სტამენ გრიგოროვი
სტამენ გრიგოროვი | |
---|---|
ბულგ. Стамен Григоров | |
დაბ. თარიღი | 27 ოქტომბერი, 1878 |
დაბ. ადგილი | სტუდენ იზვორი, პერნიკის ოლქი,ბულგარეთის სამთავრო |
გარდ. თარიღი | 27 ოქტომბერი, 1945 (67 წლის) |
გარდ. ადგილი | სოფია, ბულგარეთის სამეფო |
მოქალაქეობა | ბულგარეთი |
საქმიანობა | მიკრობიოლოგია, მედიცინა |
მუშაობის ადგილი | ჟენევა, ტრინი, მილანი, რომი, სოფია |
ალმა-მატერი |
მონპელიეს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | ლეონ მასოლი |
ჯილდოები | ბულგარეთის სახელმწიფოს ჯილდო — ორდენი "სიმამაცისთვის" |
სტამენ გრიგოროვი ( ბულგ. Стамен Гигов Григоров ( დ. 27 ოქტომბერი, 1878, სტუდენ-იზვორი — გ. 27 ოქტომბერი, 1945, სოფია)) — გამოჩენილი ბულგარელი ექიმი და მიკრობიოლოგი. აღმოაჩინა Lactobacillus bulgaricus bacillus, რომელიც გამოიყენება იოგურტის დასამზადებლად.
ბიოგრაფია
რედაქტირებასტამენ გრიგოროვი დაიბადა ბულგარეთში, პერნიკის ოლქის ტრანის მუნიციპალიტეტის სოფელ სტუდენ იზვორში. საშუალო განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საფრანგეთში, მონპელიეში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა მედიცინის განხრით გააგრძელა შვეიცარიაში, ჟენევაში. 1905 წელს, 27 წლის ასაკში, ჟენევაში, პროფესორ ლეონ მასოლის მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში გრიგოროვმა აღმოაჩინა, რომ იოგურტის საფუძველი ბაცილის გარკვეული შტამი იყო.
1906 წელს სტამენ გრიგოროვმა წარმატებით შეიმუშავა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა. იმავე წლის დეკემბერში სორბონის აკადემიურ სამედიცინო ფაკულტეტზე გაიმართა შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი ჯ. ლაფორტი, სადაც ერთხმად გადაწყდა გრიგოროვის კვლევის შედეგების სპეციალურ ბროშურაში გავრცელება, რომელიც ორი წლით უსწრებდა BCG-ს (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა) აღმოჩენას. [1]
ახალგაზრდა მეცნიერის აღმოჩენით დაინტერესდა ნობელის პრემიის ლაურეატი,პარიზის პასტერის სახელობის ინსტიტუტის პოფესორი ილია მეჩნიკოვი, რომელმაც მას მოწვევა გაუგზავნა პასტერის ინსტიტუტში მოხსენების წასაკითხად. შთამბეჭდავი მოხსენების შემდეგ გრიგოროვმა მიიღო მოწვევა თავისი დროის ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაოდ. პროფესორმა მასოლიმ მას მთავარი ასისტენტის, მოგვიანებით კი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა შესთავაზა. გრიგოროვს ასევე შესთავაზეს სან-პაულოში პასტერის ინსტიტუტის სამხრეთ ამერიკის ფილიალის დირექტორის თანამდებობა.
