ლუდოვიკო სფორცა (იტალ. Ludovico Sforza; დ. 27 ივლისი, 1452 — გ. 27 მაისი, 1508), მეტსახელად მავრი — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მისი ცოლის, ბიანკა მარია ვისკონტის ვაჟი. მილანის რეგენტი 1481-94 და ჰერცოგი 1494-99 წლებში. თავისი მმართველობის პერიოდში მფარველობდა ლეონარდო და ვინჩისა და სხვა ხელოვანებს, რამაც ხელი შეუწყო მილანში რენესანსის განვითარებას. სწორედ მისი დაკვეთით შეასრულა და ვინჩიმ თავისი სახელგანთქმული ტილო „საიდუმლო სერობა“. თუმცა 1499 წელს იტალიური ომების დროს, საფრანგეთის მეფე ლუი XII-მ ლუდოვიკო ტახტიდან ჩამოაგდო და საფრანგეთში დაატყვევა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ლუდოვიკო სფორცა
მილანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 21 ოქტომბერი, 1494
მმართ. დასასრული: 6 სექტემბერი, 1499
წინამორბედი: ჯან გალეაცო სფორცა
მემკვიდრე: ლუი XII ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 ივლისი, 1452
დაბ. ადგილი: პავია, მილანის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 27 მაისი, 1508, (55 წლის)
გარდ. ადგილი: ენდრი და ლუარა, საფრანგეთის სამეფო
მეუღლე: ბეატრიჩე დ’ესტე
(ქ. 1491 - გარდ. 1497)
შვილები: მასიმილიანო, მილანის ჰერცოგი
ფრანჩესკო II, მილანის ჰერცოგი
ჯოვანი, კარავაჯოს მარკიზი
ბიანკა
დინასტია: სფორცები
მამა: ფრანჩესკო I, მილანის ჰერცოგი
დედა: ბიანკა მარია ვისკონტი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ლუდოვიკო დაიბადა 1452 წლის 27 ივლისს მილანის საჰერცოგოში შემავალ პავიის პროვინციის ქალაქ ვიჯევანოში. იგი იყო მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია ბიანკა მარია ვისკონტის ვაჟი. ვინაიდან მას უფროსი ძმა უკვე ჰყავდა, ყველამ იცოდა, რომ მილანის მმართველი იგი ვერასოდეს გახდებოდა. თუმცა დედამისმა მასში დაინახა დიდი პოტენციალი, რის გამოც მან თავის ვაჟს კლასიკური განათლების ნაცვლად უმაღლესი დონის განათლება მისცა და უცხო ენებიც შეასწავლა. მისი მასწავლებელი იყო დიდი ჰუმანისტი ფრანჩესკო ბილელფო, რომელმაც ლუდოვიკოს ასწავლა ფერწერა, ქანდაკებების შექმნა, წერა-კითხვა, აგრეთვე ომისა და დიპლომატიის ხელოვნება.

მილანის რეგენტი

რედაქტირება
 
ლუდოვიკო სფორცა

როდესაც მამამისი, ჰერცოგი ფრანჩესკო 1466 წელს გარდაიცვალა, ტახტი და მთელი სიმდიდრე ლუდოვიკოს უფროს ძმას, ჰერცოგ გალეაცო მარიას დარჩა, ლუდოვიკოს კი მხოლოდ მორტალას გრაფობა უბოძეს.

გალეაცო მარია სულ ათი წელი მართავდა მილანს, რის შემდეგაც 1476 წელს იგი გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი მცირეწლოვანი ვაჟი ჯან გალეაცო ავიდა. ლუდოვიკოსა და გალეაცო მარიას ქვრივს, ბონა სავოიელს შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდა რეგენტობის მისაღებად. თუმცაღა წესებისა და კანონების თანახმად რეგენტობა სწორედ ბონა სავოიელმა მიიღო, ვინაიდან იგი ჯან გალეაცოს დედა და მისი მეურვე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც 1481 წელს ბონა გარდაიცვალა, მილანის რეგენტი ლუდოვიკო გახდა, რითაც მან მთელი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. იგი ამ თანამდებობაზე მთელი მომდევნო ცამეტი წლის მანძილზე იყო.

