შარლ VIII (საფრანგეთი)

(გადამისამართდა გვერდიდან შარლ VIII)

შარლ VIII დე ვალუა (ფრანგ. Charles VIII de Valois) მეტსახელად მაიმუნი (ფრანგ. l'Affable) (დ. 30 ივნისი, 1470, ამბუაზი, საფრანგეთი - გ. 7 აპრილი, 1498, ამბუაზი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე 1483-1498 წლებში. საფრანგეთის მეფე ლუი XI-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ შარლოტა სავოიელის ვაჟი. მისი მცირეწლოვანების გამო 1483-1491 წლებში საფრანგეთს მისი და, რეგენტი ანა ვალუა მართავდა. ანას მმართველობისას ფრანგმა დიდგვაროვნებმა სცადეს ცენტრალური ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის დანაწილება, რაც ცნობილია როგორც შეშლილი ომი (1485-1488), თუმცა ანამ ისინი დაამარცხა და დააპატიმრა.

შარლ VIII
საფრანგეთის მეფე
კორონაცია: 30 მაისი 1484, რეიმსი
მმართ. დასაწყისი: 30 აგვისტო 1483
მმართ. დასასრული: 7 აპრილი 1498
წინამორბედი: ლუი XI
მემკვიდრე: ლუი XII
რეგენტი: ანა ვალუა
(1483-1491)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 ივნისი 1470
გარდ. თარიღი: 7 აპრილი 1498 (27 წლის)
მეუღლე: ანა ბრეტონელი
შვილები: შარლ ორლანდო ვალუა
დინასტია: ვალუები
მამა: ლუი XI
დედა: შარლოტა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

1491 წელს შარლი დაქორწინდა საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ცოლ ანა ბრეტონელზე. მასზე ქორწინების გამო შარლს მაქსიმილიანისთვის ვრცელი ტერიტორიების დათმობა მოუხდა. ამ ქორწინების წყალობით ბრეტანი საფრანგეთს შეუერთდა.

როგორც ნეაპოლის მეფე რენე I-ის შვილიშვილი აცხადებდა პრეტენზიას ნეაპოლის მეფობაზე, რასაც 1494 წელს მოჰყვა იტალიური ომების დაწყება, რომელიც 1559 წლამდე გაგრძელდა. შარლმა დროებით შეძლო ნეაპოლის ტახტზე ასვლა თუმცა მალევე გამოაძევეს იტალიიდან.

მისი უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემდეგ, 1498 წელს შეწყდა ვალუას დინასტიის ძირითადი შტო და ლუი XII-ის სახით გამეფდნენ ვალუა-ორლეანები.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

შარლი დაიბადა 1470 წლის 30 ივნისს შატო დე ამბუაზში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XI-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ შარლოტა სავოიელის ნაბოლარა შვილი და ერთად-ერთი ვაჟი. მისი ნათლიები იყვნენ მამიდამისი, ბურბონის ჰერცოგინია ჟანა დე ვალუა, ბურბონის ჰერცოგი შარლ II და ინგლისის მეფე ჰენრი VI-ის ვაჟი, თინეიჯერი ლორდი ედუარდ უესტმინსტერელი. 1483 წლის 30 აგვისტოს 13 წლის შარლი საფრანგეთის მეფე გახდა. შარლის მცირეწლოვანებიდან გამომდინარე ქვეყანა რეგენტს უნდა ემართა, რომელიც ლუი XI-ის ანდერძის მიხედვით შარლის უფროსი და, ბურბონის ჰერცოგინია ანა ვალუა გახდა თავის ქმარ პეტერ II-თან ერთად. ანა მისი რეგენტი 1491 წლამდე იყო.

ქორწინება

რედაქტირება

1483 წლის 22 ივლისს შარლი დაინიშნა საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-სა და მისი ცოლის, მარია ბურგუნდიელის ასულ მარგარეტ ავსტრიელზე. ნიშნობა შედგა 1482 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც წყდებოდა ფრანკო-გერმანული დავა ქვემო ქვეყნებზე. მარგარეტს სხვა მრავალთან ერთად მზითვში ატანდნენ ფრანშ-კომტეს, არტუასა და ფლანდრიას.

 
ანა ბრეტონელი სამეფო ტახტზე თავის ფრეილინებთან ერთად

1488 წელს ბრეტანის ჰერცოგი ფრანსუა II ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ფრანსუას ერთად-ერთი მემკვიდრე მისი ქალიშვილი, 11 წლის ანა ბრეტონელი იყო. ანას ეშინოდა, რომ ფრანგები ბრეტანის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნიდნენ და ამიტომ 1490 წელს იგი ცოლად გაჰყვა დაქვრივებულ მაქსიმილიან I-ს, რითაც იგი შარლის საცოლის, მარგარეტ ავსტრიელის დედინაცვალი გახდა. ფრანგები მიხვდნენ, რომ ჰაბსბურგებთან კავშირით ბრეტანი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა, რაც მათ ფრანგებს აღიზიანებდათ. 1491 წელს შარლ VIII ბრეტანში შეიჭრა და დაიპყრო ის. შარლმა ალყა შემოარტყა ანას რეზიდენციას და ცოლად გაყოლა სთხოვა რაზეც მან თავიდან უარი თქვა, თუმცა მალე ანა დანებდა და დასთანხმდა შარლზე ქორწინებას. წასვლისას ანამ დემონსტრაციულად თან წაიღო ორი საწოლი, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ იგი შარლზე ძალით თხოვდებოდა და მასთან დაწოლას არ აპირებდა.

შარლ VIII და ანა ბრეტონელი 1491 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ. ანა უკმაყოფილო იყო ამ ქორწინებით, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. იგი ვერ იტანდა შარლს, რის გამოც დედოფალი ამბუაზში გადასახლდა ქმრისგან მოშორებით.

შარლის საცოლე, პრინცესა მარგარეტი, რომელიც ძალიან შეურაცყოფილი დარჩა სამშობლოში დაბრუნდა. შარლის ამგვარმა საქციელმა მაქსიმილიან I განარისხა. შარლი მაქსიმილიანის ცოლზე დაქორწინდა, მისი ქალიშვილი რომელზეც დანიშნული იყო უკან გაუგზავნა. ამის საპასუხოდ მაქსიმილიანმა მოკავშირეები შემოიკრიბა და საფრანგეთში შეჭრას აპირებდა. მალევე საფრანგეთის წინააღმდეგ შეიქმნა კოალიცია, რომელშიც გაერთიანდნენ : ინგლისი, ავსტრია, საღვთო რომის იმპერია, კასტილია და არაგონი. თუმცა ამას ომი არ მოჰყოლია და შარლმა მეტოქეები სხვადასხვა გზებით დააშოშმინათ. ანას ყოფილ მეუღლეს, რომელიც ორ მხრივად იყო განრისხებული დაუთმო ფრანშ-კონტე, აროლე და არტუა, კასტილიისა და არაგონის მეფე ფერდინანდ II-ს დაუთმო რუსოლინი, ხოლო ინგლისის მეფე ჰენრი VII-ს დიდძალი ოქრო გაუგზავნა.

იტალიური ომები

რედაქტირება
 
შარლ VIII

1489 წელს რომის პაპმა ინოკენტი VIII-მ შარლს შესთავაზა ნეაპოლის ტახტიდან ჩამოეგდო მეფე ფერდინანდ I და თავად გამეფებულიყო. შარლს ყოველთვის ჰქონდა ნეაპოლზე პრეტენზია, ვინაიდან ბებიამისი, საფრანგეთის დედოფალი მარია ანჟუელი იყო ნეაპოლის მეფის უფროსი ასული, რაც მას ნეაპოლზე უფლებებს ანიჭებდა. თუმცა პაპის ამ შეთავაზებას არანაირი ოფიციალური განაცხადი ან ომი არ მოჰყოლია. 1492 წელს რომის პაპი ხდება ალექსანდრე VI, რომელმაც ჩრდილო იტალიაში მდებარე რამდენიმე სამეფო-სამთავროს თავისი ვაჟისთვის ჩუქება მოისურვა, რის გამოც იტალიელმა დიდგვაროვნებმა დახმარებისთვის საფრანგეთის მეფეს მიმართეს. გარდა ამისა ისინი პაპს სახალხო გარყვნილებაში სდებდნენ ბრალს (რადგან მას საყვარლები ჰყავდა). 1493 წელს შარლ VIII-ს უკვე ოფიციალურად სთხოვეს პაპის ტახტიდან ჩამოგდება. ამას დაემატა ისიც, რომ 1494 წლის 25 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I. ტახტზე ავიდა ფერდინანდის ვაჟი ალფონსო II, რომელმაც ძლევამოსილ მილანის საჰერცოგოს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. მილანელებმა დახმარებისთვის შარლს მიმართეს და ნეაპოლის ტახტისთვის ბრძოლისას დახმარება აღუთქვეს. ყოველივე ზემოთ ხსენებულმა მიზეზმა მიგვიყვანა იქამდე, რომ 1494 წელს შარლი დიდი არმიით იტალიაში შეიჭრა, რითაც დაიწყო 65-წლიანი იტალიური ომები.

