ჩარლზ აივზი
ჩარლზ ედვარდ აივზი (ინგლ. Charles Edward Ives ინგლისური წარმოთქმა: [aɪvz]; დ. 20 ოქტომბერი, 1874 – გ. 19 მაისი, 1954) — ამერიკელი მოდერნისტი კომპოზიტორი,[2] ერთ-ერთი პირველი საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკელი კომპოზიტორი.[3] აივზის მოღვაწეობის საწყის პერიოდში მისი მუსიკა, მეტწილად, უგულვებელყოფილი იყო, ნაწარმოებების დიდი ნაწილი კი წლების მანძილზე არ სრულდებოდა. მოგვიანებით, მისი მუსიკის ხარისხი საჯაროდ იქნა აღიარებული და იგი „ამერიკელ ორიგინალად“ მიიჩნევა.[4][5][6] იგი ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორი იყო, რომელიც სისტემატურად იყენებდა ექსპერიმენტულ მუსიკალურ ხერხებს, მათ შორის, ატონალობას, პოლირიტმიას, ბგერით კლასტერებს, ალეატორიკულ ელემენტებს და მეოთხედ ტონებს.[7] მისი ექსპერიმენტები წინ უსწრებდა ბევრ ისეთ მუსიკალურ ინოვაციას, რომელიც XX საუკუნეში ფართოდ შევიდა ხმარებაში. აქედან გამომდინარე, იგი ხშირად სახელდება, როგორც XX საუკუნის არტ-მუსიკის უპირველესი ამერიკელი წარმომადგენელი.[8]
ჩარლზ აივზი | |
---|---|
ჩარლზ აივზი (1913) | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჩარლზ ედვარდ აივზი |
დაბ. თარიღი | 20 ოქტომბერი, 1874 |
დაბ. ადგილი | დენბერი, კონექტიკუტი, აშშ |
გარდ. თარიღი | 19 მაისი, 1954 (79 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
დასაფლავებულია | Wooster Cemetery[1] |
ჟანრ(ებ)ი | მოდერნიზმი |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
აქტიური | 1888-1947 |
საიტი | charlesives.org |
ჩარლზ აივზი ვიკისაწყობში |
აივზის ბგერითი სამყარო ეფუძნებოდა ტრადიციულ სიმღერებს, საგალობლებს, მელოდიებს ქალაქის ბენდის რეპერტუარიდან, რომლებსაც სადღესასწაულო აღლუმებზე ისმენდა ხოლმე, შაბათის საცეკვაო საღამოებზე მოსმენილ სავიოლინო მელოდიებს, პატრიოტულ სიმღერებს, სენტიმენტალურ სალონურ ბალადებს და ამერიკელი კომპოზიტორის, სტივენ ფოსტერის შემოქმედებას.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული პერიოდი
რედაქტირებააივზი დაიბადა დენბერიში, კონექტიკუტის შტატში, 1874 წლის 20 ოქტომბერს.[9] იგი ჯორჯ ედვარდ აივზის (3 აგვისტო, 1845 – 4 ნოემბერი, 1894),[10] და მერი ელისაბეთ (პარმელი) აივზის (2 იანვარი, 1849 ან 1850 – 25 იანვარი, 1929) ვაჟი იყო.[11] აივზები დენბერის ერთ-ერთი მოწინავე ოჯახი იყო, გამოჩენილი როგორც ბიზნესში, ისე სამოქალაქო აქტიურობითაც. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სოციალური საკითხების გადაჭრაში, მათ შორის, მონობის გაუქმებაშიც.[8]
ჯორჯ აივზი, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომის დროს აშშ-ის არმიაში ორკესტრის ხელმძღვანელი იყო, ქალაქში ბენდებს და ორკესტრებს ხელმძღვანელობდა, ასწავლიდა მუსიკის თეორიას და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას.[12] ჩარლზი პირველ მუსიკალურ შთაბეჭდილებებს დენბერის ქალაქის მოედანზე იღებდა, როცა ერთდროულად უსმენდა მამამისის სამხედრო ორკესტრს და სხვა ანსამბლებს მოედნის მეორე მხარეს. მან და მისმა ძმამ, (ჯოზეფ) მოს აივზმა (5 თებერვალი, 1876 – 8 აპრილი, 1939) მუსიკის პირველი გაკვეთილები მამისგან მიიღეს,[12] რომელიც ჰარმონიას და კონტრაპუნქტს ასწავლიდა, ასევე, ეხმარებოდა მათ პირველი ნაწარმოებების დაწერისას. ჯორჯ აივზს მუსიკის თეორიის მიმართ პროგრესული მიდგომა ჰქონდა და ჩარლზს ბიტონალობაში და პოლიტონალობაში ექსპერიმენტებისკენ უბიძგებდა.[8] მისგანვე გაეცნო სტივენ ფოსტერის მუსიკასაც.[13]
ჩარლზი 14 წლის ასაკში ეკლესიის ორღანისტი გახდა[14] და საეკლესიო მსახურებებისათვის საგალობლების და სიმღერების შეთხზვა დაიწყო. ამავე პერიოდში, 4 ივლისთან დაკავშირებით ბრუსტერში, ნიუ-იორკში გამართული კონცერტისათვის დაწერა ვარიაციები „ამერიკაზე“. ამ ნაწარმოების შესრულება დღეს, თანამედროვე, გამოცდილი ორღანისტებისთვისაც კი, საკმაო გამოწვევად ითვლება, თუმცა ავტორი იხსენებდა, რომ მისი დაკვრა „ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც ბეისბოლის თამაში“, რაც მიუთითებს, თუ რამდენად განვითარებული იყო მისი საორღანო ტექნიკა ამ ასაკში.[15]
განათლება
რედაქტირება1893 წელს აივზი ნიუ-ჰეივენში გადავიდა და ჰოპკინსის სკოლაში დაიწყო სწავლა, სადაც ბეისბოლის გუნდის კაპიტანი იყო. 1894 წლის სექტემბერში იელის უნივერსიტეტში შევიდა, სადაც მისი პროფესორი ჰორაციო პარკერი იყო. აქ იგი, თავისი მენტორის მსგავსად, საგუნდო სტილში წერდა, ქმნიდა საეკლესიო მუსიკას და 1896 წელს უილიამ მაკკინლის წინასაარჩევნო კამპანიისთვისაც დაწერა სიმღერა.[16] 1894 წლის 4 ნოემბერს მამა გარდაეცვალა, რაც მისთვის მძიმე დარტყმა იყო, თუმცა, განაგრძო მუსიკალური ექსპერიმენტები, რომელიც მასთან ერთად ჰქონდა დაწყებული. მისი ძმა, მოსი, მოგვიანებით იურისტი გახდა.
