ფრანც ფანონი
ფრანც ომარ ფანონი (ფრანგ. Frantz Fanon; დ. 20 ივლისი, 1925, ფორ-დე-ფრანსი, მარტინიკა — გ. 6 დეკემბერი, 1961 ბეთესდა, მერილენდი, აშშ) ასევე ცნობილი, როგორც იბრაჰიმ ფრანც ფანონი — ფსიქიატრი და პოლიტიკის ფილოსოფოსი, რომლის ნაშრომებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა პოსტ–კოლონიური, კრიტიკული თეორიების და მარქსიზმის განვითარებაზე. ფანონი იყო პან–აფრიკანისტი და მარქსისტ–ჰუმანისტი, სწავლობდა კოლონიზაციით გამოწვეულ ფსიქოპათოლოგიებსა და მის სოციალურ თუ კულტურულ შედეგებს. ფანონი მხარს უჭერდა ალჟირის დამოუკიდებლობას და იყო ალჟირის ეროვნულ– განმათავისუფლებელი ფრონტის აქტიური წევრი. უკვე ხუთ ათეულ წელზე მეტია, მისი შრომები შთააგონებს განმათავისუფლებელ მოძრაობებსა და მათ ლიდერებს. როგორც ექიმი-ფსიქიატრი, ის ავტორია თეორიისა, რომლის მიხედვით, ზოგიერთი ნევროზი სოციალური წარმოშობისაა.
ფრანც ფანონი | |
---|---|
ფრანგ. Frantz Fanon | |
დაბადების თარიღი | 20 ივლისი, 1925[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | ფორ-დე-ფრანსი |
გარდაცვალების თარიღი | 6 დეკემბერი, 1961[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (36 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Bethesda |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[1] |
განათლება | ლიონის უნივერსიტეტი და Jean Moulin University - Lyon 3 |
მეუღლე/ები | Josie Fanon |
შვილ(ებ)ი | Mireille Fanon Mendès-France |
მანვე ჩამოაყალიბა თემის ფსიქოლოგიის მოდელი. ფანონი ამტკიცებდა, რომ პაციენტები, რომლებსაც მენტალური დარღვევები აღენიშნებოდათ, უფრო უკეთ იგრძნობდნენ თავს, თუკი ინტეგრირებული იქნებოდნენ ოჯახსა და საზოგადოებაში, ინსტიტუციური მკურნალობის ნაცვლად. სენ–ალბანში ფრანს ტოსკელისა და ჟან ურისთან ერთად მუშაობის დროს, მან დიდი წვლილი შეიტანა ინსტიტუციონალური ფსიქოთერაპიის განვითარებაში. წარუშლელია მისი კვალი იდეების ისტორიაში. ფანონი შთამბეჭდავია არა მხოლოდ თავისი ორიგინალური აზროვნებით, არამედ, კრიტიკულობითაც. მან კიდევ უფრო განავრცო შავკანიანთა წინააღმდეგ მიმართული რასიზმის ეგზისტენციალური ანალიზი.
ფანონი არა ერთი წიგნის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თხზულებას „ბედკრულნი ამა ქვეყნისა“ (Les damnes de la terre, 1961), რომელიც ეძღვნება აქტივისტთა როლს დეკოლონიზაციის პროცესში. ნაშრომში ფანონი იცავს კოლონიების მოსახლეობის უფლებას, გამოიყენოს ძალადობა დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით.
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრანც ფანონი დაიბადა ვესტ-ინდოეთში, კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკაზე, რომელიც იმ დროს საფრანგეთის კოლონია იყო. იგი ელეონორ და ფელიქს კაზიმირ ფანონების მეხუთე შვილი იყო (რვა ბავშვიდან). მამა, აფრიკელ მონათა და ხელშეკრულების ქვეშ მყოფ ინდიელთა შთამომავალი, საბაჟოს აგენტად მუშაობდა. ოჯახი რომ ერჩინა, ფანონის დედამ 1947 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ მაღაზია გახსნა.
შავკანიანი მოსახლეობა, ისევე, როგორც თავად ფრანს ფანონი და მისი ოჯახის წევრები, ოფიციალურად ფრანგებად ითვლებოდნენ, სინამდვილეში კი მათ თეთრკანიანები მეორე კლასის მოქალაქეებად განიხილავდნენ. საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე, კაზიმირ ფანონი შეახსენებდა ხოლმე თავის ოჯახს, რომ საფრანგეთის რევოლუციის აღიარებულ იდეალებს – „liberté, égalité, fraternité“ (თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა) მარტინიკის მონებისთვის თავისუფლება არ მოუტანია. უფრო მეტიც, აქ მონობა მხოლოდ 1848 წელს გაუქმდა. მიუხედავად საშუალო კლასის წარმომავლობისა, ფანონების ოჯახმა შეძლო შვილი ყველაზე პრესტიჟულ, შოლშერის ლიცეუმში გაეგზავნა ფორტ-დე-ფრანსში, სადაც მას ასწავლიდა მწერალი და პოეტი ემე სეზარი, რომლითაც ფანონი აღტაცებული იყო.
