ღუნიბის აღება
ღუნიბის აღება | |||
---|---|---|---|
კავკასიის ომის ნაწილი | |||
დატყვევებული შამილი მთავარსარდალ თავად ბარიატინსკის წინაშე (მხატვარი თეოდორ ჰორშელტი, 1863). | |||
თარიღი | 9–25 აგვისტო, 1859 (ძვ. სტილით) | ||
მდებარეობა | აული ღუნიბი, დაღესტანი | ||
შედეგი | რუსეთის ჯარის მიერ ღუნიბის აღება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ღუნიბის აღება ვიკისაწყობში |
ღუნიბის აღება — რუსეთის იმპერიის არმიის დასკვნითი ოპერაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა ლიდერის, იმამ შამილის წინააღმდეგ კავკასიის ომის (1817-1864) დროს. დასრულდა 1859 წლის 25 აგვისტოს რუსეთის ჯარების მიერ აულ ღუნიბის აღებით და შამილის დანებებით.
ვედენოდან ღუნიბამდე
რედაქტირება1859 წლის 1 აპრილს რუსეთის ჯარების მიერ ჩეჩნეთში აულ ვედენოს აღების შემდეგ შამილმა თავი მთიან დაღესტანს შეაფარა. კავკასიის არმიის მთავარსარდლის, ინფანტერიის გენერალ ალექსანდრე ბარიატინსკის და მისი შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი მილიუტინის მიერ შედგენილი გეგმა ითვალისწინებდა 1859 წლის ზაფხულში დაღესტნის შუაგულში რუსეთის ჯარების სამი რაზმის სხვადასხვა მიმართულებით (ჩრდილო-დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის) მიმართულებით შეტევას და შამილის ძალების ალყაში მოქცევას. „ჩეჩნეთის რაზმი“ გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ევდოკიმოვის სარდლობით ვედენოდან ანდისა და ტეხნუცალის უღელტეხილების გზით უნდა ემოქმედა, „დაღესტნის რაზმი“ გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ვრანგელის მეთაურობით სალათავიიდან გუმბეთზე უნდა დაძრულიყო, „ლეკეთისა“ კი გენერალ-ლეიტენანტ ლევან მელიქიშვილის უფროსობით ბოღოსის ქედით კახეთიდან და თუშეთიდან უნდა შესულიყო დაღესტანში.
ღუნიბის ალყა და იერიში
რედაქტირებაოპერაცია 1859 წლის 14 ივლისს დაიწყო. „ჩეჩნეთის რაზმი“ თავად ბარიატინსკის სარდლობით მდინარე ანდის ყოისუზე გავიდა, „დაღესტნის რაზმი“ იმავე მდინარის ნაპირს საღრითლოსთან მიადგა. მდინარის მეორე მხარეს მთიელები იდგნენ შამილის ვაჟის, ყაზი-მუჰამადის მეთაურობით. „დაღესტნის რაზმის“ სარდლობამ ფრონტალურ შეტევაზე უარი თქვა. რაზმის ნაწილმა შემოვლითი მანევრით მდინარე 18 ივლისს, გამთენიისას, გადალახა. შამილმა ალყაში მოქცევის შიშით ჯარი მდინარის ნაპირიდან გაიყვანა. მთიელთა ნაწილი, მათ შორის ნაიბები ყიბით-მაჰომი და ელისუელი დანიელ-ბეგი რუსების მხარეს გადავიდნენ. ივლისის ბოლოსთვის შამილს დაღესტანზე კონტროლი ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა. იმამი დარჩენილ თანამებრძოლებთან ერთად ავარიის ყოისუსა და ყარაყოისუს შუამდინარეთში, თანამოსახელე მთიან პლატოზე მდებარე მიუვალ აულში, ღუნიბში, გამაგრდა და ხანგრძლივი ალყისთვის მზადება დაიწყო. აულისკენ მიმავალ ერთადერთ ვიწრო ბილიკს შამილის 400-მდე ერთგული მებრძოლი (მიურიდი) იცავდა 4 სამთო ქვემეხით.
