ვანანდის სამეფო

(გადამისამართდა გვერდიდან ყარსის სამეფო)

ვანანდის სამეფო, ყარსის სამეფოსომხური ფეოდალური სახელმწიფო 963-1064 წლებში ცენტრით ქალაქ ყარსში (ქართული წყაროებით — კარი). სამეფო ძირითადად მოიცავდა ვანანდის მხარეს (აირარატის ოლქი). მისი ტერიტორია შეესაბამება თანამედროვე თურქეთის ყარსისა და სარიყამიშის რაიონებს.

კავკასიის სახელმწიფოები დაახლ. 1060 წელს.
ყარსის სომხური საკათედრო ტაძარი (X საუკუნე, ამჟამად მეჩეთია).

თავდაპირველად ვანანდის მხარეს ადგილობრივი მთავრები განაგებდნენ, VIII საუკუნის ბოლოდან კი ბაგრატუნების ხელში აღმოჩნდა. 963 წელს სომხეთის (ანისის) მეფის აშოტ III-ის მიერ ყარსის გამგებელად დანიშნულმა მისმა ძმამ, მუშეღ ბაგრატუნმა, თავი მეფედ გამოაცხადა, მაგრამ ვანანდი, სხვა სომხური სამეფოების მსგავსად, ბაგრატუნების ანისის სამეფოსთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო. მუშეღმა (ზეობდა 963-984) თავისი ძალაუფლება ყარსის გარდა არშარუნიქზე, ასევე ბასიანისა და აშოცის ნაწილზეც განავრცო.

მუშეღის შვილისა და მემკვიდრის — აბას I-ის მეფობის წლები (984-1029) სამეფოს აყვავების ხანა იყო. ყარსი მნიშვნელოვან სავაჭრო და კულტურულ ცენტრად იქცა. ბიზანტიის იმპერიასთან ომში (1021-1023) ვანანდი საქართველოს მეფის გიორგი I-ის მოკავშირედ გამოდიოდა. 1064 წელს ვანანდი აბას I-ის მემკვიდრემ — მეფე გაგიკმა (იგივე აბას II) ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე X-ს დაუთმო.

საქართველოს თავდაცვისათვის ვანანდზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რის გამოც ქართველი მეფეები ცდილობდნენ მის შემოერთებას. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, „სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი“ XI საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში სელჩუკიანი თურქების წინააღმდეგ მებრძოლ გიორგი II-ს აუღია. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით კი — ბიზანტიის იმპერიის დიდმოხელემ, გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც იმ დროს ოლთისს, კარნუ ქალაქსა და კარს ფლობდა, კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა გიორგის გადასცა, ხოლო გიორგი II-მ ის შავშელ აზნაურებს ჩააბარა სამმართველოდ. 1075–1080 წლებში ვანანდის ქვეყანა სელჩუკიანმა თურქებმა დაიპყრეს. დავით IV აღმაშენებელმა სომხეთში ლაშქრობისას ანისის შემდეგ ვანანდიც გაათავისუფლა სელჩუკიანთა ბატონობისაგან და საქართველოს შემოუერთა. 1205–1206 წლებში, თამარ მეფის დროს, კიდევ ერთხელ გამოიხსნა ვანანდი მაჰმადიანი მფლობელებისგან. XIII საუკუნის შემდეგ ვანანდმა, როგორც ცალკე ტერიტორიულმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა

რედაქტირება