იელში აივზი წარჩინებული სტუდენტი იყო. გაერთიანებული იყო დელტა კაპა ეპსილონის საძმოში, „მგლის თავის“ საიდუმლო საზოგადოებაში, იყო აივი ლიგის თავმჯდომარეც.[16] უყვარდა სპორტი და თამაშობდა უნივერსიტეტის ამერიკული ფეხბურთის გუნდში. მისი მწვრთნელის, მაიკლ სი. მერფის თქმით, დიდი სირცხვილი იყო, რომ აივზი ამდენ დროს უთმობდა კომპოზიციას, რადგან შეეძლო ჩემპიონი სპრინტერი გამხდარიყო.[17] მისი ნაწარმოებები ღამე კალციუმის სინათლით (Calcium Light Night) და იელ-პრინსტონის ფეხბურთის თამაში (Yale-Princeton Football Game) კარგად აჩვენებს აივზის მუსიკაზე კოლეჯისა და სპორტის გავლენას. პარკერის ზედამხედველობით, დამამთავრებელი თეზისის სახით დაწერა სიმფონია №1.[16]
აივზი ეკლესიის ორღანისტად მუშაობას 1902 წლის მაისამდე განაგრძობდა. 1898 წელს, იელის დამთავრების შემდეგ,[18] მუშაობა დაიწყო ნიუ-იორკში, სადაზღვევო კომპანიაში Mutual Life.[19] 1899 წელს გადავიდა სადაზღვევო სააგენტოში Charles H. Raymond & Co., სადაც 1906 წლამდე დარჩა. 1907 წელს კომპანია გაკოტრდა, რის შემდეგად მეგობართან, ჯულიან მაირიკთან ერთად სადაზღვევო სააგენტო Ives & Co. დააფუძნა, რომელსაც, მოგვიანებით Ives & Myrick დაერქვა.[20] სადაზღვევო სააგენტოებში მუშაობის პერიოდში აივზმა შექმნა სიცოცხლის დაზღვევის პაკეტების სტრუქტურიზების საშუალებები, რომლებიც საფუძვლად დაედო უძრავი ქონების დაგეგმვის თანამედროვე პრაქტიკას.[21] 1918 წელს გამოაქვეყნა სიცოცხლის დაზღვევა სამემკვიდრეო გადასახადთან მიმართებით (Life Insurance with Relation to Inheritance Tax), რომელსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა. შედეგად, საკმაოდ ცნობილი ფიგურა გახდა იმდროინდელ სადაზღვევო ინდუსტრიაში. მისი ბევრი კოლეგა გაოცებით ხვდებოდა ფაქტს, რომ აივზი კომპოზიტორიც იყო. თავისუფალ დროს მუსიკას წერდა, დაქორწინებამდე კი ორღანისტადაც მუშაობდა დენბერიში, ნიუ-ჰეივენში, ბლუმფილდში და ნიუ-იორკში.[16]
1907 წელს აივზს პირველად ჰქონდა „გულის შეტევა“ (როგორც მისი ოჯახი უწოდებდა). მსგავსი შეტევები მის სიცოცხლეში რამდენჯერმე განმეორდა და სავარაუდოდ, არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო. 1907 წლის შეტევისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, აივზის, როგორც კომპოზიტორის სიცოცხლეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შემოქმედებითი პერიოდი დაიწყო.
1908 წელს დაქორწმინდა ჰარმონი ტუიჩელზე, რომელიც მქადაგებლის, ჯოზეფ ტუიჩელის და ჯულია ჰარმონი ქრაშმენის ქალიშვილი იყო.[20] ახალგაზრდა წყვილი ნიუ-იორკში, საკუთარ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.
