უილიამ ამინ ჰავი (არაბ. وليم أمين حاوي); 5  სექტემბერი, 1908, ნიუ – იორკი—  13 ივლისი, 1976, ბეირუთი) — ლიბანელი მემარჯვენე ქრისტიანი პოლიტიკოსი, შეიარაღებული ფორმირებების პირველი მეთაური და ფალანგისტური პარტია ქათაიბის  უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.პიერ ჯემაიელის ახლო თანამებრძოლი. იგი ასევე ცნობილი იყო, როგორც  მეწარმე. ლიბანის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. მოკლეს თელ ზაატარის ალყის დროს.[1]

უილიამ ჰავი
არაბ. وليم أمين حاوي
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი 1908
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი
გარდაცვალების თარიღი 13 ივლისი 1967 (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბეირუთი, ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
პარტია ქათაიბი
საქმიანობა პოლიტიკოსი, მეწარმე, ფალანგისტური მილიციის მეთაური
მეუღლე/ები მარსელ ანის ჰავი
შვილ(ებ)ი ლეილა ჰავი

მეწარმე, სპორტსმენი, ფალანგისტი რედაქტირება

დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბანელი ემიგრანტების ოჯახში 1910 წელს ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა. უილიამ ჰავი აქტიურად იყო დაკავებული ბიზნესით, მას ეკუთვნოდა  სარკეების ქარხანა ბეირუთში, უყვარდა სპორტი - ფეხბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, თხილამურები.

უილიამ ჰავი სპორტულმა საქმიანობამ დააახლოვა ლიბანელი ფალანგისტების ლიდერ პიერ ჯემაიელთან. 1937 წელს ჯემაილმა ჰავი მიიწვია ქათაიბის პარტიაში. ჰავი დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ ქათაიბის  სხვა აქტივისტებისგან განსხვავებით, იგი არ იყო კათოლიკე მარონიტი, არამედ —  ანტიოქიელი მართლმადიდებელი.[2]

ქათაიბის ძალოსანი რედაქტირება

 
უილიამ ჰავი პიერ ჯემაიელთან (ცენტრში) ერთად ქათაიბის საიუბილეო ღონისძიებაზე - 1971 წ.

უილიამ ჰავი სწრაფად დააწინაურეს ქათაიბის პარტიაში. იგი ხელმძღვანელობდა პარტიის იატაკქვეშა სტრუქტურას 1938 წელს, საფრანგეთის კოლონიური ხელისუფლების მიერ ქათაიბის აკრძალვისა და პიერ ჯემაიელის დაპატიმრების შემდეგ. ჰავის ქარხანა ასრულებდა პარტიის საიდუმლო ბაზის როლს. საფრანგეთის ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია საწარმოს დარბევას. სწორედ უილიამ ჰავის თაოსნობით დაიწყო ქათაიბის მილიციის  —  ლიბანელი ფალანგისტების შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება. 1942 წელს ჰავი იყო პარტიის კადრების შერცევის ბიუროს უფროსი. 1952 წლიდან იყო ქათაიბის პოლიტბიუროს წევრი, ხელმძღვანელობდა პარტიის  უსაფრთხოების, მობილიზაციისა და სპორტული მომზადების განყოფილებას. 1958 წელს, ლიბანის კრიზისის დროს, უილიამ ჰავიმ ორგანიზება გაუწია ფალანგისტების შეიარაღებულ წინააღმდეგობას   მემარცხენე პანარაბიტებსა და ნასერისტების წინააღმდეგ.[3]

1961 წლის 6 თებერვალს, ქათაიბის თავმჯდომარემ პიერ ჯემაიელმა  უილიამ ჰავი დანიშნა ქათაიბის ფალანგისტური მილიციის მარეგულირებელი ძალების მეთაურად. 1963 წლიდან ჰავი ასევე ხელმძღვანელობდა პარტიის უსაფრთხოების სამსახურს. 1970 წელს ქათაიბში შეიქმნა უსაფრთხოების უზენაესი საბჭო, რომლის თავმჯდომარე იყო ჰავი. 1973 წლიდან ჰავი ხელმძღვანელობდა ქათაიბის მებრძოლების რეგულარული სამხედრო მომზადების სისტემას.[4]

უილიამ ჰავი ქათაიბის თავმჯდომარის, მემარჯვენე ქრისტიანთა ლიდერის პიერ ჯემაიელის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო. მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა პარტიაში. მას მეტსახელად „უფროსი“ შეარქვეს. ამავე დროს, ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი ფალანგისტთა ლიდერის შვილთან - ბაშირ ჯემაიელ უმცროსთან, რომელსაც თავად გააჩნდა პრეტენზია  პარტიაში მეორე პირის წოდებაზე  და არ იცავდა დისციპლინას. [5]

1952 წელს უილიამ ჰავი აირჩიეს ბეირუთის ერთ-ერთი რაიონის მუნიციპალურ საბჭოში. 1957 წელს იგი კენჭს იყრიდა ლიბანის პარლამენტში, მაგრამ ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა.[6]

სიკვდილი სამოქალაქო ომში რედაქტირება

 
უილიამ ჰავი (ცენტრში)ფალანგისტ ბოევიკებთან ერთად თელ ზაატარის უბანში.