ქორწინება და პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1491 წლის იანვარში ლუდოვიკო დაქორწინდა ფერარისა და მოდენის ჰერცოგ ერკოლე I-ისა და ელეონორა არაგონელის ასულ ბეატრიჩე დ'ესტეზე. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება სფორცებსა და ესტეებს შორის, რა დროსაც ლუდოვიკოსა და ბეატრიჩესთან ერთად იქორწინეს ბეატრიჩეს ძმამ, მოდენის ჰერცოგ ალფონსო I-მა და ლუდოვიკოს ძმის შვილმა, ანა სფორცამ. სადღესასწაულო დეკორაციები თავად ლუდოვიკოს ბრძანებით შექმნა ლეონარდო და ვინჩიმ. ამ ორი უდიდეს ქორწილს კიდევ მესამეც მოჰყვა, როდესაც ბეატრიჩეს და, იზაბელა დ'ესტე ცოლად გაჰყვა მანტუის მარკიზ ჯან ფრანჩესკო II გონძაგას.

 
ბეატრიჩე დ'ესტე 1494 წელს

15 წლის ბეატრიჩე მალევე მოერგო მილანის სამეფო კარს, იგი აქ ხშირად იცინოდა და ბედნიერიც იყო, მაგრამ ამასთან ძალიან ამაყი. მას ძალიან უყვარდა სფორცას სასახლეები, სადაც იგი ხშირად მართავდა ფესტივალებს, ბურთით თამაშებს, იწვევდა ფილოსოფოსებს, პოეტებს, მხატვრებს, დიპლომატებსა და სასულიერო პირებს. ბეატრიჩეს ძალიან კარგი და დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. სწორედ მან შეუწყო ხელი ლუდოვიკოსა და ლეონარდო და ვინჩის დაახლოვებას. მალევე მან ლუდოვიკოს ორი ვაჟი — მასიმილიანო და ფრანჩესკო გაუჩინა, რომლებიც მომავალში მილანის ჰერცოგები გახდნენ.

ცნობილია, რომ სანამ დაოჯახდებოდა ლუდოვიკოს არაერთი საყვარელი ჰყავდა, რომლებთანაც ასევე არაერთი შვილი შეეძინა. თუმცაღა მისი პირველი საყვარელი ბერნარდინა დე კორადი მაინც გამორჩეული იყო, რომელმაც მას ორი გოგონა აჩუქა. მოგვიანებით მასთან შეძენილი გოგონები კანონიერ შვილებად გამოცხადდნენ, რის შემდეგაც მათ მოახერხეს იტალიელ არისტოკრატებზე გათხოვება. მომდევნო საყვარელი იყო სქოლესტიკა ებე, თუმცა მასზე გული მალევე გაუცივდა, რის შემდეგაც მან ახალი და გრძელვადიანი რომანი დაიწყო სესილია გალერანთან, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა. მაგრამ ყველაფერი ეს ბეატრიჩეზე ქორწინებამდე იყო, თუმცა მას შემდეგ რაც იგი თავის მესამე მშობიარობას გადაჰყვა 1497 წელს, სულ რამდენიმე თვეში ლუდოვიკომ ახალი საყვარელი გაიჩინა ლუკრეცია კრიველის სახით, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა. ლუკრეცია სხვა საყვარლებთან შედარებით უფრო მეტად უყვარდა, რის გამოც ლუდოვიკომ მისი არაერთი პორტრეტი შეუკვეთა.

მმართველი როგორც რეგენტი

რედაქტირება

ლუდოვიკომ დიდი ინვესტიცია ჩადო სოფლის მეურნეობაში, ცხენებსა და მეცხოველეობაში, აგრეთვე აფინანსებდა ძვირფასი მეტალების მომპოვებელ შახტებსაც. მის რეგენტობის პერიოდში, მილანში აღორძინდა აბრეშუმის წარმოება, რაშიც 20, 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. იგი ასევე ასპონსორებდა სარწყავი არხებისა და საპორტიფიკაციო გზების მშენებლობას, აღადგინა მილანის დიდი ტაძარი, გაიყვანა გზები და ქალაქის ქუჩებში დიდი ბაღები გააშენა. ასევე მან დააარსა პავიის უნივერსიტეტი. ცდილობდა მილანშიც გაეხსნა უნივერსიტეტი, თუმცა არ გამოუვიდა. თუმცა მიუხედავად ყველაფერ ამისა, ხალხში იგი დიდი სიმპათიით მაინც ვერ სარგებლობდა, რადგანაც მან გადასახადები ძალიან გაზარდა, რასაც მოსახლეობის დაბალ ფენებში დიდი მღელვარება მოჰყვა.