ბოლო პერიოდი და გარდაცვალება
რედაქტირებამეუღლის გადმოცემით, აივზს წარმატებული სადაზღვევო კარიერა ჰქონდა. ასევე, აქტიურ საკომპოზიტორო მუშაობას ეწეოდა 1918 წლამდე, როცა კიდევ ერთი შეტევა ჰქონდა, რის შემდეგაც წერა თითქმის შეწყვიტა. ბოლო ნაწარმოები, სიმღერა Sunrise, 1926 წლის აგვისტოში დაწერა.[20] 1922 წელს გამოსცა 114 სიმღერა, რომელიც კარგად წარმოაჩენს მისი, როგორც შემოქმედის მრავალფეროვან ბუნებას: იგი შეიცავს არტ-სიმღერებს, თინეიჯერობის და ახალგაზრდა ასაკში დაწერილ სიმღერებს და უკიდურესად დისონანტურ ნაწარმოებებსაც, როგორიცაა The Majority.[20]
მეუღლის გადმოცემითვე, 1927 წლის ერთ დილით აივზი თავისი ოთახიდან აცრემლებული გამოვიდა – მას მუსიკის წერა აღარ შეეძლო: „აღარაფერი ჟღერს სწორად“.[22] ბოლო წლებში მისი შეჩერების ასახსნელად რამდენიმე თეორია არსებობს. იგი ისეთივე საიდუმლოებითაა მოცული, როგორც ჟან სიბელიუსის ბოლო ათწლეულები, რომელმაც კომპოზიცია დაახლოებით ამ პერიოდში შეწყვიტა. მიუხედავად შემოქმედებითი პაუზისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა, იგი აგრძელებდა ძველი ნამუშევრების რევიზიას და დახვეწას, ასევე, ზედამხედველობდა თავისი მუსიკის პრემიერების ორგანიზებას.[20]
1930 წლიდან გართულებული ჯანმრთელობით მდგომარეობის გამო, რასაც დიაბეტიც დაერთო, იგი სადაზღვევო ბიზნესიდანაც წავიდა. იგი ახალ მუსიკას ვეღარ წერდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის დრო ჰქონდა. 1940-იან წლებში მოახდინა მე-2 საფორტეპიანო სონატის რევიზია და ახალი ვარიანტი 1947 წელს გამოსცა (მისი წინა ვერსია და თანმხლები ტექსტი, „ესეები სონატის წინ“[23] კერძოდ დაიბეჭდა 1920 წელს).[24]
აივზი 1954 წელს, ნიუ-იორკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა ქვრივმა, რომელიც 1969 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი მუსიკიდან შემოსული ჰონორარები ანდერძით ამერიკის ხელოვნებისა და მწიგნობრობის აკადემიას დაუტოვა ჩარლზ აივზის პრემიის დასაფინანსებლად.[25]
მუსიკალური კარიერა
რედაქტირებააივზის კარიერა და მუსიკის მიმართ სიყვარული ახალგაზრდა ასაკიდან მოდის, როცა მამამისის ბენდში დასარტყამებზე დაიწყო დაკვრა. გამოცემული აქვს დიდი რაოდენობით სიმღერები, რომელთა უმეტესობასაც საფორტეპიანო პარტია ახლავს. შექმნა ორი სიმებიანი კვარტეტი და სხვა კამერული ნაწარმოებები, თუმცა, ამჟამად, მეტწილად, საორკესტრო მუსიკითაა ცნობილი. ორღანისტად მუშაობის დროს, 1891 წელს, დაწერა ვარიაციები ამერიკაზე, რომლის პრემიერაც ოთხი ივლისის ზეიმთან დაკავშირებულ კონცერტზე შესრულდა.
1906 წელს აივზმა დაწერა XX საუკუნის პირველი რადიკალური მუსიკალური ნაწარმოები, ცენტრალური პარკი სიბნელეში (Central Park in the Dark). შექმნა ორი სიმფონია, ასევე, უპასუხო შეკითხვა (The Unanswered Question) (1908), რომელიც ინსტრუმენტთა უჩვეულო ანსამბლს მოითხოვს (საყვირი, ოთხი ფლეიტა და სიმებიანი კვარტეტი). უპასუხო შეკითხვაზე გავლენა იქონია ახალი ინგლისელი მწერლების, რალფ უოლდო ემერსონის და ჰენრი დეივიდ თოროს შემოქმედებამ.
დაახლოებით 1910 წელს დაიწყო თავის ყველაზე სრულყოფილ ნამუშევრებზე მუშაობა, მათ შორისაა სადღესასწაულო სიმფონია (Holiday Symphony) და სამი ადგილი ახალ ინგლისში (Three Places in New England). საფორტეპიანო სონატა №2, კონკორდი, მესა. (The Piano Sonata No. 2, Concord, Mass.), ასევე ცნობილი, როგორც „კონკორდის სონატა“ ერთ-ერთი გამორჩეულია აივზის შემოქმედებიდან. მასზე მუშაობა 1911 წელს დაიწყო და 1915 წლისთვის უმეტესი ნაწილი დასრულებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მისი პირველი ვერსიის გამოქვეყნება მხოლოდ 1920 წელს შეძლო, ხოლო რედაქტირებული ვერსიისა – 1947 წელს. ეს ნაწარმოები მისი მუსიკალური ექსპერიმენტების ყველაზე რადიკალურ მაგალითებს შეიცავს. მეორე ნაწილში პიანისტს ეძლევა მითითება, გამოიყენოს 14.75 დუიმის (37 სანტიმეტრის) სიგრძის ხის ჯოხი დიდი კლასტერული აკორდის დასაკრავად. ნაწარმოები კარგად აჩვენებს აივზის მისწრაფებას მუსიკალური ციტირებისკენ: ყველა ნაწილში ციტირებულია ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიის შესავალი ტაქტები. სინკლერის კატალოგში ასევე მოხსენიებულია ნაკლებად შესამჩნევი ციტირებები ბეთჰოვენის 29-ე (Hammerklavier) საფორტეპიანო სონატიდან და სხვა ნაწარმოებებიდან.[26]
აივზის საორკესტრო მუსიკის გამორჩეული ნიმუშია სიმფონია №4, რომელზეც 1910–1915 წლებში მუშაობდა. იგი ოთხი ნაწილისგან შედგება. გამორჩეულია კომპლექსურობითა და გაზრდილი საორკესტრო შემადგენლობით. სრული სახით მხოლოდ 1965 წელს შესრულდა (ე.ი., დასრულებიდან ნახევარი საუკუნის და აივზის გარდაცვალებიდან ათზე მეტი წლის შემდეგ).
აივზმა ვერ მოასწრო კიდევ ერთი, სამყაროს სიმფონიის (Universe Symphony) დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ორი ათწლეული მუშაობდა. ამის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემები და იდეების ცვალებადობა იყო.
