სფორცას დინასტია (იტალ. Casa di Sforza) — მსხვილი ფეოდალური საგვარეულო რენესანსის პერიოდის იტალიაში, რომელიც ასი წლის განმავლობაში განაგებდა მილანის საჰერცოგოსა და მის შემოგარენს. მათ ჩაანაცვლეს ვისკონტების სახლი და ის იყო უკანასკნელი იტალიური საგვარეულო, რომელიც მართავდა მილანს, რადგან სფორცას დინასტიის შეწყვეტის შემდეგ მილანი ჯერ ფრანგების, შემდეგ ესპანელების, საბოლოოდ კი ავსტრიელების ხელში გადავიდა.

სფორცას დინასტია
Coat of arms of the House of Sforza.svg
ქვეყანა იტალია
ფუძე დინასტია ვისკონტები
ტიტულები მილანის ჰერცოგი
ბარის ჰერცოგი
პესაროს სენიორი
კარავაჯოს მარკიზი
კოტინიოლას გრაფი
კასტელ'არკატოს სენიორი
მიმართვის ფორმა მონარქია
დამაარსებელი მუციო ატენდოლო სფორცა
უკანასკნელი მმართველი ფრანჩესკო II სფორცა
დაარსდა 1411
დაიშალა 1535
გვერდითი შტოები სფორცა-პესარო
სფორცა-კოტინიოლა
სფორცა-კეზარინი
ეროვნება იტალიელები

ისტორიარედაქტირება

სფორცას დინასტია 1411 წელს დააარსა იტალიელმა კონდიტიერმა მუციო ატენდოლო სფორცამ, რომელმაც იმდენად დიდი სიმდიდრე მოიხვეჭა, რომ მისმა ვაჟმა ფრანჩესკომ ცოლად შეირთო მილანის ჰერცოგ ფილიპო მარია ვისკონტის ერთადერთი ასული ბიანკა მარია, რითაც 1450 წელს მილანის ჰერცოგი გახდა და გამეფდა სფორცას დინასტია.

ფრანჩესკო I-ის ძმამ, ალესანდრომ დააარსა სფორცას გვერდითი, პესაროს განშტოება, თუმცა მათ ტახტზე ასვლა ვერასოდეს მოახერხეს. მუციო ატენდოლოს მესამე ვაჟმა, ბოსიომ, რომელიც კოტინიოლას ჰერცოგი გახდა, შექმნა სფორცათა კიდევ ერთი, კოტინიოლას შტო. ისინი პატარა სანტა-ფიორეს საგრაფოს განაგებდნენ ტოსკანაში, 1624 წლამდე. მათმა შთამომავლებმა შემდგომში მედიჩების გავლენით დატოვეს ტოსკანა და რომში გადასახლდნენ, სადაც შექმნეს სფორცა-კეზარინის შტო.

სფორცა-პესაროს შტო მეტად დაახლოვებული იყო რომთან, რაც ჯოვანი სფორცას რომის პაპ ალექსანდრე VI-ის ქალიშვილ ლუკრეცია ბორჯიაზე ქორწინებაში გამოიხატა, თუმცა მათი განქორწინების შემდეგ რომსა და სფორცებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. რაც შეეხება სფორცას ძირითად შტოს, ანუ ფრანჩესკო I-ის შთამომავლობას, იგი 1466 წელს ჩაანაცვლა მისმა ვაჟმა გალეაცო მარიამ, რომელიც საოცარი სისასტიკით იყო ცნობილი. გალეაცომ ორჯერ მოასწრო ქორწინება, თუმცა მისი მმართველობა ათ წელსაც ძლივს გაგრძელდა, რადგან იგი უკმაყოფილო მოსახლეობამ მოკლა.

ამის შემდეგ ტახტს გალეაცო მარიას ვაჟი, ჯან გალეაცო იკავებს, რომელმაც ცოლად თავისი მამიდაშვილი, იზაბელა არაგონელი შეირთო, თუმცა მასთან მხოლოდ ერთი გოგონა გაუჩნდა. თავდაპირველად მილანს ჯან გალეაცოს ნაცვლად ბიძამისი, ლუდოვიკო სფორცა მართავდა, როგორც რეგენტი, თუმცა როცა ძალაუფლება დაკარგა, მან 1494 წელს მოწამლა ახალგაზრდა ძმისწული და თავად გახდა ჰერცოგი.

ლუდოვიკოს ერთობ ხანმოკლე მმართველობა მეტად დატვირთული იყო. მან ორმაგი დინასტიური ქორწინება მოაწყო მეზობელ ფერარასთან, რა დროსაც თავად მათი ჰერცოგის ასული შეირთო ცოლად, თავისი და კი მათ პრინცზე დააქორწინა. ასევე აღსანიშნავია, რომ სწორედ ლუდოვიკო სფორცა პატრონობდა გამოჩენილ იტალიელ მხატვარ ლეონარდო და ვინჩის, რომელმაც შექმნა მისი საყვარლების (სესილია გალერანისა და ლუკრეცია კრიველის) პორტრეტები, რომელთა შორისაცაა ერთობ ცნობილი ტილო „ქალი ყარყუმით“, მაგრამ ქორწინების შემდეგ მას თავის საყვარლებთან განშორება მოუწია.

1494 წელს, ლუდოვიკოს ტახტზე ასვლისთანავე დაიწყო იტალიური ომები, რა დროსაც საფრანგეთის მეფე შარლ VIII იტალიაში შეიჭრა და მოახდინა ნეაპოლის ოკუპაცია, ლუდოვიკომ კი, ისევე როგორც სხვა იტალიელმა მთავრებმა ფრანგები უბრძოლველად გაატარეს ნეაპოლისკენ. მოგვიანებით ეს თავადვე მოუბრუნდა ცუდად, როდესაც ახალმა მეფე ლუი XII-მ უკვე მილანზე გამოთქვა პრეტენზია და 1499 წელს შევიდა იტალიაში. ლუიმ მალევე დაამხო სფორცების მმართველობა, რა დროსაც მათ თავი საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ს შეაფარეს, რომელსაც ცოლად ჰყავდა გალეაცო მარია სფორცას ასული ბიანკა მარია.

1513 წელს ლუდოვიკოს ვაჟმა, მასიმილიანო სფორცამ მოახერხა ფრანგების გაძევება და მილანის გამოხსნა, მაგრამ მალევე, 1515 წელს მილანის ტახტი საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს მიჰყიდა, თავად კი უზრუნველად ცხოვრობდა საფრანგეთში. მხოლოდ 1521 წელს მოახერხა მასიმილიანოს ძმამ, ფრანჩესკო II სფორცამ საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის დახმარებით ტახტის კვლავ დაბრუნება. სანაცვლოდ მან კარლ V-ის დისწულ კრისტინა დანიელზე იქორწინა, მაგრამ ფრანჩესკო 1525 წელს უშვილოდ დაიღუპა, რითაც შეწყდა სფორცას დინასტია და მილანი ჰაბსბურგთა ხელში გადავიდა.

მილანის ჰერცოგებირედაქტირება

პესაროსა და გრადარას მმართველებირედაქტირება

  • ალესანდრო სფორცა (1445-1473), ცოლად შეირთო კონსტანცა ვარანო, რომელთანაც შეეძინა ბატისტა სფორცა და მომავალი სენიორი, თუმცა დაქვრივების გამო მეორედ იქორწინა სვევა მონტეფელტროზე, მაგრამ მასთან შვილები არ ჰყოლია;
  • კონსტანცო I სფორცა (1473-1483), ცოლად შეირთო არაგონის მეფის უკანონო ასული კამილა არაგონელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • ჯოვანი სფორცა (1483-1510), პირველად იქორწინა მანტუას ჰერცოგის ასული მადალენა გონძაგა, მისი ნაადრევი დაღუპვის შემდეგ კი ცოლად რომის პაპის უკანონო ასული ლუკრეცია ბორჯია შეირთო, რომელსაც მალევე გაეყარა და ცოლად ჯინევრა ტიეპოლო შეირთო, რომელთანაც შეეძინა მემკვიდრე;
  • კონსტანცო II სფორცა (1510-1512), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, რის გამოც სფორცას დინასტიის პესაროს შტო შეწყდა.

ცნობილი ქალი სფორცებირედაქტირება

  • ბატისტა სფორცა (1446-1472), ურბინოს ჰერცოგინია როგორც ფედერიკო მონტეფელტროს მეუღლე და გუიდობალდო მონტეფელტროს დედა. იგი ცნობილი გახდა მისი სახელგანთქმული პორტრეტით, რომელიც პიერო დელა ფრანჩესკამ შეასრულა;
  • იპოლიტა მარია სფორცა (1446-1484), კალაბრიის ჰერცოგ ალფონსო არაგონელის ცოლი, ნეაპოლის მეფე ფერდინანდ II-ისა და მილანის ჰერცოგ იზაბელა არაგონელის დედა. იგი ცნობილი გახდა თავისი ნათარგმნი წიგნებით;
  • ბიანკა მარია სფორცა (1472-1510), პირველად დაქორწინდა სავოიის ჰერცოგზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი გახდა საღვთო რომის იმპერატორისა და ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ის მესამე და უკანასკნელი მეუღლე;
  • ანა სფორცა (1476-1497), ცოლად გაჰყვა ფერარასა და მოდენას ჰერცოგ ალფონსო I-ს. იგი ცნობილი გახდა იმით, რომ ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ცნობილი ჰომოსექსუალი ქალი იყო, რომელიც კაცივით იცვამდა და არ მალავდა საკუთარ იდენტობას;
  • კატერინა სფორცა (1463-1509), ფორლისა და იმოლას გრაფინია, აგრეთვე ცნობილია როგორც „ფორლელი ვეფხვი“, რაც მას იმ საოცარი სიმამაცის გამო შეარქვეს, რომელიც პაპისა და ვენეციელების წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიჩინა. იგი დაქორწინებული იყო სამჯერ და თავისი შთამომავლებით გახდა ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ის დიდი ბებია, მისი ხაზით კი საფრანგეთისა და ესპანეთის მმართველი ბურბონების წინაპარი;
  • ბონა სფორცა (1494-1557), პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი 1518-1548 წლებში როგორც სიგიზმუნდ I-ის მეორე ცოლი და სიგიზმუნდ II-ის დედა. იგი პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალადაა აღიარებული;

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • Antonio Perria, I terribili Sforza. Trionfo e fine di una grande dinastia., Bologna, Odoya, 2008, ISBN 978-88-6288-022-0.
  • Guido Lopez I signori di Milano: dai Visconti agli Sforza, Roma, 2009 ISBN 978-88-541-1440-1
  • Pompeo Litta, Attendolo di Cotignola in Romagna, in Famiglie celebri italiane, 1819.
  • Carlo Maria Lomartire, Gli Sforza. Il racconto della dinastia che fece grande Milano, Verona, 2018. ISBN 978-88-04-68815-0.