სახიობა
სახიობა — ძველი ქართული სახილველის (თეატრის) ერთ-ერთი სახეობა. იოანე რუფუსის „პეტრე იბერიელის ცხოვრების“ (დაწერილია VI საუკუნის დასაწყისში) ცნობით „ბევრ წარჩინებულს ამა ქვეყნისას... ჩვეულებად ჰქონდათ მოეწვიათ თავისთან მაშრიბნი და მუტრიბნი, რათა ემღერათ სიამუვნების და წარმავალი განცხრომის მოსაგვრელად“. V საუკუნეში მგოსან ვაჟთა და ქალთა დასების მოწვევა ქართლის დიდებულთა კარზე ჩვეულებად იყო ქცეული. სახიობა ბევრად უფრო ადრე არსებობდა. იგი საუკენეთა მანძილზე შემუშავდა როგორც პოეტური სიტყვის, სიმღერის, მუსიკისა და ცეკვის სინთეზური სახილველი. სახიობა მცირე ჟანრის ნაწარმოებთა შესრულებას გულისხმობდა და თანამედროვე საესტრადო ხელოვნების წინამორბედ სანახაობრივ მოვლენას წარმოადგენდა.
XII საუკუნეში სასახლის კარის სახიობამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია, რაც აისახა იმ დროის ისტორიულ და მხატვრულ ნაწარმოებებში. სახიობის რეპერტუარში შედიოდა: ქებანი, გინება-ბასრობანი, პოლიმიკური ხასიათის დრამატული ნაწარმოებები (ცისა და ქვეყნის გაბაასება, ვარდბულბულიანი, ქალვაჟიანი, სულისა და ხორცის გაბაასება, რძალდედამთილიანი და სხვა), მითოლოგიის, სიუჟეტების, იგავ-აარაკების პანტომიმიკერი წარმოსახვანი; შემსრულებელნი იყვნენ: მსახიობელნი, მემღერნი, მესახიენი, მგოსნები, მეჩანგეები, მენესტვენი, მროკვალნი, ტყაოსან-ნიღბოსნები, მუშაითები და სხვა. სახიობას თავისი „სიმღერის მწერლები“ (დრამატურგები) ჰყავდა: ბისტიკა (XII საუკუნე), თეიმურაზ I (XVII საუკუნე), დავით გურამიშვილი, მანანა (XVIII საუკუნე). ცნობილი არიან XV საუკუნის მსახიობები მამა-შვილი ივანე და სარელა ქაროხიძეები, XVII საუკუნის საზანდარბაში გიორგი; XVIII საუკუნეში სახიობის დასს მეთაურობდა დავით მაჩაბელი. სასახლის კარის სახიობაში მონაწილეობდა საიათნოვა. სახიობა სრულდებოდა „სახლსა სათამაშოსა შინა“, სალხინო დარბაზებში. იპოდრომის სარბიელსა და მოედნებზე. XIX საუკუნეში სახიობის ნაშთად შემორჩა აშუღების — სათარას, ევანგულასა და ჰაზირას ხელოვნება. სახიობის ტრადიციები გამოიყენება XIX საუკუნის დრამატურგიამ (გიორგი ერისთავი, აკაკი წერეთელი).
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., გართობა-სანახაობათა ისტორიისათვის ძვ. საქართველოში, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1945;
- ჯანელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 255-256.