თედო ღლონტი

(გადამისამართდა გვერდიდან ღლონტი, თევდორე)

თევდორე (თედო) ზურაბის ძე ღლონტი (დ. აპრილი, 1888, ლანჩხუთი — გ. 11 ივლისი, 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1926-28 წლებში, ფინანსთა და კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი 1934 წელს.

თევდორე ღლონტი
დაბადების თარიღი აპრილი, 1888
დაბადების ადგილი ლანჩხუთი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 11 ივლისი, 1937
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა  სსრკ
საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია რსდმპ (1904-1912)
სოციალისტ-ფედერალისტები (1912-1924)
სკკპ (1924-1937)
მამა ზურაბ ღლონტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში. ლანჩხუთის ორკლასიანი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა ფოთის საქალაქო სასწავლებელში. 1903-1904 წლებში ექსტერნად სწავლობდა ბათუმის გიმნაზიაში. დაინტერესებული იყო პოლიტიკური ეკონომიით და ეცნობოდა ჟელეზნოვის, ბოგდანოვის და ჩუპროვის ნაშრომებს. იყო რსდმპ–ის მენშევიკების ფრაქციის წევრი. 1905-1906 წლებში ლანჩხუთში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დაარსებულ მკითხველთა წრეებს. მისი პირველი ფელეტონი „დამარცხდება თუ არა მოძრაობა?“ დაიბეჭდა გაზეთ „ელვაში“. 1906 წელს ადმინისტრაციული წესით გააძევეს სოფლიდან სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან თანამშრომლობის გამო. მოგვიანებით სწავლობდა პეტერბურგის უმაღლეს კომერციულ კურსებზე, სწავლობდა ქართულ ეკონომიკას, პეტროგრადში წაიკითხა რამდენიმე ლექცია ევროპის სოფლის ეკონომიკაზე. 1909 წელს პეტერბურგიდან დაიწყო თანამშრომლობა ქართულ გაზეთებთან. სწავლის დასრულების შემდეგ პეტერბურგი დატოვა და მუშაობდა ბაქოში.

1912 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი და მისი ერთ-ერთი ლიდერი, 1913-1914 წლებში თანამშრომლობდა მხოლოდ სოციალისტ-ფედერალისტურ პრესასთან, წერდა ირიგაციის, მელიორაციის, კრედიტის, მუნიციპალური და სახელმწიფო საკითხების შესახებ. 1915-1916 წლებში სათავეში ედგა პარტიის მემარცხენე ფრთას. რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტის წევრი, 1919 წლის 15 აპრილს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი იოსებ გედევანიშვილის ნაცვლად. 1919 წელს ღლონტმა დააარსა გაზეთი „ზვირთი”, ხოლო 1919-1921 წლებში გაზეთ „სახალხო ფურცლის” რედაქტორი იყო. შალვა ნუცუბიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტურ ჯგუფს, რომელიც 1919-1921 წლებში განსაკუთრებით მწვავედ იყვნენ დაპირისპირებული სოციალ-დემოკრატებთან, ხოლო 1921 წლის თებერვლიდან ფაქტობრივად განუდგა გიორგი ლასხიშვილისა და სამსონ დადიანის ხელმძღვანელობით მოქმედ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ძირითად ბირთვს.[1]

1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ღლონტი დარჩა საქართველოში და რევკომის ნებართვით დაიწყო გაზეთ „სოციალის-ფედერალისტის“ ბეჭდვა. გაზეთში ის მოუწოდებდა საზოგადოებას ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ. 1922 წლიდან იყო საქართველოს სსრ–ის და ამიერკავკასიის სფსრ–ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილების უფროსი, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საფინანსო განყოფილების გამგე. 1922 წელს რედაქტორობდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტურ გაზეთ „ტრიბუნას“. 1923 წლის ნოემბერში პარტიამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და შეუერთდა საქართველოს სსრ კომუნისტურ პარტიას. 1923 წლიდან კი იყო სსრკ ფინანსთა სახალხო კომისრის რწმუნებული საქართველოში. 1924 წელს თევდორე ღლონტი კომუნისტურ პარტიაში შევიდა.

1926 წლის 22 ივნისს ღლონტი დანიშნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად. მან ამ პოსტზე შეცვალა ივანე ჯავახიშვილი. შალვა ამირეჯიბმა ღლონტის თსუ-ს რექტორად დანიშვნა კალიგულას მიერ ცხენის სენატორად დანიშვნას შეადარა[2]

 
„1921 წელს ის სტუდენტად არ მიიღეს, რადგან სწავლის სტაჟი არ ჰქონდა (სამოქ. სკოლა), დღეს კი, 22/VI რექტორად აირჩიეს“
(ივანე ჯავახიშვილი)

1928 წელს ჟურნალში „საშუალო სკოლისაკენ“ ღლონტმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გააკრიტიკა ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობა. 1927 წლის იანვარში დააარსა პირველი საუნივერსიტეტო გაზეთი „პროლეტარულ სტუდენტთა ხმა“.[3] 1928 წლიდან თევდორე ღლონტი ასფსრ-ის მუდმივი წარმომადგენელი იყო მოსკოვში. შემდეგ იყო ბერლინში მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების გამგეობის წევრი, 1930 წლიდან - ცეკავშირის გამგეობის წევრი, შემდეგ ასფსრ–ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი და 1932 წლიდან საქართველოს სსრ–ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი. 1933-1936 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნალური ბანკის დირექტორად, 1934 წლის აპრილში დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისრად. დააპატიმრეს 1937 წლის 15 ივნისს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის და მავნებლური საქმიანობის ბრალდებით. 1937 წლის 10 ივლისს მიესაჯა დახვრეტა.[4]

ნაშრომები

რედაქტირება
  • „თავადაზნაურობის მიწისმფლობელობა საქართველოში“
  • „გლეხკაცობის მდგომარეობა საქართველოში“
  • „მუშა ქალი საქართველოში“
  • „ქალი და კოოპერაცია“
  • „აგრარული საკითხი საქართველოში“
  • „ქართველი ერის სტატისტიკა“
  • „რუსული იმპერიალიზმი საქართველოში“
  • „ეროვნული საკითხი და სოციალ-დემოკრატია“
  • „ომი და ფედერალიზმი“
  • „ერობა საქართველოში“ (1915 წ.)
  • „მენშევიკური და საბჭოთა საქართველო“ (1926 წ.)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიდამონიძე, უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 595.
  • სიდამონიძე უ. „საქართველოში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მოძრაობისა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ისტორიოგრაფია (1917-1921)“ — თბილისი, „მეცნიერება“, 1970 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება