ტანდაგი
ტანდაგი (ოფიციალურად ქალაქი ტანდაგი; ტაგალ. Lungsod ng Tandag) ― მეხუთე კლასის შემადგენელი ქალაქი და სამხრეთ სურიგაოს პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 62 669 ადამიანს შეადგენს.
ტანდაგი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 9°04′44″ ჩ. გ. 126°11′55″ ა. გ. / 9.07889° ჩ. გ. 126.19861° ა. გ. |
ფართობი | 291.73 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 88 მეტრი |
მოსახლეობა | 62 669 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 86 |
საფოსტო ინდექსი | 8300 |
ოფიციალური საიტი | http://www.tandag.gov.ph/ |
ქალაქს ჩრდილოეთიდან კორტესისა და ლანუსის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― ფილიპინის ზღვა, სამხრეთით ― ტაგო და სან-მიგელი, ხოლო დასავლეთით ― სიბაგატი.
ტანდაგის ეკონომიკის წამყვანი სექტორები სოფლის მეურნეობა და თევზის მრეწველობაა. მთავარ პროდუქტებს შორისაა: ბრინჯი, სიმინდი და ქოქოსი. შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და შინაური ფრინველების მოშენება. 2015 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 29.62% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.[2] ტანდაგის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის აეროპორტი და საზღვაო პორტი.
ისტორია
რედაქტირებატანდაგი, სანამ სამხრეთ სურიგაოს დედაქალაქი გახდებოდა, ლუმადებითა და მამანვას ტომებით იყო დასახლებული. მათმა ლიდერმა, სუბამ, ესპანელი მისიონერის, მამა ხუან დე ლა ენკარნასიონის გავლენით ქრისტიანობა მიიღო. 1609 წელს მიგელ ლოპეს დე ლეგასპის მიერ ფილიპინების დაპყრობის შემდეგ ესპანეთის მთავრობამ ადგილობრივთა დასამორჩილებლად მისიონერები გაგზავნა. ტანდაგში მამა ხუან დე ლა ვეგა გაგზავნეს, რომელმაც ესპანელთა ავტორიტეტის საჩვენებლად ქვის ფორტი ააგო და მოედნის ზომის დასახლება შექმნა, რომელიც ქვის კედლით იყო შემოსაზღვრული. ტანდაგი სწორედ ამ დასახლების ირგვლივ გაფართოვდა. ესპანური მმართველობის ხანაში ტანდაგი მნიშვნელოვანი პორტი იყო.
1650 წელს ტანდაგი კარაგის დედაქალაქი გახდა, რომელიც იმ პერიოდში დღევანდელი სამხრეთ აგუსანის, ჩრდილოეთ აგუსანის, სამხრეთ სურიგაოს, ჩრდილოეთ სურიგაოსა და დავაოს რეგიონის ნაწილს მოიცავდა. ტანდაგი რელიგიური ცენტრისა და დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა, რის გამოც საფორტიფიკაციო ნაგებობებით იყო შემოსაზღვრული, რაც ქალაქის მოროს ტომების ლაშქრობებისგან იცავდა.
1754-1767 წლებში მოროს ტომების ლაშქრობების შედეგად ტანდაგი განადგურდა. ტანდაგის აღსადგენად ილიგანიდან იეზუიტი მამა ხოსე დუკოსი გაგზავნეს. დუკოსმა ტანდაგში გარნიზონი განაწესა და პრიორატი აღადგინა. ტანდაგის ფორტის გადარჩენილი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა. ფორტის დარჩენილი ნაწილი შემდეგში ტაიფუნებმა და მიწისძვრებმა გაანადგურა. სწორედ ამიტომ, ტანდაგის ფორტის ნანგრევების ხილვა შეუძლებელია.
2007 წლის 23 ივნისს №9392 რესპუბლიკური აქტის საფუძველზე ტანდაგი ქალაქად გამოცხადდა.