1912 წელს გრიგოროვი გაემგზავრა ბალკანეთის ომში, როგორც სანიტარული სამსახურის უბრალო ლეიტენანტი. ცოტა მოგვიანებით, მიიღო მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში ბულგარეთის არმიიის შემადგენლობაში, უკვე სანიტარული სამსახურის მაიორის და სამხრეთ ფრონტის სამხედრო საველე ჰოსპიტალის უფროსის რანგში. ამ დროს პეტრიჩის რაიონში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. მაიორმა გრიგოროვმა ნებაყოფლობით აიღო საკუთარ თავზე საშინელ დაავადებასთან ბრძოლის პასუხისმგებლობა. საკუთარი სიცოცხლის ფასად შეაჩერა ეპიდემია და გადაარჩინა სამხრეთ ფრონტის ათასობით ჯარისკაცი და პეტრიჩის რეგიონის მოსახლეობა. ამ ღვაწლისთვის ბულგარეთის არმიამ მაიორი გრიგოროვი უმაღლესი სამხედრო ნიშნით — "მამაცობის ორდენით" დააჯიდოვა, ხოლო ბულგარეთის წითელი ჯვრის საზოგადოებამ — "წითელი ჯვრის" ოქროს მედლით.
1935 წელს გრიგოროვმა მიიღო სპეციალური მოწვევა და დიდი წარმატებით მკურნალობდა ტუბერკულოზით დაავადებულებს იტალიის სანატორიუმებში. მის მიერ იტალიაში შემუშავებული მეთოდი იმ დროისთვის ყველაზე წარმატებულად იქნა აღიარებული და სამედიცინო წრეებში ცნობილი გახდა cura bulgara — ბულგარული მკურნალობის სახელწოდებით. 1938 წელს გრიგოროვმა გამოაცხადა თავისი შედეგები რომში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე. შედეგად, შვეიცარიის ხელისუფლებამ მიმართა იტალიის მთავრობას ამ მეთოდის შეძენის თხოვნით, რათა შვეიცარიის სანატორიუმებში დაენერგა.
სტამენ გრიგოროვს ჰქონდა მრავალი მოწვევა პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად სამეცნიერო და ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამუშაოდ რომში, შვეიცარიასა და ინგლისში. თუმცა ყოველი წარმატების მიღწევის შემდეგ ყოველთვის სამშობლოში ბრუნდებოდა, რათა თავისი ცოდნა და უნარები ბულგარეთში გამოეყენებინა.
1950-იან წლებში იოგურტის სახელმწიფო კომპანიამ დააპატენტა და გაავრცელა ბაქტერიული შტამების სპეციალური ნარევი "ოფიციალური ბულგარული იოგურტის" შესაქმნელად. ამ ნარევის ექსპორტი კვლავ გრძელდება იოგურტის მწარმოებლებს ბევრ ქვეყანაში.
სტამენ გრიგოროვი გარდაიცვალა 1945 წლის 27 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეზე 67 წლის ასაკში. [2][3] [4]
ხსოვნა
რედაქტირებასტამენ გრიგოროვის სახელს ატარებს ანტარქტიდაში, პალმერის არქიპელაგის კუნძულ ბრაბანტზე მდებარე გრიგოროვის მყინვარი.
2020 წლის 27 ოქტომბერს, Google-მა მეცნიერს მიუძღვნა მისი სახელობის Google Doodle.
ლიტერატურა
რედაქტირება- 100 години от откриването на Lactobacillus bulgaricus. Българското име на дълголетието. Фондация «Д-р Стамен Григоров», София, 2005 ISBN 954-90367-2-3
- В началото бе родовата памет. Десет години утвърждаване. Фондация «Д-р Стамен Григоров», София, 2005
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Grigoroff, Stamen, 1905. Étude sur une lait fermentée comestible. Le "Kissélo mléko" de Bulgarie. Revue Médicale de la Suisse Romande. Genève. Georg&G., Libraires-Éditeurs. Librairie de L'Université.
- ↑ Katherine Harmon Courage, Cultured: How Ancient Foods Can Feed Our Microbiome, Penguin, 2019, ISBN 1101905298, p. 79.
- ↑ Stamen Grigorov: Who was the microbiologist and what did he discover?. ციტირების თარიღი: 2020-10-28
- ↑ Stamen Grigorov - The Man Who Brought Us Yogurt. ციტირების თარიღი: 2022-05-02