რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება (რუს. Русское географическое общество) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული საზოგადოება. მისი მთავარი მიზანია გეოგრაფიული ცნობების შეკრება და გავრცელება. საზოგადოების მიერ მოწყობილმა ექსპედიციებმა დიდი როლი ითამაშა ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, შუა და ცენტრალური აზიისა და მსოფლიო ოკეანის ათვისების საქმეში; ზღვაოსნობის განვითარებას მოჰყვა ახალი ტერიტორიების აღმოჩენა. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა 1845 წლის 18 აგვისტოს, სანქტ-პეტერბურგში, გამოჩენილი მეცნიერების — თედორე ლიტკეს, კარლ ბერის, ფერდინანდ ვრანგელისა და სხვათა ინიციატივით. 1956 წლიდან შედის შედის საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის შემადგენლობაში. 1845-1850 და 1917-1926 წლებში ეწოდებოდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება, 1850-1917 წლებში რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოება, 1926-1938 წლებში სახელმწიფო გეოგრაფიული საზოგადოება, 1938-1992 წლებში სსრ კავშირის გეოგრაფიული საზოგადოება, 1992 წლიდან კვლავ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება ეწოდება.
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება | |
---|---|
აბრევიატურა | РГО |
შეიქმნა | 1845 წლის 18 აგვისტო |
ტიპი | გეოგრაფიული საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაცია |
პრეზიდენტი | სერგეი შოიგუ |
ქვეყანა | რუსეთი |
თავმჯდომარე | სერგეი შოიგუ |
კავშირები | საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი |
http://www.rgo.ru, https://www.rgo.ru/ru და https://www.rgo.ru/en |
რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ თავისი არსებობის პირველსავე წლებში ფართოდ გაშალა საექსპედიციო, საგამომცემლო და საგანმანათლებლო სამუშაოები. საზოგადოებამ დიდი წვლილი შეიტანა ურალის, ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, შუა და ცენტრალური აზიია, კავკასიის, ირანის, ახალი გვინეის, ინდოეთისა და სხვა ტერიტორიების შესწავლის საქმეში. აღნიშნული კვლევები დაკავშირებულია პეტრე კროპოტკინის, პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკის, ნიკოლოზ პრჟევალსკის, ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაის, მიხეილ პევცოვის, პეტრე კოზლოვის, ვლადიმერ ობრუჩევის, ლევ ბერგისა და სხვათა სახელებთან.
1850 წელს კავკასიაში დაარსდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, რომლის პირველი საზეიმო დამაარსებელი სხდომა შედგა 1851 წლის 10 მარტს თბილისში. ამჟამად რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას აქვს განყოფილებები რუსეთის მრავალ ქალაქში.
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ჯილდოებია: კონსტანტინეს მედალი, თედორე ლიტკეს დიდი ოქროს მედალი, პრჟევალსკის სახელობის მედალი, პეტრე სემიონოვის სახელობის მედალი, სემიონ დეჟნიოვის პრემია და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Семенов П. П., История полувековой деятельности Имп. Русского географического общества, ч. 1—3, СПБ, 1896;
- Берг Л. С., Всесоюзное Географическое общество за 100 лет. 1845—1945, М. — Л., 1946;
- Географическое общество за 125 лет, Л., 1970.