ფარავნის მიწისძვრა (1986)

ფარავნის მიწისძვრა — ძლიერი მიწისძვრა საქართველოში, რომელიც მოხდა 1986 წლის 13 მაისს 08:44 წუთზე ქალაქ თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით ~ 90 კმ-ში. ჰიპოცენტრის სიღრმე 10 კმ. მაქსიმალური მაკროსეისმური ეფექტი აღინიშნა აბულში, ასფარაში, ბეჟანოსა და თორიაში (7–8 ბალი). ეპიცენტრი დაფიქსირდა ჯავახეთის ზეგანზე, ფარავნის ტბასთან. ძირითადი ბიძგის შემდეგ ორი დღე-ღამის განმავლობაში მოხდა დაახლოებით 20 აფტერშოკი; განსაკუთრებული იყო 1986 წლის 3 სექტემბრის 5 ბალიანი მიწისძვრა ახალქალაქში, ნინოწმინდასა და როდიონოვკაში.[1]

ფარავნის მიწისძვრა
ჯავახეთის ვულკანური ზეგანი, რომლის ფარგლებში მოხდა ფარავნის 1986 წლის მიწისძვრა
ფარავნის მიწისძვრა (1986) — საქართველო
ფარავნის მიწისძვრა (1986)
თარიღი 13 მაისი, 1986
დრო 08:44
მაგნიტუდა 5.6
სიღრმე 10 კმ
ეპიცენტრის მდებარეობა 41°27′N 43°42′E / 41.45° ჩ. გ. 43.70° ა. გ. / 41.45; 43.70
დაზარალებული ტერიტორია საქართველოს დროშა საქართველო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
განმეორებითი ბიძგები 20
მსხვერპლი 2 ადამიანი

განმეორებითი ბიძგების ეპიცენტრები განლაგებული იყო სწორკუთხედში. აფტერშოკების ეპიცენტრების ღრუბელი გავრცელდა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ სამსრის ქედის გასწვრივ. ენერგიის თვალსაზრისით, უძლიერესი ბიძგები დაფიქსირდა 13 და 15 მაისს. მიწისძვრის დროს საქართველოში სრულდებოდა მარაბდა–ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა.[2]

მიწისძვრა გამოვლინდა აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ბიძგის საერთო ფართობმა შეადგინა დაახლოებით 120 ათ. კმ². ეპიცენტრული არე მიეკუთვნა ბიძგის 8 ბალიან ზონას, ხოლო ნოდალური სიბრტყეების პროექციები კერაში არსებულ ორ შესაძლო რღვევას; კერაში მოძრაობის ტიპი ნასხლეტ-ნაწევი, — ნაწევის გაბატონებული კომპონენტით. კუმშვის ღერძი თითქმის ჰორიზონტული, მერიდიანულად ორიენტირებული, გაჭიმვის ღერძი აგრეთვე თითქმის ჰორიზონტული და სუბგანედურად ორიენტირებული. მიწისძვრით გამოწვეული ნარჩენი დახრები თბილისში ტოლი იყო 72.6 msec, ხოლო დისლოკაციის ზედაპირის შესაბამისი გამოთვლილი გადაადგილება ~ 9 მ.[3]

19–30 მაისს ეპიცენტრულ ზონაში შეისწავლეს დაახლოებით 1500 შენობა-ნაგებობა, ხოლო ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონში დაახლოებით 500 სასოფლო-სამეურნეო ნაგებობა. შენობათა დიდი რაოდენობა ნაწილობრივ დაზიანდა, თუმცა დაფიქსირდა ცალკეული საცხოვრებელი შენობებისა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების სრული დანგრევაც. ყველაზე დიდი მატერიალური ზარალი მიადგა თორიას, ეშტიას, ბეჟანოს, ფოკას, აბულს, ასფარასა და სხვა.[2]

დაზიანდა აგრეთვე არქიტექტურული ძეგლები, მაგ., ახალქალაქის ციხე ნაწილობრივ დაინგრა, დაზიანდა სოფელ აბულის ერთ-ერთი ეკლესია და კუმურდო, სადაც ნაპრალი ჩრდილო-დასავლეთ აბსიდზე გაჩნდა. ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალციხის ციხის ორსართულინი ჭიშკარი. საგრძნობი დაზიანება მიიღო ხერთვისის ციხემ. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.[1]

  1. 1.0 1.1 Б. К. Балавадзе, В. К. Чичинадзе. Параванское землетрясение 13 мая 1986 года. М: Наука, 1991
  2. 2.0 2.1 Varazanashvili, O., Gotsadze O., et al. Paravani earthquake on May 13, 1986., Nauka Publ. House, Moscow, 1989, pp. 78–86
  3. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. თბ., 1989. ტ. 135. გვ. 317–320. (N2).