ვსესვიატსკოეს სასაფლაო

ვსესვიატსკოეს (ვსეხსვიატსკოეს) სასაფლაო (რუს. Всехсвятское кладбище) — სასაფლაო რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის, მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოკრუგის სოკოლის რაიონში. დაკრძალული არიან საქართველოდან XVIII საუკუნეში გადახვეწილი ქართველი დიდებულები — ბაგრატიონები, ციციშვილები (ციციანოვები)[1] და სხვა, მათ შორის ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან სულხან-საბა ორბელიანი[2][3] და პეტრე ბაგრატიონის მამა იოანე (1730—1795). იქვე 1733-1737 წლებით დათარიღებული ტაძარი მდებარეობს, რომლის აგების ინიციატორიც არჩილ II-ს ქალიშვილი დარეჯან ბატონიშვილი იყო (სწორედ ამ ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი სულხან-საბა და პეტრე ბაგრატიონის მამა).

ვსესვიატსკოეს სასაფლაოს გეგმა

XIX საუკუნის ბოლოს აქ ასაფლავებდნენ მდიდარ გლეხებს, ამასთან, საფლავის ძველ ქვებს ხშირად ანადგურებდნენ ან ადგილს უცვლიდნენ.[4]

სასაფლაო არსებობდა 1982 წლამდე, რის შემდეგაც განადგურდა მოსკოვის ფარგლებში სასაფლაოთა ლიკვიდაციის შესახებ განკარგულებით.[5] ერთ-ერთი ვერსიით საფლავის ქვების აღება გამოიწვია მეზობელი „გენერლების სახლის“ მაღალი თანამდებობის პირ მაცხოვრებელთა სურვილმა, არ ჰქონოდათ ხედი სასაფლაოზე.[6]

მიუხედავად ამისა, ჩვენ დრომდე შემორჩა ზოგიერთი საფლავის ქვა, მათ შორის, იოანე ბაგრატიონისა, რომელიც აღმართა მისმა ვაჟმა, დიდმა მხედართმთავარმა, პეტრე ბაგრატიონმა.[7] მონუმენტს აქვს მაღალ პოსტამენტზე მდგარი კანელირებული პირამიდის სახე.[8] იოანე ბაგრატიონის საფლავის ქვამ რამდენიმეჯერ შეიცვალა თავისი ადგილი. ამჟამად ის დგას ტაძრის ჩრდილოეთით „ხალხთა შერიგების“ მემორიალთან. ი. ბაგრატიონის საფლავის ქვა ფედერალური მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია.[9]

ვანდალიზმი

რედაქტირება

სასაფლაოს ადგილზე დასასვენებელი პარკის მოწყობაა დაგეგმილი. უკანონო მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, მაგრამ ხმაურის ატეხვის შემდეგ შეჩერდა, 2011 წლის ზაფხულში კი ისევ განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი რუსეთის კულტურის სამინისტროს ძეგლებს შორის ირიცხება და უწყებას მასზე ზრუნვა ევალება, სამინისტრომ ჯეროვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

  1. История московских районов. Энциклопедия / Под ред. К. А. Аверьянова — М.: Астрель, 2005, ст. 309 — ISBN 5-271-11122-9.
  2. В. Платонов Храм всех святых в селе Всехсвятском // Журнал Московской патриархии : Журнал. — 1947. — № 9. — С. 19-23
  3. Орбелиани, Сулхан-Саба. Краткая литературная энциклопедия
  4. И. Ф. Токмаков. Историко-статистическое и археологическое описание села Всехсвятского Московской губернии и уезда 1398—1898 гг — М., 1898, ст. 26
  5. Л. Р. Вайнтрауб, М. Б. Карпова, В. В. Скопин. Храмы северного округа — М.: Старая Басманная, 1997, ст. 105 — ISBN 5-8468-0052-1.
  6. Леонид Павлов. Сокол-Всехсвятское // Архитектура и строительство Москвы : Журнал. — 1990. — № 2. — С. 28—30.
  7. Елена Лебедева. Храм Всех Святых в селе Всехсвятском. Православие.Ru. Проверено 25 июля 2010
  8. Памятники архитектуры Москвы. Окрестности старой Москвы (северо-западная и северная части территории от Камер-Коллежского вала до нынешней границы города) — М.: Искусство — XXI век, 2004. — С. 144—146. — ISBN 5-9805101-1-7.
  9. Могила Багратиона И. А. (1730—1795), полковника (грузинский некрополь). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-12-02.