ფიტოფთორა

(გადამისამართდა გვერდიდან ფიტოფთოროზი)

ფიტოფთორა (ლათ. Phytophthora) — მიკროსკოპული ცრუსოკოების გვარი ოომიცეტების კლასისა. ცნობილია 70-მდე სახეობა. უმაღლესი მცენარეების ფართოდ გავრცელებული პარაზიტული ორგანიზმებია. იწვევენ ფიტოფთოროზს. მიცელიუმი ჰაუსტორიუმის დახმარებით უჯრედთშორისიდან აღწევს მასპინძლის უჯრედების შიგნით; შეუძლია უჯრედის კედლის გარღვევაც, რაც მასპინძელი მცენარის ქსოვილების სწრაფ კვდომას იწვევს და ფოთლებზე მურა ლაქების სახით ვლინდება. ვრცელდება ზოოსპორებით, ზოოსპორანგიუმებით (კონიდიუმები), წყლითა და ქარით; მიცელიუმი ინახება გორგლებში, ზოოსპორები — მცენარეულ ნარჩენებში, ნიადაგში, თესლში. დაზიანებული ფოთლის ქვედა მხრიდან ლაქის მოსაზღვრედ შესამჩნევია მოთეთრო ნაფიფქი — პარაზიტის სპორების წარმოქმნის პროცესი, სადაც თავმოყრილია სპორანგიოფორების კონები ზოოსპორანგიუმებთან ან კონიდიუმებთან ერთად, რომლებიც ფოთლის ბაგეებიდანაა გამოყოფილი. წვიმიან ამინდში და უხვი ნამისა და ნისლის დროს დაავადება იღებს მასობრივ ხასიათს — ეპიფიტოტიას. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ე.წ. კარტოფილის სოკოს (P. infestans), რომელიც აზიანებს კარტოფილს, პომიდორსა და სხვა ძაღლყურძენასებრ მცენარეებს. ვითარდება ფოთლებსა და გორგლებზე, რომელთა შენახვის პროცესში ჩნდება სველი სიდამპლე. ევროპაში კარტოფილთან ერთად შემოტანილია სამხრეთ ამერიკიდან, 1830-იან წლებში. 1845 წელს გამოიწვია ამ კულტურის პირველი ეპიფიტოტია. 1840-იან წლებში კარტოფილის ფიტოფთოროზის ეპიფიტოტიის გამო ირლანდიაში შიმშილისგან დაიხოცა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი, 2 მილიონამდე კი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო (იხ. ირლანდიის დიდი შიმშილობა). P. erythroseptica იწვევს კარტოფილის გორგლების ვარდისფერ სიდამპლეს, აგრეთვე ფოთლების ნეკროზს. მარწყვის ფესვის სიდამპლე (P. fragaria) ზოგან საკარანტინო ობიექტია. P. cimmanomi სამხრეთული მერქნიანი ჯიშების ფესვის სიდამპლის გამომწვევია. P. cambivora სამხრეთ ევროპაში იწვევს წაბლის ე.წ. „მელნის დაავადებას“; P. ramorum — მრავალი დეკორატიული ბუჩქისა და ხის ხმობას. ფიტოფთორით აგრეთვე ზიანდება თხილი, კორპის მუხა, ქინაქინის ხე და რიგი სხვა ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარე.[1]

ფიტოფთორა

Phytophtora infestans კარტოფილის გორგლზე
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phytophthora (de Bary, 1876)

დაცვის ღონისძიებები: აგროტექნიკოსის მიერ რეკომენდებული კარანტინის დაცვა, თესლბრუნვა, კულტურის სივრცითი იზოლაცია, ფიტოფთოროზისადმი გამძლე ჯიშების გამოყენება, სათესი მასალისა და მცენარის დამუშავება ფუნგიციდებით.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Гарибова Л. В. Фитофтора // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 411.