რეაქცია
რედაქტირებააივზის სიცოცხლეში მისი მუსიკა, მეტწილად, იგნორირებული იყო, განსაკუთრებით, იმ წლებში, როცა აქტიურად წერდა. გამოქვეყნებული ნაწარმოებების უმეტესობაც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შესრულდა. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ პერიოდში მისი რეპუტაცია საგრძნობლად გაიზარდა. ჯულიარდის სკოლამ მისი გარდაცვალების 50 წლისთავი (2004) ექვსდღიანი საკონცერტო ციკლით აღნიშნა. მისი მუსიკალური ექსპერიმენტები, განსაკუთრებით, დისონანსის მზარდი გამოყენება, მისმა თანამედროვეებმა ცუდად მიიღეს. რიტმულად კომპლექსური დიდი საორკესტრო ნამუშევრების შესრულება კი დღესაც, მათი დაწერიდან ათწლეულების შემდეგ, ორკესტრებისთვის გამოწვევად რჩება.
აივზის მუსიკის თავდაპირველ მხარდამჭერთა შორის იყვნენ ჰენრი კაუელი, ელიოტ კარტერი და აარონ კოპლანდი. კაუელის ჟურნალმა New Music მისი პარტიტურების საკმაოდ დიდი ნაწილი გამოსცა (კომპოზიტორის ნებართვით). მიუხედავად ამისა, დაახლოებით 40 წლის განმავლობაში თითქმის არ ყოფილა აივზის მუსიკის ისეთი პერფორმანსები, რომელთა ორგანიზატორი და სპონსორი თავად კომპოზიტორი არ იყო. როგორც წესი, დირიჟორობას ნიკოლას სლონიმსკის ანდობდა.[24] აარონ კოპლანდმა აივზის მიერვე გამოცემული მისი 114 სიმღერის ნახვის შემდეგ ამ კოლექციის საქებარი საგაზეთო სტატია გამოაქვეყნა.
გარკვეული საჯარო აღიარება აივზმა 1930-იან წლებში მიიღო, როცა სლონიმსკიმ ამერიკული და ევროპული ტურნეების დროს მისი სამი ადგილი ახალ ინგლისში დაუკრა. 1939 წელს პიანისტმა ჯონ კერკპატრიკმა ნიუ-იორკის თაუნ ჰოლში მისი კონკორდის სონატის პრემიერა დაუკრა, პერფორმანსს ქალაქის მთავარ გაზეთებში კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით, აივზის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ (1954) კერკპატრიკმა სოპრანო ჰელენ ბოუტრაიტთან ერთად პირველად ჩაწერა აივზის სიმღერები ნაკლებადცნობილი Overtone ლეიბლით.[27] 1974 წელს მათ სიმღერები ხელახლა, აივზის ასწლეულის კოლექციისთვის (Ives Centennial Collection) ჩაიწერა, რომელიც Columbia Records-ის ლეიბლით გამოვიდა.
1940-იან წლებში აივზმა გაიცნო ლუ ჰარისონი, რომელიც მისი მუსიკის თაყვანისმცემელი იყო. ჰარისონმა მისი მუსიკის რედაქტირება და მხარდაჭერა დაიწყო. ყველაზე აღსანიშნავი იყო აივზის მე-3 სიმფონიის (The Camp Meeting, 1904) პრემიერა მისი დირიჟორობით, 1946 წელს.[28] მომდევნო წელს ამან აივზს პულიცერის პრემია მოუტანა. ფულადი ჯილდოს ნახევარი აივზმა ჰარისონს მისცა, ნახევარი კი სხვებს: „პრიზები პატარა ბიჭებისთვისაა, მე კი ზრდასრული ვარ (prizes are for boys, and I'm all grown up)“.[29]
აივზი გულუხვად აფინანსებდა მეოცე სუკუნის მუსიკას, განსაკუთრებით, სხვა თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებს. ამას საიდუმლოდ აკეთებდა და ამბობდა, რომ ეს მისი ცოლის სურვილი იყო.[30] 1971 წელს სლონიმსკიმ განაცხადა: „მთელი ჩემი კარიერა მან დააფინანსა“.[31]
ამავე დროს, აივზის მუსიკას მხარს უჭერდა ბერნარდ ჰერმანიც, რომელიც CBS-ზე დირიჟორად მუშაობდა და 1940 წელს CBS-ის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორიც გახდა. ამ პოსტზე მუშაობისას აივზის მუსიკას აქტიურად ასრულებდა. როცა ისინი შეხვდნენ, ჰერმანმა გაუმხილა, რომ კონკორდის სონატის შესრულებაც ჰქონდა ნაცადი.
აივზი, რომელიც რადიოს და ფონოგრაფს თავს არიდებდა, დათანხმდა, რომ 1933–1943 წლებში რამდენიმე საფორტეპიანო ჩანაწერი გაეკეთებინა. ერთ-ერთი საკმაოდ უჩვეულო ჩანაწერში, რომელიც 1943 წელს ნიუ-იორკში გაკეთდა, აივზი ფორტეპიანოზე უკრავს და მღერის თავის პოპულარულ, I მსოფლიო ომის დროინდელ სიმღერას They Are There!, რომელიც 1917 წელს დაწერა. 1942–43 წლებში, II მსოფლიო ომის დროს მან სიმღერის რევიზია მოახდინა.
მოგვიანებით, აივზის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით (1974), აივზის საფორტეპიანო ჩანაწერები Columbia Records-მა გამოსცა. 2006 წლის 1 აპრილს კი მისი 42 ჩანაწერი New World Records-ის ლეიბლით CD-ს სახით გამოვიდა.