მილანის ტახტზე ასვლა და იტალიური ომები

რედაქტირება

1494 წლიდან ნეაპოლის მეფე ალფონსო II-მ თავისი ასული სანჩია მიათხოვა რომის პაპ ალექსანდრე VI-ის ვაჟ ჯეფრის, რითაც მათ შორის დიდი ალიანსი შეიქმნა მილანის წინააღმდეგ. ლუდოვიკომ გადაწყვიტა მათ წინააღმდეგ ალიანსი შეეკრა საფრანგეთის მეფე შარლ VIII-თან, რომელსაც ისედაც დიდი ხანია უკვე ჰქონდა პრეტენზიები ნეაპოლის ტახტზე. მან ალიანსი შეკრა შარლთან და მილანის საჰერცოგოს კარი გაუღო მის უდიდეს არმიას. ფრანგულმა ჯარებმა უპრობლემოდ გაიარეს მილანი. იგივე მოხდა ფლორენციაშიც, სადაც მედიჩებმა ფრანგები უპრობლემოდ გაატარეს ნეაპოლისაკენ. შარლი შეიჭრა ნეაპოლში, დაამხო ალფონსოს მმართველობა და თავად გამეფდა, რითაც დაიწყო იტალიური ომები. თუმცა შარლის პრეტენზიები ნეაპოლით ვერ დაკმაყოფილდა და ახლა უკვე მილანის დაპყრობაც მოისურვა. ამის საპასუხოდ ლუდოვიკომ ახალი ალიანსი შექმნა საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-თან, რომელსაც ამისათვის ცოლად შერთო თავისი ძმის შვილი ბიანკა მარია სფორცა.

1494 წელს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა მისი ძმის შვილი, მილანის ჰერცოგი ჯან გალეაცო, რის გამოც ჰერცოგი ლუდოვიკო გახდა. თუმცა ბედის ირონიით, ლუდოვიკოს მილანის დიდხანს მართვა მაინც არ დასცალდა. 1497 წლის 3 იანვარს გართულებულ მშობიარობას გადაჰყვა მისი ცოლი ბეატრიჩე, როდესაც მან მკვდარი ვაჟი გააჩინა. ამან ლუდოვიკო ღრმა დეპრესიაში ჩააგდო და მილანშიც გლოვა გამოცხადდა. თუმცა დიდხანს გლოვისათვის მას დრო არ ჰქონდა, რადგან იტალიაში დიდი ომები მძვინვარებდა. იგი იმედოვნებდა, რომ იმპერატორი მაქსიმილიანი ბრძოლაში ჩაებმებოდა და ამრიგად განდევნიდა ფრანგებს. თავდაპირველად ლუდოვიკო 1495 წელს ფორნოვოს ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ფრანგებმა. თუმცაღა მილანის თავისუფლება მეფე შარლის მოულოდნელმა გარდაცვალებამ გაახანგრძლივა. ამ დროს ტახტზე ადის მისი ბიძაშვილი ლუი XII, რომელსაც კიდევ უფრო დიდი პრეტენზიები ჰქონდა მილანზე, რადგან მისი ბებია, ორლეანის ჰერცოგინია ვალენტინა ვისკონი, სწორედ მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის ასული იყო. ამრიგად ლუი 1498 წელს მილანში შეიჭრა. იტალიის არცერთ სხვა ქალაქ-სახელმწიფოს მისთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია. მართალია მილანი ფრანგებმა დაიპყრეს, მაგრამ 1499 წელს ლუდოვიკომ გაქცევა მოახერხა, რა დროსაც მან თავი იმპერატორ მაქსიმილიანს შეაფარა და მას დახმარება სთხოვა.

დაცემა და დარჩენილი ცხოვრება

რედაქტირება

ლუდოვიკომ მალევე აღიდგინა ძალები და 1500 წლის თებერვალში იმპერატორის ჯარებით დაბრუნდა მილანში. სულ რაღაც ორ თვეში მან ლუი XII-ის წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგა სული. ორივე მხარის არმიის ძირითად ნაწილს დაქირავებული შვეიცარიელები შეადგენდნენ, რომლებმაც ბოლოს ლუის მხარე აირჩიეს. ამრიგად ლუდოვიკო გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდა და 1500 წლის აპრილში იგი ფრანგებს ტყვედ ჩაუვარდა.