2008 წლის 18 ნოემბერს ფილიპინების ქალაქების ლიგის პეტიციის საფუძველზე ტანდაგი და სხვა 15 ქალაქის ქალაქად გამოცხადება უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. 2009 წლის 22 დეკემბერს ტანდაგი სხვა 15 მუნიციპალიტეტთან ერთად კვლავ ქალაქად გამოცხადდა. 2010 წლის 23 აგვისტოს 16 ქალაქი კვლავ რეგულარულ მუნიციპალიტეტად გამოცხადდა. საბოლოოდ, 2011 წლის 15 თებერვალს ტანდაგსა და დანარჩენ ქალაქებს ქალაქების სტატუსი მიენიჭათ. ექვსი წლის შემდეგ ტანდაგისა და სხვა 15 ქალაქის სტატუსი ფილიპინების ქალაქების ლიგამაც აღიარა.
გეოგრაფია
რედაქტირებატანდაგი მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ფილიპინების ზღვის გასწვრივ. ქალაქს ჩრდილოეთიდან კორტესისა და ლანუსის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― ფილიპინის ზღვა, სამხრეთით ― ტაგო და სან-მიგელი, ხოლო დასავლეთით ― სიბაგატი. ტანდაგი ფილიპინების დედაქალაქიდან 448 საზღვაო მილითაა დაშორებული, ხოლო სებუდან ― 150 საზღვაო მილით. ტანდაგის ჩრდილოეთით, 200 კმ-ის დაშორებით ქალაქი სურიგაო მდებარეობს, ხოლო სამხრეთით, 331 კმ-ის დაშორებით ― დავაო.
ბარანგაები
რედაქტირებატანდაგი 21 ბარანგაის მოიცავს. ექვსი მათგანი საქალაქო ბარანგაია, ხუთი ― სანაპირო ბარანგაია, ექვსი ― ჰინტერლანდებში მდებარეობს. საქალაქო ბარანგაების ფართობი 1 594.1 ჰექტარია, სანაპირო ბარანგაების ― 3 464.61 ჰა, ჰინტერლანდების ― 4 964.34 ჰა.
- ავასიანი (ტანდაგის ეროპორტი)
- ბაგ-ონგ ლუნგსოდი (პობლასიონი)
- ბიოტო
- ბონგტუდი (პობლასიონი)
- ბუენავისტა
- დაგოკდოკი (პობლასიონი)
- მაბუა (პობლაისონი)
- მაბუჰაი
- მაიტუმი
- მატიკდუმი
- პანდანონი
- ოანგი
- კესონი
- როსარიო
- სალვასიონი
- ჩრდილოეთი სან-აგუსტინი
- სამხრეთი სან-აგუსტინი
- სან-ანტონიო
- სან-ისიდრო
- სან-ხოსე
- ტელახე (პობლასიონი)
კლიმატი
რედაქტირებაჰავის მონაცემები — ტანდაგი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 28.9 | 29.0 | 29.8 | 31.0 | 31.8 | 31.7 | 31.8 | 31.9 | 31.9 | 31.4 | 30.4 | 29.5 | 30.8 |
საშუალო დღიური °C | 25.6 | 25.6 | 26.1 | 27.0 | 27.7 | 27.5 | 27.6 | 27.6 | 27.5 | 27.3 | 26.6 | 26.1 | 26.9 |
საშუალო დაბალი °C | 22.3 | 22.2 | 22.5 | 23.0 | 23.7 | 23.4 | 23.4 | 23.4 | 23.2 | 23.2 | 22.9 | 22.7 | 23.0 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 769 | 647 | 487 | 346 | 252 | 178 | 174 | 146 | 163 | 212 | 462 | 654 | 4 490 |
წყარო: Climate-Data.org[3] |
ადგილობრივი მმართველობა
რედაქტირებაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო (Sangguniang Panlungsod) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს და მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის ქალაქის მერი როსანე კ. პიმენტელია, ხოლო ვიცე-მერი ― ელეანორ დ. მომო. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ქალაქის წარმომადგენელია პროსპერო ა. პიკაი უმცროსი.
დღესასწაულები
რედაქტირებაყოველწლიურად, 23 ივნისს ტანდაგში ქალაქის დაარსების დღესასწაული ტარდება. ფესტივალის დროს სხვადასხვა ღონისძიება იმართება, მათ შორის ლაგუბოჰი, რომელიც დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს შორის დასარტყმელი ინსტრუმენტებისა და ლირების შეჯიბრია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Tandag, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Poverty incidence (PI):". Philippine Statistics Authority. Retrieved 28 December 2020.
- ↑ Climate: Tandag. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 26 October 2020