1950-იან წლებში, კანადაში, ინგლისური წარმოშობის პიანისტმა, ლოიდ პაუელმა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში საკონცერტო სერიები ჩაატარა, სადაც აივზის ყველა საფორტეპიანო ნაწარმოები დაუკრა.[32]
აივზის მუსიკის აღიარება სტაბილურად იზრდებოდა. მას მაღალ შეფასებას აძლევდა არნოლდ შონბერგიც, რომელიც მას არტისტული ერთიანობის მონუმენტად განიხილავდა. შონბერგის გარდაცვალებიდან (იგი აივზზე სამი წლით ადრე გარდაიცვალა) ცოტა ხნის შემდეგ მისმა მეუღლემ აივზის შესახებ გაკეთებული ჩანაწერი იპოვა, რომელიც 1944 წელს იყო დაწერილი, როცა შონბერგი კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში ასწავლიდა.
ამ ქვეყანაში ერთი დიდებული კაცი ცხოვრობს – კომპოზიტორი. მან გადაჭრა პრობლემა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა თვითშეფასება და ამასთანავე, ისწავლოს. იგნორირებას იგი ყურადღებას არ აქცევს. არ არის იძულებული, დაეთანხმოს ქებას და ლანძღვას. მისი სახელია აივზი.
|
გადმოცემის თანახმად, აივზის მუსიკას დიდ პატივს სცემდა გუსტავ მალერიც, რომლის თქმითაც, იგი ნამდვილი მუსიკალური რევოლუციონერი იყო. იმავე გადმოცემის თანახმად, მალერს სურდა აივზის მე-3 სიმფონიის პრემიერა ნიუ-იორკის ფილარმონიულთან ერთად შეესრულებინა, თუმცა, ეს ვერ მოასწრო, რადგან 1911 წელს გარდაიცვალა. ამ გადმოცემის წყარო თავად აივზია. მალერის გარდაცვალების შემდეგ შეუძლებელია იმის დადასტურება, მართლა ნახა თუ არა მან მე-3 სიმფონიის პარტიტურა, ან რამდენად ჰქონდა გადაწყვეტილი, მისი პრემიერა 1911–12 წლების სეზონისთვის გაემართა.[34] აივზი რეგულარულად ესწრებოდა ნიუ-იორკის ფილარმონიულის კონცერტებს და სავარაუდოდ, მალერის დირიჟორობა კარნეგი-ჰოლში ექნებოდა მოსმენილი.
1951 წელს ლენარდ ბერნსტაინმა ნიუ-იორკის ფილარმონიულთან მალერის მე-2 სიმფონიის მსოფლიო პრემიერა იდირიჟორა. აივზებმა პერფორმანსი თავიანთი მზარეულის რადიოში მოისმინეს და პუბლიკის თბილი რეაქციით გაოცებული დარჩნენ. ბერნსტაინმა გააგრძელა აივზის მუსიკის დირიჟორობა და ზემოხსენებულ ორკესტრთან ერთად არაერთი ჩანაწერიც გააკეთა Columbia Records-ის ლეიბლით. მან პატივი მიაგო აივზს თავის სატელევიზიო კონცერტებში ახალგაზრდობისთვის და სპეციალური დისკით, რომელშიც მე-2 სიმფონიის 1960 წლის ჩანაწერი და Holiday Symphony-ს ერთ-ერთი ნაწილი, ოთხი ივლისი.
აივზის მუსიკის ერთ-ერთი პირველი ჩანაწერი იყო აგრეთვე ოთხი სავიოლინო სონატა, რომელიც მინეაპოლისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერმა, რაფაელ დრუიანმა და პიანისტმა ჯონ სიმზმა ჩაწერეს. 1965 წელს ლეოპოლდ სტოკოვსკიმ შეასრულა სიმფონია №4, რომელიც, მისი აზრით, „აივზის ამოცანის გული“ იყო. კიდევ ერთი მხარდამჭერი იყო საგუნდო დირიჟორი გრეგ სმიტი, რომელმაც 1960-იან წლებში მისი მცირე ზომის ნაწარმეობები ჩაწერა. ამათში შედიოდა ფსალმუნების პირველი სტერეო ჩანაწერები და ბევრი მოკლე ნაწარმოების არანჟირება თეატრის ორკესტრისთვის. ჯულიარდის სიმებიანმა კვარტეტმა 1960-იან წლებში მისი ორი კვარტეტი ჩაწერა.
XXI საუკუნის დასაწყისში აივზის სიმფონიების აქტიური მხარდამჭერია დირიჟორი მაიკლ ტილსონ ტომასი, ასევე, კომპოზიტორი და ბიოგრაფი იან სვოფორდი. აივზის ნაწარმოებები რეგულარულად ჩნდება ევროპული კონცერტების პროგრამებში. მისი მუსიკით შთაგონებული იყვნენ ვიზუალური არტისტებიც, მათ შორის, ედუარდო პაოლოცი, რომელმაც 1970-იან წლებში გამოშვებულ პრინტების კოლექციას Calcium Light Night უწოდა, თითოეულ პრინტს კი აივზის რომელიმე ნაწარმოების სახელი ერქვა (მათ შორის, ცენტრალური პარკი სიბნელეში). 1991 წელს კონექტიკუტის კანონმდებლებმა აივზი შტატის ოფიციალურ კომპოზიტორად გამოაცხადეს.[35]
1990 წელს შოტლანდიელმა ბარიტონმა, ჰენრი ჰერფორდმა, აივზის სიმღერების კვლევა დაიწყო, რაც ჯერაც არ დასრულებულა, რადგან პროექტთან დაკავშირებული ხმის ჩამწერი კომპანია, Unicorn-Kanchana, დაიშალა. პიანისტმა, კომპოზიტორმა, უესლის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნილი ბრუსმა აივზის მუსიკის კვლევას კარიერის დიდი ნაწილი მიუძღვნა. ამ დრომდე, მან აივზის სიმღერების 7 კონცერტის ჩატარება შეძლო. მუსიკოლოგმა დეივიდ გრეი პორტერმა აივზის ესკიზებიდან აღადგინა საფორტეპიანო კონცერტი, სახელწოდებით Emerson Concerto. Naxos Records-მა მისი ჩანაწერიც გამოუშვა.
ამერიკელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, ფრენკ ზაპამ, ჩარლზ აივზი თავის გავლენებს შორის დაასახელა შენიშვნებში ალბომისთვის Freak Out! (1966). აივზი დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე სხვა მუსიკოსებზეც. Planet Arts Records-მა გამოსცა აღიარებული ჯაზ-ალბომი Mists: Charles Ives for Jazz Orchestra. აივზი დაუმეგობრდა და მხარს უჭერდა ახალგაზრდა ელიოტ კარტერს. გარდა ამისა, ფილ ლეში, ბასისტი ჯგუფისა Grateful Dead, აივზს თავის ერთ-ერთ მუსიკალურ გმირად ასახელებს.[36]
1996 წელს, მიკრტონალური მუსიკის ამერიკელმა კომპოზიტორმა, ჯონი რაინჰარდმა, აღადგინა და შეასრულა Universe symphony.[37][38]
უპასუხო აივზი – ამერიკული მუსიკის პიონერი (The Unanswered Ives – Pioneer in American Music) არის ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორია ენ-კეთრინ პაიცი. იგი გერმანული Accentus Music-ის პროუქციაა, რომელიც 2018 წელს შვედურ და გერმანულ ტელევიზიებში აჩვენეს. მასში შედის ინტერვიუები იან სვოფორდთან, კომპოზიტორ ჯონ ადამსთან, დირიჟორ ჯეიმზ სინკლერთან და მუსიკოს ჯეკ კუპერთან.[39]
პოლიტიკა
რედაქტირება1920 წელს აივზმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის კონსტიტუციას მე-20 შესწორება დამატებოდა, რომელიც საშუალებას მისცემდა მოქალაქეებს, კონგრესში საკანონმდებლო ინიციატივები შეეტანათ. კონგრესის წევრები შეტანილი ინიციატივებიდან ყოველწლიურად 10 ინიციატივას შეარჩევდნენ რეფერენდუმზე გაიტანდნენ. ამ შესწორებასთან დაკავშირებით მან საკუთარი ხარჯებით რამდენიმე ათასი პამფლეტიც კი დაბეჭდა და გაავრცელა. მათი მიხედვით, საჭირო იყო წარმომადგენლობით დემოკრატიაში პოლიტიკის როლის შემცირება. იგი გეგმავდა, რომ პამფლეტები 1920 წლის რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე გაევრცელებინა, თუმცა, მბეჭდავმა მათი მოწოდება დაუგვიანა.[40]
ბიოგრაფიული ფილმის A Good Dissonance Like a Man მიხედვით, აივზის პირველი გულის შეტევა ახალგაზრდა ფრანკლინ დ. რუზველტთან კამათს მოჰყვა. რუზველტი ომის ფონდის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რომელშიც აივზიც მუშაობდა და ემხრობოდა 50 დოლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, რაც აივზის აზრით, უსარგებლო იყო.[41]
უმთავრესი კომპოზიციები
რედაქტირებაშენიშვნა: რამდენადაც აივზი, ხშირად, ერთი და იგივე ნაწარმოების რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას ქმნიდა და იმის გამო, რომ მისი სიცოცხლის განმავლობაში ნაწარმოებები მეტწილად, იგნორირებული იყო, კომპოზიციების დათარიღება საკმაოდ რთულია, შესაბამისად, ქვემოთ მოცემული თარიღები მხოლოდ ვარაუდებს წარმოადგენს. ასევე, არსებობს სადავო სპეკულაციები, რომ თავად აივზი ნაწარმოებებს განგებ არასწორად ათარიღებდა.
- ვარიაციები „ამერიკაზე“ (Variations on "America") ორღანისთვის (1892)
- The Circus Band (მარში, რომელიც ქალაქში ცირკის ჩამოსვლას აღწერს)
- ფსალმუნები (14, 42, 54, 67, 90, 135, 150) (1890-იანი წლები)[42]
- სიმებიანი კვარტეტი №1, From the Salvation Army (1897–1900)
- სიმებიანი კვარტეტი №1 რე მინორში (1898–1901)
- სიმებიანი კვარტეტი №2 (აივზის დათარიღება 1899–1902; ხელნაწერის და ფურცლის ანალიზი 1907–1909 წლებს მიუთითებს)[13]
- სიმფონია №3, The Camp Meeting (1908–10)
- ცენტრალური პარკი სიბნელეში (Central Park in the Dark) კამერული ორკესტრისთვის (1906, 1909)
- უპასუხო შეკითხვა (The Unanswered Question) კამერული ანსამბლისთვის (1908; რევიზია 1934)
- საფორტეპიანო სონატა №1 (1909–16)
- ემერსონის კონცერტი (Emerson Concerto) (1913–19)
- The Gong on the Hook & Ladder (მეხანძრეთა აღლუმი მთავარ ქუჩაზე) ორკესტრისთვია, Kv 28
- Tone Roads ორკესტრისთვის №1, 'All Roads Lead To the Center' KkV38
- 3 მოკლე პიესა, A, Kk W15, №1 'Largo Cantabile – Hymn' სიმებიანი კვარტეტისა და კონტრაბასისთვის
- "Halloween" სიმებიანი კვერტეტის, ფორტეპიანოს და დიდი ბარაბნისთვის, Kw11
- საფორტეპიანო ტრიო (დაახლოებით 1909–10, რევიზია დაახლოებით 1914–15)
- სავიოლინო სონატა №1 (1910–14; რევიზია დაახლოებით 1924)
- სავიოლინო სონატა №4, Children's Day at the Camp Meeting (1911–16)
- A Symphony: New England Holidays (1904–13)
- უვერტიურა „Robert Browning“ (1911–14)
- სიმფონია №4 (1912–18; რევიზია 1924–26)
- სიმებიანი კვარტეტი №2 (1913–15)
- პიესები კამერული ანსამბლისთვის, დაჯგუფებულია, როგორც „Sets“, ზოგიერთს ეწოდება „Cartoons or Take-Offs“ ან „Songs Without Voices“ (1906–18); მათ შორისაა Calcium Light Night
- სამი ადგილი ახალ ინგლისში (Three Places in New England) (საორკესტრო სეტი №1) (1910–14; რევიზია 1929)
- სავიოლინო სონატა №2 (1914–17)
- სავიოლინო სონატა №3 (1914–17)
- საორკესტრო სეტი №2 (1915–19)
- საფორტეპიანო სონატა №2 Concord, Mass., 1840–60 (1916–19) (არსებობს მრავალი რევიზია)
- Universe Symphony (დაუსრულებელი, 1915–28, მასზე გარდაცვალაბამდე, 1954 წლამდე მუშაობდა)
- 114 სიმღერა (შექმნილია სხვადასხვა დროს 1887–1921 წლებში, გამოიცა 1922 წელს)
- სამი მეოთხედტონიანი საფორტეპიანო პიესა (1923–24)
- საორკესტრო სეტი №3 (დაუსრულებელი, 1919–26, შენიშვნები დამატებულია 1934 წლის შემდეგ)
აუდიო მასალა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Botstein 2001.