4 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა ღუნიბის ბლოკირება დაიწყეს. 18 აგვისტოს ბანაკში ჩავიდა ბარიატინსკი და 20 აგვისტოს შამილს ამნისტიისა და მექაში სახელმწიფოს ხარჯით გამგზავრების უზრუნველყოფის სანაცვლოდ დანებება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. 22 აგვისტოს ბარიატინსკის ბრძანებით რუსეთის ჯარები ღუნიბის პლატოსთან საალყო სამუშაოებს შეუდგნენ. 25 აგვისტოს, ღამით, აფშერონის ქვეითი პოლკის მოხალისეები (ე. წ. მონადირეები) მთის სამხრეთ მხარეს ავიდნენ და მთიელები იქიდან განდევნეს. იმავდროულად, რუსეთის ჯარებმა სხვა მიმართულებითაც დაიწყეს მოწინააღმდეგის გამაგრებულ სიმაღლეებზე თავდასხმა, რომლის დროსაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი შირვანის ქვეითი პოლკის ჯარისკაცებმა. შუადღისას შამილის მიურიდები იძულებული იყვნენ მთიდან საკუთრივ სოფელში დაეხიათ. ამასობაში, მთიელთა პოზიციებს ჩრდილოეთიდან მოუარა გენერალ-მაიორ იოსებ თარხან-მოურავის რაზმმა. ღუნიბის ირგვლივ ალყის რკალი კიდევ უფრო შემჭიდროვდა. აულის მისადგომებთან გააფთრებულ ბრძოლებში ღუნიბის დამცველთა დიდი ნაწილი დაიღუპა. 2-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ შამილი, მისი ოჯახის წევრები და გადარჩენილი მიურიდები ბარიატინსკის დანებდნენ. ორი სარდლის ხანმოკლე შეხვედრა თავის ფერწერულ ტილოზე აღბეჭდა ღუნიბის აღების თვითმხილველმა, მხატვარმა თეოდორ ჰორშელტმა.
შედეგები
რედაქტირებაღუბინის ალყისა და იერიშის დროს, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის არმიის დანაკარგები იყო 21 მოკლული და 149 დაჭრილ-დაშავებული. მთიელებმა 200-მდე კაცი დაკარგეს მოკლულთა სახით, 100-ზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა. ღუნიბის დაცემით შამილის მიერ შექმნილი კავკასიის იმამატს ბოლო მოეღო. კავკასიის ომის ჩრდილო-აღმოსავლეთის ასპარეზზე საბრძოლო მოქმედებები რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. შამილი, როგორც საპატიო ტყვე, სანქტ-პეტერბურგში გაგზავნეს. ის 1871 წელს მედინაში მოგზაურობის დროს გარდაიცვალა.
ღუნიბის აღების აღსანიშნავად ალექსანდრე ბარიატინსკიმ გენერალ-ფელდმარშლის წოდება, წმინდა გიორგის II ხარისხის და წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენები მიიღო. გენერალ-მაიორი თარხან-მოურავი წმ. გიორგის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. აფშერონის ქვეითი პოლკის 1-ლ ბატალიონს ებოძა წმ. გიორგის დროშა წარწერით: „თავის გამოჩენისთვის ღუნიბის აღებისას 1859 წლის 25 აგვისტოს“, შირვანის ქვეითი პოლკის მე-3 და მე-4 ბატალიონებს — წმ. გიორგის დროშა წარწერით: „ღუნიბ-დაღის იერიშისთვის 1859 წლის 25 აგვისტოს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Акты, собранные Кавказскою Археографическою комиссиею. СПб., 1904. Т. 12;
- Эсадзе С. С. Штурм Гуниба и пленение Шамиля. Тифлис, 1909;
- Шамиль на Кавказе и в России / Сост. М. Н. Чичагова. М., 1990;
- Гаджи-Али. Сказание очевидца о Шамиле. Махачкала, 1995;
- Муханов В. М. Князь А. И. Барятинский // Вопросы истории. 2003. № 5;
- Милютин Д. А. Воспоминания. 1856–1860. М., 2004.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ღუნიბის აღება — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)