მარტინიკა და მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომში, როდესაც მარტინიკის კოლონიური ადმინისტრაციაში ვიშის რეჟიმი ბატონობდა, ფანონმა გადაწყვიტა საპირისპირო მხარეს მდგარიყო. ის ხედავდა, მარტინიკელ მოსახლეობას როგორ ექცეოდა ვიშის კოლაბორაციონისტული რეჟიმი და როგორ ავიწროვებდნენ მათ საფრანგეთის ფლოტის მეზღვაურები. ფანონის თქმით, ფრანგებმა ჩამოიხსნეს ნიღბები და თავიანთი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, როგორც „ავთენტურმა რასისტებმა“.
17 წლისა, იგი „დისიდენტად“ (ასე ეძახდნენ დე გოლის არმიაში გაწევრიანებულ მოხალისე ფრანგებს) წავიდა დომინიკაში და 1943 წელს საფრანგეთის თავისუფალ შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. 1944 წლის მარტისთვის მან შეძლო გამგზავრება ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც გენერალ დე ტასინის ჯარებს შეუერთდა. საფრანგეთის მაროკოში არსებულ საწვრთნელ ბანაკში ის ყოველდღიურად ხდებოდა რასიზმის მომსწრე. სამხედრო ბანაკში სენეგალელ ჯარისკაცებს მეოთხე დონის ადამიანებად მიიჩნევდნენ, ჩრდილოეთ აფრიკელ არაბ ჯარისკაცებს, მესამე კლასის წარმომადგენლებად, ანტილის კოლონიების შავკანიანებს კი, მეორე კლასის ხალხად, რადგან ისინი ფრანგები და ამასთან, ქრისტიანები იყვნენ.
1944 წლის შემოდგომაზე პირველმა არმიამ (1944-1945 წწ.) ანტილელები საზარბაზნე ხორცად გამოიყენა. ფანონი ელზასის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, დაიჭრა კოლმარის ბრძოლაში, რისთვისაც სამხედრო ჯილდო მიიღო. როცა მოკავშირეები გერმანიაში შევიდნენ, ფრანგული ჯარები უკვე „გათეთრებული“ იყო – მისი შავკანიანი შემადგენლობა ფიზიკურად მთლიანად განადგურებულიყო. ფანონი და მისი თანამებრძოლი აფრო-კარიბიელები ნორმანდიაში დაელოდნენ რეპატრიაციას.
ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს, ფანონი დაბრუნდა მარტინიკაში. ის საპარლამენტო კამპანიაში ეხმარებოდა თავის მეგობარსა და მენტორს, ემე სეზარს, რომელიც კომუნისტური პარტიის მანდატით უნდა გასულიყო მეოთხე რესპუბლიკის პირველ ეროვნულ ასამბლეის დეპუტატად.
ფანონი ლიონში სწავლობდა მედიცინასა და ფსიქიატრიას, ისევე, როგორც ფილოსოფიას, ლიტერატურას, დრამას. ესწრებოდა მერლო-პონტის ლექციებს. ამ პერიოდში დაწერა მან სამი პიესა, რომელთაგან მხოლოდ ორია შემორჩენილი. 1951 წელს ფანონმა მიიღო ფსიქიატრის კვალიფიკაცია და რეზიდენტურა გაიარა სენ–ალბან–სურ-ლიმანოლში, რადიკალი მოაზროვნის, კატალონიელი ფსიქიატრის ფ. ტოსკელის ხელმძღვანელობით, რომელმაც ფანონს კიდევ უფრო განუმტკიცა შეხედულება ფსიქოპათოლოგიაში კულტურის როლის მიშვნელობის შესახებ.
1952 წელს ფანონი დაქორწინდა ფრანგ მარი-ჟოზეფ დიუბლზე. 1953 წელს კი ბლიდა ჟუანუალის კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილების გამგედ დაინიშნა ალჟირში. უფრო რადიკალური გახდა მის მიერ გამოყენებული მკურნალობის მეთოდები, რომლებიც პაციენტების კულტურულ წარმომავლობას ითვალისწინებდა. მან დაიწყო და გამოსცადა „სოციალური თერაპიის“ სისტემა, ატარებდა სწავლებას ექთნებისა და ინტერნებისათვის. თანაშემწეების დახმარებით, ფანონმა შეზღუდა კოლონიური სისტემისთვის დამახასიათებელი პაციენტების მკაცრი განცალკევება და იერარქიულობა (როგორიც იყო ცალკე პავილიონების არსებობა ევროპელებისა და მუსულმანებისთვის).
