდა მას.

ჩაუშესკუს დამოუკიდებელმა საგარეოპოლიტიკურმა კურსმა მხარდაჭერა პოვა დასავლურ სამყაროში (რუმინეთში შარლ დე გოლის და რიჩარდ ნიქსონის ვიზიტები 1968–1969 წლებში), რამაც ხელი შეუწყო რუმინეთის გაწევრებას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, კრედიტების გამოყოფას, რომლებიც ნაწილობრივ გამოიყენეს ამბიციური ვოლუნტარისტული პროექტების რეალიზაციისათვის, რომლებიც მიმართული იყო რუმინეთის სახელმწიფო იმიჯის ამაღლებისკენ (დუნაი-შავი ზღვის არხის მშენებლობის დასრულება; ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მიწოდებაზე გათვლილი მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ბაზის შექმნა; ბუქარესტის ცენტრის ძირეული რეკონსტრუქცია). ეკონომიკური რეფორმების არგატარების გამო ქვეყანა აღმოჩნდა ენერგომატარებელთა ბაზრის კონიუქტურის ძლიერ დამოკიდებულებაში, რამაც 1980-იანი წლების დასაწყისში გამოიწვია საგარეო ვალის მწვავე კრიზისი და ცხოვრების დონის ძლიერი ვარდნა (ამ ვალის გადახდა რეჟიმს მოუწია უმკაცრესი ეკონომიით).

კულტურული პოლიტიკის ხანმოკლე ლიბერალიზაციის პერიოდი (1965–1971) შეცვალა იდეოლოგიურმა გამკაცრებამ ეროვნულ-კომუნისტური დოქტრინის საფუძველზე (რუმინული სოციალიზმის სპეციფიკის გაძლიერებული ხაზგასმა; თანამედროვე რუმინეთის სახელმწიფოებრიობის მემკვიდრეობითობის კონსტრუირება დაკებისა და რომის იმპერიის ტრადიციებზე; მხატვრული კულტურის მიმართვა კომუნისტური და პატრიოტული პროპაგანდის დავალებათა შესრულებაზე).

1970-იანი წლების შუა ხანებში ქვეყნის ხელმძღვანელობიდან ყველა კონკურენტის მოცილების და რუმინეთის პრეზიდენტად არაკოსტიტუციურად არჩევის შემდეგ ყალიბდება ჩაუშესკუს პიროვნების კულტი, რომელიც მხარდაჭერილია სახელმწიფო პროპაგანდის მთელი სისტემის მიერ. რეჟიმის მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოვლინდა მუშათა მღელვარებებში ტირგუ-ჟიუში (1977), ბრაშოვში (1987), ინტელიგენციის ნაწილის საზღვარგარეთ გადინებაში. ტრანსილვანიაში უნგრული ეროვნული უმცირესობის დისკრიმინაციის აქტებმა და უპერსპექტივოდ მიჩნეული სოფლების განადგურების მასშტაბურმა გეგმებმა 1980-იან წლებში გამოიწვია მეზობელ უნგრეთთან ურთიერთობების მკვეთრი გამწვავება და მსოფლიო საზოგადოებრივ აზრში სოციალისტური რუმინეთის იმიჯის საბოლოო გაუარესება.

ჩაუშესკუ, რომელიც თავის ხელისუფლებას უფრთხილდებოდა, განსაკუთრების უარყოფითად შეხვდა საბჭოთა კავშირში პერესტროიკის დაწყებას და ძალისხმევა მიმართა მის წინააღმდეგ მოქმედების მექანიზმების შექმნისკენ. ამასთან ერთად, რუმინეთის მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ გააძლიერა მისი ეკონომიკის დამოკიდებულება სსრკ-ზე და თანამშრომლობა ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს ხაზით, რითაც შეზღუდა განსაკუთრებული საგარეოპოლიტიკური კურსის გატარება.

1989 წლის 16 დეკემბერს ტიმიშოარაში სახალხო მღელვარების სისხლისმიერი მეთოდებით ჩახშობას მოჰყვა ჩაუშესკუს რეჟიმის წინააღმდეგ რევოლუციური გამოსვლების დაწყება ქვეყნის სხვა ოლქებშიც. 21 დეკემბერს ბუქარესტის ცენტრში მასობრივ მიტინგზე სიტყვით გამოსვლით უშედეგოდ სცადა ვითარების განმუხტვა. 22 დეკემბერს შუადღით, რევოლუციის გაღრმავების პირობებში, თავის მეუღლესთან ელენასთან (გავლენით მეორე წევრი იყო პარტიულ-სახელმწიფო ხელმძღვანელობის ვიწრო წრეში) ერთად შვეულმფრენით გაიქცა თავისი ბუქარესტის რეზიდენციიდან. ქალაქ ტირგოვიშტეში ცოლ-ქმრის დაჭერის შემდეგ მოხდა „საგანგებო სასამართლოს“ ინსცენირება, რომელმაც ხელისუფლების მასშტაბურად ბოროტად გამოყენებისა და გენოციდის განხორციელების მცდელობების ბრალდებით ორივეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. განაჩენი მაშინვე აღსრულდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება