ფლამარიონ ჯოვინო ფილიო (პორტ. Flamarion Jovinho Filho; დ. 30 ივლისი, 1996) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ფლამარიონი. საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ორგზის ვიცე-ჩემპიონი, ეროვნული ლიგის სეზონის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი და ორგზის საუკეთესო ბომბარდირი, საქართველოს სუპერთასის მფლობელი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში. 2021 წლის ბოლოს ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.[1]

ფლამარიონი
ფლამარიონი 2020 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
30 ივლისი, 1996 (1996-07-30) (28 წლის)
სიმაღლე 171 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო ბათუმი
ნომერი 40
ახალგაზრდული კარიერა
2013–2016 პალმეირასი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2016–2017 ლოვჩენი 7 (2)
2017– დინამო ბათუმი 167 (82)
2020–2021   როტორი 20 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 ნოემბერი, 2023

ადრეული კარიერა

რედაქტირება

ფლამარიონი „პალმეირასის“ აღზრდილია. პროფესიონალური კარიერა 2016 წელს მონტენეგროულ საფეხბურთო კლუბ „ლოვჩენში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც მონტენეგროს ეროვნული ჩემპიონატის 5 მატჩი ჩაატარა.

ბათუმის „დინამო“

რედაქტირება

2017 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. 2017 წლის სეზონში მან საქართველოს უმაღლესი ლიგის 22 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო სეზონის ბოლოს გუნდთან ერთად ლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა. ბოლნისის „სიონთან“ გამართული პლეი-ოფის მატჩების შედეგების შემდეგ ბათუმის „დინამო“ პირველ ლიგაში დაქვეითდა.

მომდევნო სეზონში პირველ ლიგაში ფლამარიონმა 32 მატჩი ჩაატარა და 24 გატანილი გოლით ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა,[2] ხოლო მისმა კლუბმა პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა.

2019 წლის სეზონში, კლუბთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა და 17 გატანილი გოლით ლიგის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო სეზონის ბოლოს ფლამარიონი საქართველოს ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[3]

ვოლგოგრადის „როტორი“

რედაქტირება

2020 წლის 7 სექტემბერს იჯარით რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „როტორის“ რიგებში განაგრძო გამოსვლა,[4] რომლის მაისურით პირველად 2020 წლის 27 სექტემბერს ყაზანის „რუბინთან“ მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა, თუმცა შეხვედრა „რუბინმა“ 3–1 მოიგო, რომლის შემადგენლობაშიც სამიდან ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო.[5][6]

იმავე წლის 24 ოქტომბერს, მოსკოვის ლოკომოტივთან სტუმრად გამართულ რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში მან თავისი პირველი გოლი გაიტანა, ასევე პირველი საგოლე გადაცემაც შეასრულა და შეხვედრის ბოლოს, რომელიც „როტორმა“ 2–1 მოიგო — ფლამარიონი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ „როტორისთვის“ ეს იყო პირველი გამარჯვება სეზონში.[7] „როტორის“ მაისურით მან კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო — 2020 წლის 16 დეკემბერს, მე-19 ტურის მატჩში ტულის „არსენალთან“ (1–0)[8] და 2021 წლის 16 მაისს, კვლავ ყაზანის „რუბინთან“ (1–1), ამჯერად სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც მისი რიგით მეოცე და ბოლო მატჩი გამოდგა ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში.[9]

ბათუმის „დინამო“

რედაქტირება

„როტორში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ კვლავ ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა და უკვე 2021 წლის 22 ივნისს საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში ითამაშა ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ, რომელიც ქუთაისში გაიმართა და ფრედ 2–2 დასრულდა.[10] იმავე წლის პირველ ივლისს საქართველოს პირველობის 21-ე ტურის შეხვედრაში თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ, რომელიც თბილისში გაიმართა — ფლამარიონმა მატჩის ბედის გადამწყვეტი გოლი შეხვედრის ბოლო წუთზე შეაგდო, რითაც თავის გუნდს პრინციპული და სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.[11]

ჯოვინო ფლამარიონმა ასევე კარგად დაიწყო 2022 წლის სეზონი, როდესაც პირველ ორ ტურში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად მან თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა, სადაც შესრულებული დუბლითა და საგოლე პასით თბილისელთა დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.[12] ამ შეხვედრის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ ბრაზილიელ შემტევთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ჯოვინო ბათუმის „დინამოში“ 2023 წლის ბოლომდე დარჩება.[13]

2022 წლის დეკემბრის ბოლოს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2022 გაიმართა, რომელზეც სეზონის გამორჩული ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოავლინეს. საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა, რომელიც, ამავდროულად, 19 გატანილი გოლით ეროვნული ლიგის საუკეთესო ბობარდირიც გახდა. 2022 წლის საუკეთესო მეგოლემ ყველა კონკურენტი დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა — მეორე ადგილზე გასულმა ირაკლი რუხაძემ 13 გოლი გაიტანა, ხოლო მეამეადგილოსანმა ირაკლი სიხარულიძემ კი 12 ბურთი შეაგდო.[14]

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სპორტული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.[15]