- ↑ Hitchcock & Perlis 1977, pp. 45–63.
- ↑ Downes, Olin (May 30, 1950). „American Original“. The New York Times.
- ↑ Taruskin, Richard (May 16, 2004). „Underneath the Dissonance Beat a Brahmsian Heart“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 17, 2015. ციტირების თარიღი: November 14, 2015.
- ↑ Hall 1964, p. 42.
- ↑ Burkholder 1995, p. 4.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Ives, Charles | Grove Music en. ციტირების თარიღი: 2019-04-18
- ↑ Charles Ives. Music Sales Classical. ციტირების თარიღი: July 17, 2015.
- ↑ George Edward Ives (1845–1894) (June 5, 2009). ციტირების თარიღი: June 24, 2018
- ↑ Mary Elizabeth Parmelee. ციტირების თარიღი: June 24, 2018
- ↑ 12.0 12.1 Randel, Don Michael (2003). The Harvard Biographical Dictionary of Music. Harvard University Press, გვ. 410. ISBN 0-674-01163-5.
- ↑ 13.0 13.1 Burkholder, Sinclair და Sherwood 2001
- ↑ Cowell & Cowell 1955, p. 27.
- ↑ Burkholder, Sinclair და Sherwood 2001, "Youth, 1874–94".
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 Burkholder, Sinclair და Sherwood 2001, "Apprenticeship, 1894–1902".
- ↑ Moor 1996, p. 411.
- ↑ (1898) Symphony no. 1.
- ↑ Gill 2013, p. 24.
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 Burkholder, Sinclair და Sherwood 2001, "Maturity, 1908–18".
- ↑ Karolyi 1996, p. 10.
- ↑ Burkholder, Sinclair და Sherwood 2001, "Last works, 1918–1927".
- ↑ Ives, Charles (1947). Essays Before a Sonata.
- ↑ 24.0 24.1 Burkholder, Sinclair და Sherwood 2001, "Revisions and premières, 1927–54".
- ↑ Awards List. American Academy of Arts and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 19, 2015. ციტირების თარიღი: მაისი 28, 2020.
- ↑ James B. Sinclair (1999). A Descriptive Catalogue of the Music of Charles Ives. Yale University Press.
- ↑ Overtone Records, კატალოგის №7
- ↑ Miller & Hanson 2001.
- ↑ Lewis 2005, p. 642.
- ↑ Slonimsky 1971.
- ↑ Slonimsky 1971, part 2, after 28:50.
- ↑ Lloyd Powell. Historica Canada. ციტირების თარიღი: January 4, 2016.
- ↑ Ross 2007, p. 143.
- ↑ Ross, Alex (February 20, 1996). „Ives and Mahler, Through the Same Lens“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 18, 2013.
- ↑ State of Connecticut, Sites º Seals º Symbols დაარქივებული March 14, 2008, საიტზე Wayback Machine. ; Connecticut State Register & Manual; retrieved on January 4, 2007
- ↑ Matt O'Donnell. (November 7, 2009). Phil Lesh Interview. https://www.youtube.com/watch?v=AHIe09Pc66c.
- ↑ [1] დაარქივებული December 24, 2019, საიტზე Wayback Machine. Kostelanetz, Richard and Brittain, H.R. "A dictionary of the avant-gardes," Taylor & Francis, Inc., 2001. Page 411. ISBN 978-0-415-93764-1 Retrieved October 4, 2011
- ↑ [2] დაარქივებული December 16, 2019, საიტზე Wayback Machine. Taruskin, Richard "The danger of music: and other anti-utopian essays," University of California Press, 2008, pages 56-59. Retrieved October 4, 2011
- ↑ The Unanswered Ives, Accentus Music. ციტირების თარიღი: October 12, 2018
- ↑ Broyles 1996, p. 154.
- ↑ Timreck 1977
- ↑ Sinclair 1999, pp. 264–276.
