ვედენოს აღება
ვედენოს აღება | |||
---|---|---|---|
კავკასიის ომის ნაწილი | |||
მეფის ჯარის მოძრაობა ვედენოს მიმართულებით (ა. დაუგელის გრავიურა თ. ჰორშელტის ნახატის მიხედვით). | |||
თარიღი | 1 იანვარი–1 აპრილი, 1859 (ძვ. სტილით) | ||
მდებარეობა | აული ვედენო, ჩეჩნეთი | ||
შედეგი | რუსეთის ჯარის მიერ ვედენოს აღება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ვედენოს აღება — კავკასიის ომის (1817-1864) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რუსეთის იმპერიის არმიის ოპერაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგობის ლიდერის, იმამ შამილის გამაგრებული აულის, ვედენოს (ახლანდელი ვედენის რაიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩეჩნეთი) ხელში ჩაგდების მიზნით 1858 წლის დეკემბრიდან 1859 წლის აპრილამდე. ვედენოს დაცემამ ბოლო მოუღო ჩეჩნეთში შამილის ძალაუფლებას და მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმამის საბოლოო დამარცხება.
ბრძოლის სამზადისი
რედაქტირებააული ვედენო 1845 წლიდან ჩეჩნეთში იმამ შამილის რეზიდენცია იყო და მის მიერ შექმნილი კავკასიის იმამატის ერთგვარ „დედაქალაქად“ მიიჩნეოდა. ჩეჩნეთის მთიან და ტყიან ნაწილში, მდინარე ხულხულაუს მარჯვენა ნაპირზე მდებარე ეს სოფელი შამილს კარგად ჰქონდა გამაგრებული. სამხრეთიდან და დასავლეთიდან ვედენოს მაღლობებზე განლაგებული 6 რედუტი იცავდა. აულში და მის რედუტებში გამაგრებული იყო 7 000-ზე მეტი მთიელი და 14 ნაიბი შამილის მეორე ვაჟისა და მისი ოფიციალური მემკვიდრის — ყაზი-მუჰამადის საერთო ხელმძღვანელობით.
1858 წლის ბოლოსთვის ხანგრძლივი ომის, მსხვერპლისა და ადგილობრივების უკმაყოფილების გამო შამილის ზეგავლენა ჩეჩნეთის აღმოსავლეთში საგრძნობლად იყო შერყეული. რუსეთის ჯარების დარტყმის მთავარი მიმართულება სწორედ ვედენო გახდა. 1858 წლის 20 დეკემბერს დაიწყო რუსების შეტევითი ოპერაცია ჩეჩნეთის სიღრმეში, ხოლო 1 იანვრიდან მოძრაობა უშუალოდ ვედენოსკენ. 1859 წლის 7 თებერვალს რუსეთის არმიის „ჩეჩნეთის რაზმი“ (ქვეითთა 19 1/2 ბატალიონი, 14 სამთო ქვემეხი, 2 მორტირა, კაზაკთა 6 ასეული, მილიციის 3 ასეული) გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ევდოკიმოვის მეთაურობით ვედენოდან 2 კმ-ის დაშორებით, სოფელ ჯან-თემირ-იურტთან დაბანაკდა. 17 მარტამდე რუსეთის ჯარებს გაჰყავდათ გზები, აწყობდნენ არტილერიას, იმარაგებდნენ ტყვია-წამალს და სურსათს. მთიელების ნაწილის განრიდების მიზნით კავკასიის არმიის მთავარსარდალმა ინფანტერიის გენერალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ კასპიისპირეთის რაზმის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ვრანგელს ვედენოს აღმოსავლეთით, აუხის თემის მიმართულებით წინსვლა უბრძანა.
ვედენოს იერიში
რედაქტირება1859 წლის 1 აპრილს რუსეთის ჯარებმა ვედენოზე იერიში მიიტანეს. 12-საათიანი საარტილერიო ცეცხლის შემდეგ რუსმა ქვეითებმა პოლკოვნიკ ბაჟენოვის უშუალო მეთაურობით რედუტებს შეუტიეს. იმავდროულად, პოლკოვნიკ ჩერტკოვის დაჯგუფება საკუთრივ აულისკენ დაიძრა. დაღამებისას მთიელები იძულებული გახდნენ ცეცხლმოდებული აული და მისი სიმაგრეები დაეტოვებინათ. 2 აპრილს, გამთენიისას, რუსეთის ჯარმა ვედენო დაიკავა. მთელი ოპერაციის მსვლელობისას (1 იანვარი — 1 აპრილი) რუსეთის არმიის დანაკარგები იყო: 36 დაღუპული (მ. შ., 1 ოფიცერი) და 191 დაჭრილი (აქედან 12 ოფიცერი).[1] მთიელების დანაკარგები უცნობია. ვედენოს ნანგრევებში რუსებმა 50-მდე ცხედარი აღმოაჩინეს.
ამ ბრძოლის შედეგად შამილმა ჩეჩნეთზე კონტროლი სრულად დაკარგა და დაღესტნის მთიანეთს შეაფარა თავი, ვედენოს აღებამ კი რუსეთის ჯარებს დაღესტანზე მიმავალი გზა გაუხსნა, რამაც იმამის საბოლოო დამარცხება გარდაუვალი გახადა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Гизетти А. Л. Сборник сведений о потерях Кавказских войск во время войн Кавказско-горской, персидских, турецких и в Закаспийском крае. 1801-1885 гг. / Под ред. В. А. Потто. — Тифлис: Тип. Я.И. Либермана, 1901;
- Акты, собранные Кавказской археографической комиссиею. СПб., 1904. Т. 12;
- Чичагова М. Н. Шамиль на Кавказе и в России. М., 1994;
- Гаджи-Али. Сказание очевидца о Шамиле. Махачкала, 1995;
- Ибрагимова З. Х. Чечня после Кавказской войны (1863–1875 гг.). М., 2000;
- Муханов В. М. Князь А. И. Барятинский // Вопросы истории. 2003. № 5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვედენო — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გიზეტი (1901), გვ. 115.