1955 წელს დოქტორ პიერ შოლეს დახმარებით ის უკვე დაუკავშირდა ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას — ეროვნულ–განმათავისუფლებელ ფრონტს (Front de Liberation Nationale). ბლიდას საავადმყოფოში ერთსა და იმავე დროს მკურნალობდნენ როგორც ფრანგი ჯარსკაცები, ისევე წინააღმდეგობის მებრძოლები, რომლებიც საფრანგეთის ჯარს ემალებოდნენ. ფანონი აგრეთვე მკურნალობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა ენიშნებოდათ; და იმ ფრანგ ჯარისკაცებსაც, რომლებიც იძულებული იყვნენ, ანტი–კოლონიური წინააღმდეგობის მოძრაობის ჩასახშობად ებრძოლათ. საავადმყოფოში რეპრესიების გააქტიურებისა და საექთნო პერსონალის გაფიცვის შეჩერების შემდეგ, ფანონმა თანამდებობის დატოვების მოთხოვნა წარუდგინა საფრანგეთის ალჟირის პრეფექტს რობერტ ლაკოსტს. ამის პასუხად, 1957 წლის იანვარში მან მიიღო შეტყობინება განდევნის შესახებ – ფანონს ალჟირი უნდა დაეტოვებინა.
სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ფანონს შესაძლებლობა მიეცა, თავისი დრო სრულად დაეთმო იმ ბრძოლისათვის, რომელიც ალჟირს დამოუკიდებლობას მოუტანდა. ფანონი ბევრს მოგზაურობდა ალჟირში, ძირითადად, კაბილის რეგიონში. ალჟირელების კულტურულ და ფსიქოლოგიურ ცხოვრებას მიუძღვნა მან ამჟამად დაკარგული ნაშრომი „სი სლიმან მარაბუტი”. ფანონის მოგზაურობა ბევრ გასაიდუმლოებულ საქმესაც უკავშირდებოდა. კერძოდ, ის სტუმრობდა სათხილამურო კურორტ კრეას, სადაც FLN-ის ბაზა მდებარეობდა. ფანონი ესწრებოდა კონფერენციებს აკრაში, კონაკრისა და ადის-აბებაში, ლეოპოლდვილში, კაიროში, ტრიპოლიში და ა. შ. ამ პერიოდის ჩანაწერები ავტორის გარდაცვალების შემდგომ გამოიცა სახელწოდებით „აფრიკის რევოლუციისაკენ“. მასში კარგად სჩანს ფანონისეული საომარი სტრატეგიები. ერთ თავს ის უთმობს სამხრეთის ფრონტის გახსნისა და მისი მომარაგების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემატიკის აღწერას.
ფანონმა ქვეყანა დატოვა და პარიზში ხანმოკლე ყოფნის შემდეგ, შეუერთდა ეროვნულ–განმათავისუფლებელ ფრონტ, როგორც ტუნისის აქტივისტი. ტუნისში ფანონი მონაწილეობდა ეროვნულ–განმათავისუფლებელ ფრონტის პრესის მუშაობაში და იყო გაზეთ „El Moudjahid“-ის რედაქტორი, მსახურობდა ელჩად განაში, ალჟირის დროებითი მთავრობის წარმომადგენლად (GPRA). ფანონმა იმოგზაურა საჰარაში მესამე ფრონტის გახსნის მიზნით, თუმცა სწორედ ამ დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ დაუდგინდა მას ლეიკემია. ფანონი სამკურნალოდ გაემგზავრა საბჭოთა კავშირში, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ფანონი გარდაიცვალა ბეთესდაში (აშშ, მერილენდი) 1961 წლის დეკემბერში, მისი მთავარი ნაშრომის, „ბედკრულნი ამა ქვეყნისას“ გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელიც დღემდე ანტიკოლონიალიზმის მანიფესტად ითვლება. დაასაფლავეს ალჟირში, მოწამეთა სასაფლაოზე, აინ-ელ-კერმაში. მას პირველი ქორწინებიდან დარჩა ქალიშვილი, მირეი ფანონ მენდეს ფრანსი, ხოლო მეორე ქორწინებიდან – ვაჟი, ოლივიერ ფანონი. მეორე ცოლმა, ჟოზიმ თავი მოიკლა 1989 წელს, ალჟირში. ქალიშვილი პარიზის დეკარტეს და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტების პროფესორია, მუშაობს იუნესკოში. არის ფრანც ფანონის ფონდის პრეზიდენტია. ოლივიერი მუშაობდა პარიზში, ალჟირის საელჩოში. 2012 წელს გახდა ალჟირის ფრანც ფანონის ერონული ასოციაციის პრეზიდენტი.
შრომები
რედაქტირებაფანონი კოლონიალიზმს განიხილავდა, როგორც დომინანტობის ფორმას, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ახლებურად მოწყობას. მას ძალადობა მიაჩნდა სოციალური კონტროლის იარაღად, ისევე, როგორც კოლონიალიზმის წნეხის წინააღმდეგ უკუქმედებისა და პოლიტიკური ჩართულობის გამომწვევად.