1975 წელს ლიბანში დაიწყო სამოქალაქო ომი. მემარჯვენე ქრისტიანებს (ქათაიბის ფალანგისტებს, ნაციონალურ ლიბერალებს ქამილ შამუნს, ეტიენ საქერის კედარის მცველებს) და "მემარცხენე მუსლიმებს" (პგო, პროგრესულ-სოციალისტური პარტია (პსპ), ქამალ ჯუმბლატს, ლიბანის კომუნისტურ პარტიას) შორის.  პოლიტიკური ბრძოლა სასტიკ სისხლისღვრაში გადაიზარდა.

უილიამ ჰავი ომის პირველ ეტაპზე ქათაიბს მეთაურობდა. მისი ხელმძღვანელობით, ქათაიბის მებრძოლებმა მოიგეს არაერთი შეტაკება პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა (პგო) და პროგრესულ-სოციალისტურ პარტიასთან (პსპ)მან ასევე შექმნა ფალანგისტის სამხედრო პოლიცია, რომელიც აკონტროლებდა კონტროლირებად ტერიტორიებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ამასთან, მან ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა "შავი შაბათი" —1975 წლის 6 დეკემბრის ხოცვა-ჟლეტა, რომელიც ჩაიდინეს ფალანგისტმა ბოევიკებმა ბეირუთში , თუმცა მისი უშუალო მონაწილეობით რამდენიმე ადამიანის გადაარჩენა მოხერხდა. თავის მხრივ, პალესტინელმა ბოევიკებმა გაანადგურეს ჰავის სარკის ქარხანა.

1976 წლის 22 ივნისს მემარჯვენე ქრისტიანების — ფალანგისტების, ნაციონალური ლიბერალებისა და "კედარის მცველების" გაერთიანებულმა ძალებმა დაიწყეს ბეირუთში პელესტინის ლტოლვილთა ბანაკის თელ ზაატარის ალყა, სადაც პგო– ს დიდი სამხედრო ბაზა იყო განლაგებული. უილიამ ჰავი ხელმძღვანელობდა ალყას ქათაიბის მხრიდან. მან პირადად მიიღო მონაწილეობა ბრძოლებში. მემარჯვენე ქრისტიანებმა თანდათანობითი წინ წაიწიეს. 1976 წლის 13 ივლისი პალესტინელი სნაიპერის ტყვიამ  უილიამ ჰავი იმსხვერპლა.

უილიამ ჰავი შეცვალა პარტიის ლიდერის ვაჟმა - ბაშირ ჯემაიელმა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ქათაიბის შეიარაღებული ფორმირებებს — „ლიბანის ძალებს“. თელ ზაატარი მემარჯვენე ქრისტიანებმა აიღეს 1976 წლის 12 აგვისტოს. გამარჯვებულებმა მოაწყვეს კიდევ ერთი სასტიკი რბევა. ამან მეტწილად განსაზღვრა ომის შემდგომი მსვლელობა.

ოჯახი რედაქტირება

 
უილიამ ჰავი ოჯახთან ერთად

უილიამ ჰავი დაქორწინებული იყო მარსელ ანის ჯობრილზე.  წყვილს შეეძინა ქალიშვილი ლეილა.

ხსოვნა რედაქტირება

ლეილა ჰავიმ დაწერა წიგნი მამაზე, William Hawi, Witness and Martyr — უილიამ ჰავი, მოწმე და მოწამე. [7][8]

მემარჯვენე ქრისტიანულ გარემოში უილიამ ჰავის თაყვანს სცემენ, როგორც ეროვნულ გმირს, "ერთგულების ეტალონს, რომელიც აშინებს მჩაგვრელებს" "წამებული მეთაურის" უილიამ ჰავის გარდაცვალების იუბილეები ქათაიბის პარტიაში აღინიშნება ყოველწლიური სამგლოვიარო ცერემონიებით, ოჯახის წევრების, ფალანგისტული მილიციის ვეტერანების, პარტიის  ლიდერების მონაწილეობით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • William Hawi, Witness and Martyr, by Leila Hawi Zod, Mémoire DEA, Faculty of History, Université Saint Esprit, Kaslik, Lebanon (2004).

სქოლიო რედაქტირება

  1. The Battle of Tel el Zaatar 1976
  2. Interviews with Rose Hawi and George Hawi, William Hawi's siblings, documented in the biographical book
  3. تقرير خاص عن الشهيد وليم حاوي (არაბ.)
  4. Pierre Gemayel was first visible on a national front through his work in sports
  5. كتاب «وليم حاوي القائد الشهيد» يثير أسئلة جديدة: هل قُتل قائد الأمن الكتائبي لمحاولته تجنب مجزرة تل الزعتر عام 1976؟ أم سقط برصاص «المعركة»؟ (არაბ.)
  6. The Kataeb party was first established in 1936 by Pierre Gemayel and some companions
  7. BOOK SIGNING — LEILA HAWI ZOD
  8. Entelis, John Pierre (1974). Pluralism and Party Transformation in Lebanon: Al-Kataʼib, 1936-1970. ISBN 9004039112.