მერქნიანი ჯიშები
მერქნიანი ჯიშები — არყი, ნაძვი, მუხა, ფიჭვი და სხვა მერქნიანი მცენარეები. გვხვდება ხეებისა და ბუჩქების სახით. ხეების სიმაღლე დამოკიდებულია სახეობრივ თავისებურებაზე და ზრდის პირობებზე. მათი სიმაღლე მერყეობს რამდენიმე ათეული სმ-იდან 100 მ-ზე მეტ სიმაღლემდე. პირველი სიდიდის ხეები 25 მ-ზე მეტია, მეორე — 15-იდან 25 მ-მდე. ხოლო მესამე 15-მდე. ტყეში პირველი სიდიდის ხეები შეადგენენ ხეთადგომის I იარუსს, მეორე სიდიდის ხეები ჩვეულებრივ განლაგებულია II იარუსში, მესამე სიდიდისა — III იარუსში, ზოგჯერ კი ქვეტყეშიც. ბუჩქების სიმაღლე 0,8 მ-იდან 6 მ-მდე აღწევს.
მერქნიანი ჯიშები განსხვავდებიან აგრეთვე ღეროს სიმსხოთი, რომელიც ზოგჯერ 1 სმ-იდან რამდენიმე მ-მდე აღწევს. მერქნიან მცენარეთა უმრავლესობას, რომელთაც კარგად განვითარებული ფოთლის ფირფიტა (მუხა, ცაცხვი) აქვთ ფოთლოვან ჯიშებს უწოდებენ, ხოლო წვრილ ნემსისებრ ანუ ქერქლისებრ ფოთლოვანებს — წიწვოვანებს (ნაძვი, ფიჭვი, ტუია). წიწვოვანების უმეტესობა და ზოგიერთი ფოთლოვანი მარადმწვანეა, ფოთლოვანი ჯიშების უმრავლესობა კი ფოთოლმცვენი. ყველა მერქნიანი ჯიშები მრავალწლოვანია. მათი სიცოცხლის ხანრგძლივობა რამდენიმე ათეული წლიდან 3-5 ათ. წლამდე გრძელდება. ამ ჯიშებს, რომლებიც კარგად იტანენ ჰაერისა და ნიადაგის სიმშრალე, ქსეროფიტები ეწოდებათ, ხოლო დიდი რაოდენობით ტენის მომთხოვნ მცენარეებს — ჰიდროფიტები.
სამეურნეო მნიშვნელობის მიხედვით მერქნიანი ჯიშები იყოფიან მთავარ (მუხა, ფიჭვი, ნაძვი) და თანმხლებ (ცაცხვი, ნეკერჩხალი და სხვა) ჯგუფებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 592.