შუააზიური კობრა
შუააზიური კობრა (ლათ. Naja oxiana) — შხამიანი გველი ასპიტისებრთა ოჯახისა. მამალი სიგრძეში 1,6 მ-მდე აღწევს, დედალი ოდნავ მცირეა. გლუვ ქერცლს ზეთისხილისფერი ან ყავისფერი შეფერილობა აქვს. მშვიდ მდგომარეობაში თავი სხეულის დანარჩენი ნაწილისაგან გამოკვეთილი არ არის. ტანი შეუმჩნევლად გადადის თანდათანობით დავიწროებულ კუდში. გაღიზიანების შემთხვევაში შეუძლია წინა ნაწილის ხანგრძლივად წამოწევა და კისრის გაბერვა. ამ დროს სისინებს, ირწევა და თავს მტრის მიმართულებით აბრუნებს. ინდური კობრისაგან განსხვავებით, კისრის გამობერილ ნაწილზე (ე.წ. „ყურებზე) უკანა მხრიდან არ აქვს სათვალის მსგავსი მოხატულობა.[1]
შუააზიური კობრა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თავდაცვის მდგომარეობაში | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Naja oxiana (Eichwald, 1831) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 164642 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
გავრცელებულია შუა აზიის სამხრეთ ოლქებში: სამხრეთ-დასავლეთ ტაჯიკეთში, სამხრეთ უზბეკეთსა და თურქმენეთში;[1] აგრეთვე ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში, ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში, პაკისტანში და ჩრდილოეთ ინდოეთში.[2] გვხვდება მთისწინეთებში, მდინარეთა ხეობებში, ჩვეულებრივ ბუჩქებს შორის, იშვიათად — დანგრეულ ნაგებობებში. ქვიშიან უდაბნოში კობრას ვხვდებით გამაგრებულ ან ნახევრად გამაგრებულ ქვიშებში, ბუჩქნარით დაფარულ და მღრღნელებით მდიდარ ადგილებში. ცნობილია გველის პოვნის შემთხვევები დასახლებულ პუნქტებში, დიდ ქალაქებშიც კი.[1]
ყველაზე მეტად აქტიურები არიან აპრილის შუა ხანებიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ნოემბრის შუა ხანებამდე. ივლისში დედალი დებს 9–19 კვერცხს, საიდანაც ახალი თაობა აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის დასაწყისში იჩეკება. შუააზიური კობრა იკვებება მწერებით, ამფიბიებით, ფრინველებით, სხვა ასპიტების მსგავსად, ეტანება გველებსაც, მათ შორის, შხამიანებს.[1]
ადამიანებისა და ცხოველებისათვის წარმოადგენს უთუო საფრთხეს, თუმცა გველგესლასებრთაგან განსხვავებით, ყოველთვის იძლევა გაფრთხილებას იქ ყოფნის შესახებ. მაგრამ უშუალო საფრთხის დროს ელვისებურ შეტევებს ახორციელებს მტრის მიმართულებით, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც წესი, მთავრდება სამიზნე ნაკბენით. ამასთანავე, გველგესლებისგან განსხვავებით, არ აკეთებენ მყისიერ ნაკბენს, არამედ აშინებენ მტერს ყბების რამდენიმე მანევრით, ვიდრე მასზე ნამდვილად გაიწევდნენ საკბენად.[1]
კბენის შემდეგ ადგილობრივი მოვლენებია ტკივილი და შეშუპება, თუმცა გველგესლების ნაკბენთან შედარებით უფრო მცირე დოზით. პირველადი დახმარების დროს რეკომენდებულია „ანტიკობრას“ ან პოლივალენტური გველსაწინააღმდეგო შრატის შეყვანა. სუნთქვის ღრმა დარღვევის დროს აუცილებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. კობრის შხამი ტოქსიკური პოლიპეპტიდების (ნეიროტოქსინ I, ნეიროტოქსინ II, ციტოტოქსინები), ფერმენტებისა (ფოსფოლიპაზა A2, აცეტილქოლინესტერაზა, ენდორიბონუკლეაზა, დეზოქსირობონუკლეაზა, ფოსფოდიესტერაზა, 5′-ნუკლეოტიდაზა, ოქსიდაზა L-ამინომჟავა, ჰიალურონიდაზა) და სპეციალური ბიოლოგიური თვისებების მქონე ცილების ნარევია. შხამის ტოქსიკურ კომპონენტებს შესწევთ მსხვერპლის პარალიზების მაღალი უნარი.[1]
შხამს იყენებენ გველსაწინააღმდეგო შრატების წარმოებაში. ნეიროტოქსინები გამოიყენება აცეტილქოლინების რეცეპტორების მოლეკულური ორგანიზაციის შესასწავლად, ანტიკომპლემენტარულ ფაქტორებს სამეცნიერო კვლევებში იყენებენ იმუნოდეპრესანტების სახით. შხამის ფერმენტები გამოიყენება ბიოლოგიურ ექსპერიმენტებში. ენდონუკლეაზას და ფოსფოლიპაზა A2-ს უშვებენ კომერციული პრეპარატების სახით.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Орлов Б. Н., Гелашвили Д. Б., Ибрагимов А.К. Ядовитые животные и растения СССР. — М.: «Высшая школа», 1990. — стр. 104–107, 272 c., 230 000 экз. ISBN 5-06-001027-9.
- ↑ Wuster W. (1996). „Naja oxiana“. IUCN Red List of Threatened Species. 1996: e.T164642A5915160. doi:10.2305/IUCN.UK.1996.RLTS.T164642A5915160.en.