ავარიის ყოისუ
ავარიის ყოისუ (რუს. Аварское Койсу) — მდინარე რუსეთში. მიედინება დაღესტნის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ კავკასიონზე. მდინარე სულაკის მარჯვენა მდგენელი. ზემო დინებაში ეწოდება ჯურმუთი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მთა გუთნის დასავლეთ კალთაზე. მიედინება უმეტესად ჩრდილო-აღმოსავლური მიმართულებით, ბოღოზისა და ნუკატლის ქედებს შორის. გზადაგზა ქმნის ვიწრო ხეობებს, ზოგან კანიონებს. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 7660 კმ². საერთო ვარდნა უდრის 2440 მ-ს. ავარიის ყოისუს აუზის საერთო გამყინვარების ფართობია 6,8 კმ². შერეული საზრდოობის მდინარეა. უერთდება მდინარე ანდის ყოისუს, რის შემდეგ წარმოიქმნება მდინარე სულაკი.
ავარიის ყოისუ | |
---|---|
ავარიის ყოისუსა და ანდის ყოისუს შეერთების ადგილი | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | დაღესტანი |
სათავე |
აღმოსავლეთი კავკასიონი 41°52′10″ ჩ. გ. 46°45′25″ ა. გ. / 41.86944° ჩ. გ. 46.75694° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2740 მ |
შესართავი | 42°47′27″ ჩ. გ. 46°47′46″ ა. გ. / 42.79083° ჩ. გ. 46.79611° ა. გ. |
სიგრძე | 178 კმ |
აუზის ფართობი | 7660 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 95,0 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (მაქს.) | 1350 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ავარიის ყოისუ ვიკისაწყობში |
მდინარის აუზის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი შემოზღუდულია ბოღოზის ქედით, სამხრეთ-დასავლეთით საკუთრივ მთავარი წყალგამყოფი ქედით, სამხრეთით ამოწეულია დიულთიდაღის მასივი. წყალმოვარდნები იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. წყალდიდობა დამახასიათებელია მაის-აგვისტოს ჩათვლით. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი 95,0 მ³/წმ, მაქსიმალური — 1350 მ³/წმ. მდინარეს მოაქვს დიდი რაოდენობით ნაყარი მასალა. ხე-ტყის დაცურება. იყენებენ სარწყავად. მთავარი შენაკადია ყარაყოისუ, რომელზედაც აგებულია ორი ჰესი.