ფანონი აქტიურად სწავლობდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნის რეალური გათავისუფლება დეკოლონიზაციის შემდგომ და კოლონიალიზმის რეალური დასრულება მისი ფორმალური დასასრულის შემდეგ; ის აკრიტიკებდა პოსტ–კოლონიალიზმის შემდგომ მთავრობებს, რომლებმაც ვერ შეძლეს კოლონიური ზეგავლენებისგან გათავისუფლება და ეროვნული თვითშეგნების დამკვიდრება ახლად გათავისუფლებულ ერებში. ფანონის აზრით, კორუფციის, ეთნიკური დაყოფის, რასიზმისა და ადრინდელი ეკონომიკური დამოკიდებულობის შედეგები აისახა იმ ფაქტშიც, რომ აფრიკის ახალი ლიდერები არაფრით იყვნენ გამორჩეულები.
ფანონის შრომები მისი პოლიტიკური და ფსიქიატრიული პრაქტიკის შედეგი და თეორიზაციაა. ფანონის პორტრეტის შექმნისას დევიდ კაუტმა სცადა გამოეყო მისი მოღვაწეობის სამი ეტაპი, რომელიც ემყარება მარქსისეულ აზროვნების განვითარებასა და ჰეგელის კატეგორიებს:
- „გაუცხოებული ადამიანი“ — ამ პერიოდში იწერება ფანონის „შავი კანი, თეთრი ნიღბები".
- „ალჟირის თავისუფალი მოქალაქე“ — ფანონი მონაწილეობს ალჟირის რევოლუციაში. მოვლენების თეორიული განხილვას ის გადმოსცემს ალჟირის რევოლუციის მეხუთე წელს დაწერილ ნაშრომში „მომაკვდავი კოლონიალიზმი,“ რომელიც 1959 წელს ქვეყნდება.
- „სოციალისტ-რევოლუციონერი“ — ფანონის ამ პერიოდის იდეებმა გამოხატულება ჰპოვა მის უკანასკნელ ნამუშევარში „ბედკრულნი ამა ქვეყნისა“.
„შავი კანი, თეთრი ნიღბები“
რედაქტირებაფანონის პირველ საფუძვლიან ნაშრომში „შავი კანი, თეთრი ნიღბები,“ კარგად ჩანს მასზე არაერთი ფილოსოფოსისა (მათ შორის, მარქსის, ნიცშეს, ჰეგელის და იასპერსის) და ფსიქოანალიტიკოსის (მათ შორის ფროიდის, იუნგისა და ადლერის) ზეგავლენა. განსაკუთრებულად დიდ შთაბეჭილებას ახდენენ ფანონზე ჟან-პოლ სარტრი, მერლო-პონტი, ისევე, როგორც მთელი ფრანგული ეგზისტენციალურ-ფენომენოლოგიური ტენდენცია. მოგვიანებით მან შეიმუშავა საკუთარი თეორია, თუმცა მის ცენტრალურ თემად კვლავ რჩება რასიზმისა და კოლონიალიზმის ანალიზი და მათი დაძლევა. ამ მოვლენების კვლევის პარალელურად, ის აქტიურად მონაწილეობდა ალჟირის ომში, რამაც გამოიწვია მისი პოლიტიკური გამოცდილების ზრდაც.
საფრანგეთში რეზიდენტურის გავლის დროს დაწერილ ამ ნაშრომში ფანონი კოლონიური მორჩილების უარყოფით შედეგებზე საუბრობს. თავიდან ეს იყო სადოქტორო დისერტაცია, სახელწოდებით „ესე შავკანიანთა გაუცხოების დასასრულზე“. ნაშრომი გამოხატავდა რეაქციას იმ რასიზმზე, რომლის მომსწრეც ფანონი ლიონში ყოველდღიურად ხდებოდა. დისერტაცია არ მიიღეს, ამდენად ფანონმა ის ცალკე წიგნად გამოსცა, ხოლო სადისერტაციო ნაშრომი უფრო ვიწრო საკითხს მიუძღვნა. მემარცხენე ფილოსოფოსმა, ფრენსის ჟანსონმა, რომელიც ალჟირის დამოუკიდებლობის დამხმარე „ჟანსონის ქსელს“ უძღვებოდა და ამავდროულად, „Éditions du Seuil“–ის მთავარი რედაქტორიც იყო, წაიკითხა ფანონის ხელნაწერი და ავტორს სათაურის შეცვლა ურჩია. მანვე დაწერა წიგნის ეპილოგიც. ცნობილია, როგორ ჰკითხა მას ფანონმა თავის ნაშრომზე: „არაა ცუდი ზანგის პირობაზე, არა?“, რაზეც ფილოსოფოსი გაბრაზდა და ფანონი რედაქციიდან გააძევა. თუმცა, მოგვიანებით თქვა, რომ ამ პასუხის შემდეგ იგი ფანონისადმი პატივისცემით განიმსჭვალა, რაც მთელი ცხოვრება გაგრძელდა. ფანონი დათახმდა მის მიერ შეთავაზებულ სათაურს: „შავი კანი, თეთრი ნიღბები“. წიგნში ფანონმა აღწერა საფრანგეთში ფერადკანიანების მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება და ის მიზეზები და გარემოებები, თუ რატომ ვერ ახერხებდნენ თეთრ საზოგადოებაში ინტეგრაციას შავკანიანები იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფრანგულად საუბრობდნენ. შესაბამისად, მათ ყოველთვის ჰქონდათ არასრულფასოვნების განცდა.