ჯოვინო ფლამარიონი 2023 წლის ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პირველ წრეში ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რვა მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.[16][17]

2023 წლის 24 მაისს, ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამომ“ საშინაო არენაზე „თელავს“ უმასპინძლა, 2–0 დაამარცხა და ეროვნულ ჩემპიონატში ლიდერის სტატუსი დაიბრუნა. მატჩში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. მუსა კონატეს გადაცემით თავი ჯოვინო ფლამარიონმა გამოიჩინა და ბათუმელები დააწინაურა. 90+5-ე წუთზე „დინამომ“ მეტოქის კარი მეორედ აიღო — საგოლე პასი კვლავ კონატემ შეასრულა, გოლი კი ისევ ფლამარიონმა გაიტანა.[18] საბოლოოდ, ზღვისპირელებმა 35 ქულა დააგროვეს, რითიც „საბურთალოსა“ (32) და წყალტუბოს „სამგურალს“ (32) ისევ გადაასწრეს. ფლამარიონმა კი ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში 11 გოლით ლიდერობა შეინარჩუნა.[19]

2023 წლის 28 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა,[20] რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა წინა ტურში გაინაღდა. მატჩის დაწყებამდე თბილისური კლუბის ფეხბურთელებმა პატივისცემა გამოავლინეს და მეტოქეს, რომელსაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში კონკურენციას უწევდნენ, საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს. ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის გამარჯვებული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა — ჯოვინო ფლამარიონის გუნდმა 34-ე ტურში „თელავი“ 3–0 დაამარცხა და ჩემპიონის წოდება კლუბის არსებობის ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ბათუმელებმა პირველად ჩემპიონობა 2021 წელს იზეიმეს. მომავალ ზაფხულს ბათუმელები საქართველოს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენენ. ამ გამარჯვებით ბათუმის „დინამო“ მეოთხე გუნდი გახდა, რომელიც საჩემპიონო ფარს მეორედ დაეუფლა.[21]

საკლუბო სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 28 ნოემბერი, 2023[22]
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენტური სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ლოვჩენი 2016–17 მონტენეგროს პირველი ლიგა 5 0 1 0 6 0
დინამო
ბათუმი
2017 ეროვნული ლიგა 22 0 1 0 0[] 0 - 23 0
2018 ეროვნული ლიგა 2 32 24 1 0 - - 33 24
2019 ეროვნული ლიგა 30 17 1 0 - - 31 17
2020 8 4 0 0 1[] 0 - 9 4
2021 18 2 2 0 6[] 2 - 26 4
2022 29 19 0 0 4[] 0 1[] 0 33 19
2023 31 17 2 2 2 1 2[] 1 37 21
სულ 170 83 7 2 13 3 3 1 193 89
როტორი   2020–21 რუსეთის პრემიერლიგა 20 4 0 0 20 4
სულ ჯამში 195 87 8 2 13 3 3 1 219 93

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო ბათუმი

ინდივიდუალური

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
90minut · FootballDatabase.eu · Footballfacts.ru · Sambafoot · Soccerway · playmakerstats.com · Transfermarkt · worldfootball.net
მედია
„ლელო“ · 1tv.ge · Sportline.ge
  1. ფლამარიონ ჯოვინომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
  2. სფფ-მ საუკეთესოები დააჯილდოვა // sportall.ge
  3. ფლამარიონი ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელია
  4. ჯოვინო ფლამარიონი რუსულ კლუბში ითამაშებს
  5. Rotor Volgograd 1–3 Rubin Kazan / Premier League // soccerway
  6. Ротор 1–3 Рубин / Премьер-Лига // championat.com
  7. Lokomotiv Moscow 1–2 Rotor Volgograd / Premier League // soccerway
  8. Rotor Volgograd 1–0 Arsenal Tula / Premier League // soccerway
  9. Rubin Kazan 1–1 Rotor Volgograd / Premier League // soccerway
  10. Torpedo Kutaisi 2–2 Dinamo Batumi / Erovnuli Liga // soccerway
  11. Dinamo Tbilisi 1–2 Dinamo Batumi / Erovnuli Liga // soccerway
  12. Dinamo Batumi 3–0 Dinamo Tbilisi / Erovnuli Liga // soccerway
  13. ჯოვინო ფლამარიონი და ბათუმის დინამო - არის ახალი კონტრაქტი
  14. 19 გოლი სეზონში - ელიგის საუკეთესო ბომბარდირი ჯოვინოა
  15. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ფლამარიონი დასახელდა
  16. პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ფლამარიონი დაასახელეს
  17. ჯოვინომ ოთხი ჯილდო მიიღო, გეგუჩაძეს კუთვნილი პრიზი გადასცეს
  18. Dinamo Batumi 2–0 Telavi / Erovnuli Liga // soccerway
  19. ბათუმის „დინამომ“ ფლამარიონის დუბლით ლიდერობა დაიბრუნა
  20. Dinamo Tbilisi 6–2 Dinamo Batumi / Erovnuli Liga // soccerway
  21. ბათუმის „დინამოს“ საჩემპიონო დერეფანი
  22. ფლამარიონი — Soccerway