იმპერატორი მაქსიმილიანი მის განთავისუფლებასა და გამოსყიდვას შეეცადა, მაგრამ ლუიმ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მას ლუდოვიკო საპატიო ტყვეობაში, ლი-სან-ჟეორჟის ციხესიმაგრეში, ბარის საჰერცოგოში ჰყავდა. ლუდოვიკო აქ საკმაოდ კარგ პირობებში, მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა. როდესაც იგი მძიმედ დაავადდა, საფრანგეთის მეფემ მას საკუთარი პირადი ექიმი და საუკეთესო ჯამბაზი გაუგზავნა გასართობად. 1504 წლიდან ლუდოვიკო შატო დე ლოშში გადაიყვანეს, სადაც მან კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მიიღო, თუმცა 1508 წელს ლუდოვიკომ გაქცევა სცადა. ამის შემდეგ მან დაკარგა საფრანგეთის მეფის კეთილგანწყობა. ლუიმ მას ჩამოართვა წიგნები და ყველა ფუფუნების საგანი, იგი მიწისქვეშა ჯურღმულში გამოკეტა, სადაც ლუდოვიკო მალევე, 1508 წლის 27 მაისს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეუღლე, საყვარლები და შვილები

რედაქტირება

თავის ცოლთან, ბეატრიჩე დ′ესტესთან ჰყავდა სამი ვაჟი:

  1. მასიმილიანო (დ. 25 იანვარი, 1493 — გ. 4 ივნისი, 1530), მილანის ჰერცოგი, ებრძოდა ჯერ საფრანგეთის მეფე ლუი XII-ს, შემდეგ კი ფრანსუა I-ს. ცდილობდა ცოლად შეერთო ინგლისის პრინცესა მერი ტიუდორი, თუმცა ქორწინება ვერ მოხერხდა, რის გამოც იგი გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ;
  2. ფრანჩესკო (დ. 4 თებერვალი, 1495 — 2 ნოემბერი, 1535), მილანის ჰერცოგი და უკანასკნელი სფორცა მილანის ტახტზე, ცოლად შეირთო დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან II-ის ასული კრისტინა დანიელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია. მისი გარდაცვალების შემდეგ მილანი ჰაბსბურგებმა ჩაიგდეს ხელში;
  3. მკვდარშობილი ვაჟი (3 იანვარი, 1497)

ლუდოვიკოს უამრავი საყვარელი ჰყავდა, რომელთანაც ასევე შეეძინა შვილები.

ბერნარდინა დე კორადისთან ჰყავდა გოგონა:

  1. მადალენა (დ. 1478 — გ. 1520), ცოლად გაჰყვა მატეო ლიტის;
  2. ბიანკა (დ. 1482 — გ. 23 მაისი, 1496), ბობიოს სინიორ გალეაცო სანსევერინოს მეუღლე;

სქოლესტიკა ებესგან ჰყავდა ერთი ვაჟი:

  1. ლეონი (დ. 1482 — გ. 1501), სან ვიტორის აბატი;

სესილია გალერანისაგან ჰყავდა ერთი ვაჟი:

  1. ჩეზარე (დ. 1491 — გ. 1512), სან ნაზაროს აბატი;

ლუკრეცია კრიველთან ჰყავდა ორი შვილი:

  1. ჯოვანი პაოლო (დ. მარტი, 1497 — დეკემბერი, 1535), კარავაჯოს მარკიზი, ცოლად შეირთო ვიოლანტე ბენტივოჯლიო, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. ბონა (დ. ? — გ. ?), ცოლად გაჰყვა სან ჯოვანის გრაფ ჯოვანი პიეტრო კარმინატს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Godfrey, F. M., "The Eagle and the Viper", History Today, Vol.3, Issue 10, September 1953
  • "Ludovico il Moro e Beatrice d'Este", Palio di Mortara
  • "Ludovico Sforza Moro", Biografia y Vidas
  • Miller-Wald, P. (1897). "Beiträge zur Kenntnis des Leonardo da Vinci". Jahrbuch der Preußischen Kunstsammlungen. XVII: 78.
  • Durant, Will (1953). The Renaissance. The Story of Civilization. 5. New York: Simon and Schuster. p. 191.
  • "Ludovico Sforza". Encyclopædia Britannica. Retrieved 13 June 2015.