ფანონმა „შავი კანი, თეთრი ნიღბებში“ უნივერსალური ემანსიპატორულ-ჰუმანისტური ხედვა ჩამოაყალიბა. რასიზმისა და კოლონიური ჩაგვრისადმი მიდგომითა და მათი ფუნდამენტურ კრიტიკით ფანონი წარმოჩინდა, როგორც მრავალმხრივი თეორეტიკოსი, რომელიც ბევრად უსწრებდა დროს. მან შეისწავლა ჩაგვრისა და რასიზმის გავლენა კოლონიებზე, გაუცხოებული თვითრეალიზების განვითარება და ზემოქმედება დაზარალებულებზე. ფანონი იყენებს ლაკანის რეფლექსიის თეორიას და სარტრის მზერის ფენომენოლოგიას, იკვლევს, თუ რა გზებით შეუძლიათ ჩაგრულებს წინააღმდეგობა გაუწიონ რასისტულ და კოლონიალურ შევიწროვებას. ეს არის ფსიქოანალიზი შავკანიანი ადამიანისა, რომელიც თეთრკანიანთა სამყაროში დაბლა მდგომად აღიქმება. ავტორი მსჯელობს, თუ როგორ უნდა შეძლოს შავკანიანმა ნავიგაცია ამ სითეთრეში. თეთრი კაცის პერსპექტივიდან, შავკანიანი ადამიანი დაბლა მდგომია, ხოლო თეთრკანიანი, პირიქით, – მისაბაძი თავისი მიღწევების, ცივილიზაციის, კულტურისა თუ ინტელექტის გამო.
პირველ თავში „ზანგი და ენა“, ფანონი აღწერს შავკანიანის მიერ კოლონიზატორის ენის გამოყენების პროცესს, რაც კოლონიზატორს მტაცებელ ცხოველს ამგვანებს, შავკანიანს კი დაუცველობის შეგრძნებას უჩენს. როგორც ფანონი იხსენებს, ბავშვობაში მას ბევრი საყვედური შეხვდა იმის გამო, რომ კრეოლების ფრანგულით საუბრობდა „ნამდვილი ფრანგულის“, იგივე „ფრანგის“ ანუ „თეთრკანიანთა ფრანგულის“ ნაცვლად. ფანონი ასკვნის, რომ აღიარების მიზნით შავკანიანთა მიერ კოლონიზატორთა ენის დაუფლებას თეთრკანიანები მათი დამორჩილების გამოატულებად აღიქვამენ.
როგორც ფანონი წერს:
ფანონი ხსნის, თუ როგორ ვარდებიან შავკანიანები ნევროზულ მდგომარეობაში თეთრ საზოგადოებაში, რომელიც თავის უპირატესობას აცხადებს შავკანიან მოსახლეობაზე. ამიტომ უნდა ატაროს შავკანიანმა "თეთრი ნიღაბი", რათა ის სერიოზულად აღიქვან კოლონიზებულ სამყაროში. „ჩვენ, ფერადკანიანები, უარს ვამბობთ, ვიყოთ აუტსაიდერები, ჩვენ სრულად ვიღებთ მონაწილეობას საფრანგეთის ბედში, "–აცხადებს ფანონი.
მეხუთე თავში – „სიშავე, როგორც ფაქტი“, ფანონი ბევრ თეორიას ეხება და გვიჩვენებს, თუ რამდენად განსხვავებულადაა ისინი წარმოდგენილი შავკანიან ადამიანთან მიმართებაში. ის საუბრობს „სხეულებრივ სქემებზე“ და ამტკიცებს, რომ არც „ისტორიულ-რასობრივი სქემა“ – რომელიც რასიზმმა შექმნა და არც „ეპიდერმულ–რასობრივი სქემა“ – სადაც შავკანიანები მათი ფერის და რასის წარმომადგენლებად განიხილება, მათი სხეულიდან გამომდინარე –არ განიხილავს შავკანიანებს უნივერსალურად. შავკანიანები არ შეიძლება დავინახოთ იმავე სქემით, როგორც თეთრკანიანი. არ არსებობს უნივერსალური შავკანიანის სქემა. შავკანიანების გამოცდილებას ვერც ონტოლოგია ხსნის, რომელიც მის იგნორირებას ახდენს.
მეექვსე თავში „ზანგი და ფსიქოპათოლოგია“, ფანონი საუბრობს იმაზე, თუ რამდენად ახდენს ფსიქიკაზე ზემოქმედებას შავკანიანად ყოფნა. შავკანიანს არ შეუძლია არ იფიქროს ამ ფაქტზე, როგორც ისტორიულ, ისე მიმდინარე სტიგმაზე. მათ არ შეუძლიათ ამ ტრავმის არაცნობიერში გადატანა. ფანონი თვლის, რომ ტრადიციულ ფსიქოლოგიაში არაფერია ნათქვამი შავკანიან ადამიანებსა და მათ გამოცდილებაზე, მათ შორის, თვით ზიგმუნდ ფროიდთანაც კი.
