ქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვში

ქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვში — ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასაკრძალავი ადგილები. მოსკოვის ქართული ახალშენის აღმოცენების შემდეგ აქ თანდათან საფუძველი ჩაეყარა ქართველ მოღვაწეთა პანთეონებს. XVII საუკუნის დასასრულიდან დონის მონასტერში დაკრძალეს რამდენიმე ქართველი მოღვაწე. 1712 წელს ამავე მონასტერში მირქმის ტაძარში, არჩილ II-მ საფუძველი ჩაუყარა საგვარეულო აკლდამას. აქ დაასაფლავეს ალექსანდრე ბატონიშვილი, დავით და მამუკა ბატონიშვილები, თვითონ არჩილ II, მისი მეუღლე ქეთევანი, მათი ქალიშვილი დარეჯან ბატონიშვილი, დონის მონასტრის წინამძღვარი ლავრენტი (გაბაშვილი).

ვახტანგ VI-ის ამალის მოსკოვში დამკვიდრების შემდეგ დონის მონასტრის საგვარეულო აკლდამა ქართველ მოღვაწეთა პანთეონად გადაიქცა. აქ განისვენებენ ბატონიშვილი ბაქარი, რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფი გიორგი ბატონიშვილი, ელისაბედ დედოფალი (მეფე იესეს მეუღლე, ერეკლე I-ის ასული), ათანასე თბილელი, გენერალი გიორგი დადიანი (ლევან IV დადიანის ძე), მთარგმნელი მ. დავითაშვილი, საეკლესიო მოღვაწეები ფ. სიმონგულაშვილი, ი. ჩერქეზიშვილი, გ. წინამძღვრიშვილი და სხვები.

XVIII საუკუნეში ქართველთა პანთეონი დაარსდა აგრეთვე მოსკოვის გარეუბანში ქართველთა აგარაკზე , სოფელ ვსესვიატსკოეში (ახლანდელი ქ. მოსკოვის ლენინგრადის რაიონი), ყველაწმინდის სახელობის ტაძართან 1725 წელს აქ დაკრძალეს სულხან-საბა ორბელიანი. 1745 წელს ცნობილი პედაგოგი გ. გარსევანიშვილი, შემდეგ მწერლები გ. ავალიშვილი, დ. ციციშცვილი, პოლკოვნიკი ი. ბაგრატიონი (პეტრე ბაგრატიონის მამა) და სხვები.

1930-იან წლებში მოსკოვში არსებული ქართული კულტურის ძეგლებისა და პანთეონების შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. 1941 წლის მაისში ყველაწმინდის ტაძარი საქართველოს სსრ წარმომადგენლობას გადაეცა. 1981 წლის ოქტომბერში ყველაწმინდის ტაძრის ეზოში არსებული სასაფლაო გაუქმდა. 1982 წელს გაიშალა მუშაობა ქართველთა საფლავების დასადგენად და პანთეონების მუზეუმად გადასაკეთებლად. 1983 წლის აპრილიდან დონის მონასტერში არქიტექტურული-სარესტავრაციო მუშაობას ეწევა ხალხთა მეგობრობის მუზეუმისა და ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის გაერთიანებული ექსპედიცია.

ლიტერატურა

რედაქტირება