1494 წლის სექტემბერში 25 000-იანი არმიით, რომელშიც 8 000 დაქირავებული შვეიცარიელი შედიოდა, შარლი იტალიაში შეიჭრა. შარლი თავისი არმიითურთ 1494 წლის 21 ოქტომბერს პავიაში, ხოლო 8 ნოემბერს პიზაში ჩავიდა. გზად იტალიელები წინააღმდეგობას არ უწევდნენ და საშუალებას აძლევდნენ, რომ ფრანგები სამხრეთისკენ თავისუფლად წასულიყვნენ. ფრანგულმა არმიამ გაიარა ფლორენციაც და 1495 წლის 22 თებერვალს უკვე ნეაპოლის სამეფოში იყო. თავიანთი ტირანი და უსასტიკესი მმართველით გატანჯულ ნეაპოლელებს ფრანგების ჩასვლა გაუხარდათ კიდეც და მათ ზეიმით დახვდნენ როგორც განმანთავისუფლებლებს. ქალაქის მოსახლეობამ შარლს ნეაპოლის გასაღები გადასცა. შარლი უბრძოლველად შევიდა ნეაპოლში, ტახტიდან ჩამოაგდო ალფონსო II და მეფედ თავად ეკურთხა. შარლმა ამის აღსანიშნავად ორთვიანი ზეიმი გამართა, რაც ორგიაში გადაიზარდა. სწორედ ამ ორგიას უკავშირდება საშინელი დაავადების სიფილისის ევროპაში გავრცელება.

 
შარლ VIII-ის გერბი

ფლორენციის რესპუბლიკაში ამ დროს დამხობილი იყო მედიჩების მმართველობა და მას საეკლესიო მოძღვარი სავანაროლა მართავდა, რომელსაც სძაგდა სიმდიდრე და ფლორენციას მისგან "წმენდდა". სავანაროლას ღრმად სწამდა, რომ შარლი ღვთის იარაღი იყო, რომელსაც შეეძლო ფლორენციისა და მთელი იტალიის ამგვარი დამღუპველი ფუფუნებისგან განთავისუფლება. იგი გმობდა პაპს, რაც უკვე ძალიან აშინებდა ალექსანდრე VI-ს, რადგან სავანაროლას ძალიან ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. პაპს ეშინოდა, რომ შარლი სავანაროლას დაუჭერდა მხარს და ჩრდილოეთში მის სამფლობელოებს მიისაკუთრებდა. მოგვიანებით პაპმა სავანაროლა ერეტიკოსად შერაცხა და კოცონზე ცოცხლად დაწვა, რის შემდეგაც ფლორენციაში კვლავ მედიჩების მმართველობა აღდგა.

იტალიაში ფრანგების ძალაუფლების ასეთმა სწრაფმა ზრდამ ბევრი იტალიელი დიდგვაროვანი შეაშფოთა, მათ შორის თავად შარლის მოკავშირეც, მილანის ჰერცოგი ლუდოვიკო სფორცა. იტალიელებმა სასწრაფოდ ჩამოაყალიბეს ანტი-ფრანგული კოალიცია, რომელშიც გაერთიანდნენ ვენეციის რესპუბლიკა, რომის პაპი, მილანის საჰერცოგო, მანტუის საჰერცოგო და საღვთო რომის იმპერია. 1495 წლის ივლისში ფორნოვოს ბრძოლაში კოალიციის ძალებმა ფრანგები დაამარცხა. ფრანგებს სამშობლოში დასაბრუნებლად დიდი გზის გავლა სჭირდებოდათ, რომლებიც მთლიანად მათ მტრებს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ შარლი კიდევ რამდენჯერმე დამარცხდა. იმავდროულად სიტუაცია უმართავი გახდა ნეაპოლშიც. 1495 წლის 6-7 ივლისს ესპანელები შეიჭრნენ ნეაპოლში, ჩამოაგდეს შარლი და მეფედ ფერდინანდ II არაგონელი დასვეს. ამრიგად შარლმა 1495 წელს დაკარგა ყველაფერი რაც 1494 წელს დაიპყრო. მან ძლივს შეძლო საფრანგეთში დაბრუნება.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შარლ VIII ცდილობდა ჯარების შეგროვებას და იტალიის დაპყრობას, თუმცა 1494-5 წლებში მოწყობილი ლაშქრობისთვის აღებული ვალების გამო ახალი ლაშქრობა ვეღარ გამოვიდა. მას სხვა პოლიტიკური წარმატებისთვის აღარ მიუღწევია.

გარდაცვალება

რედაქტირება

იტალიიდან დაბრუნებიდან ორნახევარი წლის შემდეგ, 1498 წელს შარლ VIII გარდაიცვალა. იგი ამბუაზში იყო და ძალიან დაბალ კარში შედიოდა, რის დროსაც თავი კარს ძალიან მიარტყა და ტვინის შერყევა მიიღო და კომაში ჩავარდა, სულ 9 საათში კი გარდაიცვალა.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ვინაიდან შარლს მემკვიდრე არ ჰყავდა, საფრანგეთის მეფე მისი ბიძაშვილი და ამავდროულად მისი სიძე ლუი XII გახდა. სულ მალე ლუი გასცილდა შარლის დას, დედოფალ ჟანა დე ვალუას და ბრეტანის შემომტკიცების მიზნით ცოლად შარლის ქვრივი ანა ბრეტონელი შეირთო.

შარლი ვალუას დინასტიის ძირითადი შტოს ბოლო მეფეა, მის შემდეგ გამეფდნენ ვალუა-ორლეანები (ლუი XII), ხოლო ამის შემდგომ ვალუა-ანჟულემები (ფრანსუა I, ანრი II, ფრანსუა II, შარლ IX და ანრი III), რის შემდეგაც ვალუას დინასტია საბოლოოდ შეწყდა და ისინი ბურბონებმა ჩაანაცვლეს.

  1. შარლ ორლანდო (დ. 11 ოქტომბერი 1492 - გ. 16 დეკემბერი 1495), საფრანგეთის დოფინი, გარდაიცვალა 3 წლის;
  2. ფრანსუა (აგვისტო 1493), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;
  3. მკვდარშობილი გოგონა, დაიბადა 1494 წლის მარტში ლიონში;
  4. მკვდარშობილი გოგონა, დაიბადა 1495 წლის მარტში;
  5. შარლი (დ. 8 სექტემბერი 1496 - გ. 2 ოქტომბერი 1496), გარდაიცვალა რამდენიმე კვირის;
  6. ფრანსუა (ივლისი 1497), დაბადებიდან 7 საათში გარდაიცვალა;
  7. ანა ( 20 მარტი 1498), დაბადებიდან ერთ დღეში გარდაიცვალა;

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 691.
  • Paul Murray Kendall, Louis XI: The Universal Spider (New York: W. W. Norton & Company, 1971), p. 373-374.
  • Stella Fletcher, The Longman Companion to Renaissance Europe, 1390-1530, (Routledge, 1999), 76.
  • Desormeaux, Joseph-Louis Ripault (1776). Histoire de la maison de Bourbon, Tome II. Paris: Imprimerie royale. p. 249. Retrieved 24 November 2013.
  • Joni M. Hand, Women, Manuscripts and Identity in Northern Europe, 1350-1550, (Ashgate Publishing, 2013), 24.
  • "Histoire et Événements" (in French). p. Le Mont Aiguille - Supereminet invius. Retrieved 31 December 2012.
  • "L'ascension historique de 1492" [The historic ascent of 1492] (in French). Mont-Aiguille.com. 2009-01-12. Archived from the original on 2009-06-16. Retrieved 3 January 2013.
  • Michael Mallet and Christine Shaw, The Italian Wars: 1494-1559 (Harlow, England: Pearson Education, Limited, 2012) p. 32.
  • Michael Mallett and Christine Shaw, The Italian Wars: 1494-1559, (Harlow, England: Pearson Education, Limited, 2012) p.13.
  • Robert S. Hoyt and Stanley Chodorow, Europe in the Middle Ages (New York: Harcourt, Brace, Jovanovich, Inc., 1976) pp. 618-619.
  • Robert S. Hoyt and Stanley Chodorow, Europe in the Middle Ages, p. 619.
  • Michael Mallett and Christine Shaw, The Italian wars: 1494-1559, p. 14.
  • Robert S. Hoyt and Stanely Chodorow, Europe in the Middle Ages, p. 619.
  • Robert S. Hoyt, Europe in the Middle Ages, p. 619.
  • Michael Mallett and Christine Shaw, The Italian Wars: 1494-1559, pp. 20-21.
  • R. Ritchie, Historical Atlas of the Renaissance, 64.
  • Michael Mallett and Christine Shaw, The Italian Wars: 1494-1559, p. 11, 31-32-33.
  • Heiner Gillmeister, Tennis: A Cultural History (London: Leicester University Press, 1998) p. 21.
  • Frederic J. Baumgartner, Louis XII (New York: St. Martin Press, 1996) p. 79.
შარლ VIII (საფრანგეთი)
დაიბადა: 30 ივნისი 1470 გარდაიცვალა: 7 აპრილი 1498
წინამორბედი:
ლუი XI
საფრანგეთის მეფე შემდეგი:
ლუი XII