იოანე რუფუსი

V საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე რუფუსი (ბერძ. Ἰωάννης Ροῦφος) — V საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი. პეტრე იბერის მოწაფე. წარმოშობით არაბი სამხრეთ პალესტინიდან (ასკალონიდან). ბეირუთში სწავლობდა სამართლის მეცნიერებას. პატრიარქმა პეტრე ფულონმა იოანე რუფუსი ანტიოქიის მღვდლად აკურთხა. პატრიარქის გადაყენების შემდეგ იგი პალესტინაში დაბრუნდა, სადაც გაიცნო პეტრე იბერი და დაუახლოვდა მას. პეტრე იბერის გარდაცვალების შემდეგ მაიუმის ეპისკოპოსად დაინიშნა.[1]

იოანე რუფუსი
დაბადების თარიღი V საუკუნე
გარდაცვალების თარიღი VI საუკუნე
საქმიანობა მწერალი და ისტორიკოსი
მოქალაქეობა ბიზანტიის იმპერია
ალმა-მატერი law school of Berytus

იოანე რუფუსმა ბერძნულ ენაზე დაწერა ვრცელი მონოგრაფია „პეტრე იბერის ცხოვრება“. თხზულება შეიცავს 150 ნაბეჭდ გვერდს. მასში დაწვრილებით არის გადმოცემული პეტრეს არა მარტო ბიოგრაფიული ცნობები მისი ჩამომავლობისა და ნათესაობის შესახებ (ხოლო რაკი იგი სამეფო საგვარეულოს წევრი იყო, ამიტომ იქ აღნიშნულია ქართველ მეფეთა სამი თაობა), არამედ მისი აზრები, საუბრები მეგობრებთან და მოწაფეებთან, უმთავრესად იოანე ლაზთან (პეტრე იბერის აღმზრდელი და თანამოკალმე). იოანე რუფუსი პეტრეს უწოდებს „ჩვენს პავლეს“, „მეორე მოციქულ პეტრეს“ და „მეორე მოსეს“. თხზულების ბერძნული დედანი დაკარგულია. დარჩენილია VI საუკუნეში შესრულებული სირიული თარგმანი. იოანე რუფუსს ეკუთვნის აგრეთვე „პლეროფორიები“ (დაწერილი 512–518 წლებში), რომელთა უმეტესი ნაწილი აგებულია პეტრე იბერის მიერ გამოთქმულ შეხედულებებზე. ამ შრომით ავტორი მიზნად ისახავდა ქალკედონის საეკლესიო კრების (451) დადგენილებების განქიქებას.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მანიავა ლ., იოანე რუფუსი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 322.