ლიტერატურა
რედაქტირება- Gill, Ardian (July–August 2013). „Free Agent: Charles Ives' Dual Careers“. Contingencies. American Academy of Actuaries. 25 (4): 22–27. ISSN 1048-9851. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-04. ციტირების თარიღი: 2020-06-04.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Botstein, Leon (2001). „Modernism“. In Macy, L. (ed.). Grove Music Online. grovemusic.com.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Broyles, Michael (1996). Charles Ives and the American Democratic Tradition.
- Burkholder, J. Peter (1995). All Made of Tunes: Charles Ives and the Uses of Musical Borrowing. New Haven, CT: Yale University Press. ISBN 978-0-300-05642-6.
- (1996) Charles Ives and His World, The Bard Music Festival. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0-691-01164-6.
- Burkholder, J. Peter; Sinclair, James B.; Sherwood, Gayle (2001). „Ives, Charles (1874–1954), composer“. In Macy, L. (ed.). Grove Music Online. grovemusic.com.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Cowell, Henry; Cowell, Sidney (1955) Charles Ives and His Music. Oxford: Oxford University Press. OCLC 56865028.
- Hall, David (September 1964). „Charles Ives: an American Original“. Hi-fi/Stereo Review. 13 (3): 42. OCLC 17931951.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Hitchcock, H. Wiley; Perlis, Vivian, eds. (1977). An Ives Celebration: Papers and Panel of the Charles Ives Centennial Festival-Conference. Urbana, Chicago and London: University of Illinois Press. pp. 45–63. ISBN 978-0-252-00619-7.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Karolyi, Otto (1996). Modern American Music: from Charles Ives to the Minimalists. Cygnus Arts. ISBN 978-0-8386-3725-8.
- Lewis, Uncle Dave (2005). „Charles Ives“. In Woodstra, Chris; Brennan, Gerald; Schrott, Allen (eds.). All Music Guide to Classical Music: The Definitive Guide to Classical Music. Hal Leonard Corporation. ISBN 978-0-87930-865-0.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Miller, Leta E.; Hanson, Charles (2001). „Harrison, Lou (1917–2003), composer“. In Macy, L. (ed.). Grove Music Online. grovemusic.com.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Moor, Paul (1996). On Horseback to Heaven: Charles Ives. Originally published 1948.
- Ross, Alex (2007). The Rest is Noise: Listening to the Twentieth Century. New York: Farrar, Straus and Giroux. ISBN 978-0-374-24939-7.
- Sinclair, James B. (1999). A Descriptive Catalogue of the Music of Charles Ives. New Haven, CT: Yale University Press. ISBN 978-0-300-07601-1.
- (mp3) Nicolas Slonimsky Eats Dinner. Other Minds. December 28, 1971. https://archive.org/details/SlonimskyEatsDinner.
- Timreck, Theodor W. (producer-director) (Vimeo). A Good Dissonance Like a Man. New York Foundation for the Arts. https://vimeo.com/ondemand/charlesives. Reviewed by Weiler, A. H.. (April 22, 1977) A Good Dissonance Like a Man. The New York Times.
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Block, Geoffrey (1988). Charles Ives: a bio-bibliography. New York: Greenwood Press. ISBN 978-0-313-25404-8.
- Budiansky, Stephen (2014). Mad Music: Charles Ives, the Nostalgic Rebel. Lebanon, New Hampshire: University Press of New England. ISBN 978-1-61168-399-8.
- Cooper, Jack (1999). Three sketches for jazz orchestra inspired by Charles Ives songs. University of Texas at Austin: UMI Publishing. OCLC 44537553.
- Herzfeld, Gregor (2007). Zeit als Prozess und Epiphanie in der experimentellen amerikanischen Musik. Charles Ives bis La Monte Young (de). Stuttgart: Franz Steiner Verlag. ISBN 978-3-515-09033-9.
- (2004) Charles Ives: 129 Songs, Music of the United States of America (MUSA). Madison, Wisconsin: A-R Editions. ISBN 9780895795243.
- Johnson, Timothy (2004). Baseball and the Music of Charles Ives: A Proving Ground. Maryland: The Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-4999-0.
- Kirkpatrick, John (1973). Charles E. Ives: Memos. London: Calder & Boyars. ISBN 978-0-7145-0953-2.
- Perlis, Vivian (1974). Charles Ives Remembered: an Oral History. New York: Da Capo Press. ISBN 978-0-306-80576-9.
- Sive, Helen R. (1977). Music's Connecticut Yankee: An Introduction to the Life and Music of Charles Ives. New York: Atheneum. ISBN 978-0-689-30561-0.
- Swafford, Jan (1996). Charles Ives: A Life with Music. New York: W. W. Norton. ISBN 978-0-393-03893-4.
- Woolridge, David (1974). From the Steeples and Mountains: A Study of Charles Ives. New York: Alfred A. Knopf. ISBN 978-0-394-48110-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩარლზ აივზი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Charles Ives's page at Theodore Presser Company[მკვდარი ბმული]
- ჩარლზ აივზი — უფასო ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
- „The Unanswered Ives: American Pioneer of Music“ (2018) — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Charles Ives — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ჩარლზ აივზი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- ჩარლზ აივზი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ჩარლზ აივზი — ნამუშევრები საიტზე Open Library
- The Charles Ives Society
- Songs of Charles Ives at Music of the United States of America (MUSA)
- Leicestershire Schools Symphony Orchestra Tippett rehearses Putnam's Camp (1969).
- The Charles Ives Center for the Arts. Inc დაარქივებული 2021-03-27 საიტზე Wayback Machine.
- Art of the States: Charles Ives Three Quarter-Tone Pieces for Two Pianos (1924)
- Charles Ives, Pytheas Center for Contemporary Music
- Concord Sonata დაარქივებული 2012-02-19 საიტზე Wayback Machine. at La Folia
- Charles Ives Papers, Yale University Music Library
- Charles Ives Rare and Non-Commercial Sound Recordings collection, Yale University Music Library