ფანონის ამ ნაშრომში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მისი რადიკალური ანტიკოლონიური პოზიცია, რომელსაც მოგვიანებით ”ბედკრულნი ამა ქვეყნისა“რევოლუციურ საკითხად აცხადებს. პირველ წიგნს კომუნისტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ფანონი არ აღიარებს თეთკანიან მუშათა კლასის როლს იმ შემთხვევაში, თუკი ის არ უგულვებელყოფს რასიზმს ახალი სოციალური წესრიგის დამყარებისას. „შავი კანი, თეთრი ნიღბები“ არის რასობრივი შეგნებისა და კოლონიალიზმის მულტიდისციპლინარული ანალიზი, რომელიც აერთიანებს ფსიქოანალიზს, ფენომენოლოგიას, ეგზისტენციალიზმს, ნეგრიტუდის თეორიას.
1959–ში, ალჟირის რევოლუციის მეხუთე წელს გამოქვეყნდა ფანონის შემდეგი წიგნი „მომაკვდავი კოლონიალიზმი“, რომელიც მყისვე აიკრძალა საფრანგეთში და მხოლოდ ჩუმად იყიდებოდა. წიგნის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ერის რეალობა,“ მასში ფანონი ამუშავებს ალჟირელი ხალხის ანტიკოლონიური ბრძოლებში მიღებულ გამოცდილებას და ცდილობს მის განზოგადებას. ის აღნიშნავს, თუ როგორ შეცვალა ალჟირელმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში განმტკიცებული კულტურული მოდელები, რომელსაც მათი მჩაგვრელები დამამცირებლად მოიხსენიებდნენ, როგორც „პრიმიტიულს“.
ავტორი ასევე ოპტიმისტურადაა განწყობილი ქალის შეცვლილი როლის მიმართაც: განმათავისუფლებელი ბრძოლის გზით, აფრიკელი ქალი ცვლის ოჯახში თავის ტრადიციულ როლს, წყვეტს ძველი ყაიდის კავშირებს და ხდება აქტიური რევოლუციონერი. მისი ემანსიპაცია ჯერ არ დასრულებულა. ფანონის წიგნში ალჟირის რევოლუციის შესახებ ჯერ კიდევ არ ჩანს მასებისა დაცალკეული სოციალურ კლასების ანალიზი.
როგორც ფანონი ამბობს, კოლონიზებულთათვის მხოლოდ „იარაღის ქონა თუ არის ერთადერთი შანსი, რომელიც მათ სიკვდილს მიშვნელობას ანიჭებს“. ამავე წიგნში შესულია მისი ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი სტატია„ალჟირი საბურველის გარეშე“. ავტორი აღწერს იმპერიალიზმის დაცემას და გვიჩვენებს, როგორ იბრძვიან ადამიანები „გონების“ დეკოლონიზაციისთვის ასიმილაციის თავიდან ასაცილებლად.
„ბედკრულნი ამა ქვეყნისა“
რედაქტირებაშემდგომ ნაშრომში „ბედკრულნი ამა ქვეყნისა“ უკვე ფანონი განიხილავს რევოლუციურ თეორიაში სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს (ფერმერებს, მუშებს, უმუშევრებს, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას), გვაძლევს მათ ანალიზს და გვიჩვენებს, რომ მხოლოდ გარკვეული კლასები არიან მზად თანამიმდევრულად წარმართონ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. წიგნი „ბედკრულნი ამა ქვეყნისა“ ფანონმა სსრკ–დან დაბრუნების შემდეგ უკარნახა მეუღლეს. წიგნი გამოსცა მასპეროს გამომცემლობამ და სარტრის ცნობილი წინასიტყვაობა დაურთო. ვიდრე ლოგინად ჩავარდებოდა, ფანონი ლექციებს უკითხავდა ეროვნულ–განმათავისუფლებელი არმიის ოფიცრებს ალჟირ–ტუნისის საზღვარზე, გარდიმაუში. ფანონი სარტრსაც ეწვია რომში. 1961 წელს ის სამკურნალოდ მიემგზავრება აშშ–ში, სადაც ის ყოველთვის იყო აშშ ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ.
„ბედკრულნი ამა ქვეყნისა“ აჯამებს მის გამოცდილებას, იდეებსა და პოლიტიკურ ანალიზს კოლონიალიზმთან და იმპერიალიზმთან ბრძოლაში. ამ წიგნმა ფანონი დეკოლონიზაციის მოძრაობის წამყვან ინტელექტუალად აქცია. წიგნში ფანონი განიხილავს კლასის, რასის, ეროვნული კულტურისა და ძალადობის როლს ეროვნული განთავისუფლებისთვის ბრძოლაში. ფანონი თვლის, რომ დეკოლონიზაცია თავისთავად ძალადობრივი პროცესია, ხოლო ახლად დამკვიდრებულ კოლონიზატორსა და ადგილობრივს შორის ურთიერთობა–ოპოზიციათა ბინარული ერთიანობა. დეკოლონიზაციის აღსაწერად ის იყენებს ბიბლიურ მეტაფორას "ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა“. დაძაბულობა დროთა განმავლობაში იმატებს და კოლონიზატორის ძალადობის კატალიზატორი ხდება. წიგნში ფანონი უარყოფს ოქტავ მანონის შეხედულებებს, რომლებიც გადმოცემულია მის ნაშრომში „პროსპერო და კალიბანი: კოლონიზაციის ფსიქოლოგია“.
მანონი ამტკიცებს, რომ „კოლონიური ექსპლოატაცია არ ჰგავს სხვა სახის ექსპლოატაციას, და კოლონიური რასიზმიც განსხვავდება სხვებისგან“. ფანონიკი თვლის, რომ რასიზმი თუ ანტისემიტიზმი, კოლონიური თუ სხვაგვარი, არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ყოველი მათგანი ადამიანს უკარგავს ადამიანად ყოფნის შეგრძნებას. მისი აზრით, შავკანიანთა სიძულვილი სულ სხვა შიშმა წარმოქმნა. ებრაელების, მათი სიმკაცრის, სიზარმაცისა თუ ცბიერების შესახებ ბევრი სტერეოტიპი არსებობს.
ევროპელთა სამუშაო ეთიკა მათი ანტითეზისია. შესაძლოა, ასევე იყოს შავკანიანთა შემთხვევაშიც: შავკანიანებსაც სწორედ იმავე თვისებების გამო უფრთხოდნენ, მაგრამ აქ მამოძრავებელი სხვა რამეა. ძირითადად, „ებრაელი“ იდეაა და შავკანიანებისგან განსხვავებით, ის თვალით რთული აღმოსაჩენია.
პირველი განყოფილება დასათაურებულია, როგორც „ძალადობის შესახებ.“ ეს არის ძალადობის დეტალური ახსნა კოლონიალურ სამყაროსა და დეკოლონიაციის პროცესთან მიმართებით. ფანონის დეფინიციით, დეკოლონიზაცია ძალადობრივი პროცესია ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ამ პროცესის მიზანია ადამიანთა ერთი ჯგუფის შეცვლა მეორეთი, რომელიც დასრულდება ტოტალური ტრანზიციის შემდეგ. ფანონი იყენებს არისტოტელისეულ ლოგიკას, რომლის თანახმადაც, კოლონია მისდევს „ორმხრივი ექსკლუზიურობის პრინციპს“.
ფანონის აზრით, კოლონიზატორის მიერ ადგილობრივ მოსახლეობის შეფასებისას ხდება დეჰუმანიზაცია. კოლონიზატორები ადგილობრივ მოსახლეობას თავისივე რანგის წარმომადგენლებად არ მიიჩნევენ. მკვიდრი მოსახლეობა მათთვის ბოროტების განსხეულებაა, რომელიც ყოველგვარ ეთიკასაა მოკლებული, განსხვავებით ქრისტიანებისგან, რომლებსაც მხოლოდ კარგი შემოაქვთ და ავრცელებენ. ეს ხდება ამოსავალი ფანონისათვის, რომელიც ხსნის კოლონიური სამყაროსთვის დამახასიათებელორ ფენომენს: პირველი – ეს არის დეკოლონიზაიის იდეა, როგორც ერთი მოსახლეობის მეორეთი შეცვლა და მეორე – რამდენადაც ადგილობრივმა მოსახლემ იცის, რომ ის ცხოველი არაა, მას კოლონიზატორის წინააღმდეგ აჯანყების სურვილი უჩნდება.
კოლონიზაციის დროებით შედეგებზე საუბრისას, ფანონი ერს სამ ნაწილად ჰყოფს. პირველ მათგანს ქმნის ადგილობრივი მუშა, რომელსაც კოლონიზატორი სამუშაოს მიხედვით აფასებს, მეორეს - ფანონი არქმევს „კოლონიზებულ ინტელექტუალს“ (47), რომელიც, დასავლური სტანდარტების მიხედვით, შედარებით მეტადაა განათლებული ადგილობრივი მოსახლეებს შორის და რომელიც კოლონიზატორის მიერ სპიკერად არის გამწესებული, რათა ხალხის სახელით ილაპარაკოს. კოლონიზატორები მათ უნერგავენ თავში შეგნებას, რომ მარადიული ღირებულებები მხოლოდ დასავლურია. მესამე ნაწილს ქმნის ლუმპენპროლეტარიატი, რომელიც, ფანონის აზრით, პირველია მათ შორის, ვისაც კოლონიზატორის ძალადობის პირისპირ უწევს დადგომა .
ფანონის აზრით, რევოლუცია იწყება სისტემური ცვლილების იდეასთან ერთად, ვიდრე ის არ გამოიწვევს ძალაუფლების მცირე ცვლილებას არსებული სისტემის შიგნით. თუმცა, ადგილობრივი ინტელექტუალები თავის აგრესიას ფარავენ ცუდად შეფუთული სურვილით, გახდნენ კოლონიური სამყაროს ნაწილი და მოახდინონ მათთან ასიმილაცია. კოლონიის ბურჟუაზია გვთავაზობს არაძალადობრივ, კომპრომისების გზას. ამის მაგალითად ფანონს მოჰყავს გაბონი, რომლის პრეზიდენტმაც, 1960 წელს ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მიღების მიუხედავად, განაცხადა, რომ გაბონისა და საფრანგეთის ურთიერთობაში არაფერი შეიცვლებოდა. ამდაგვარ მიდგომებთან საბრძოლველად, ახლად აღმოცენებული მესამე სამყაროს ქვეყნები დასავლეთის (აღმოსავლეთის) დეკადენტურ საზოგადოებებს კი არ უნდა გაეჯიბრონ, არამედ ახალი ბილიკი გაიყვანონ ადამიანთა თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.
ფანონის აზრით, კოლონიზატორები ცდილობენ პრე-კოლონიალური ისტორია წარმოადგინონ, როგორც „ბარბაროსული, დეგრადაციული, ბესტიალური, რათა გაამართლონ დასავლური ცივილიზაციების უპირატესობა.“ ფანონი საუბრობს ასევე იმ ხაფანგზე, რომელშიც კოლონიზებული ინტელექტუალი ვარდება, როცა ცდილობს ერთიანი აფრიკული კულტურის არსებობის დამტკიცებას. ეს არის ჩიხი, რომელიც არ განარჩევს ერთმანეთისგან ასე განსხვავებულ ერებსა და კულტურებს. ამაში ხედავს ფანონი ნეგრიტუდის მოძრაობის შეზღუდულობას. კულტურის ნაცვლად ინტელექტუალები ხაზს უსვამენ ტრადიციებს, ადათებს, ახდენენ ისტორიის რომანტიზებას, რასაც კოლონიზატორიც გააკეთებდა. კოლონიზაციის საბოლოო მიზანია, დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ისინი მან სიბნელისგან იხსნა. ასევე უნდა გაიაზროს კოლონიზებულმა ინტელექტუალმა, რომ ეროვნული კულტურა დღევანდელი რეალობაა და არა -ისტორიული. ფანონი ასკვნის, რომ შეუძლებელია ეროვნული კულტურის აყვავდება კოლონიურ პირობებში.
აღსანიშნავია გადამწყვეტი მომენტი, რომელიც დგება მაშინ, როცა კოლონიზებული ინტელექტუალი წყვეტს მჩაგვრელისადმი მიმართვას და ის საკუთარ ხალხს მოუწოდებს. ამას ფანონი „მებრძოლ ლიტერატურას“ ეძახის. ასეთი ლიტერატურის მიზანია ბრძოლა მჩაგვრელი კოლონიზატორის წინააღმდეგ. ეს ცვლილება ყველა სახის ხელოვნებაში აისახება. აქ ფანონი მოიხმობს ალჟირელ მწერლებს, რომლებმაც ტრადიციული ზღაპრებისა და არაკების შინაარსი მიმდინარე ბრძოლის შესახებ ნარატივებით შეცვალეს, რამაც თავისი წვლილი შეიტანა საფრანგეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის განწყობილების შექმნაში. ფანონისთვის, ეროვნული კულტურა მჭიდროდაა დაკავშირებული ერის არსებობისათვის ბრძოლასთან. ეს შესაძლოა უკეთ შეჯამდეს ფანონის იდეით, როლის შესაბამისად, „კონცეფცია“ უნდა შეიცვალოს „კუნთით.“
ფანონი ამბობს, რომ ეროვნული კულტურის შემქნა თვითმიზანი კი არ არის, არამედ ეს საფეხური უფრო დიდი, საერთაშორისო სოლიდარობისაკენ. ბრძოლა კოლონიზაციის წინააღმდეგ წარმოშობს ეროვნულ თვითშეგნებას, რაც არის ეროვნული კულტურის უმაღლესი ფორმა. სწორედ ამ პროცესის გავლის შედეგად გამოდის ერი თანასწორუფლებიან მოთამაშედ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც უნივერსალური ღირებულებები არსებობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Frantz Fanon Archive
- Frantz Fanon Foundation
- Frantz Fanon: the cause of colonized peoples (archived February 2011)
- ფრანც ფანონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Interview with Josie Fanon დაარქივებული 2021-05-27 საიტზე Wayback Machine. (Fanon's widow) in New York, November 1978 (in French and English)
- Frantz Fanon, entry in the Stanford Encyclopedia of Philosophy
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Peterson C. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Discogs — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 8.0 8.1 The Fine Art Archive
- ↑ 9.0 9.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ 10.0 10.1 Munzinger Personen